მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4).
ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.