Monday, 18 March 2024

ვინ არის ეზეკიელის და გამოცხადების წიგნში მოხსენიებული გოგი და რა სხვაობაა მათ შორის?

 

ის არ არის სულიერი ქმნილება. როდესაც ბიბლიაში საუბარია „გოგის“ დამარცხებაზე, იეჰოვა მის შესახებ ამბობს: „მტაცებელ ფრინველებს, ყველანაირ ფრთოსანს, და მინდვრის მხეცებს მივცემ შენს თავს საჭმელად“ (ეზეკ. 39:4). შემდეგ იეჰოვა განაგრძობს: „იმ დღეს იქ ადგილს მივცემ გოგს, დასამარხ ადგილს ისრაელში . . . იქ დამარხავენ გოგსა და მთელ მის ბრბოს“ (ეზეკ. 39:11). მაგრამ, როგორ შეიძლება სულიერი ქმნილება მტაცებელმა ფრინველებმა და მინდვრის მხეცებმა შეჭამონ? ანდა, როგორ შეიძლება სატანას „დასამარხი ადგილი“ მიეცეს დედამიწაზე? ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ სატანა კი არ შეიჭმება ან კი არ დაიმარხება, არამედ 1 000 წლის განმავლობაში უფსკრულში იქნება ჩაგდებული (გამოცხ. 20:1, 2).

როგორც ბიბლია გვატყობინებს, სატანა 1 000 წლის ბოლოს გათავისუფლდება უფსკრულიდან „და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი“ (გამოცხ. 20:8). თუმცა, როგორ შეიძლება რომ სატანამ შეცდომაში შეიყვანოს „გოგი“, თუ ის თავად არის „გოგი“? აქედან გამომდინარე, არც ეზეკიელის და არც გამოცხადების წიგნებში მოხსენიებული „გოგი“ არ არის სატანა.

მაშ, ვინ არის „გოგ მაგოგელი“? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოდი გამოვიკვლიოთ ზოგიერთი ბიბლიური მუხლი და ვნახოთ, თუ ვინ უნდა განახორციელოს ღვთის ხალხზე თავდასხმა. აღსანიშნავია, რომ ბიბლია საუბრობს არა მარტო „გოგ მაგოგელის“, არამედ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „დედამიწის მეფეების“ თავდასხმებზეც (ეზეკ. 38:2, 10—13; დან. 11:40, 44, 45; გამოცხ. 17:14; 19:19). ისმის კითხვა: ბიბლიის ამ მონაკვეთებში სხვადასხვა თავდასხმაზეა საუბარი? როგორც ჩანს, არა. ბიბლიაში ღვთის ხალხზე თავდასხმა სხვადასხვა სახელითაა მოხსენიებული. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? საღვთო წერილი გვატყობინებს, რომ ღვთის ხალხზე საბოლოო თავდასხმაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ერი და ის არმაგედონის ომით დასრულდება (გამოცხ. 16:14, 16).

გოგ მაგოგის თავდასხმისა და დიდი გასაჭირის დაწყების ამსახველი დროის დიაგრამა

როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა ბიბლიურ მონაკვეთს, რომლებშიც საუბარია ღვთის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ საბოლოო იერიშზე, თვალნათლივ ვხედავთ, რომ „გოგ მაგოგელი“ სატანის სახელი კი არ არის, არამედ ამ სახელით მოიხსენიება ერთა კოალიცია — საერთო მიზნით გაერთიანებული ერები. წამოიჭრება მორიგი კითხვა: „ჩრდილოეთის მეფე“ იქნება ამ ერების წინამძღოლი? გადაჭრით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. თუმცა ეს, ერთი შეხედვით, ეთანხმება იმ აზრს, რაც იეჰოვა ღმერთმა „გოგის“ შესახებ თქვა: „გამოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად — დიდ კრებულთან, დიდძალ ჯართან ერთად“ (ეზეკ. 38:6, 15).

„ჩრდილოეთის მეფეზე“ მსგავს აზრს ამბობს ეზეკიელის თანამედროვე დანიელ წინასწარმეტყველიც: „მზის ამოსავლიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები შეაძრწუნებს მას და ის დიდი რისხვით გამოვა, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი. თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის გაშლის; მიაღწევს თავის აღსასრულს და არავინ ეყოლება მშველელი“ (დან. 11:44, 45). გასათვალისწინებელია, რომ ეზეკიელის წიგნშიც მსგავს აზრს ვკითხულობთ იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებს „გოგი“ (ეზეკ. 38:8—12, 16).

საინტერესოა, რა მოხდება საბოლოო თავდასხმის შემდეგ. დანიელი გვიამბობს: „იმ დროს აღსდგება [არმაგედონში] მიქაელი [იესო ქრისტე], დიდი მთავარი, რომელიც შენი ხალხის ძეების გულისთვის დგას [1914 წლიდან]. ისეთი გასაჭირი [დიდი გასაჭირი] დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე. იმ დროს გადარჩება შენი ხალხი — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი“ (დან. 12:1). პარალელურ აზრს, ანუ იმას, თუ რას გააკეთებს ღვთის წარმომადგენელი, იესო, გამოცხადების 19:11—21 მუხლებშიც ვკითხულობთ.

მაშ, ვინღაა გამოცხადების 20:8-ში მოხსენიებული „გოგი და მაგოგი“? 1 000 წლის შემდეგ საბოლოო გამოცდისას ისინი, რომლებიც იეჰოვას დაუპირისპირდებიან, ისეთივე სულს გამოავლენენ, როგორსაც „გოგ მაგოგელი“ ანუ ის ერები, რომლებიც დიდი გასაჭირის დასასრულს ღვთის ხალხზე მიიტანენ იერიშს. განაჩენი ორივე ჯგუფისთვის სავალალოა — მარადიული სიკვდილი! (გამოცხ. 19:20, 21; 20:9). აქედან გამომდინარე, „გოგი და მაგოგი“ მართებულად შეიძლება ეწოდოს მათ, ვინც ათასი წლის ბოლოს ღვთის წინააღმდეგ ამხედრდება.

1000 წლის შემდეგ ღვთის ხალხზე გოგისა და მაგოგის თავდასხმის ამსახველი დროის დიაგრამა

ჩვენ, როგორც ღვთის სიტყვის მკვლევრებს, ერთი სული გვაქვს ვნახოთ, უახლოეს მომავალში ვინ მოგვევლინება „ჩრდილოეთის მეფედ“. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ღვთის ხალხის წინააღმდეგ ამხედრებულ ერთა კოალიციას, ჩვენ ორ რამეში ეჭვი არ გვეპარება: 1) „გოგ მაგოგელი“ და მისი ლაშქარი მარცხისა და განადგურებისთვის არიან განწირულნი და 2) ჩვენი მეფე, იესო ქრისტე, დაიხსნის ღვთის ხალხს და მათ ახალი ქვეყნიერებისკენ წაუძღვება, სადაც მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს (გამოცხ. 7:14—17).

No comments:

Post a Comment