Sunday, 21 February 2021

შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?

 





     სრულიად ვუწევ თავს ანგარიშს იმაში, რომ ზოგიერთში შეკითხვის ასეთი სახით დასმამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს: «რა კავშირია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულსა და ხორცის ჭამას შორის?». თუმცაღა არსებობენ ისეთები, ვინც ასეთი კავშირის არსებობას დაჟინებით ამტკიცებენ და ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს სცემენ.



     საუბარია კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებაზე (ცსს), ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადაზე და მის მრავალრიცხოვან მიმდევრებზე, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ კრიშნას ცნობიერებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გასული ასწლეულის 70-იანი წლებიდან. შევნიშნოთ, რომ ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადას მიმდევრები მას, არც მეტი არც ნაკლები, მის ღვთაებრივ მოწყალებად მოიხსენიებენ, რადგან მიიჩნევა, რომ ის წარმოადგენს ვედური სიბრძნის ერთერთ უდიდეს მოძღვარს იმ  მემკვიდრეობითობაში, რომელიც საწყისს კრიშნასგან იღებს.


     სტატიას საფუძვლად უდევს ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი-მიმოწერა ცსს-ის ერთერთ მიმდევართან, რომელსაც ერნესტი ჰქვია და რომელიც, როგორც მან დაწერა, «მუდმივად ღვთის განდიდებითაა დაკავებული» და აგერ უკვე 25 წელია ხორცს არ ჭამს.


     სტატიაში თითქმის ყველა ბიბლიური მუხლი მოყვანილია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან (თუ ასე არ არის, მაშინ მითითებულია, თუ საიდანაა აღებული მუხლი), იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით, ჩემი თანამოსაუბრე, რომელმაც განაცხადა, რომ 14 წელია რაც ბიბლიას კითხულობს, ზუსტად ამ თარგმანით სარგებლობს.


     მაშ ასე, შეკითხვა გავიმეოროთ, რომელიც სტატიის სათაურშია მოყვანილი: შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?


    რაღა თქმა უნდა, ისეთი დასკვნის გასაკეთებლად, რომ ხორცის მჭამელს არ შეუძლია ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი, კონკრეტული საფუძველია საჭირო. მაშ, რაში მდგომარეობს ის? ამ შეკითხვის პასუხს ნახავთ ერნესტის შემდეგ სიტყვებში (ავტორის სტილი დაცულია).

     

      "რაც შეეხება ხორცის საკითხს, ესაა მცნება არ მოკლა!  თქვენ თუ ხორც ჭამთ, მაშინ თქვენ პრინციპში არ შეგიძლიათ იმ სიყვარულის გზავნილის გაგება, რომელიც ვედებში და ბიბლიაშია აღწერილი!

      არ მოკლა - ეს არის სიცოცხლისადმი დამოკიდებულების პრინციპი! სიტყვა «ადამიანი» იქ ნახსენებიც კი არ არის! მაშინ არ მოიპაროც ადამიანს ეხება? არა  - ესაა სხვისი საკუთრებისადმი დამოკიდებულების პრინციპი.

      თქვენ ამას ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ თქვენი გული მკვლელობითაა შებღალული, ხორცკომბინატები - ეს სატანის საქმიანობაა! სანამ მათთან ხართ დაკავშირებული, თქვენ ვერ გაიგებთ იეჰოვას გზავნილს! სანამ პირში ჩვენი მცირე ძმების გვამები გაქვთ, თქვენ ვერ გაიგებთ მამის გზავნილს!

     სიყვარულის ენა უნივერსალური ენაა და მას ყველა ცოცხალი არსება აღიქვავს, ცხოველებიც კი! მაგრამ თქვენ თუ ჩვენს უმცროს ძმებს ჭამთ, მაშინ თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ იეჰოვას, იმის სიყვარულის ენას, ვისი მეშვეობითაც არსებობს ყოველივე!

     მოციქული პავლე ამბობდა, რომ არ შეჭამდა ხორცს და არ დალევდა ღვინოს მარადიულად, თუ ეს მის ძმას აცდუნებდა! თორმეტივე მოციქული, იოანე ნათლისმცემელი და ქრისტე ვეგეტერიანელები იყვნენ!"


     მაშ ასე, როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ცსს-ის მიმდევრის აზრით (თუმცა ეს სიტყვები ცსს-ის კონკრეტულ მიმდევარს ეკუთვნის, ისინი, ფაქტიურად, ცსს-ის დამფუძნებლისა და ყველა მისი მიმდევრის პოზიციას ასახავს), მცნება "არ მოკლა" ყველა ცოცხალ არსებას ეხება და არა მხოლოდ ადამიანს. ამასთანავე, ჩემი ოპონენტი იმაზე საუბრობს, რომ ამ მცნებაში ნათქვამია არა "არ მოკლა ადამიანი", არამედ უბრალოდ "არ მოკლა", ეს კი, მისი აზრით,  იმას ნიშნავს, რომ "ეს პრინციპი სიცოცხლეს შეეხება".


     ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ, ეჭვიც არ არსებობს, რომ ხორცის ჭამა ღვთის თვალში ცოდვას წარმოადგენს. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? მოდი გავერკვეთ.


      იმის გასაგებად, რომ მცნება "არ მოკლა" ადამიანს ეხება, აუცილებელი არ არის სიტყვა "ადამიანის" დამატება, ეს კონტექსტიდან ჩანს, რადგან შემდეგი მცნებები ("არ იმრუშო", "არ იქურდო", "არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ", "არ ინდომო შენი თვისტომის სახლი ...") უშუალოდ ადამიანს შეეხება, იმისათვის, რათა არანაირი სახით არ გაუკეთო მას ბოროტება. განსაკუთრებით ნათლად ეს ჩანს რომაელების 13:8-10-ში ჩაწერილ სიტყვებში: "არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. ვინაიდან: "არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო" და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია". ანუ, მცნება "არ მოკლა" ეხება  "მოყვასს", ანუ ადამიანს.


      შემდგომ, ხორცის ჭამასთან დაკავშირებით - ძალიან მოკლედ და თეზისურად. თავდაპირველად ღვთის ჩანაფიქრი არ მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანებს ცხოველების ხორცი ეჭამათ: "აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო" (დაბადება 1:29). ამავდროულად, შეცოდების შემდეგ, როდესაც სიტუაცია შეიცვალა, იეჰოვამ ნოეს უთხრა: "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბადება 9:3).


      ბიბლიაში საკმაოდ ბევრი ფრაგმენტია, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ მღვდლები (და არა მარტო), რომლებიც იეჰოვას ტაძარში მსახურებისათვის მიდიოდნენ, ხორცს ჭამდნენ (იხ. მაგალითად, ლევიანები 7:11-21; 19:5-8). გარდა ამისა, ბიბლიაში იმაზე კეთდება აქცენტი, რომ ყველა ცხოველის ხორცის ჭამა როდი შეიძლებოდა, არამედ მხოლოდ მათი, რომლებიც უწმინდურთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდნენ (ლევიანები 11:1-3). მაგალითად, ეგვიპტიდან გამოსვლის წინ იეჰოვამ მოსე წინასწარმეტყველის პირით ბრძანა, რათა ისრაელიანებისთვის გადაეცათ: "იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი (ბატკნის) ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ" (გამოსვლა 12:8).


       ასევე ღვთის მიერ მოწონებული და მეფედ ცხებული დავითიც ჭამდა ხორცს: "თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან" (2 მეფეები 17:29).       


       ახალი აღთქმიდანაც ჩანს, რომ იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ხორცს ჭამდნენ და იყვნენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საჭმელს მოიხმარდნენ (იხ. მაგალითად, რომაელების მე-14 თავი), და ეს ცოდვად არ ითვლებოდა. ცოდვა ის იყო, თუ ქრისტიანი ხორცს ჭამდა და იმის გრძნობებს არ ითვალისწინებდა, ვინც მას არ ჭამდა: "ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე" (რომაელები 14:15). ამიტომ მისცა მოციქულმა პავლემ ასეთი რჩევა: "გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ" (რომაელები 14:21). ამ სიტყვების არსი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ პრინციპში უარი ვთქვათ ხორცის ჭამაზე, როგორც ღვთის თვალში არასასურველ საქმეზე, არამედ იმაში, რომ ქრისტიანებმა თავის თანამორწმუნეებს დაბრკოლების საბაბი არ მისცენ, რაც თანხმობაშია ფილიპელების 2:4-ში ჩაწერილ სიტყვებთან: "მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თითოეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს".


     ამ საკითხის განხილვისას, შეუძლებელია კაენისა და აბელის ისტორია არ გაგვახსენდეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ "მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი" (დაბადება 4:3,4). ამგვარად, აბელის მსხვერპლი ცხოველების მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. ანუ, მცნება "არ მოკლა" თუ ცხოველებზეც ვრცელდება, მაშინ აბელის საქციელი ღვთის თვალში ცოდვა იყო, თუმცა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა" (დაბადება 4:4,5). გარდა ამისა, ებრაელების 11:4-ში ნათქვამია: "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს". ასეთი სახით, აბელის მიერ ღვთისთვის მსხვერპლის შეწირვა, რომელიც ცხოველების მკვლელობასთან იყო დაკავშირებული, მას არა მხოლოდ ცოდვილს არ ხდიდა ღვთის თვალში, არამედ ღმერთმა ის მართალ ადამიანად შეაფასა. 


      ხოლო რაც შეეხება ცხოველურ შესაწირავებს, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში მოსეს კანონის თანახმად სწირავდნენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმ გამომსყიდველური მსხვერპლის წინასახეობა იყო, რომელიც იესო ქრისტემ, ღვთის ძემ მაიღო, მთელი კაცობრიობის ცოდვებისათვის, რადგან "სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება" (ებრაელები 9:22). 



     და მოციქული პავლეს იმ სიტყვებს რა ვიყოთ "თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო იგი!" 1 კორინთელების 8:13-დან? შეიძლება მათი ვეგეტერიანელობის საფუძვლად გამოყენება?


      ამასთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ამ წინადადების გრამატიკულ აგებულებას გავაანალიზებთ. ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი პირობითი აგებულება ("თუ ... ის"). ეს აგებულება კატეგორიული მაშინ ხდება, როდესაც სიტყვა "თუ"-ს ვაცილებთ. მაშ რისი თქმა სურდა პავლეს ამ სიტყვებით? რომ ის "აღარასოდეს არ შეჭამდა ხორცს" პრინციპში, თუ, რომ ის ამას არ გააკეთებდა განსაზღვრული პირობის შემთხვევაში - როდესაც ეს მის ძმას აცდუნებდა? დასკვნა აშკარაა: პავლეს შეეძლო საკუთარი თავისთვის ხორცის ჭამის უფლება მიეცა თანამორწმუნის თანდასწრებით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ის თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ეს მას არ დააბრკოლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში (როდესაც მის მიერვე ჩამოყალიბებული პირობა სრულდება - "თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას") პავლე უარს ამბობს ხორცის ჭამაზე. ამიტომ პავლეს ამ სიტყვების ვეგეტერიანობის საფუძვლად გამოყენება, მსუბუქად რომ ითქვას, არაკორექტულია.



        ეხლა იმ საკითხს შევეხოთ, რომ "თორმეტივე მოციქული, იოანე ნათლისმცემელი და ქრისტე ვეგეტერიანელები იყვნენ!"


        ის, რომ ეს ასე არ არის, შემდეგიდან ჩანს. მაგალითად, იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის "ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს" (მარკოზი 1:6). კალიები - ცოცხალი არსებები არიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იოანე "არ მოკლა"-ს პრინციპს არღვევდა, როდესაც ცოცხალ არსებას სიცოცხლეს ართმევდა და ჭამდა? კითხვა, რაღა თქმა უნდა, რიტორიკულია.


       ხოლო რაც შეეხება იესოს და მოციქულებს, ისინი, როგორც იუდეველები, ყოველწლიურად პასექს აღნიშნავდნენ, რაც ბატკნის ხორცის ჭამას გულისხმობდა. ეს ქრისტეს მოწაფეების სიტყვებიდან ჩანს, რომლებიც მათ თავის მოძღვარს უთხრეს პასექის წინა დღეს: "უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?" (მარკოზი 14:12). კვლავ იგივე შეკითხვა ისმის: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესო და მისი მოციქულები "არ მოკლას" პრინციპს არღვევდნენ, როდესაც იმ კრავის ხორცს ჭამდნენ, რომელსაც მანამდე სიცოცხლეს ართმევდნენ? 


      შემდეგ, ცნობილია, რომ ქრისტეს მოციქულთაგან ზოგიერთი მეთევზე იყო (მარკოზი 1:16). ჭამდნენ თუ არა ისინი თევზს (ცოცხალ არსებას)? ან, იქნებ, ისინი მხოლოდ თევზის გაყიდვის მიზნით თევზაობდნენ? პასუხის ნახვა შეგვიძლია იოანეს სახარების 21-ე თავში. იქ ნათქვამია, რომ იესომ თავად შესთავაზა საკუთარ მოწაფეებს თევზის ჭამა: "უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ... მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც" (იოანე 21:8,12-13). 


       ამასთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ გამოცემაში "ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი", რომლის ავტორიც ცსს-ის დამფუძმებელია, ნათქვამია, რომ "ხორცი, თევზი და კვერცხი მატერიალური ბუნების ქვედა გუნებს მიეკუთვნება", ანუ ჟინისა და უმეცრების გუნებს. ასეთ შემთხვევაში რისი თქმა შეიძლება იესოსა და მისი მოციქულების შესახებ, რომლებიც თევზს ჭამდნენ? 


       ამ მომენტამდე ჩვენ, არ შევხებივართ სტატიის სათაურში გაჟღერებულ შეკითხვას, არამედ მხოლოდ იმის ჩვენება ვცადეთ, რომ ცსს-ის მიმდევრების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხორცის ჭამა – ცოდვაა, არადამაჯერებელია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმისათვის, რათა საკუთარი შეხედულება გაამყარონ იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ბიბლია ხორცის ჭამას განსჯის, ცსს-ის ზოგიერთი მიმდევრები, სამწუხაროდ, ციტატების კონტექსტიდან ამოგლეჯის არაკეთილსინდისიერ ილეთს იყენებს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია სტატიაში «ბიბლია და ვედები: არსებობს თუ არა მათ შორის ჰარმონია?».



      ეხლა კი პირდაპირ მივუბრუნდეთ ჩვენს შეკითხვას: შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?


      ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ის უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ აღიწერება ბიბლიაში სიყვარულის გამოვლენა. მაგალითად, 1 კორინთელების 13:4-7-ში ჩვენ ვკითხულობთ: «სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;  არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს». აქედან გამომდინარე შეკითხვა იბადება: ნუთუ ასეთი თვისებების გამოვლენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ხორცს არ ჭამს?


      ხოლო აი რას ამბობს სიყვარულის შესახებ იესო ქრისტე: «არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის» (იოანე 15:13). ნუთუ მხოლოდ ვეგეტერიანელებს შეუძლიათ მეგობრებისთვის საკუთარი სიცოცხლის გაღება? მაშინ ისტორიის იმ მრავალრიცხოვან ფაქტებს რა ვუყოთ, მათ შორის არც ისე შორეულს, როდესაც ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა და ქრისტე სწამდათ, ხორცის მჭამელები იყვნენ, თუმცა საკუთარი თანამორწმუნეების სასიკეთოდ საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ?



    და ბოლო მომენტი ამ საკითხთან დაკავშირებით. აი რას წერს ბიბლეისტი უილიამ ბარკლი სიტყვა «სიყვარულის» (ბერძ. აგაპე) კომენტარში, რომელიც ახალ აღთქმაშია გამოყენებული: «აგაპე – ბერძნული სიტყვა – ქრისტიანულ სათნოებათაგან უდიდესი,  კერძოდ, უთარგმნელია. მისი შემცვლელი მნიშვნელობაა - დაუმარცხებელი კეთილგანყობილება. ადამიანი, რომელსაც აგაპე ახასიათებს, იმისდა მიუხედავად, თუ პირადად მას როგორ მოექცევიან ან რას ილაპარაკებენ მასზე მსხვები, მათ მხოლოდ სიკეთეს უსურვებს. ის არ იქნება მკვეთრი, გულში არაფერს ჩაიდებს, შურს არ იძიებს; ის არასოდეს მისცემს გასაქანს სიძულვილს; ის არასოდეს იტყვის უარს პატიებაზე. ეს მართლაც ისეთი სიყვარულია, რომელიც მთელ ადამიანს მოითხოვს და იღებს. ჩვეულებრივი სიყვარული – ესაა გრძნობა, რომლის პირისპირაც უძლურები ვართ. ჩვენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისადმი სიყვარული – სუფთა ინსტიქტური გრძნობაა. მამაკაცის ქალისადმი სიყვარულიც გონების მიერ არაკონტროლირებადი გრძნობაა. ასეთი ჩვეულებრივი სიყვარული გულიდან მომდინარეობს; თუმცა სრულიად აშკარაა, რომ სიყვარულის ქრისტიანული გრძნობა ნების შედეგია. ეს საკუთარ თავზე გამარჯვებაა, რომლის შედეგადაც ჩვენს თავში სხვა ადამიანებისადმი გულიდან გამომდინარე მზრუნველობა ვითარდება». 


        და კვლავ იგივე შეკითხვა: ნუთუ ხორცის ჭამა დაბრკოლება შეიძლება გახდეს იმისათვის, რათა ქრისტიანში «სხვა ადამიანებისადმი გულიდან გამომდინარე მზრუნველობა» განვითარდეს?


       საერთოდ სათაურში მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ამ მსჯელობის გარეშეც შეიძლება. საკმარისია ყურად ვიღოთ ორი ფაქტი:


      1. იესო ხორცს ჭამდა, როგორც ნათქვამი იყო, მინიმუმ, პასექის დღესასწაულის აღნიშვნისას.


      2. იესომ ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის სრულყოფილი მაგალითი დატოვა (იოანე 13:1; 14:31). მაგალითად, ა.კ. ტოლსტოის ლექსში, რომელიც იესოს ეძღვნება, ასეთი სიტყვებია მოცემული:

                                                                        Любовью к ближним пламенея,

                                                                      Народ смиренью Он учил,

                                                                      Он все законы Моисея 

                                                                      Любви закону подчинил.

                                                                      Не терпит гнева Он ни мщенья,

                                                                      Он проповедует прощенье, 

                                                                      Велит за зло платить добром; 

                                                                      Есть неземная сила в нем, 

                                                                      Слепым Он возвращает зренье, 

                                                                      Дарит и крепость и движенье 

                                                                      Тому, кто был и слаб и хром…

აზრობრივი თარგმანი:

 


(მოყვასისადმი სიყვარულით ანთებული,

ხალხს თავმდაბლობას ასწავლიდა,

მან მოსეს ყველა კანონი

სიყვარულის კანონს დაუმორჩილა.

ის არც რისხვას იწონებს და არც შურისძიებას,

მიტევებას ქადაგებს,

ბოროტების სანაცვლოდ სიკეთით გადახდას გვავალებს;

მასში არამიწიერი ძალაა,

უსინათლოებს მხედველობას უბრუნებს,

სჩუქნის ჯანმაგრობასა და მოძრაობას

იმას, ვინც სუსტი და კოჭლი იყო...)

   


         დასკვნისას მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული სტატია არ უნდა იქნას აღქმული როგორც ხორცის საკვებად გამოყენების აპოლოგია. მისი ავტორი, მაგალითად, უკვე მრავალი წელია ძალიან იშვიათად ჭამს ხორცს და ისიც – მცირე რაოდენობით და მხოლოდ გარკვეულ სახეობას. თუმცა ეს მისი პირადი არჩევანია, რომელიც რაციონალური კვებისადმი მისი შეხედულებითაა ნაკარნახევი. გარდა ამისა, ავტორის აზრით, ყოველმხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ადამიანები თუ ხორცის საკვებად გამოყენებას შეწყვეტდნენ, თუმცა ავტორი არ მოელის, რომ ყველა დაეთანხმება მის ასეთ თვალსაზრისს. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტორი იმედოვნებს, რომ ბიბლიაზე დაყრდნობით, იმის დანახვება შეძლო, რომ სათაურში მოყვანილი შეკითხვის პასუხი, შეიძლება დადებითი იყოს.


-----------------------------------------------------


წყარო: jwapologetica.blogspot.com


თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment