ქრისტე და მისი მნიშვნელობა
ჩემი საყვარელი მუხლი ბიბლიაში: «მე ვარ – გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). ამ მუხლში – ყველაფერია, იმიტომ რომ იესო ქრისტე – სიცოცხლის უდიდესი მასწავლებელია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრს, მათ შორის თვითონ ქრისტიანებს, ბოლომდე არ ესმით მისი სწავლების გიგანტური სულიერი, ზნეობრივი და ეთიკური როლი. ეს ისეთი კოლოსია, რომელსაც ვერავინ შეედრება.
ნებისმიერი მოაზროვნე შეიძლება მხოლოდ დაეყრდნოს მას, დაესესხოს და გადაამუშავოს, მაგრამ ვერასოდეს ვერ შექმნის რაიმე ამაზე მნიშვნელოვანს. ესაა ადამიანის ბუნების, მისი საქციელის, მოთხოვნილებების და გრძნობების გაგების წარმოუდგენელი სიღრმეები. ესაა ცხოვრების ყველა გამოვლინებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის დასრულებული სისტემა და «ყველაფრის თეორია» როგორც ადამიანისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ესაა ერთდროული პასუხი ყველა იმ კითხვაზე რომელიც გვაწუხებს. ქრისტე ათასწლეულების განმავლობაში შთააგონებს ხელოვნებასა და კულტურას. მისი დარიგებები ღვთისადმი სიყვარულზე, მოყვასისა და მტრებისადმი სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, მეორე ლოყის მიშვერაზე, განუსაზღვრელი რაოდენობით პატიებაზე, განძის მიწაზე არ დაგროვებაზე, სხვების მიმართ ისე მოქცევაზე, როგორსაც ჩვენს მიმართ მოველით; მისი იგავები თვალში ბეწვსა და დირეზე, ორი ბატონის მსახურებაზე, გზასაცდენილ ძეზე, ქვიშაზე აშენებულ სახლზე, ღორებისთვის დაყრილ მარგალიტებზე და მრავალი სხვა – ესაა თვით ცხოვრებისეული და თვით ადამიანური სიბრძნის საგანძური, და ამავდროულად ის სასწაულად ნათლადაა გადმოცემული.ქრისტე და რელიგიები
კონფუცში, ბუდაში, ვედებში, ყურანში, რაბინული ლიტერატურაში, ვერსად ვერ იპოვით ქრისტეს მსგავს სიღრმეებს და სიგანეებს. არის ცალკეული ღრმა აზრები, მაგრამ არ არის ერთდროულად სიზუსტე, პრაქტიკულობა, ცხოვრებისეულობა, მთლიანობა, უნივერსალურობა და ქრისტიანობის სინათლე. ქრისტე იუდაურ აზრზე მაღლაც კი ავიდა (თუმცა კი მას ეყრდნობოდა), რაც მისმა თანამედროვეებმა დაინახეს (იოანე 7:46). ქრისტეს გვერდით ნებისმიერი რელიგია – კარლიკია. და ნაწილობრივ თვითონაც კი ეთანხმებიან ამას, რადგანაც ქრისტეს ავტორიტეტს ასე თუ ისე მსოფლიოს ყველა რელიგია აღიარებს. ყველგან, ის ან წინასწარმეტყველია, ან ბრძენი. ამ გაგებით ის მთელი ცივილიზაციის უნივერსალური რელიგიური ავტორიტეტია და ამაში ის უნიკალურია. არცერთ სხვა რელიგიაში არ არის ასეთი ყველასგან აღიარებული უნივერსალური ავტორიტეტი. და ეს სავსებით ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ის ღმერთისაგან მოვიდა. ძალიან რთულია წინ აღუდგე ღვთის სწავლებას. ქრისტეს ასეთი უნივერსალური ავტორიტეტი – ერთერთი საუკეთესო მტკიცებულებაა მისი, მისი სწავლების და ბიბლიის, როგორც მის შესახებ ცოდნის წყაროს, ღვთაებრივი წარმომავლობისა. თუ პერეფრაზირებას გავუკეთებთ აზრს რომ ფილოსოფია მეცნიერების დედოფალია, ქრისტიანობა გარკვეული აზრით წარმოადგენს «რელიგიების დედოფალს».
ქრისტე და ისტორია
იესო ნაზარეთელის სწავლება და ცხოვრება – მისი არსებობის საუკეთესო მტკიცებულებაა, იმიტომ რომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ რომის პროვინციის გაუნათლებელ მეთევზეთა პატარა ჯგუფი დაჯდა და ასეთი მაშტაბის პიროვნება მოიგონა. შეიძლება 2-3 ჭკვიანური აზრი მოიფიქრო – ასეთები არის კიდეც ნებისმიერ რელიგიაში, – მაგრამ შეუძლებელია ასეთი ყოვლისმომცველი და სრულყოფილი სულიერ-ეთიკური სისტემის მოფიქრება, ასეთი ადამიანის მოფიქრება, რომელსაც სახარების ფურცლებზე ვხედავთ, თანაც ამის ასე სწრაფად გაკეთება. სახარების კითხვისას, უბრალოდ წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ეს არასოდეს მომხდარა.
ქრისტე და რწმენა
ქრისტე – ზოგისთვის ღვთისადმი რწმენის საფუძველია. რა თქმა უნდა, ეს «მეცნიერული მტკიცებულება» არაა, მაგრამ ეს მძლავრი მტკიცებულებაა ყველასთვის, ვინც ათეიზმს ბრმად არ მიჰყვება. ზოგი მორწმუნეებს დასცინის, რადგან ღვთისადმი რწმენა აბსოლუტურად ილუზორული წარმოუდგენიათ. ვინ და როდის ნახა ღმერთი? – კითხულობენ ისინი. კარგი, მაგრამ მრავალმა ადამიანმა იხილა ღვთის ძე, მისგან წარმოგზავნილი. მათ ის თავისი თვალით იხილეს და საკუთარი ხელით შეეხნენ. იესოს არსებობაში მეცნიერ-ათეისტებსაც კი არ ეპარებათ ეჭვი. მის არსებობას ეჭვქვეშ მისი უბოროტესი მტრებიც კი არასოდეს აყენებდნენ, მაგალითად ფარისეველი და სადუკეველი ებრაელები. უფრო მეტიც, ისინი მის სასწაულებსაც კი არ აყენებდნენ ეჭვქვეშ. იესოს არსებობა საერო წყაროებშია დადასტურებული, ისეთებში რომლებიც სავსებით აკმაყოფილებენ ყველაზე პრეტენზიულ ისტორიკოსებსაც კი. ძნელია იმის ეჭვქვეშ დაყენება, რომ ქრისტე ნამდვილად ცხოვრობდა და რომ ნამდვილად მოგვცა, ცივილიზაციისთვის ცნობილი, ყველაზე დიდებული სულიერ-ზნეობრივი სწავლება. ამასთანავე ის ყოველთვის ადასტურებდა, რომ ღვთის სახელით ლაპარაკობდა და თვითონ ღვთის იმდენად ზუსტი ანარეკლი იყო, რომ ნამდვილად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ვინც ქრისტე იხილა ღმერთი იხილა. ქრისტე – ღმერთის არსებობის მტკიცე, თვალნათელი და ხილული მტკიცებულებაა.
ქრისტე და მისი მამა
განვაგრძობთ წინა აზრს. დაფიქრდით: ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია ცივილიზაციაზე, თავმდაბლობით ამბობდა, რომ ღვთისაგან მოვიდა და მხოლოდ მის სწავლებას გადასცემდა (იოანე 7:16). ქრისტეს სწავლება სინამდვილეში მისი არ არის, არამედ მისი მამისაა და ქრისტეს არ ეშინოდა ამის აღიარების. იტყუებოდა? კი მაგრამ რისთვის? და თუ ის იტყუებოდა, ეს აუფასურებს მის სწავლებასაც და თვითონ მასაც. ჩვენ თუ ღმერთს, ჩვენი მასწავლებლის მამას, ჩამოვაცილებთ, მისი სწავლების გარეშე ვრჩებით, სხვა მისი მსგავსი კი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ მორალურად დავობლდებით. ქრისტემ ჩვენ ეთიკური და სულიერი დასაყრდენი მოგვცა, რომელსაც ვერასოდეს ვერ მოგვცემს ათეიზმი ან ევოლუციონიზმი. აი რატომ ვფიქრობ, რომ ღვთის არსებობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი «მტკიცებულება» სულიერ და ზნეობრივ სფეროებში დევს. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის სიცოცხლეც. ამიტომ ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ქრისტეს სწავლება, და ამიტომ გვჭირდება ჩვენ ქრისტეს მომავლინებელი – აბრაამისა და ისააკის ღმერთი, იეჰოვა. რადგანაც ქრისტე ღვთის შესახებ ასწავლიდა, ასწავლიდა ღვთის სიყვარულსა და პატივისცემას, ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, თუნდაც მხოლოდ ქრისტეს მორალური ავტორიტეტის გამო. ან საერთოდ, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის, ვინც ასეთი მასწავლებელი და ასეთი სწავლება მოგვცა?
ქრისტე და ბიბლია
რა არის ბიბლია? შეიძლება სხვადასხვა განსაზღვრება არსებობდეს, მაგრამ ერთერთი ყველაზე უფრო ზუსტი – ესაა წიგნი ქრისტეზე. თუ იოანეს 3:16 – მინიატურული სახარებაა, მაშინ ზემოთ ციტირებული იოანეს 14:6 – მთელი მინიატურული ბიბლიაა. სახარება – ესაა მისი ცხოვრება და სწავლება; საქმეები – მისი მოწაფეების ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მისი სწავლება; მოციქულთა წერილები – მისი მოწაფეების მიერ სწავლების დამატებითი ახსნა-განმარტებებია; იოანეს გამოცხადება – დამატებითი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მის სწავლებას აფართოვებს; ძველი აღთქმა – რელიგიურ-ისტორიული კონტექსტი, წინაისტორია, რომლის გარეშეც ქრისტეს სწავლების სრულად გაგება შეუძლებელია. ან ასე: ძველი აღთქმა – შესავალი; სახარება – კულმინაცია; სახარების შემდგომი წიგნები – ეპილოგი. ბიბლია – ესაა ქრისტეს სწავლების კონტექსტი, პატარიდან დიდამდე. მისი ნებისმიერი ადგილი – ესაა ან კონკრეტულად სწავლება, ან მისი პერიფერია, ასე ვთქვათ, პერიფერიული სახარება. ის რომ ბიბლია – მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია, უფრო მეტად ამაგრებს ქრისტეს ავტორიტეტს, რომელიც ისედაც უსაზღვროა.
ქრისტე და ქადაგება
ქრისტეს სწავლებას დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ათეისტების ჩათვლით. ათეისტებსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანობის ეთიკური მხარიდან. ამიტომ სახარების ქადაგება ჩემი აზრით ყველაზე ღირებული საქმიანობაა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სახის ქველმოქმედება. მნიშვნელოვანია თვითონ ქადაგება როგორც ასეთი, კონფესიებისაგან დამოუკიდებლად. მე თუ ვინმეს უბრალოდ ქრისტეს ცხოვრებითა და სწავლებით დავაინტერესებ და ის უბრალოდ დაიწყებს სახარების კითხვას და წაკითხულის გამოყენებას, მაშინ მე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებ. ქრისტიანობის ქადაგებას უდიდესი სოციალური მნიშვნელობაც აქვს. ნებისმიერი საზოგადოება ჯანსაღია მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც მისი წევრები მიჰყვებიან ქრისტეს სწავლებას. ეს სოციოლოგიური ფაქტია. ამის დანახვა, თანამედროვე ღრმად ავადმყოფი ქართული საზოგადოების მაგალითზეც შეიძლება. აი რატომაა ქრისტიანული მისია – ამავე დროს სოციალურად მნიშვნელოვანი საქმიანობა.
ქრისტე და საძმო
მე ქრისტიანობას პირველ რელიგიურ არჩევნად ვთვლი, რომელიც კონფესიისაგან დამოუკიდებლად კეთდება. ქრისტიანი – ესაა უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობს ქრისტეს სწავლების თანახმად ცხოვრებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არჩევანი, ნებისმიერ სხვა არჩევნამდე გაკეთდეს. შემდეგ კი საჭიროა მიმოვიხედოთ და შემდეგი არჩევანი გავაკეთოთ – კონფესიური. ეს მეორე ხარისხოვანი არჩევანია, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. ქრისტიანი არ შეიძლება არაკონფესიური იყოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქრისტე თავის მოწაფეებს ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა (იოანე 13:34). ეს ჯგუფური მცნებაა, რომელიც მხოლოდ ჯგუფს შეიძლება მისცე, და არა ერთ ადამიანს. ქრისტეს მოწაფეებს ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც ძმები – ზუსტად ამიტომ წარმოიშვა ქრისტიანობაში მიმართვა «ძმა» (და). ისინი ერთად ლოცულობენ და ერთად აკეთებენ ღვთის საქმეს. ქრისტიანობა – ესაა ცხოვრება საძმოში, არაკონფესიონალები კი ვერასოდეს გახდებიან საძმო, მაშინაც კი თუ შემთხვევით ერთ ადგილას მოხვდებიან.
ქრისტე და თქვენი ცხოვრება
«მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ», – გვეუბნება ქრისტე (მათე 11:28). და ის ნამდვილად აკეთებს ამას აგერ უკევ 2000 წელია. ის მართლაც გვაცოცხლებს ჩვენ, ჩვენს ცხოვრებას უცვლელი ჭეშმარიტებებით ანათებს, გვაძლევს იმედსა და აზრს, გვანთავისუფლებს შიშისა და შფოთვისაგან, ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი, ადამიანებისადმი, გარშემო სამყაროსადმი. ესაა როგორც ერთი ჭიქა სუფთა წყალი მრავალი წლის განმავლობაში საწამლავის მიღების შემდეგ. ესაა როგორც "სტოპ-კრანი" იმედგაცრუებისა და ილუზიის მატარებელში. ეს სჯობია ნებისმიერ თერაპიას, ნებისმიერ თვითგანვითარებას. უფრო ზუსტად კი, ესაა ზუსტად უმაღლესი ფორმის თერაპია და თვითგანვითარება. თქვენ თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ სახარება, რამოდენიმე თავი მაინც წაიკითხეთ, მაგალითად სამთო ქადაგება (მათეს სახარება, თავები 5–7). შეძლებისდაგვარად რომელიმე თანამედროვე თარგმანში წაიკითხეთ, რათა მისი სწავლების ცოცხლად და რეალურად აღქმა შეძლოთ, გასაგებ ენაზე, ისე როგორც მისი თანამედროვეები ისმენდნენ. თუ თქვენ შეიგრძნობთ, რომ ის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე სწორ სიტყვებს ლაპარაკობს, მაშინ ეს ცხოვრება აღარასოდეს იქნება ძველებური.
----------------------------------------------
წყარო: http://chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment