რწმენა – პირველ რიგში ღვთისადმი ღრმა ნდობაა. უპირობო ნდობა. და ის, რაც დღეს (რუსეთში) ხდება - იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის გამოცდაა. ჩვენი რწმენა კი ნებისმიერ ხილულ მატერიალურ ქონებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რომელიც მოწინააღმდეგეებმა შეიძლება წაგვართვან. როდესაც გვკრძალავენ, დარბაზებს გვართმევენ, ფილიალს ხურავენ, ეს არასასიამოვნოა. ძალიან არასასიამოვნო. მაგრამ ცალკე აღებულ ქრისტიანზე მოცემული ფაქტები თუ იმდენად დამთრგუნველად მოქმედებს, რომ ღვთისადმი მსახურების მისი სურვილი ძალიან დაბლა ეცემა, მაშინ ეს შეკითხვის დასმის მიზეზს გვაძლევს: «რაზე იყო დამყარებული შენი რწმენა? რაიმე ხილულზე, მატერიალურზე?»
პირველი ქრისტიანების შესახებ ბიბლია ამბობს: «თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ» (ებრაელები 10:34). მოციქულთა დროს მცხოვრებ ქრისტიანებს, ყველა დევნისა და აკრძალვისას მთავარი რჩებოდათ – მათი რწმენა და იმედი. ეს კი ის არის, რასაც ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს ვერ წაართმევენ! და ეს იყო სიხარულის შენარჩუნების მიზეზი. დღეს თუ გვაქვს ასეთი სიხარული? თუ, ყველა უსიამოვნო რეალიებისა და კიდევ უფრო ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, ისეთივე სიხარულს ვინარჩუნებთ, როგორიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ, მაშინ თავისუფლად შევძლებთ თქმას: «რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2 კორინთელები 5:7).
დიახ, როგორც ხორცისა და სისხლისაგან შემდგარი ადამიანები, ჩვენ მიდრეკილები ვართ იქიდან გამომდინარე გავაკეთოთ ჩვენს გარშემო არსებულ სიტუაციაზე დასკვნები, რასაც თვალით ვხედავთ. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად იმაზე შორს ვერ ვხედავთ, რასაც ხელით შეგვიძლია შევეხოთ. ჩვენ ფიზიკური ადამიანები ვართ, თანაც არასრულყოფილებით დამძიმებულნი. ამის შედეგად, ადამიანს ღვთის საქმეებისა და კურთხევების შესახებ იმით უფრო უადვილდება მსჯელობა, თუ რამდენად შესამჩნევია ისინი პირადად მისთვის, თანაც იმ ფარგლებში, რომელიც ხუთ ნაბიჯს არ აღემატება. ასეთი აზროვნება არასწორია. რადგან ღმერთი დიდებული საქმეებისათვის დიდ მაშტაბებს ირჩევს. ხოლო რაიმე მაშტაბურის დასანახავად კი, რაიმე მაღალზე ასვლაა საჭირო და მხოლოდ მაშინღა გახდება სურათი უკეთესად გასაგები. ზუსტად ასეა დღესაც, იმისათვის, რათა მოვლენების მთელ აზრს ჩავწვდეთ, სიტუაციას, ასე ვთქვათ, იეჰოვას სიმაღლიდან უნდა გადმოვხედოთ. და მხოლოდ მაშინ იწყებ ღვთის მოქმედებების ლოგიკის გაგებას. აი ამიტომ ჟღერს დღეს ისე აქტუალურად, როგორც არასდროს, ბიბლიური მოწოდება:
«იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე» (კოლოსელები 3:2).
ელისეს და მისი მსახურის სიტუაცია მახსენდება. ორი ადამიანი, ორივე იეჰოვას მსახური. თუმცა ამასთანავე სრულიად განსხვავებული შეხედულება გამოავლინეს სიტუაციაზე, როდესაც მათ მოწინააღმდეგის ძლიერი არმიის მხრიდან ელოდათ საფრთხე, რომლებმაც მოულოდნელად, ერთ ღამეში შეძლეს იმ ქალაქის ალყაში მოქცევა, რომელშიც წინასწარმეტყველი ელისე იმყოფებოდა.
«ადგა დილით ადრე ჭეშმარიტი ღვთის კაცის მსახური, გარეთ გავიდა და რას ხედავს! ცხენებითა და საომარი ეტლებით ალყაში ჰყავს მოქცეული ჯარს ქალაქი. უთხრა მსახურმა მას: «ვაიმე, ჩემო ბატონო! რა ვქნათ?». მან მიუგო: «ნუ გეშინია ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან». ილოცა ელისემ და სთხოვა: «იეჰოვა, აუხილე თვალი, რომ დაინახოს!». აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყო სავსე» (2 მეფეები 6:15-17).
მსახურის თვალსაზრისით, სიტუაცია სრულიად გამოუვალი იყო, თანაც, ის ოპერატიულობა და მოულოდნელობა იწვევდა განცვიფრებას, რომლითაც მოწინააღმდეგეები მოქმედებდნენ. ჯერ კიდევ წინა დღით სრული სიმშვიდე და სიწყნარე იყო, დღეს კი – ისინი უკვე ქალაქის კედლებთან იყვნენ და მათ დასატყვევებლად ემზადებოდნენ, ჭეშმარიტი ღვთის მსახურების! სად იყურებოდა იეჰოვა? რატომ არ გააფრთხილა ისინი თუნდაც ერთი დღით ადრე, თუნდაც ღამით მაინც, რომ გადასარჩენად რამის გაკეთების შესაძლებლობა მაინც ჰქონოდათ?! რატომ მოხდა ყველაფერი ასე უსამართლოდ?
სრულიად განსხვავებულ ხედვას ინარჩუნებდა ამ სიტუაციაზე ელისე. რა თქმა უნდა, ის ხედავდა მოწინააღმდეგის აურაცხელ ძალას. თუმცა ის სხვა რამესაც ხედავდა – იმას, რასაც საკუთარი რწმენის ნაკლებობის გამო ვერ ხედავდა მსახური. რატომ ხედავდა ამას ელისე? იმიტომ, რომ ის სრულიად ენდობოდა იეჰოვას. შედეგად, ღმერთმა წინასწარმეტყველს უფლება მისცა, რომ სიტუაცია დაენახა არა ადამიანური თვალსაზრისით, არამედ ზეციური პოზიციიდან გამომდინარე. «იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე» (კოლოსელები 3:2).
ხოლო როდესაც ისრაელები, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ როგორც მათ ეჩვენებოდათ, ხაფანგში იყვნენ მოქცეულნი, ისინი კვლავ დაეცნენ სულით. მათ მოსესაც კი დაუწყეს ბრალდება მისი არასწორი ხელმძღვანელობის გამო, რომელმაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, დაღუპვამდე მიიყვანა ისინი.
«მიუგო მოსემ ხალხს: «ნუ გეშინიათ. მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას, რასაც ის დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის. ეგვიპტელებს, რომლებსაც დღეს ხედავთ, აღარ დაინახავთ, აღარასოდეს. იეჰოვა იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი მშვიდად იქნებით» (გამოსვლა 14:13,14).
აქაც ზუსტად იგივე პრობლემაა სახეზე: იეჰოვასადმი ნდობის უკმარისობა. იმ დროს, როდესაც ღვთის ზოგი მსახური, მაშინაც კი როდესაც ჯერ არც კი ესმოდათ, თუ როგორ იმოქმედებდა იეჰოვა, მაინც სრულიად ენდობოდნენ მას და ყველაფერს მის მკლავს მიანდობდნენ, სხვებიც ასევე ავლენდნენ სრულ, თუმცაღა რწმენის (ნდობის) უქონლობას ღვთისადმი. არა, რა თქმა უნდა, მათ სწამდათ იეჰოვა ღმერთის არსებობის. და არც ეჭვი ეპარებოდათ ღვთის ძალაში (რადგან იეჰოვას მიერ მოხდენილი მრავალი დიდებული ნიშნების მოწმეები იყვნენ ეგვიპტეში!) მაგრამ ისინი არ ენდობოდნენ მას. მათ არ ჰქონდათ იმის აბსოლუტური ნდობა, რომ იეჰოვა აუცილებლად (!) დაეხმარებოდა მათ ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში, რომ შეასრულებდა თავის სიტყვას. «შეიძლება, დაგვეხმაროს კიდეც… მაგრამ, შეიძლება, არც დაგვეხმაროს…»
არც იმ ებრაელებს და არც ალისეს მსახურს არ ჰქონდათ ის, რასაც «სულიერი ხედვა» ჰქვია. ისინი პრობლემას სუფთა ადამიანური თვალსაზრისით აფასებდნენ. იმავე საზომითვე ზომავდნენ პრობლემის გადაჭრის ალბათობასაც. რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ეს ალბათობა ნულის ტოლი იყო. ზუსტად აქედან იყო მათი პანიკა, დრტვინვა და იმედგაცრუება… მათთვის რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვამ ჯერ კიდევ მანამდე იცოდა როგორ მოეგვარებინა მათი პრობლემა, სანამ თავად ეს პრობლემები დაიწყებდნენ წარმოქმნას. პრობლემები ჯერ არ არსებობდა, ებრაელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი პრობლემები ოდესმე გაჩნდებოდა, იეჰოვამ კი უკვე იცოდა, თუ როგორ იმოქმედებდა, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად!
რაღა თქმა უნდა, ადვილია შორეული წარსულის მაგალითებზე საუბარი. განსაკუთრებით, როდესაც ამ ბიბლიური ისტორიების ფინალი უკვე იცი. გაცილებით რთულია, როდესაც მსგავსი გამოცდები დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს ეხებათ და მით უმეტეს, პირადად შენ. თუმცა… ბიბლია განმარტავს, რომ «რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია» (1 კორინთელები 10:11). ასევე: «ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი» (რომაელები 15:4). ესე იგი, ჩვენ მსგავსი მაგალითებით შეგვიძლია ვისწავლოთ და ამ ყველაფრით, აღწერილი შეცდომებისათვის თავის არიდებით, სწორი აზროვნება უნდა განვივითაროთ. შედეგად სიტუაციას შევხედავთ არა ადამიანური თვალსაზრისით, არამედ იეჰოვას სიმაღლიდან. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ ღვთისადმი ნდობა გაგვიძლიერდება, არამედ იმის მიზეზებსაც მივხვდებით, რომელთა გამოც უშვებს ის ამა თუ იმ საგანგებო სიტუაციას.
მაშინვე რატომ არ გამოიყვანა იეჰოვამ თავისი ერი ეგვიპტიდან? არ შეეძლო მას ეს რომ მაშინვე გაეკეთებინა, ლამის იმავე დღეს, როდესაც მოსე ეგვიპტეში ჩავიდა? შეეძლო. ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი. მაგრამ როგორი გამოჩნდებოდა ასეთ შემთხვევაში ეგვიპტიდან გამოსვლა? ალბათ უფრო, როგორც ისრაელის მიმართ ყოვლისშემძლე წარმართი ფარაონის ერთგვარი მოწყალება. თითქოს ფარაონი გარვეულ დათმობაზე წავიდა იეჰოვასთან. მაგრამ არა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა მანამ, სანამ ისრაელმა ამ ქვეყნის დატოვება შეძლო.
იმ მომენტებს შორის, როდესაც ღმერთმა მოსე ეგვიპტეში გაგზავნა და უშუალოდ ისრაელის განთავისუფლებამდე, ბიბლიაში მთელი ათი თავია, რომლებიც მნიშვნელოვანი ინფორმაციითაა სავსე. ეგვიპტიდან ებრაელების გამოყვანამდე, ღმერთს საკუთარი მიზნის განხორციელების მიღწევა სჭირდებოდა, რომელიც ამ ათ თავშია განმარტებული. ებრაელებს ეს არ ესმოდათ. მათთვის მთავარი მიზანი მათი გათავისუფლება იყო – ამას იქით ვერ მიდიოდა მათი რწმენა, მადლიერება და მორჩილება. თუმცა იეჰოვას სხვა, გაცილებით გლობალური ამოცანებიც ჰქონდა, რომელთა გადაწყვეტაც ვერ მიიღწეოდა მხოლოდ ისრაელის სწრაფი განთავისუფლებით. ამიტომ ებრაელებს მოთმინება და ღვთისადმი ნდობა უნდა გამოევლინათ.
იეჰოვას არ სჭირდებოდა ფარაონის მხრიდან გამოვლენილი მოწყალება. მით უმეტეს, რომ ის დემონსტატიულად არაფრად აგდებდა მას:
«ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?! მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ» (გამოსვლა 5:2).
ამაყი ფარაონისადმი გაცემული იეჰოვას პასუხი, ღვთის განზრახვას ხდის ფარდას:
«რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა დედამიწაზე […] რათა იცოდე, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე. ახლავე აღვმართავდი ხელს და ჭირს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით დედამიწიდან, მაგრამ იმისთვის დაგტოვე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი» (გამოსვლა 8:22; 9:14-16).
იეჰოვა საკუთარი თავის შესახებ თვალსაჩინო დამოწმების მიცემას აპირებდა ეგვიპტის უზენაესი მმართველისთვის. იგივე დამოწმება უნდა მიცემულიყო ასევე ეგვიპტის მთელი წარმართი მოსახლეობისათვის:
«მე შევახებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის მიწიდან დიდი სასჯელებით. გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა აღვმართავ ჩემს ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის ძეებს» (გამოსვლა 7:4,5).
«დავამარცხებ ფარაონსა და მთელ მის ჯარს და დიდებას მოვიხვეჭ; და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა» (გამოსვლა 14:4).
იეჰოვა არა მხოლოდ წარმართებისათვის აპირებდა საკუთარი თავის შესახებ დამოწმების მიცემას. ასევე ისრაელსაც უნდა გაეცნობიერებინა საკუთარი ღმერთის დიდება და ძლევამოსილება. იეჰოვას მიერ ეგვიპტეში მოხდენილი სასჯელების მიზანს, თავად ებრაელების რწმენის გაძლიერებაც იყო:
«„მე ვარ იეჰოვა და მე გაგათავისუფლებთ ეგვიპტელთა ტვირთისგან და გიხსნით მათი მონობისგან. მე დაგაბრუნებთ გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით. ჩემს ხალხად მიგიღებთ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელიც ეგვიპტის ტვირთისაგან გათავისუფლებთ» (გამოსვლა 6:6,7).
«და შენ აუწყო შენს ვაჟებსა და შენი ვაჟების შვილებს, რა მკაცრად მოვექეცი ეგვიპტეს და რა ნიშნები მოვახდინე მათ შორის. და გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა» (გამოსვლა 10:2).
ეხლა კი შეკითხვა: მიაღწევდა იეჰოვა ყოველივე ამას, თუ ჩუმად, ფაქტიურად ეგვიპტეში მოსეს ჩასვლის დღესვე გამოიყვანდა იქიდან თავის ხალხს? მიეცემოდა ეგვიპტის ხელისუფლებასა და მოსახლეობას, მოწიწების აღმძვრელი დამოწმება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ? შეძლებდა ისრაელი იმაში დარწმუნებას, რომ მათი განთავისუფლება – ეს უშუალოდ იეჰოვას დამსახურება იყო და არა ფარაონის ან მისი «სამართლიანი» სახელმწიფო სისტემის «გულმოწყალება»? და საერთოდ როგორ უნდა გაეგოთ ეგვიპტელებს, ან თავად ებრაელებს, ასეთ შემთხვევაში რეალურად ვინ გაათავისუფლა ისრაელი – იეჰოვამ თუ ეგვიპტის «დიდებულმა და მოწყალე» ღმერთებმა?
ასევე სახეზეა ის ფაქტიც, რომ საკუთარი თავის შესახებ დამოწმება იეჰოვამ მისცა არა მომენტალურად, არამედ თანმიმდევრობით. გამოსვლის წიგნის შესაბამისი თავების წაკითხვისას, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ათი სასჯელიდან მხოლოდ მეშვიდეს შემდეგ იწყებენ ეგვიპტელები მომხდარის არსის დანახვას. ბიბლია ამ მომენტიდან იწყებს იმ ადამიანების მოხსენიებას, რომლებსაც «იეჰოვას სიტყვისა ეშინოდა» და მისი მითითების შესაბამისად დაიწყეს მოქმედება (გამოსვლა 9:20). შემდეგმა, მერვე სასჯელმა, ფარაონის მსახურები აიძულა მისთვის ეთხოვათ, რომ თავი დაენებებინა იეჰოვას ერისათვის (გამოსვლა 10:7). ბოლო, მეათე სასჯელმა თავად ფარაონი და სხვა ეგვიპტელებიც აიძულა, რომ უარი ეთქვათ ისრაელის ჩაგვრაზე (გამოსვლა 12:31-36). გარდა ამისა, იეჰოვას დამოწმება მთელი ეგვიპტის მაშტაბით იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ მის მსახურებს მრავალი არაებრაელიც შეუერთდა. «გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი», - ამბობს ბიბლია (გამოსვლა 12:38).
განა იქნებოდა მიცემული ასეთი ეფექტური დამოწმება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი მაშინვე, ყველა ამ «თავგადასავლების» გარეშე მიიღებდა ეგვიპტიდან წამოსვლის შესაძლებლობას? არა! შეძლებდა ეგვიპტის მრავალი მაცხოვრებელი იმის გაგებას, თუ რა ძლევამოსილია იეჰოვა და გადაწყვეტდნენ ერთ დროს მათ თვალში საზიზღარ მონა-ებრაელებს შეერთებოდნენ თაყვანისმცემლობაში? ისევ არა! დამცირდებოდა ყველა ეგვიპტური ცრუ ღვთაება, მათთან ერთად კი წარმართული კულტები? არა. ბოლოს და ბოლოს, შეძლებდა იეჰოვა საკუთარი სახელის განწმენდას არა მხოლოდ ეგვიპტელთა წინაშე, არამედ საკუთარი ერის წინაშეც, რითაც მათი რწმენა გააძლიერა და ის ასწავლა, რომ «რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია»? (შეადარეთ ლუკა 18:27) ერთმნიშვნელოვნად არა!
ერთმა ძმამ ზუსტად შენიშნა: «იეჰოვას დიდებული გამარჯვებები ესაჭიროება. თუ იეჰოვა არ მოგვაგებინა ეს სასამართლო, ესე იგი, ეს გამარჯვება არ იქნებოდა დიდებული!» რა თქმა უნდა, სუფთა ადამიანურად ჩვენ სურვილი გვქომდა, რომ 2017 წლის აპრილში მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, რომლის შემდეგაც ყველა ჩვენგანი შვებით ამოვისუნთქავდით და რამოდენიმე კვირის შემდეგ სრულიად დავივიწყებდით ამ პროცესს. მაგრამ იეჰოვას დიდებული გამარჯვება იქნებოდა ეს? გამარჯვება – კი. დიდებული – ერთმნიშვნელოვნად არა.
ეგვიპტეში ღვთის განზრახვა, რომ საკუთარი სახელი განედიდებინა, გაცილებით უფრო მძიმე ჩაგვრით მიუბრუნდა ებრაელს ერს (გამოსვლა მე-5 თავი). ისინი გაოცებულები იყვნენ ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი უსამართლობის გამო და იმის გამო, რომ არ ესმოდათ, თუ იეჰოვასადმი მათმა ნდობამ, როგორც მათ ეჩვენებოდათ, მხარდაჭერა ვერ ჰპოვა თავად ღვთის მხრიდან. იეჰოვას მოქმედების ლოგიკა მათთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა გასაგები. იეჰოვა ხომ დღესაც არ ჰღალატობს თავის პრინციპებს. «მე ვარ იეჰოვა, არ შევცვლილვარ» (მალაქია 3:6).
ქრისტიანებს შეიძლება დღესაც დაებადოთ ზუსტად ისეთივე კითხვები, როგორიც ღვთის ერს უჩნდებოდა ძველად. სად არის იეჰოვა? რატომ დაუშვა უსამართლობა? რატომ აღწევენ მოწინააღმდეგეები, მათი ბრალდებების აშკარა უსუსურობის გამო, გამარჯვებებს ღვთის ერზე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს? სადაა ლოგიკა ამ მოქმედებებში? ლოგიკა ნათელია! ამ სიტუაციაში არაფერი ახალი არ არის. ხოლო ამის გასაცნობიერებლად, ალბათ, საჭიროა ღმერთს იგივე ვთხოვოთ, რასაც წინასწარმეტყველი ელისე სთხოვდა: «იეჰოვა, ამიხილე თვალი, რომ დავინახო». (2 მეფეები 6:15-17). და მაშინ დავიწყებთ იმის «დანახვას», თუ როგორ მოქმედებს იეჰოვა.
უკვე მრავალ გონიერ ქრისტიანს უთქვამს და დღესაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რა აშკარად ჩანს იეჰოვას ხელი ბოლო დღეების მოვლენებში. უბრალოდ კი არ გვაკვირვებს, არამედ გვაოცებს ის კლასიკური ბიბლიური ილეთი, რომელსაც ღმერთი დღეს იყენებს, რათა საკუთარ თავზე დაამოწმოს. იეჰოვას მოწმეების თემის მიმართ ადამიანების ინტერესის ასეთი აფეთქება, მემგონი, არასოდეს არ ყოფილა. საინფორმაციო საშუალებებში ყოველდღე გამოდის სტატიები, რეპორტაჟები და ვიდეორგოლები, რომელიც ამა თუ იმ სახით ეხება ამ თემატიკას. ისინი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, თუმცა ნებისმისრი მათგანი, ადამიანებს აღძრავს, რომ იეჰოვას მოწმეების რწმენის შესახებ ისაუბრონ.
ეს მართლაც პარადოქსულად გამოიყურება, თუმცა მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ამ ქრისტიანების შეხედულებების აკრძალვას ცდილობენ, პირიქით, უამრავი ადამიანი უშუალოდ მათ სწავლებებზე აალაპარაკა და არა უბრალოდ მათ კონფესიაზე. რა აქვთ იეჰოვას მოწმეებს «ექსტრემისტული»? იარაღს არ იღებენ ხელში? და რატომ? როგორ თუ ამა ბიბლია ასწავლის?… და საკუთარ თავს რატომ უწოდებენ «იეჰოვას მოწმეებს»? ეს ღვთის სახელია? საიდანაა ეს ცნობილი? …პოლიტიკიდან შორს უჭირავთ თავი? საინტერესოა, რატომ? ნუთუ, ქრისტეს მაგალითის მიბაძვით? …ისინი «მომაბეზრებელი» მქადაგებლები არიან? და თვითონ რატომ მიდიან ადამიანებთან? როგორ, ნუთუ ამას იესო ასწავლიდა? …ისინი მკურნალობის უსისხლო მეთოდებს ირჩევენ? ნუთუ ეს მედიცინის თვალსაზრისითაც კი სწორია? ...და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
მასმედია დაზუსტებით აცნობს საზოგადოებას იეჰოვას მოწმეების ისტორიას, გერმანიაში ნაცისტური დევნების დროსა და საბჭოთა კავშირში მათკენ მიმართული რეპრესიაბისას გამოვლენილი მათი განსხვავებული პოზიციის ჩათვლით. ქვეყნდება ინტერვიუები პასუხისმგებელ ძმებთან, რომლებიც ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისს ახმოვანებენ. რიგი სხვა კონფესიების ხელმძღვანელებიც კი გამოვიდნენ ამ მორწმუნე ადამიანების საკონსტიტუციო უფლებების დასაცავად. ჩემს ქალაქში ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა ღვთისმსახურებისას წამოწია მსგავსი თემა და იეჰოვას მოწმეების მხარდასაჭერად გამოვიდა სიტყვით… ასეთი რამ როდის ყოფილა წინათ?
ცალკე საუბრის ღირსია უცხო ადამიანების ღირსეული რეაქციები. «მე – არ ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ უდიდეს უსამართლობად მიმაჩნია მათი აკრძალვის სურვილი…», - ასეთი გამოთქმების დათვლა დღეს უკვე შეუძლებელია. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ უკიდურეს გულგრილობას იჩენდნენ ამ მორწმუნეების მიმართ, დღეს უდიდეს სიმპათიას ავლენენ მათ მიმართ. მათ შორის არიან კოლეგები, ნაცნობები და ნათესავები… თანაც, რეალურად განიცდიან. და ეს გასაგებიცაა, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი მორწმუნე ახლობლები დღეს თუ არა ხვალ შეიძლება დააპატიმრონ და რაღაც გამოგონილი დანაშაულების გამო გაასამართლონ, გინდა არ გინდა ეს სიტუაცია თავად მათაც ეხებათ. იმიტომ რომ რეპრესიებს დაექვემდებარებიან არა ვიღაც უცხო ადამიანები, არამედ უშუალოდ მათი შვილები, მშობლები, ახლობლები ან ბიძაშვილები, ძმისშვილები და დისშვილები, ბებიები, პაპები და ა.შ. ქვეყნის (რუსეთის) მოსახლების 180-დან 300 ათასამდე პირი, რომლებიც ჩინოვნიკების გადაწყვეტილების გამო, რისკავენ რომ ერთ წამში გადაიქცნენ «სახელმწიფო დამნაშავეებად», – ეს უკვე ძალიან სერიოზულია.
ასეა თუ ისე, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებმა იმის საპირისპირო შედეგი გამოიღო, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები იმედოვნებდნენ. გახსოვთ, ასეთი რამ ადრე რომ მომხდარიყოს? ასეთი მაშტაბის დამოწმება და თანაც ასეთ მოკლე ვადებში არასოდეს არ მომხდარა! და განა ეს სიხარულის მიზეზი არ არის? იესოს ცნობილი სიტყვების პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტრების მცდელობამ ქრისტიანები «დაედუმებინათ», «ქვები ააღაღადა» (ლუკა 19:40).
რატომ უშვებს დღეს იეჰოვა თავისი ერის შევიწროვებას? იმიტომ რომ ის იმავე გამოცდილ მეთოდს იყენებს საკუთარი თავის შესახებ დასამოწმებლად, რომელსაც წარსულშიც ყოველთვის ძლიერი შედეგი ჰქონდა. ის საზოგადოებას აიძულებს გამოფხიზლდეს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თითქოსდა ჩვეულ რაღაცეებს ახალი მხრიდან შეხედოს. ისევ იგივე ხდება, რის შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ:
«„შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ ხალხს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (ანგია 2:7).
იეჰოვა ხალხს მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევს. ის მისი იგნორირების უფლებას არ იძლევა. როდესაც საზოგადოება სულიერ ძილს ეძლევა, ღმერთი მას «შეძრავს», მასვე აღძრავს იმაზე ილაპარაკოს, რაც ღვთისთვისაა მნიშვნელოვანი. ამის შედეგად – მასთან მიდის სულ ახალი და ახალი «ხალხთა საუნჯე», რომელიც მის სახლს ავსებს. მის შესახებ დამოწმების საქმე თავის მიზანს აღწევს. და ამაში ახალი არაფერია. იეჰოვა ყოველთვის ასე იქცეოდა.
და დღესაც ასე იქცევა. ის, რაც არასრულყოფილ ადამიანს შეიძლება «უცნაურად» და «არალოგიკურად» ეჩვენებოდეს, დროის გასვლის შემდეგ ღვთის უდიდესი სიბრძნის ნათელ მტკიცებულებად იქცევა. ნაბიჯი, რომელიც თითქოს იკან იქნა გადადგმული, წინ გასაკეთებელი უძლიერესი ნახტომისათვის მზადება აღმოჩნდება. ღვთის მსახურებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხლავე ესმოდეთ. არა უბრალოდ სჯეროდეთ იეჰოვასი, არამედ ენდობოდნენ (!) იეჰოვას, საშუალება მისცენ, რომ თავისი ჩანაფიქრის თანახმად იმოქმედოს და არა ჩვენი წარმოდგენების თანახმად. და თუ ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტისას რაიმე ხელს გვიშლის იმაში, რომ ასეთი გაგება და ნდობა გვქონდეს, მაშინ ზუსტად ის დროა, რომ ღმერთს ვთხოვოთ: «იეჰოვა, ამიხილე თვალი, რომ დავინახო». (2 მეფეები 6:15-17).
No comments:
Post a Comment