ბიბლიის თვალსაზრისი:
დიახ. დედამიწაზე ყოფნისას იესოზე, მესიასა და წინამძღოლზე, რომელიც ქვეყნიერებას მხსნელად მოევლინა, უამრავი წინასწარმეტყველება შესრულდა (დანიელი 9:25; 1 იოანე 4:14). მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები იესოს სიკვდილის შემდეგაც კი შესრულდა (ფსალმუნი 110:1; საქმეები 2:34—36).
რას ნიშნავს „მესია“?
შესაძლებელია, რომ მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები ერთზე მეტ პიროვნებაზე შესრულებულიყო?
შესაძლებელია, რომ მესია მომავალში გამოჩნდეს?
რამდენი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი ბიბლიაში მესიასთან დაკავშირებით?
იესომ მესიასთან დაკავშირებული არაერთი წინასწარმეტყველება შეასრულა
რას ნიშნავს „მესია“?
ებრაული სიტყვა „მაშიახ“ (მესია) და მისი შესაბამისი ბერძნული სიტყვა „ქრისტოს“ (ქრისტე) „ცხებულს“ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, „იესო ქრისტე“ ნიშნავს, რომ იესო იყო ცხებული და მესია.
ბიბლიურ დროში, როდესაც ვინმეს განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებდნენ, მას თავზე ზეთს სცხებდნენ (ლევიანები 8:12; 1 სამუელი 16:13). ღმერთმა იესოს უდიდესი ძალაუფლება მიანიჭა, ის მესიად დანიშნა (საქმეები 2:36). თუმცა ზეთის ნაცვლად, ღმერთმა ის წმინდა სულით სცხო (მათე 3:16).
შესაძლებელია, რომ მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები ერთზე მეტ პიროვნებაზე შესრულებულიყო?
არა. როგორც თითის ანაბეჭდი მიეკუთვნება მხოლოდ ერთ პიროვნებას, აგრეთვე მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულება მხოლოდ ერთ პიროვნებას, მესიას ანუ ქრისტეს უკავშირდება. თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს: „გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათე 24:24).
შესაძლებელია, რომ მესია მომავალში გამოჩნდეს?
არა. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია ისრაელის მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (ფსალმუნი 89:3, 4). ებრაელთა გენეალოგიური ნუსხა, რომელიც დავითის პერიოდს უკავშირდება, როგორც ჩანს, მაშინ განადგურდა, როდესაც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი დაიპყრეს. მას შემდეგ შეუძლებელია ვინმემ დაამტკიცოს, რომ დავითის სამეფო საგვარეულოს შთამომავალია. იესოს დროს ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო გენეალოგიური ნუსხა, თუმცა მის მტრებსაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ იესო ნამდვილად დავითის შთამომავალი იყო (მათე 22:41—46).
რამდენი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი ბიბლიაში მესიასთან დაკავშირებით?
შეუძლებელია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამა თუ იმ ბიბლიურ მონაკვეთში ჩაწერილი მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების დათვლის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ესაიას 53:2—7-ში ჩაწერილ მონაკვეთში მესიის შესახებ რამდენიმე დეტალია ნაწინასწარმეტყველები. ზოგმა შეიძლება მთელი ეს მონაკვეთი ერთ წინასწარმეტყველებად მიიჩნიოს, ხოლო ზოგმა აქ გამოყოფილი თითოეული ფრაზა ცალკეულ წინასწარმეტყველებად ჩათვალოს.
როგორ უნდა ამოეცნო ხალხს მესია?
ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად, მესია, იგივე ქრისტე, დროის სხვადასხვა პერიოდში ორი განსხვავებული როლის შესასრულებლად უნდა მოსულიყო. თავდაპირველად, ის დედამიწას ადამიანად მოევლინებოდა. ხალხს რომ იესოს ამოცნობა არ გასჭირვებოდა, ღვთის წინასწარმეტყველებმა ბევრი რამ იწინასწარმეტყველეს მის ცხოვრებასა და მსახურებაზე. ფაქტობრივად, წინასწარმეტყველების მთავარი მიზანი „იესოს შესახებ დამოწმებაა“ (გამოცხადება 19:10).
როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?
წინასწარმეტყველი დანიელი იესოს დაბადებამდე 500-ზე მეტი წლით ადრე ცხოვრობდა. იეჰოვამ დანიელს გაუმჟღავნა ის, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა გამხდარიყო იესო ცხებული ანუ მესია (ქრისტე). დანიელს ანგელოზმა უთხრა: „იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დანიელი 9:25).
მესიის მოსვლის დრო რომ განვსაზღვროთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ საიდან იწყება პერიოდი, რომლის ბოლოსაც მესია უნდა გამოჩენილიყო. წინასწარმეტყველების თანახმად, ეს პერიოდი დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც გამოვიდოდა ბრძანება „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“. როდის მოხდა ეს? როგორც ნეემია წერს ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, იერუსალიმის კედლების აღდგენის შესახებ ბრძანება გამოვიდა „არტაქსერქსე მეფის მეფობის მეოცე წელს“ (ნეემია 2:1, 5—8). ისტორიკოსების მტკიცებით, არტაქსერქსეს მმართველობის პირველი სრული წელი ძვ. წ. 474 წელი იყო. ამიტომ მისი მეფობის მეოცე წელი იქნებოდა ძვ. წ. 455 წელი. ამგვარად, დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული პერიოდი ძვ. წ. 455 წლიდან დაიწყო.
დანიელი აღნიშნავს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პერიოდი, რომლის ბოლოსაც „ცხებული მეფე“ ანუ მესია მოვიდოდა. წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა“, რაც 69 კვირას შეადგენს. რა ხანგრძლივობისაა ეს პერიოდი? ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში შემავალი კვირები შვიდდღიანი კი არ არის, არამედ შვიდწლიანია. თითოეული კვირით შვიდი წელია წარმოდგენილი. დროის დაყოფა შვიდწლიანი ხანგრძლივობის მონაკვეთებად უცხო არ იყო ძველ დროში მცხოვრები ებრაელებისთვის. მაგალითად, ყოველი მეშვიდე წელი მათთვის შაბათი წელი იყო (გამოსვლა 23:10, 11). ასე რომ, წინასწარმეტყველური 69 კვირა შედგება შვიდწლიანი ხანგრძლივობის 69 მონაკვეთისგან, რაც მთლიანობაში 483 წელს შეადგენს.
ახლა შეგვიძლია მესიის მოსვლის დრო გამოვთვალოთ. თუ ძვ. წ. 455 წლიდან 483 წელს გადავითვლით, მივალთ ახ. წ. 29 წელთან. ეს სწორედ ის წელი იყო, როცა იესო მოინათლა და მესია გახდა! (ლუკა 3:1, 2, 21, 22). განა სასწაულებრივი არ არის, რომ ასე ზუსტად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?
მოდი, მიმოვიხილოთ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ ოთხი და შევადაროთ ფაქტებს.
წინასწარმეტყველება 1: „ის დაჯდება დავითის სამეფო ტახტზე“ (ესაია 9:7, „ნოქსის“ თარგმანი).
შესრულება: მათეს სახარება შემდეგი სიტყვებით იწყება: „იესო ქრისტეს — დავითისა და აბრაამის ძის — წარმოშობის წიგნი“. შემდეგ მათე მოიხსენიებს იესოს წინაპრებს, მათ შორის დავითს. ლუკაც მოიხსენიებს დავითს თავის სახარებაში იესოს წინაპრებში (მათე 1:1—16; ლუკა 3:23—38).
რას ამბობს ისტორია
● ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ებრაელი ოჯახების გენეალოგიური ნუსხები საჯარო არქივში ინახებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ეს ჩანაწერები ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების დროს ქალაქთან ერთად განადგურდა. თუმცა იერუსალიმის აღებამდე საყოველთაოდ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ იესო დავითის შთამომავალი იყო (მათე 9:27; 20:30; 21:9). ეს რომ სიმართლე არ ყოფილიყო, ვიღაც აუცილებლად გახდიდა ამ ფაქტს სადავოს ან საერთოდ უარყოფდა. არანაირი ჩანაწერი არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ ვინმე იესოს წარმომავლობას სადავოს ხდიდა.
წინასწარმეტყველება 2: „ეფრათას ბეთლემო, ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში“ (მიქა 5:2).
შესრულება: იესო დაიბადა ბეთლემში. როდესაც კეისარმა ავგუსტუსმა მოსახლეობის აღწერის ბრძანება გასცა, იესოს მამობილს, იოსებსაც მოუწია წასვლა „ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო, რათა აღწერილიყო მარიამთან“. სწორედ იქ შეეძინა მარიამს იესო (ლუკა 2:1—7).
რას ამბობს ისტორია
● არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ რომაელები პერიოდულად მიმართავდნენ მოსახლეობის აღწერას ახლო აღმოსავლეთში. ისინი ამას იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ გადასახადები აეკრიფათ და ჯარში წამსვლელთა ზუსტი რაოდენობა დაედგინათ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ახ. წ. 104 წელს ეგვიპტის რომაელი მმართველის მიერ გამოცემული აღწერის ბრძანებულებაა. ამ ბრძანებულებაში, რომლის ასლიც „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“ ინახება, შემდეგი რამ წერია: „მალე დაიწყება მოსახლეობის აღწერა, ამიტომ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში აღსაწერად და თავიანთი ნაკვეთების დასამუშავებლად“.
● იესოს დროს ბეთლემი ისრაელის ორ ქალაქს ერქვა. ერთი ჩრდილოეთით მდებარეობდა, ნაზარეთთან ახლოს, მეორე კი — იუდაში, იერუსალიმის მახლობლად. მას ადრე, როგორც ჩანს, ეფრათას ეძახდნენ (დაბადება 35:19). იესო ეფრათას ბეთლემში დაიბადა, როგორც ეს მიქამ იწინასწარმეტყველა 8 საუკუნით ადრე.
წინასწარმეტყველება 3: „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დანიელი 9:25).
შესრულება: დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული პერიოდი შვიდწლიანი ხანგრძლივობის 69 მონაკვეთს, ანუ 483 წელს შეადგენს. იერუსალიმის აღდგენა ძვ. წ. 455 წელს დაიწყო. წინასწარმეტყველების თანახმად, 483 წლის (69 შვიდწლიანი მონაკვეთი) შემდეგ ახ. წ. 29 წელს იესო გახდა ცხებული ანუ მესია, მას შემდეგ, რაც მოინათლა და ღმერთმა წმინდა სულით სცხოa (ლუკა 3:21, 22).
რას ამბობს ისტორია
● ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისში ხალხი მესიის მოსვლის „მოლოდინში იყო“ (ლუკა 3:15). ებრაელი სწავლული აბბა ჰილელ სილვერი თავის წიგნში წერს, რომ მესიის გამოჩენა იყო მოვლენა, რომელსაც ხალხი იერუსალიმის დანგრევამდე ელოდა. ის ასევე ამბობს, რომ „მესიას პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში ელოდნენ“. სილვერის თქმით, ებრაელთა გამოთვლები ეფუძნებოდა იმდროინდელ „საყოველთაოდ აღიარებულ ქრონოლოგიას“ (აბბა ჰილელ სილვერის ნაშრომი: A History of Messianic Speculation in Israel).
წინასწარმეტყველება 4: „როცა მოკვდება, ის ბოროტებთან და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს“ (ესაია 53:9).
შესრულება: იესო მოკლეს ორ ყაჩაღთან ერთად, მაგრამ კლდეში ნაკვეთ სამარხში დამარხეს, რომელიც ეკუთვნოდა ერთ მდიდარ მორწმუნე კაცს, ვინმე იოსებ არიმათეელს (მათე 27:38, 57—60; იოანე 19:38).
რას ამბობს ისტორია
● ძველ დროში მცხოვრები მრავალი არაქრისტიანი მწერალი, მათ შორის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი და რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი, ადასტურებდა, რომ იესო ნამდვილად ბოროტმოქმედივით მოკლეს.
● პალესტინაში წარმოებული არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ძველ დროში სამარხები კლდეში იყო გამოკვეთილი. ისეთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანისთვის, როგორიც იოსებ არიმათეელი იყო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ასეთი სამარხის ქონა.
მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც იესოზე შესრულდა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შევეხეთ. მთლიანობაში ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ თითოეული მათგანი დეტალურად შესრულდა. ეს იმის რწმენას გვიმტკიცებს, რომ ამ წინასწარმეტყველებების მიღმა ღმერთი დგას და იმაშიც გვარწმუნებს, რომ კურთხევები, რომლებსაც მესიის სამეფო მოუტანს მორჩილ კაცობრიობას, რეალობად იქცევა.
სხვა წინას
წარმეტყვე ლე ბე ბი რომლებიც იესოზე შესრულდა
იესომ მესიასთან დაკავშირებული არაერთი წინასწარმეტყველება შეასრულა
No comments:
Post a Comment