Saturday, 13 June 2020

იყო თუ არა წვიმა და ცისარტყელა მსოფლიო წარღვნამდე?



ბიბლიის მკითხველთა ზოგიერთ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო წარღვნამდე დედამიწაზე წვიმა საერთოდ არ არსებობდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წარღვნამდე ასევე არ ჩნდებოდა ცისარტყელა. რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი, და როგორაა დაკავშირებული ეს მეცნიერებასთან?


წვიმების გარეშე კლიმატის შესახებ მოსაზრებებს ჩვეულებრივ დაბადების 2:5-ში ჩაწერილის საფუძველზე გამოთქვავენ. ამ მუხლში ნათქვამია:
·  «იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა დედამიწაზე» (დაბადება 2:5)
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სიტყვები ჩაწერა არა ნოემ, არამედ მოსემ, რომელიც მრავალი ასეული წლის შემდეგ ცხოვრობდა. და თანაც ის ყვებოდა არა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა უშუალოდ წარღვნის წინ, არამედ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ნოეს დღეებამდე დიდი ხნით ადრე. სამაგიეროდ, დაბადების 7:4-ის თანახმად, როდესაც ღმერთი ნოეს ელაპარაკებოდა, მან წვიმა მოიხსენია ისე, რომ არ დაუწყია იმის ახსნა, თუ რა იყო ეს, და ნოემ, როგორც ჩანს, გაიგო, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ღმერთს («საგუშაგო კოშკი», 15.01.98, გვ. 9, აბზ. 6 [რუს]). უკვე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ წარღვნამდე წვიმები, ალბათ უფრო იყო.
ყურადღება მიაქციეთ დაბადების 2:5-ის ლოგიკას, თუ მას მთლიანად წავიკითხავთ:
·  «მაშინ დედამიწაზე ჯერ არ იყო არანაირი ბუჩქი და არანაირი მცენარე იყო აღმოცენებული, იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა დედამიწაზე და არც ადამიანი არსებობდა, რომ მიწა დაემუშავებინა» (დაბადება 2:5)
როგორც ჩანს, საუბარია იმ დროზე, როდესაც დედამიწაზე მინდვრის მცენარეულობა არ არსებობდა, რადგან არც წვიმა არსებობდა, რომელიც მათ დაატენიანებდა და არც ადამიანი, რომელიც მათ ხელოვნურად მორწყვას შეძლებდა. აქედან გამომდინარეობს, რომ მინდვრის მცენარეების გაჩენა (ადამიანის გარეშე) უკვე იმაზე იმეტყველებდა, რომ წვიმებიც გაჩნდა, რომელიც მათ მორწყავდა.
როგორც ცნობილია, მცენარეები შემოქმედების მესამე «დღეს» იქნენ შექმნილნი, ადამიანი კი – მეექვსე  «დღეს». ამგვარად, მუხლში როგორც ჩანს საუბარია, არა მთლიანად დედამიწის შექმნიდან - ადამიანის შექმნამდე არსებულ დროზე, არამედ დედამიწის ისტორიის მხოლოდ გარკვეულ პერიოდზე ან ეპოქაზე, როდესაც მცენარეები ან ჯერ არ იყვნენ შექმნილნი, ან მხოლოდ უშუალოდ წყალსაცავების სიახლოვეს არსებობდნენ. ალბათ უფრო, საუბარია მესამე შემოქმედებითი «დღის» დასაწყისზე («წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი», ტომი 2, გვ. 728–729, 1148, [ინგლ].).
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მდინარეების წარმოსაქმნელად, წყლის ძირითად წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს, წვიმის გარეშე მდინარეები ვერ შეძლებდნენ ხანგრძლივი დროით არსებობას. თუმცა, დაბადების 2:10-ის თანახმად, წარღვნამდე მდინარეები არსებობდნენ, მათ შორის ედემის ბაღშიც, და ნათელია, რომ ისინი შემდეგაც არსებობდნენ, წარღვნამდე მრავალი ასწლეულით ადრე, როგორც მტკნარი წყლის წყარო ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
ამგვარად, დაბადების 2:5, მიუთითებს არა იმაზე, რომ წარღვნამდე წვიმები საერთოდ არ არსებობდა, არამედ იმაზე, რომ დედამიწაზე კლიმატი ყოველთვის ერთნაირი არ იყო, და მათ შორის წარღვნამდეც. აღსანიშნავია, რომ საერო მეცნიერების მონაცემების თანახმადაც, დედამიწაზე კლიმატი მილიონობით წლის განმავლობაში არაერთხელ იცვლებოდა, თანაც ძირეულად.

ჰქონდა თუ არა ნოეს ნანახი ცისარტყელა წარღვნამდე?
დაბადების 9:13-დან გამომდინარე, ცაზე ცისარტყელა ღმერთმა მხოლოდ წარღვნის შემდეგ «დააფუძნა»:
·  «ვაფუძნებ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული შეთანხმების ნიშანი» (დაბადება 9:13)
აღწერილობა, რომელსაც ღმერთი შემდგომ იძლევა (დაბადება 9:14–16), იმაზე მიუთითებს, რომ მანამდე ნოეს ღრუბლებში ამის მსგავსი არაფერი უნახია. ხოლო 9:12 მუხლი, რუსულ «თანამედროვე თარგმანში» საუბრობს იმის შესახებ, რომ ცისარტყელა წარმოადგენდა შემდგომ მოხსენიებული შეთანხმების (შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი მეტად აღარასოდეს მოავლენდა დედამიწაზე წარღვნას) «დამამტკიცებელ საბუთს, მტკიცებას». საეჭვოა ცისარტყელა ასეთ «დამამტკიცებელ საბუთად» გამომდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ ცაში მისი გამოჩენა მანამდეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარღვნამდე ცაში ცისარტყელა ნამდვილად არ ჩნდებოდა.


როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ წარღვნამდე ცაში ცისარტყელა არ იყო? როგორც ცნობილია, ცისარტყელა წარმოიქმნება ჰაერში არსებულ წყლის წვეთებზე მზის შუქის არეკვლითა და გარდატეხით. ის, რომ წარღვნამდე ასეთი რამ არ ხდებოდა, ალბათ უფრო იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწაზე სრულიად განსხვავებული კლიმატი იყო. ეს კლიმატი იქმნებოდა წყლის ორთქლის გუმბათის მეშვეობით, რომელიც წარღვნამდე დედამიწას ეკრა გარს.
ცისარტყელის წარმოსაქმნელად ორი მნიშვნელოვანი პირობაა საჭირო: პირველი, მზის პირდაპირი სინათლე და, მეორე, წყლის წვრილი წვეთები, რომლებიც ჰაერში არიან "გამოკიდებული". წყლის ორთქლი (რომლისგანაც შედგებოდა გუმბათი, რომელიც დედამიწას ერტყა გარს) მზის სინათლისთვის გამჭვირვალეა, ამიტომ მზის პირდაპირი სინათლე წარღვნამდეც აღწევდა დედამიწამდე. ეს რომ ასე არ ყოფილიყო – გუმბათს ან კიდევ სხვა რამეს რომ გაეფანტა მზის პირდაპირი სინათლე, მაშინ მით უმეტეს გაიფანტებოდა ღამის ვარსკვლავების სინათლეც, და ვარსკვლავები ღამით დედამიწიდან აღარ გამოჩნდებოდა. თუმცა, დაბადების 1:16-ის თანახმად, წარღვნამდე დედამიწიდან ვარსკვლავები ჩანდა. ამიტომ, დიდი ალბათობით, წარღვნამდე ცისარტყელა ატმოსფეროში "გამოკიდებული" წყლის წვეთების არარსებობის გამო არ ჩნდებოდა.
თუ აქ ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ცისარტყელის ნახვა წარღვნამდე მაინც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ არა ცაში, არამედ, მაგალითად, შხეფებში, რომელსაც ჩანჩქერები ქმნიდნენ. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ეს მოვლენა ნოესთვის უკვე წარღვნამდეც ცნობილი იყო, წარღვნის შემდეგ კი მას მისი ხილვა პირველად შეეძლო არა დედამიწასთან ახლოს, ანუ მის ზედაპირზე, არამედ ზეცაში.
ცოტა უფრო დაზუსტებით კლიმატის შესახებ
შეიძლება არალოგიკური მოგვეჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ცაზე ცისარტყელა არ ყოფილიყო, თუ უკვე მაშინვე იყო წვიმები (რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერში იყო "გამოკიდებული" წყლის წვეთები), და მზის პირდაპირი სინათლე. ერთი მეორეს ხომ არ ეწინააღმდეგება? არაა აუცილებელი.
სინამდვილეში წმინდა წერილებში მრავალი რამ, რაც ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო ჩანს, მოგვიანებით პოულობს თავის ახსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა არ შეგვიძლია ბოლომდე იმის გაგება, თუ რით განსხვავდებოდა წარღვნამდელი კლიმატი თანამედროვე კლიმატისაგან და რატომ არ ჩანდა ცისარტყელა წარღვნამდე. თუმცა მოდით ეს საკითხი მაინც დაწვრილებით განვიხილოთ და დავრწმუნდეთ, რომ ამაში არაფერი პრინციპულად შეუძლებელი არაა.
ცისარტყელის წარმოსაქმნელად საკმარისი არაა დედამიწაზე მხოლოდ მზის პირდაპირი სინათლის ან ჰაერში "გამოკიდებული" წყლის წვეთების არსებობა. ცისარტყელა რომ გაჩნდეს, ეს ორი გარემოება ერთდროულად უნდა არსებობდეს, ანუ მზის პირდაპირი სინათლე უნდა შეეჯახოს ატმოსფეროში "გამოკიდებულ" წყლის წვეთებს. ამასთანავე ამ შეჯახების ადგილი დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლის თვალსაწიერის არეში უნდა იყოს. (რადგან დღესაც ხომ ყოველი წვიმის შემდეგ არ ჩნდება ცისარტყელა: ასეთი თანხვედრა ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი წვიმების დროს, რომლის შესახებაც ვამბობთ, რომ «მზე პირს იბანს»-ო.) განსხვავებული კლიმატური პირობების შემთხვევაში, რომელიც წარღვნამდე არსებობდა დედამიწაზე, ამ მოვლენების ასეთი ერთდროული წარმოქმნა შესაძლოა არ ხდებოდა. როგორ?
·  ერთ-ერთი ვარიანტი – წარღვნამდე წვიმები მხოლოდ ღამით მოდიოდა. წყალ-ორთქლოვანი გუმბათის წყალობით, რომელიც დედამიწას ერტყა გარს, სითბო შესაძლოა უფრო თანაბრად განაწილებულიყო ატმოსფეროს მთელ სიმაღლეზე. ამის გამო, დღის განმავლობაში ღრუბლების ტემპერატურა ვეღარ დაეცემოდა იმ მაჩვენებლამდე, რომელიც კონდენსაციისა და წვიმის წარმოქმნისათვის არის საჭირო (ცნობილია, რომ წვიმის წარმოსაქმნელად, როგორც წესი, საჭიროა, რომ ღრუბლის ტემპერატურა 0°C გაცილებით დაბლა უნდა იყოს). თუმცა ასეთი პირობები შეიძლება ღამის სიცივისას წარმოქმნილიყო.
·  თუ წარღვნამდე წვიმა დღე მოდიოდა, ის შეიძლება წამოსულიყო მხოლოდ ძლიერი ღრუბლიანობის პირობებში, როდესაც მზის პირდაპირ სინათლეს არ შეეძლო ღრუბლებში გამოღწევა. რამდენადაც ღრუბლები (წყლის ორთქლი) მზის ინფრაწითელ გამოსხივებას არ ატარებენ, ღრუბლების სქელი ფენის ქვეშ ტემპერატურა, შესაძლოა, დაცემულიყო იმ მაჩვენებლამდე, რომელიც კონდენსაციისთვის საკმარისი იქნებოდა.
·  დღის საათებში ძლიერი ღრუბლიანობის შემთხვევაში ასევე შესაძლებელი შეიძლება ყოფილიყო, რომ ღრუბლებში ტენის რაოდენობა იმდენად გაზრდილიყო, რომ ის საკმარისი გამხდარიყო ღრუბელში არსებული წვეთების შერწყმისათვის და წვიმის წარმოქმნისათვის. დღეს ასეთი მოვლენის ხილვა მხოლოდ ტროპიკებშია შესაძლებელი, სადაც საკმარისი სითბოა იმისათვის, რომ დედამიწის ზედაპირიდან წყლის საკმარისი რაოდენოდა აორთქლდეს (ზომიერ კლიმატში დღეს ასე მხოლოდ ნამი წარმოიქმნება). მაგრამ წარღვნამდე ასეთი სახით წვიმის წარმოქმნა შეიძლება მთელი დედამიწის მაშტაბით მომხდარიყო.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცისარტყელის დანახვა შეუძლებელია, როდესაც მზე ჰორიზონტს ზემოთ 43 გრადუსზე მაღლა იწევს. ამასაც შეეძლო შეზღუდვების დადება იმაზე, თუ სად და დღე-ღამის რომელ დროს შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა ის გამოჩენილიყო.
რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ ნათქვამი – მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზებია, თანაც ზედაპირული. ცისარტყელის არ არსებობის ნამდვილი მიზეზის გაგებას მხოლოდ მომავალ, მიწიერ სამოთხეში შევძლებთ, სადაც ალბათ, წყალ-ორთქლოვანი გუმბათიც აღდგენილი იქნება. თუმცა ეს მოსაზრებები გვიჩვენებენ, რომ ამ მოჩვენებითი წინააღმდეგობის ახსნა განსხვავებული კლიმატური პირობები შეიძლება იყოს, თუნდაც სუფთა თეორიულად.

წყარო: o-religii.ru

თარგმანი აღებულია: religiaze.blogspot.com

No comments:

Post a Comment