მოდით წარმოვიდგინოთ I საუკუნის იუდეა. ზვიადმა რომმა იმ სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, რომელიც ასწლეულების წინ ღმერთმა შექმნა. იერუსალიმი, წარმართთა ფეხქვეშ მოექცა. ქვეყნის მოსახლეობა გაუსაძლისად დიდი გადასახადებითაა გატანჯული. ქვეყნის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებულია. იუდეის სხვადასხვა რეგიონებში აჯანყებები იწყება, იღვრება სისხლი. იერუსალიმში ძალაუფლებისათვის სხვადასხვა პატრიოტული ძალები იბრძვიან. ნაციონალისტური განხრის ცალკეული ჯგუფები ებრძვიან როგორც რომაელ აგრესორებს, ასევე შიდა «სამშობლოს გამყიდველებს».
როგორი უნდა ყოფილიყო იუდეველი ქრისტიანების რეაქცია, მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ? რა თქმა უნდა, ჩვენ დაუფიქრებლად ვიტყვით: «ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები რჩებოდნენ». დიახ, ეს ასეც იყო. ჩვენ იმდენად ხშირად ვაძლევთ ასეთ შეფასებას ადრეულ ქრისტიანებს, რომ შეგვიძლია სწორ პასუხს უბრალოდ მივეჩვიოთ კიდეც. ავტომატურად გავცეთ პასუხი. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმავე დროს და იმავე ადგილას ჩვენ რომ აღმოვჩენილიყავით, ჩვენც ზუსტად ასევე მოვიქცეოდით – დავრჩებოდით პოლიტიკის მიღმა. იმიტომ რომ ჩვენ «არ ვართ ამ ქვეყნიერების ნაწილი» (იოანე 17:16). მაგრამ ეს ყველაფერი სადღაც იქ იყო, შორეულ, ძველ იუდეაში. და მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ საკუთარი თავის გამოცდას I საუკუნის მოვლენების ფონზე. ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია და მეტი არაფერი.
მაგრამ რა შეიცვალა მსოფლიოში გასული 2 ათასი წლის განმავლობაში? ამ ქვეყნიერების ბატონი იგივეა და მისი საქმეებიც იგივეა (2 კორინთელები 4:4). გარეგანი შირმების ცვლილებით მასში არაფერი შეცვლილა. ადამიანებმა შექმნეს ტელეფონი და ინტერნეტი, მაგრამ მათი სული ისეთივე დარჩა, როგორიც წარსულში იყო. არც მათი პატრიოტული სულისკვეთებაა იმაზე ნაკლები, ვიდრე რომაელთა მიერ იერუსალიმის დანგრევამდე იყო მასში. ჩვენი ჭეშმარიტი ქრისტიანული ნეიტრალიტეტი იმაზე ჩვენი ფანტაზიებით კი არ განისაზღვრება, თუ როგორ მოვიქცეოდით იმ დროს, რომელშიც არასოდეს გვიცხოვრია. ის გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ დღეს, ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც ნაციონალურ-პატრიოტულ ტალღებში იხრჩობა.
რა თქმა უნდა, დღეს ქრისტიანთაგან არავინ წავა საპროტესტო მიტინგებზე და არ შეუერთდება არმიას ნაციონალურ-პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. თუმცა, ნეიტრალიტეტის დარღვევა დღეს შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით კონფლიქტის რომელიმე მხარესთან შეერთებით. არანაკლებ აშკარად შეიძლება ის გამოვლინდეს ქრისტიანის გონება-განწყობილებაში, მის სიტყვებში, ამა თუ იმ პოლიტიკური პოზიციის სიტყვიერი დაცვით.
ჩემთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ იერუსალიმში I საუკუნის ქრისტიანებს დაეწყოთ უადეაში შექმნილი სიტუაციის შეფასება პატრიოტული მოსაზრებების თვალსაზრისით და რომ კონფლიქტის «შედარებით სწორი» მხარე მოეძებნათ. ვინ იყო მართალი იმ დროის იუდეაში შექმნილ რთულ ნაციონალურ პერიპეტიებში? რომი მოქმედებმა სასტიკად, თავხედურად, და, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, აბსოლუტურად უნიჭოდ, და იმედოვნებდნენ, რომ უხეში ძალის მეშვეობით ეკარნახათ საკუთარი პირობები იუდეის პროვინციისათვის. ის საკუთარი სურვილისამებრ ართმევდა (იპყრობდა) იუდეის ტერიტორიებს, თავისი სურვილისამებრ ცვლიდა ქვეყნის რუქას. ის ნიშნავდა საკუთარ მმართველებს, ხარბებსა და კორუმპირებულებს, რომლებიც რომის დაკრულზე ცეკვავდნენ. ის იმპერიის მოქალაქეებს იუდეველთა წინააღმდეგ განაწყობდა, და თუ დღევანდელი ენით ვიტყვით, მათ ბრალს სდებდა ნაციონალისტურ და ექსტრემისტულ იდეებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მშვიდოაბიან მოსახლეობას. რომი ეწეოდა აქტიურ ანტიიუდაურ პროპაგანდას, რომელიც დრო და დრო იმპერიის უმსხვილესი ქალაქებიდან, ებრაელების სასტიკ დევნებში გადაიზრდებოდა ხოლმე.
ყოველივე ამის ფონზე, იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს იმის დიდი საცდური ჰქონდათ, რომ ისევე დაეწყოთ ფიქრი და საუბარი (არაა აუცილებელი პირდაპირი გაგებით საქმით გამოეხატათ), როგორ ფიქრი და საუბარიც მათ გარშემო არსებულ იუდაურ საზოგადოებაში იყო მიღებული. საზოგადოებაში, რომელიც სულ უფრო მეტად ერთიანდებოდა "საზიზღარი" რომის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იუდეველი პატრიოტების აჯანყებამ, ისრაელში კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება გამოიწვია? და მერე ამით რა? უბრალოდ ხალხს მობეზრდა მძარცველი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. სამაგიეროდ, ეს ახალი, «ეროვნული» ხელისუფლება სულ სხვანაირი იქნება. ალბათ.
იერუსალიმში ერთი იუდაური პარტია ძალის მეშვეობით ცვლის მეორეს? მნიშვნელოვანი ეს კი არა, ისაა, რომ ისრაელს სურს, რომ თავისუფალი იყოს მეზობელი დიდი სახელმწიფოს იმპერიული ამბიციებისაგან! და მერე რა, რომ ხელისუფლებაში ხარბი ლიდერები არიან, სამაგიეროდ ისინი სწორ სიტყვებს ლაპარაკობენ! ისრაელს თავისუფლებისა და საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვს! ისრაელს არ სჭირდება სხვისი ტერიტორიები, მაგრამ არც თავისი ტერიტორიების დათმობას აპირებს! ის, რასაც რომი მოითხოვს – უსამართლობაა!
იერუსალიმში შიმშილი და უმართავობაა? არაუშავს, ეს ამად ღირს, «ნათელი მომავლისათვის» ცოტა უბედურებების მოთმენაც შეიძლება.
რომი აცხადებს, რომ ისრაელში ყველა იუდეველი – უკლებლივ ულტრანაციონალისტი-ზელოტები არიან? ეს ყველაფერი აშკარა რომაული პროპაგანდაა. ზელოტები, რა თქმა უნდა, არიან. მაგრამ მათი რიცხვი შედარებით მცირეა. იუდეველების ძირითადი ნაწილი - ჩვეულებრივი პატრიოტები არიან. მართალია, ზელოტებს არავინ უშლის ხელს ხელისუფლებაში ადგილების დაკავებასა და საკუთარი მოქალაქეების დევნაში, რომლებსაც ისინი «ქვეყნის მოღალატეებად» მიიჩნევენ, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ამ მძიმე პერიოდის თანმდევია, და ეს ყოველივე არც თუ ისე ხშირია. მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. იმაზე ლაპარაკი, რომ მთელი იუდეა – «ზელოტურია», ტიპიური რომაული პროპაგანდაა, რომელსაც ის მთელ მსოფლიოს ახვევს.
ბოლოს და ბოლოს, რომს არასოდეს არ ანაღვლებდა იუდეას კეთილდღეობა, ის ყოველთვის საკუთარი ინტერესებისათვის ცდილობდა მის გამოყენებას. რომის კეისრის მიერ იუდეისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის ყველა სურვილი მაშინვე დავიწყებას ეცემოდა, როგორც კი იერუსალიმი რომის აზრის წინააღმდეგ მიდიოდა ხოლმე. რომის დღევანდელმა სამხედრო პოლიტიკამ კი, სრულიად გააქარწყლა ყოველგვარი მითი მისი «კეთილმეზობლობის» შესახებ. ასე რომ იუდეა ძალიანაც სწორად იქცევა, უცხო დიქტატურას რომ აღუდგა წინ!
ეხლა კი წარმოვიდგინოთ, რომ რომაელი ქრისტიანებიც მსგავსადვე ბჭობენ, ოღონდ იერუსალიმზე. და ისინი იმას გაიხსენებენ, რომ პროვინციული იუდეა რომს უნდა უმადლოდეს «ცივილიზაციური სიახლეებისა» და მეცნიერების განვითარებისათვის. და რომ მისი ეკონომიკა, უმეტესად რომთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით სულდგმულობს. და რომ საკმარისია რომმა სულ მცირე ხნით დატოვოს იუდეა თავისი მფარველობის გარეშე, რომ იუდეა მომენტალურად გაეხვევა ძმათამკვლელ ომში და უკანონობაში, რის გამოც ცივილიზაციის კულისებში აღმოჩნდება. ბრალად კი იუდეას იმას წაუყენებენ, რომ რომის იმპერიის ყველა რეგიონში ის ყველაზე მშფოთვარე პროვინციაა. და რომ ის თავადაა დამნაშავე მის მიმართ ასეთ სასტიკ მოპყრობაში, ტრადიციული ნაციონალიზმისა და იმ ყველაფრისადმი ზიზღის გამო, რაც რომთანაა დაკავშირებული. და რომ ის საფრთხეს წარმოადგენს რომის ლათინურად მოლაპარაკე იმ მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის, რომლებიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. და საერთოდ, უნდა გვეამაყებოდეს ისეთი დიდებული ქვეყანა, როგორიც რომია, რომელმაც რკინის ხელით მოაქცია მრავალი სახელმწიფო საკუთარი კონტროლის ქვეშ და უზარმაზარ ტერიტორიაზე ცნობილი Pax Romana დაამყარა.
შეგიძლიათ ასეთი რამის წარმოდგენა? ალბათ, არა. მაგრამ მკითხველი, ვფიქრობ, უკვე მიხვდა, რომ დღეს ზუსტად ასე ფიქრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს ზოგიერთი ცალკეული ქრისტიანი. სამწუხაროდ. ძალიან ადვილია დიდი ხნის წინ მომხდარ იმ საქმეებზე ბჭობა, რომელიც შორეულ პალესტინაში ხდებოდა. ადვილია იმის თქმა, რომ მე არასოდეს არ დავარღვევდი ნეიტრალიტეტს და არასოდეს შევუერთდებოდი დავას იმის შესახებ, თუ ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მაგრამ როდესაც საქმე იმ ქვეყანას ეხება, რომელშიც თავად ცხოვრობ, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან იოლად მიეცეს დავიწყებას ნეიტრალიტეტის ყველა ის პრინციპი, რომლებსაც იესო ასწავლიდა. რა შუაშია აქ იუდეასა და რომის ქრისტიანები? აქ სულ სხვა საქმეა! ეს ხომ ჩემი ქვეყნის ინტერესებია! ჩემი სისტემის! აქ ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანია, ფიქრობენ ასეთი ქრისტიანები.
როგორც ჩანს, მსგავს შემთხვევებში ქრისტიანები საღად აზროვნების შესაძლებლობას კარგავენ. მათაც ისეთივე ნაციონალურ-პატრიოტული გრძნობები იპყრობენ, როგორიც I საუკუნის იუდეველებს. მათ ავიწყდებათ, რომ იესო იმ სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების სრულიად განსხვავებულ პრინციპებს ასწავლიდა, რომელშიც ქრისტიანები ცხოვრობენ. «კეისრისა კეისარს მიეცით», თქვა მან (მათე 22:21). «ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ», გვასწავლის ბიბლია (რომაელები 13:1).
აქვს თუ არა ქრისტიანს უფლება გადაწყვიტოს, თუ როდის და როგორ უნდა იქნას დამხობილი სახელმწიფოში არსებული ხელისუფლება? მაშინაც კი, თუ ის მართლა მოღალატეა. არა მგონია, თანამედროვე ევროპელი პოლიტიკოსების მმართველობა სულ მცირედით მაინც იყოს ისევე გახრწნილი, როგორიც ნერონის ხელისუფლება იყო. თუმცა, ზუსტად რომის ამ კეისრის მმართველობის პერიოდში ითქვა რომაელების მე-13 თავში ჩაწერილი ეს სიტყვები, და ქრისტიანებს ამ მმართველის პატივისცემა და მისადმი მორჩილება მოეთხოვებოდათ.
მიჰყვებიან თუ არა ამ მითითებას ის ქრისტიანები, რომლებიც მათ საქციელს ამართლებენ, ვინც აშკარად არაბიბლიური სახით მოქმედებს, პრინციპის საპირისპიროდ «დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ»? როდესაც ქრისტიანი ამბობს: «ჩემს ქვეყანაში მცხოვრები ხალხი იძულებულები იყვნენ, რომ უსამართლო და ხარბი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ», ვისი დრწმუნება სურს თავის «სიმართლეში»? შესაძლოა, მან მხარდაჭერა ზუსტად ამ ადამიანების მხრიდან კი ჰპოვოს, მაგრამ არა ღმერთის მხრიდან. ბიბლია სრულიად საპირისპიროზე საუბრობს. კი, ასეთი ქრისტიანი, შეიძლება, პირდაპირი გაგებით არ შეუერთდეს რევოლუციურ მასებს, მაგრამ ის ზუსტად იმას ლაპარაკობს, რასაც მას «რევოლუციური პროპაგანდა» კარნახობს. ნებისმიერი რევოლუცია კი, ყოველთვის პოულობდა საკუთარი უკანონობების გამართლების საშუალებებს.
მაშ რამდენად გაუმართლებელი შეიძლება ვუწოდოთ იმ ქრისტიანების აზრებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან, სხვა პოლიტიკური ძალების ან ქვეყნების მიმართ რაიმე სახის ძალისმიერი მეთოდების მხარდაჭერას ცდილობენ. როდესაც ვინმე ამბობს: «ჩემმა ქვეყანამ საჭიროა ჯარი შეიყვანოს მეზობელ ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ არეულობები მიდის», ეს ისევე ამტკიცებს ასეთი ქრისტიანის აზროვნების დამარცხებას ვაი-პატრიოტიზმის პროპაგანდის მიერ, როგორც წინა შემთხვევაში. უბრალოდ ამ შემთხვევებში პროპაგანდა სხვა და სხვა მხრიდან მომდინარეობს, თუმცა ერთი და იგივე სულისჩამდგმელი ჰყავს (2 კორინთელები 2:11).
დაე ამ ქვეყნიერებამ თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ წარმართავს თავისი არსებობის დარჩენილ დროს. და, შესაბამისად, თავადვე მოიმკას საკუთარი გადაწყვეტილებების ნაყოფი. ქრისტიანები ამ საქმეში მას ვერანაირად ვერ დაეხმარებიან. ხოლო თუ თანამედროვე საზოგადოებაში ქრისტიანის სამოქალაქო პოზიციაზე ვისაუბრებთ, მაშინ ის ძალიან ნათლადაა ბიბლიაში ასახული:
«უფლის გულისთვის დაემორჩილეთ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი: მეფეს, როგორც უმაღლეს მმართველს, და გამგებლებს, როგორც მისგან დაგზავნილებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად» (1 პეტრე 2:13,14).
«ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი» (რომაელები 13:7).
«კეისრისა კეისარს მიეცით» (მათე 22:21).
ბიბლია ამბობს, რომ ქრისტიანები ვალდებულნი არიან «დაემორჩილონ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი», სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონმდებლობის სახით. და თუ კეისარს, თავისი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, კანონიერი მდგომარეობა უკავია, მაშინ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის, ქრისტიანს უფლება არ აქვს, რომ მისი სტატუსი ეჭვქვეშ დააყენოს. შედეგად, ქრისტიანი არ შეიძლება ამართლებდეს იმ მოჯანყე რევოლუციონერებს, რომლებიც კეისრის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად, ბიბლიის თვალსაზრისით, უკანონო მეთოდებს იყენებენ, როგორ «კეთილშობილურადაც» არ უნდა ჟღერდეს მათი თავის მართლება.
თუ ურწმუნო ადამიანები მაინც ცდილობენ კეისრისაგან განთავისუფლებას, მაშინ დაე კანონიერად გააკეთონ ეს, როგორც ბიბლია მიუთითებს ამაზე. ადამიანებს თავისი კონსტიტუციები, კანონმდებლობები და სხვა მსგავსი მექანიზმები აქვთ. თუ მაინც და მაინც ამაზე მიდგება საქმე, დაე ისინი გამოიყენონ. ქრისტიანები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და არ გაუწევენ აგიტაციას ხელისუფლებაში მოსვლის მსურველ რომელიმე პრეტენდენტს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ სუფთად შეინარჩუნონ საკუთარი სინდისი ღვთის წინაშე. ამასთანავე ისინი შეძლებენ, რომ თავი შორს დაიჭირონ პოლიტიკური ქარტეხილებისაგან და არ მოექცევიან ამ ქვეყნიერების არც «რომაული» და არც «იუდაური» პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშ.
წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment