ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები. თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.

  •  სიცოცხლის დაფასება. „ღმერთი ... აძლევს ყველას სიცოცხლეს [და] სუნთქვას“ (საქმეები 17:24, 25). რადგან სიცოცხლე ღვთის საჩუქარია, არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სიცოცხლეს შეგვიმოკლებდა. სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოწევაა.

  •  მოყვასის სიყვარული. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). ვერ ვიტყვით, რომ სიგარეტის მოწევით სიყვარულს ვავლენთ გარშემომყოფთა მიმართ. პასიურ მწეველებს, რომლებსაც ხშირად უწევთ მწეველთა გარემოში ყოფნა, ემუქრებათ იმ ზოგი დაავადების განვითარების საფრთხე, რომლებიც ხშირად აქტიურ მწეველებს ემართებათ.

  •  სიწმინდის შენარჩუნება. „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომაელები 12:1). „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). მოწევას საერთო არაფერი აქვს სიწმინდესთან, რაშიც სისუფთავე და სისპეტაკე მოიაზრება. თამბაქოს მომხმარებლები განზრახ იბინძურებენ ორგანიზმს ტოქსინებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

რას ამბობს ბიბლია მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკების სიამოვნების მიზნით გამოყენებაზე?

 ბიბლიაში არ არის მოხსენიებული „მარიხუანა“ (ცნობილია აგრეთვე „ბალახისა“ და „პლანის“ სახელწოდებით) ან სხვა რომელიმე ნარკოტიკი. თუმცა ბიბლიაში ვხვდებით პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, შეიძლება თუ არა სიამოვნების მიზნით ისეთი ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. აი, კიდევ რამდენიმე გამოსადეგი პრინციპი:

  •  გონების კონტროლი. „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი ... მთელი გონებით“ (მათე 22:37, 38). „იფხიზლეთ ყველაფერში“ (1 პეტრე 1:13). ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებს ბოროტად მოიხმარს, სრულად ვერ აკონტროლებს გონებას. ბევრი დამოკიდებულიც კი ხდება ნარკოტიკებზე. ისინი გონებით მთლიანად გადართულნი არიან ნარკოტიკების მოპოვებასა და მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ დადებითზე და იმაზე იფიქრონ, რაც ადამიანს აშენებს (ფილიპელები 4:8).

  •  სახელმწიფო კანონის მორჩილება. „დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს“ (ტიტე 3:1). ბევრ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას (რომაელები 13:1).

a მოწევაში იგულისხმება თამბაქოს კვამლის შეგნებულად შესუნთქვა სიგარეტიდან, სიგარიდან, ჩიბუხიდან ან ჩილიმიდან. თუმცა აქ განხილული პრინციპები თანაბრად ეხება როგორც საღეჭ, ისე შესაყნოს თამბაქოს, აგრეთვე ნიკოტინის შემცველ ელექტრონულ სიგარეტსა და სხვა მსგავსი სახის ნაწარმს.