არაბიბლიური დოგმატის, „სამების“ სწავლების მომხრეები ზოგჯერ აკრიტიკებენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ და ამბობენ, რომ ბერძნული სიტყვა „πάντα“ (პანტა) და „παντὸς“ (პანტოს) რომლებიც ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „პას“, უნდა ითარგმნოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით „ყველა“ ან „ყველაფერი“. იბადება კითხვები: ნუთუ მართლა მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ გადმოცემული ბერძნული სიტყვა „პანტა“ სიტვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“? არსებობს თუ არა ქართულენოვანი ბიბლიის ისეთი თარგმანებიც, რომლებშიც სიტყვა „პანტა“ გადათარგმნილი იქნებოდა სიტყვებით „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“? მოდით ერთად გავეცნოთ ფაქტებს.
მაგალითად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემულ ბიბლიის თარგმანში მეორე ნეშტთა 4:16-ში, სიტყვა „პანტა“, ზუსტად ისეა გადათარგმნილი როგორც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“:
„ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა [ბერძნ. πάντα (პანტა)] ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო“.
სხვა მაგალითებია: „გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა (παντὸς) უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები“. — ნეემია 9:2; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა.
„როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა (παντὸς) სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა“.— დანიელი 3:5; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა.
მიზეზი, თუ რატომ თარგმნიან მართლმადიდებელი მთარგმნელები ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიებში სიტყვა „პანტა“-ს „ყველა სხვად“ და „სხვა ყველაფრად“ ისაა, რომ ეს სიტყვა ხშირად ატარებს წმინდა წერილში ასეთ მნიშვნელობას — რასაც ავტორიტეტული წყაროები და ბერძნული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონებიც ადასტურებენ. მაგალითად „Greek-English Lexicon of the New Testament Based on Semantic Domains“ By Louw & Nida, ტომი 1; „The UBS Greek New Testament Dictionary“ და სხვები.
მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, თუმცა ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი, მეორე ნეშტთას 31:5-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიაში, მეორე ნეშტთას 31:5-ე მუხლში ზუსტად ისევეა გადათარგმნილი სიტყვა „პანტა“, როგორც ეს ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში კოლასელების 1:16-შია გადმოცემული; მოდით ერთად ვნახოთ მეორე ნეშტთა 31:5-ე მუხლი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში: „როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის [ბერძნ. πάντα (პანტა)] მეათედიც უხვად მოიტანეს“.
კოლასელების 1:16-ის მსგავსად, ლუკას 13:2-შიც იგივე სიტყვა, „პანტა“ არის გამოყენებული, რომელსაც 1990 და 1993 წელს ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემული „ახალი აღთქმის“ თარგამენშიც თარგმნილია როგორც „ყველა სხვა“. (იხილეთ აგრეთვე ლუკას 21:29 და ფილიპელების 2:21 „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“).
ფაქტები გვიჩვენებენ, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არ წარმოადგენს გამონაკლის ბიბლიის თარგმანს, რომელიც სიტყვა „პანტას“ თარგმნის როგორც „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“.
ისინი, რომლებიც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ეს თარგმანი სიტყვა „პანტა“-ს ზოგ შემთხვევაში გადმოსცემს როგორც „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“, ან არ იციან რომ ბიბლიის სხვა თარგმანებიც (საეკლესიო თარგმანებიც კი) მსგავსადვე გადმოსცემენ ამ სიტყვას და არაფერია ამაში არასწორი, ან მიზანიმართულად ცდილობენ ბიბლიის ამ ზუსტი თარგმანის წინააღმდეგ ბრძოლას.
No comments:
Post a Comment