იეჰოვას მოწმეები ვცდილობთ, ყველას მიმართ სიყვარული, სიკეთე და პატივისცემა გამოვიჩინოთ. თუ რომელიმე ჩვენი თანაქრისტიანი სულიერად მოსუსტდება ან შეწყვეტს იეჰოვას მსახურებას, ყველანაირად ვეცდებით, ჩვენს სიყვარულში დავარწმუნოთ და დავეხმაროთ, კვლავ ერთგულად ემსახუროს იეჰოვას (ლუკა 15:4–7).

 თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შემცოდველი არ ინანიებს, მას კრებას დაატოვებინებენ (1 კორინთელები 5:13). ჩვენ ძალიან გვიყვარს თანაქრისტიანები, სწორედ ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, მათ დახმარება მანამ აღმოვუჩინოთ, სანამ მსგავს შედეგამდე მივლენ. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას კრებაში არ დატოვებენ, ჩვენ მაინც სიყვარულითა და პატივისცემით მოვექცევით, როგორც ამისკენ ბიბლია მოგვიწოდებს (მარკოზი 12:31; 1 პეტრე 2:17).

რატომ შეიძლება არ დატოვონ შემცოდველი კრებაში?

 ბიბლიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თუ ადამიანი მძიმე ცოდვას სჩადის და არ ინანიებს, ის კრებაში არ უნდა დატოვონ a (1 კორინთელები 5:11–13). ბიბლიის თანახმად მძიმე ცოდვად ისეთი ქმედება ითვლება, როგორიცაა, მრუშობა, ლოთობა, მკვლელობა, ძალადობა თუ ქურდობა (1 კორინთელები 6:9, 10; გალატელები 5:19–21; 1 ტიმოთე 1:9, 10).

 თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მძიმე ცოდვას სჩადის, მას კრებას მაშინვე არ ატოვებინებენ. უხუცესები b ცდილობენ, რომ შემცოდველი მონანიებისკენ აღძრან (რომაელები 2:4). ისინი რბილად და თავაზიანად ესაუბრებიან მას (გალატელები 6:1). ასეთმა მიდგომამ შეიძლება შემცოდველს სურვილი გაუჩინოს, რომ გააანალიზოს საკუთარი ქმედება და მოინანიოს (2 ტიმოთე 2:24–26). მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უხუცესების არაერთი მცდელობის მიუხედავად კვლავ გააგრძელებს ბიბლიური ნორმების დარღვევას, მას კრებაში აღარ დატოვებენ. უხუცესები კრებაში მოკლე განცხადებას გააკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი აღარ არის იეჰოვას მოწმე.

ორი უხუცესი ბიბლიურ მუხლს უკითხავს ახალგაზრდა ძმას. ერთ-ერთი მათგანი თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ადებს ხელს.

უხუცესები ცდილობენ, შემცოდველს თბილად და თავაზიანად მოეპყრონ და ამით მონანიებისკენ აღძრან.

 რას ემსახურება ასეთი ზომების მიღება? პირველ რიგში იმას, რომ ხელს ვუწყობთ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას. ამასთანავე, კრებაში სხვებიც დაცულები არიან მოუნანიებელი შემცოდველის ცუდი ზეგავლენისგან (1 კორინთელები 5:6; 15:33; 1 პეტრე 1:16). ამან შეიძლება შემცოდველიც დააფიქროს თავის საქციელზე და აღძრას, რომ შეიცვალოს ცხოვრების წესი და გამოსწორდეს (ებრაელები 12:11).

რა დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე?

 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, აღარ უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა მათთან, ვინც კრებაში არ დატოვეს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელები 5:11). როგორც დავინახეთ, არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს მათთან, ვინც აღარ არის იეჰოვას მოწმე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანაირად უნდა გავრიყოთ და უპატივცემულოდ მოვეპყროთ. ასეთებს უფლება აქვთ, დაესწრონ ჩვენს რელიგიურ შეხვედრებს, და-ძმებს კი შეუძლიათ მიესალმონ მათ. c გარდა ამისა, თუ კრებაში დაბრუნება სურთ, შეუძლიათ უხუცესებს დახმარება სთხოვონ.

იეჰოვას მოწმე წყვილი დარბაზში გულთბილად ესალმება ერთ ქალბატონს, რომელიც კრებაში არ დატოვეს.

მათ, ვინც კრებაში არ დატოვეს, უფლება აქვთ, ჩვენს რელიგიურ შეხვედრებს დაესწრონ.

 რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოუნანიებელ შემცოდველს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები იეჰოვას მოწმეები ჰყავს? მათ შესაძლებლობა აღარ ექნებათ, რომ რელიგიურ საქმეებში ერთად მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, რადგან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, შეეძლებათ ერთმანეთთან კვლავ იქონიონ ურთიერთობა. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოავლინონ.

 კრების დატოვების შემდეგ მოუნანიებელ შემცოდველს შეუძლია უხუცესებთან შეხვედრა ითხოვოს. უხუცესები მას ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს მისცემენ და გაამხნევებენ, რათა შემცოდველმა მოინანიოს და დაუბრუნდეს ქრისტიანულ კრებას (ზაქარია 1:3). თუ ის შეიცვლის არასწორი ცხოვრების წესს და კვლავ ბიბლიური ნორმების თანახმად დაიწყებს ცხოვრებას, ის ისევ იეჰოვას მოწმე გახდება. კრებამ მას მთელი გულით უნდა აპატიოს და ანუგეშოს. ამგვარად ისინი მიჰბაძავენ კორინთელ ქრისტიანებს, რომლებმაც აპატიეს მომნანიებელ შემცოდველს (2 კორინთელები 2:6–8).