ბიბლია გვპასუხობს:
მართალია, ბიბლია ამ საკითხს დეტალურად არ განიხილავს, მაგრამ ის არ განსჯის მაკიაჟის გაკეთებას, სამკაულების ტარებასა თუ სხვა სახის მორთულობას. გარეგნულ სილამაზეზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ბიბლია საუბრობს ისეთ ადამიანზე, „რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ (1 პეტრე 3:3, 4).
ბიბლია არ განსჯის გარეგნულ მორთულობას
ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ერთგული ქალები ზრუნავდნენ საკუთარ სილამაზეზე. რებეკა, აბრაამის შვილის ისაკის ცოლი, ატარებდა ოქროს რგოლს ცხვირზე, ოქროს სამაჯურს და სხვა ძვირადღირებულ სამკაულებს, რომლებიც მან მომავალი მამამთილისგან მიიღო საჩუქრად (დაბადება 24:22, 30, 53). ესთერს სხვადასხვა ნელსაცხებლით უზელდნენ სხეულს, რათა სპარსეთის კარზე დედოფლობისთვის მოემზადებინათ (ესთერი 2:7, 9, 12). ამ პროცედურის დროს სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ.
ბიბლიაში სამკაულები მხატვრულ შედარებებშიც გვხვდება. მაგალითად, კარგი რჩევის მომცემ ადამიანზე ნათქვამია, რომ ის არის: „ოქროს საყურე ... მომსმენი ყურისთვის“ (იგავები 25:12). ღმერთი ისრაელს ისე ეპყრობოდა, როგორც ქმარი, რომელიც მეუღლეს სამაჯურებით, ყელსაბამებითა და საყურეებით ამკობს. ასეთი სამკაულები ისრაელ ერს ძალიან ალამაზებდა (ეზეკიელი 16:11—13).
მცდარი შეხედულებები მაკიაჟსა და სამკაულებზე
მცდარი შეხედულება: 1 პეტრეს 3:3-ში ვკითხულობთ, რომ ჩვენი სილამაზე არ უნდა იყოს „თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში“.
სინამდვილე: ამ ბიბლიური მუხლის კონტექსტიდან ვხედავთ, რომ ბიბლია ერთმანეთს უპირისპირებს შინაგან და გარეგან სილამაზეს (1 პეტრე 3:3—6). მსგავს დაპირისპირებას ბიბლიის სხვა მუხლებშიც ვხვდებით (1 სამუელი 16:7; იგავები 11:22; 31:30; 1 ტიმოთე 2:9, 10).
მცდარი შეხედულება: ის ფაქტი, რომ ბოროტმა დედოფალმა იზებელმა თვალები შავად შეიღება, ცხადყოფს, რომ მაკიაჟის გამოყენება არასწორია (2 მეფეები 9:30).
სინამდვილე: იზებელი, რომელიც ჯადოქარი და მკვლელი იყო, არა გარეგნობის, არამედ თავისი ბოროტი საქმეების გამო გასამართლდა (2 მეფეები 9:7, 22, 36, 37).
No comments:
Post a Comment