Friday, 10 July 2020

ასისთავი კორნელიუსი სამხედრო სამსახურის საკითხის შუქში




დათხოვნილი ცენტურიონი?!
დათხოვნა და მიწის საკითხი
აკრძალვა უძრავი ქონების ფლობაზე
«შინაურებთან» და «ნათესავებთან»
«მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა»
«ღვთისმოშიში ჯარისკაცი»
კორნელიუსი მართლმადიდებლურ ტრადიციაში
მსახურობდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები არმიაში?
დასკვნა


პირველი ქრისტიანული თაობები, როგორც ცნობილია, კატეგორიულად ამბობდნენ უარს სამხედრო სამსახურზე, უარს აცხადებდნენ იარაღის ხელში აღებაზე და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე (მათე 26:52, 2 კორინთელები 10:3,4, ეფესოელები 6:12; 1 იოანე 3:15). ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად უსვამენ ხაზს როგორც ახალი აღთქმა, ისე ისტორიული მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი, რომლებიც «მებრძოლ ქრისტიანობას» უჭერენ მხარს, საკუთარი მოსაზრების მხარდაჭერის საფუძვლის პოვნას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალაღთქმისეულ ტექსტში იესოს მოწაფეების სამხედრო მოსამსახურეთა რიგებში გაერთიანების არცერთი მითითების პოვნა არ შეიძლება, შეიმჩნევა მცდელობა, რომ წმინდა წერილების ცალკეული ადგილების ინტერპრეტირება მოახდინონ, თითქოსდა ამგვარი გადაწყვეტილების გამართლების ერთგვარ შუქში. და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსგავს მაგალითს წარმოადგენს ასისთავი კორნელიუსის მაგალითი, რომელიც საქმეების მე-10 თავშია მოხსენიებული.



«კესარიაში ცხოვრობდა ერთი კაცი კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური რაზმის ასისთავი; მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდათ მასაც და მის შინაურებსაც, უხვად გასცემდა მოწყალებას და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს…» (საქმეები 10:1,2).

 მათი აზრით, თუ კორნელიუსი, რომელსაც ბიბლიურ ტექსტში «ასისთავი» ეწოდება, პეტრეს მიერ განსჯილი არ იყო და დაუბრკოლებლად იქნა მონათლული, რითაც სრულუფლებიანი ქრისტიანი გახდა, ეს ნიშნავს, რომ ასევე ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია გახდეს ჯარისკაცი. მით უმეტეს, რომ ამ მონაკვეთში ასისთავ კორნელიუსზე საუბარია, როგორც «მორწმუნე და ღვთის შიშის» მქონე ადამიანზე. 

ყველაფრის მიუხედავად, ასეთი დასკვნა ბიბლიური ტექსტისადმი უყურადღებო მოპყრობის შედეგია. ქვემოთ ჩვენ შევძლებთ იმ არგუმენტების განხილვას, რომელიც დაგვანახვებს, თუ რატომაა ეს ასე.


ამასთანავე, კარგი იქნება კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: კონკრეტულად რა აღძრავს ოპონენტებს იმისაკენ, რომ საქმეების მე-10 თავში, ქრისტიანების სამხედრო სამსახურში მსახურების დაშვებულობის საფუძველი ეძებონ? უმთავრესად ის, რომ კორნელიუსი «ასისთავადაა» მოხსენიებული. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს ადამიანი მასთან პეტრეს მისვლის მომენტში მართლაც აგრძელებდა მასზე დაკისრებული სამხედრო მოვალეობების შესრულებას? არანაირად! საქმე იმაშია, რომ კორნელიუსი, თუმცა წარსულში კი მსახურობდა ამ წოდებით რომის არმიაში, მაგრამ პეტრესთან შეხვედრის მომენტში, როგორც ჩანს, უკვე დათხოვნილი ასისთავი იყო, რის მტკიცებულებებსაც ქვემოთ განვიხილავთ.

ის, რომ კორნელიუსი «ასისთავადაა» მოხსენიებული, არ წარმოადგენს უცნაურს. მას ასე წარსული «პროფესიის» გამო უწოდებდნენ. ზუსტად ასევეა ჩვენს დროშიც, მაგალითად, გადამდგარ პოლკოვნიკს გარშემომყოფები ისევ «პოლკოვნიკად» მოიხსენიებენ. მისი მსახურებისას, იესოს ანალოგიურად უწოდებდნენ «დურგალს», რადგან იმ პროფესიას გულისხმობდნენ, რითაც ის წინათ იყო დაკავებული (მარკოზი 6:3). მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ იესო ქადაგების ნაცვლად კვლავ დურგლობით იყო დაკავებული.  

მაშ ასე, რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ კორნელიუსი დათხოვნილი ასისთავი იყო და არა მოქმედი სამხედრო ოფიცერი? ამაზე ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიუთითებს.




დათხოვნილი ცენტურიონი?!


თუ უფრო ყურადღებით მოვეკიდებით იმ ტექსტს, სადაც ეს მოვლენებია აღწერილი, მაშინ დავინახავთ, რომ კორნელიუსი იმ მომენტისთვის იმყოფებოდა არა სამხედრო ყაზარმაში, არამედ საკუთარ სახლში, შინაურებისა და მსახურების გარემოცვაში (საქმეები 10:2,7). ზუსტად ასევე საკუთარ სახლში იყო კორნელიუსი ოთხი დღის შემდეგაც, როდესაც მასთან პეტრე მივიდა (საქმეები 10:30). და ნათლობის შემდეგაც კი კორნელიუსი შემდგომი დღეების განმავლობაშიც მშვიდად იმყოფებოდა სახლში და აშკარად არ ჩქარობდა სამხედრო სამსახურში დაბრუნებას (საქმეები 10:48).  ამასთან დაკავშირებით შენიშვნები ჩნდება:

1) ასეთი რანგის მქონე რომის მოქმედი სახედრო მეთაურისათვის ასე აშკარად გამოხატული უსაქმურობა
სრულიად დაუშვებელი იქნებოდა. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ასისთავის თანამდებობა (ცენტურიონი, დაბალი ან საშუალო რანგის მეთაური) რომის არმიაში გულისხმობდა სამხედრო ბანაკში რიგით ჯარისკაცებთან ერთად აუცილებელ ყოფნას, იმიტომ რომ ზუსტად ცენტურიონებს ევალათ სამხედრო შემადგენლობის წვრთნისა და მათზე ზედამხედველობის მთელი მოვალეობა. განა უცნაური არ არის, რომ კორნელიუსი მთელი ამ დღეების განმავლობაში «სახლში» იმყოფებოდა და არა სამხედრო ყაზარმაში. (საქმეები 10:30)?   

2) კორნელიუსი რომ მოქმედი სამხედრო პირი ყოფილიყო, მაშინ ლოგიკური იქნებოდა იმის მოლოდინი გვქონოდა, რომ წმინდა წერილს ის სხვა სამხედრო მოსამსახურეების გარემოცვაში მოეხსენიებინა და არა ოჯახის წევრების გარემოცვაში. 





ამასთანავე ყველაფერი თავის ადგილას დგება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კორნელიუსი უკვე არ იყო მოქმედი სამხედრო პირი, არამედ დათხოვნილი ვეტერანი იყო. რომის არმიაში ეს იყო არა უბრალოდ საყოველთაოდ მიღებული, არამედ აუცილებელი პრაქტიკაც კი, როდესაც სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სავალდებულო ვადას მოიხდიდა, სახელმწიფოსაგან იღებდა არა მარტო საპენსიო თანხებს, არამედ მიწის ნაკვეთსაც, სადაც საკუთარ ოჯახთან ერთად შეეძლო ეცხოვრა. მაგრამ, ისტორიულად რამდენად საფუძვლიანია მსგავსი განაცხადი? მტკიცებულებებისათვის შეგვიძლია სპეციალისტების დასკვნებს მივმართოთ. 




დათხოვნა და მიწის საკითხი



რომაელი პოლიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები არმიას ყოველთვის ისე უყურებდნენ, როგორც ძირითად, პრიორიტეტულ ძალას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ასევე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, რადგან სურდათ რომ მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ, რომის ხელისუფლება ცდილობდა არა მარტო უზარმაზარი თანხები დაეხარჯა მოქმედ არმიაზე, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიებიც შეეთავაზებინა მისი ვეტერანებისათვის. თავიდან ეს სამხედრო პენსიით გამოიხატებოდა, რომელსაც დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს უხდიდნენ. მაგრამ ძვ.წ. I-II საუკუნეებიდან მოყოლებული, რომის ხაზინის ხარჯების შემსუბუქების მიზნით, ხელისუფლებამ თანდათან შემოიღო პრაქტიკაში ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის მიწის ფართობის გადაცემა. ა.ვ. კოლობოვის წიგნში «რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა» მოცემული საკითხი ასეა აღწერილი:   

«გაიუს მარიუსმა საკუთარი კონსულატის წლებში იპოვა ვეტერანების დასაჩუქრების გაცილებით იაფი და ჯარისკაცთათვის და მხედართმთავრებისთვის მისაღები მეთოდი – პროვინციებში მიწის ნაკვეთების გამოყოფის გზით […] გაიუს იულიუს კეისრის საქმიანობიდან – თავიდან პომპეისთან და კრასთან არაფორმალური ტრიუმვირატის კონსულის, შემდგომ კი დიქტატორის, - იწყება უფრო ინტენსიური განვითარება ვეტერანთა მიწებით დასაჩუქრებისა».

რომის რესპუბლიკის - რომის იმპერიით შეცვლის ეპოქამ, ამავდროულად, ცოტა რამ თუ შეცვალა მოცემულ პრაქტიკაში. ალბათ, შეიძლება მხოლოდ ის აღინიშნოს, რომ პირველმა რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა ე.წ. «ვეტერანთა კოლონიების» პოპულარიზაცია სცადა, რომლებშიც ხელისუფლების ჩანაფიქრით შეიძლებოდა ის სამხედრო-ვეტერანები დასახლებულიყვნენ, რომლებიც წინათ ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. 

«როგორც "ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმეებშია" ნათქვამი – ამ საკითხში უმნიშვნელოვანეს წყაროში – ვეტერანთა კოლონიებში დაახლოებით 120.000 ადამიანი იქნა დასახლებული (RGDA. XV – XVI) […] ძვ.წ. 14 წლის შემდეგ, იტალიაში, ხოლო ახ.წ. 7 წლის შემდეგ პროვინციებში ვეტერანთა კოლონიების ჩამოყალიბება ჩერდება. ვეტერანთა დაჯილდოების შედარებით გავრცელებული ფორმა მიწების გამოყოფა ხდება, რომლის გამოყოფაც რომელიმე იტალიურ ან პროვინციულ მუნიციპიაში ხდება (RGDA. III). ამ მიზნებისთვის ავგუსტუსმა 400.000.000 სესტერცია დახარჯა საკუთარი სახსრებიდან (RGDA. XVI). უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო ვეტერანთა უზრუნველყოფა მსგავსი სახით. "ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმეებიდან" შესაძლებელია იმის გაგება, რომ მოგვიანებით ვეტერანთა დახმარების სახით ფულადი სახსრების მიმღებებთან ერთად, მათი რიცხვი 180.000 იყო (RGDA. III; XV)».



ცენტურიონი კორნელიუსისა და მისი ოჯახის წევრების ნათლობა ახ.წ. 36 წელს შედგა. ამ დროს რომს იმპერატორი ტიბერიუსი მართავდა. როგორი იყო გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების წესი იმ დროს? 



«ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პირველ წლებში, ვეტერანებს მიწა ურიგდებოდათ იტალიის ან რომის ძველი კოლონიების ტერიტორიებზე. შემდგომ ამ პრაქტიკაზე თანდათან უარი თქვეს და ჯარისკაცებს მიწებს უშუალოდ იმ კოლონიებში უყოფდნენ, რომლებშიც ისინი მსახურობდნენ» (ალექსანდრე სერგიენია «რომის ლეგიონერის შემოსავალი და ხარჯები»).

«როდესაც ძვ.წ. 14 წელს ერთდროულად ვეტერანთა დიდი რიცხვი დაექვემდებარა დათხოვნას, [...], იტალიაში თავისუფალი მიწები უკვე აღარ იყო და ავგუსტუსმა, ისტორიკოსი კასიუს დიონისის სიტყვების თანახმად, «იმ მიწის სანაცვლოდ, რომლის მიღებასაც ყოველთვის ცდილობდნენ, მათ ფულადი სახსრები შესთავაზა». მისგან მიღებული ფულით ვეტერანებს უნდა ეყიდათ მიწა იმ ქალაქებში, საიდანაც იყვნენ წამოსულნი და სადაც ბრუნდებოდნენ დათხოვნის შემდეგ […] სურდათ რა საზღვრებთან ახლოს არსებულ პროვინციებში კოლონისტების მიზიდვა და განაპირა რაიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების სტიმულირება, იმპერატორები ასეთ ადგილებში განსაკუთრებით დიდი ზომის მიწის ნაკვეთებს სთავაზობდნენ 200 ან 500 იუგერსაც კი. მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ჯარისკაცები შედარებით დასახლებულ და ცივილიზებულ ადგილებში იღებდნენ, გაცილებით მცირე ზომისანი იყვნენ, 20–30 იუგერის ფარგლებში» («რომის არმიის ვეტერანები»).

ამგვარად, ისტორიული ცნობების თანახმად, ვეტერანთა წახალისებები, რომელიც I საუკუნის რომის იმპერიაში ხორციელდებოდა, საკუთარ თავში მოიცავდა მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც რომის ყოფილ ჯარისკაცებს შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების მოწყობა, სახლების აშენება და ოჯახის წევრებზე ზრუნვა. იმპერატორი ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში ცარიელი მიწები იტალიის ტერიტორიაზე იშვიათი მოვლენა გახდა, რამაც რომის ხელისუფლება აღძრა, რომ ვეტერანებისათვის პროვინციებში შეეთავაზებინა მიწის ნაკვეთები, იმ ადგილებში, სადაც ისინი ოდესღაც მსახურობდნენ.

ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად თანხმობაშია იმასთან, რასაც საქმეების 10:1-ში ვკითხულობთ:

«კესარიაში ცხოვრობდა ერთი კაცი კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური რაზმის ასისთავი».

კესარია (ეს სახელი ჰეროდე დიდმა უწოდა კეისარ ავგუსტუსის პატივსაცემად) წარმოადგენდა რომის პროვინცია იუდეის ადმინისტრაციულ ცენტრს და ასევე რომის ლეგიონების ძირითად ბაზას იმ რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის რომმა ვეტერანთა დასაჩუქრების მიზნით პროვინციებში დაიწყო მიწის ნაკვეთების გამოყოფა, იმ ადგილებთან ახლოს სადაც ისინი წინათ მსახურობდნენ, გასაკვირი არ არის, რომ კორნელიუსი მოხსენიებულია როგორც ის, ვინც კესარიაში ცხოვრობდა, სადაც ის ნაწილი იყო განთავსებული, რომელშიც ის ოდესღაც მსახურობდა. 

«ახ.წ. I საუკუნეში ფულადი დასაჩუქრებები შეცვლილი იქნა მიწის ნაკვეთების გადაცემით, რომლის მიღებაც ვეტერანებს შეეძლოთ იმ პროვინციაში, რომელსაც თავად აირჩევდნენ. როდესაც მიწის ფასმა (დაახლოებით II ს.) დაცემა დაიწყო, კვლავ ფულადი სახსრების გაცემა აღდგა. ძალიან ხშირად ერთი ლეგიონის ყოფილი ჯარისკაცები ერთად სახლდებოდნენ ვეტერანთა კოლონიად (colonia). ისინი მშვიდობიანი მოსახლეები ხდებოდნენ. ასეთი კოლონიების ჩამოყალიბება ხელისუფალთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რადგან ვეტერანები იმავე მიწაზე რჩებოდნენ საცხოვრებლად, სადაც მანამდე მსახურობდნენ და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი არმიის მხარდაჭერა შეეძლოთ» (ი.ა. გოლიჟენკოვი; ო. პარხაევი "საიმპერატორო რომის არმია. ახ.წ. I-II ს.").

ვეტერანების მიწის ნაკვეთებით დასაჩუქრების მოცემული პრაქტიკა II საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა.

«დათხოვნისას ლეგიონერი შემწეობას იღებდა, - ამბობს პიტერ კონოლი ნაშრომში "საბერძნეთი და რომი. სამხედრო ისტორიის ენციკლოპედია"». მისი სიტყვების თანახმად, «მიწის ნაკვეთების გადაცემა [რომის მთავრობის მხრიდან, გრძელდებოდა] ახ.წ. II საუკუნემდე.»

«შემდგომ კი გადასახდელი ფულის რაოდენობა იზრდებოდა, მიწის ნაკვეთები კი «მცირდებოდა» მანამ, სანამ იმპერატორ ადრიანეს დროს (117–138 წლები) მიწის გადაცემას სულ არ დაანებეს თავი» (ალექსანდრე სერგიენია «რომის ლეგიონერის შემოსავალი და ხარჯები»).




აკრძალვა უძრავი ქონების ფლობაზე



შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტიც ასევე აღგვძრავს იმ დასკვნისკენ, რომ კორნელიუსი იმ მომენტში როდესაც მასთან პეტრე მოციქული მივიდა უკვე დათხოვნილი იყო. ის დაკავშირებულია იმასთან, რომ რომის არმიაში არსებობდა მკაცრი წესი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს უკრძალავდა უძრავი ქონების ქონას იმ ტერიტორიაზე სადაც სამხედრო სამსახურს გადიოდა

«ლეგიონერებს ეკრძალებოდათ მიწის ყიდვა იმ პროვინციებში, რომლებშიც სამხედრო სამსახურს გადიოდნენ, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას სამხედრო საქმიანობისაგან არ მოეცდინა ისინი. ამიტომ მათ არ ეკრძალებოდათ როგორც სახლის შეძენა, ისე მიწის ნაკვეთის ყიდვა, ოღონდ სხვა პროვინციებში; მაგრამ იმ პროვინციაში, რომელშიც ისინი სამხედრო საჭიროებებისათვის მოვიდნენ, მათ ეკრძალებოდათ მიწის ყიდვა სხვის სახელზეც კი; წინააღმდეგ შემთხვევაში შენაძენს სახელმწიფო ჩამოართმევდა […] ლეგიონერის პენსიაზე გასვლის შემდეგ მათ უძრავი ქონების შეძენის უფლება ეძლეოდათ» («რომის სამართლის ძეგლები»).


ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგანაც ის კორნელიუსის სიტუაციაზე ახლებურად შეხედვას გვაიძულებს. როგორც პატიოსანი და ღვთისა და კეისრის კანონების პატივისმცემელი ადამიანი, კორნელიუსი სიცრუეზე არ წავიდოდა იმისათვის, რომ ჩუმად შეეძინა თავისთვის სახლი და უძრავი ქონება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლოს იყო მის სამხედრო ნაწილთან. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილას დგება, თუ რომის სამართლის ნორმებს გავითვალისწინებთ, რომელიც ასეთი შენაძენების უფლებას მხოლოდ დათხოვნის შემდეგ იძლეოდა.
   




«შინაურებთან» და «ნათესავებთან»



მორიგი მითითება, რომელიც იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ კორნელიუსი ბიბლიაში მონათხრობი სიტუაციისას დათხოვნილი ასისთავი იყო, საქმეების იმავე მე-10 თავის პირველ მუხლებშია მოცემული:

«კესარიაში ცხოვრობდა ერთი კაცი კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური რაზმის ასისთავი; მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდათ მასაც და მის შინაურებსაც» (საქმეები 10:1,2).

მოყვანილ მუხლებში კორნელიუსი აღწერილია როგორც ადამიანი, რომელიც თავის შინაურებთან ერთად ცხოვრობს (მოცემულ მუხლში გამოყენებული ფრაზა «ოიკოს» ნიშნავს «შინაურებს», «ოჯახს»). ხოლო 24-ე მუხლში მისი ნათესავებიც არიან მოხსენიებულნი. მაგრამ რა არის ამაში განსაკუთრებული?

საქმე იმაშია, რომ, რომის სამხედრო წესდების თანახმად, რომის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს უფლება არ ჰქონდათ ოჯახი შეექმნათ და მით უმეტეს მათთან ერთად ეცხოვრათ. მაშინაც კი თუ სამხედრო მოსამსახურე ჯარში გაწვევის მომენტში დაქორწინებული იყო, მისი არმიაში წასვლა გაყრის ტოლფასი იყო. ეს კანონი იმპერატორი ავგუსტუსის მიერ იყო დამტკიცებული (ძვ.წ. 63 წელი — ახ.წ. 14 წელი.), და თითქმის ორი საუკუნე იარსება.

«ოფიციალურად არც ლეგიონერებს და არც «ოკსილარიებს» [დამხმარე ჯარის ჯარისკაცებს]არ ჰქონდათ დაქორწინების უფლებალეგიონში გაწევრიანება გაყრის ერთ-ერთი ფორმა იყო» (ი.ა. გოლიჟენკოვი; ო. პარხაევი "საიმპერატორო რომის არმის. ახ.წ. I-II ს.")

ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი ჰანს დელბრიუკი, ავტორი ნაშრომისა «სამხედრო ხელოვნების ისტორია პოლიტიკური ისტორიის ფარგლებში», წერს:
«ჯარისკაცებს დაქორწინება ეკრძალებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამხედრო სამსახურში 40- და 50-წლის ასაკს აღწევდნენ. თუ ჯარისკაცებს მაინც მოჰყავდათ ცოლი და იჯახს ქმნიდნენ, მაშინ მათ უფლება არ ჰქონდათ საკუთარი ოჯახი გვერდით ჰყოლოდათ, ბანაკში, და მეთაურობა ჯარის განაწილებისას არანაირად არ ითვალისწინებდა ამ გარემოებას, რადგან ამ ფაქტში 'კანონიერ ქორწინებას' ერ ხედავდა  (justum matrimonium). ქორწინებაზე აკრძალვა ასევე ვრცელდებოდა ცენტურიონებზე, და უმაღლეს მეთაურობაზეც კი, როდესაც ჯარში გაწევრიანების მიზნით რომს ტოვებდნენ, მათ საკუთარი ცოლების სახლი უნდა დაეტოვებინათ».

«როგორც ცნობილია, სამხედრო მოსამსახურეს დათხოვნის მომენტამდე უფლება არ ჰქონდა კანონიერ ქორწინებაში შესულიყო (CONUBIUM). არმიაში ჩარიცხვის მომენტში თუ დაქორწინებული იყო, ქორწინება უქმდებოდა. საიმპერატორო LEGES DATAE იმ ჯარისკაცებისთვის, რომელთა მსახურების ვადაც ამოიწურა, უფლებას იძლეოდა იურიდიულად გაეფორმებინათ ქორწინება ქალთან, რომელთანაც მანამდე თანაცხოვრებას ეწეოდნენ (ფაქტიურად ცოლთან)» (ე.ა. სკრიპილიოვი «რომის სამართლის საფუძვლები»). 
ერთი შეხედვით, ასეთ უცნაურ ოფიციალურ აკრძალვას, რომაელი სამხედრო მოსამსახურეების დაქორწინებაზე, მართლა ჰქონდა აზრი რომის ხელისუფლების თვალსაზრისით. ახ.წ. I საუკუნეში რომაელი სამხედროები საკმაოდ დიდხანს მსახურობდნენ არმიაში – დაახლოებით 26 წელი. ლეგიონერთა სიკვდილის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, გარეშე მტრებთან ომის დროს, იმპერიის შიგნით აჯანყების ჩახშობისას და ასევე პერიოდულად წამოჭრილი სამოქალაქო ომებისას, რომლებიც სამხედრო სამსახურში ასეთი ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ხშირად ხდებოდა, სახელმწიფოს შემდგომ დაღუპულთა ოჯახებისათვის პენსიის გადახდა მოუწევდა. ეს კი დამატებით მძიმე ტვირთად დააწვებოდა რომის ხაზინას. იმპერატორი ავგუსტუსის კანონი ამასთან დაკავშირებით ამ აუცილებლობისაგან ძირითად თავდაცვას ემსახურებოდა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქმეების 10:1,2,24-ში ჩაწერილ ტექსტთან დაკავშირებით კითხვა წამოიჭრება: თუ კორნელიუსი რომის არმიის მოქმედი ცენტურიონი იყო, როგორ შეიძლება მას საკუთარი ოჯახი ჰყოლოდა, და თანაც მათთან ერთად ეცხოვრა, როდესაც ამის კანონიერი უფლება არ ჰქონდა? იმის გათვალისწინებითაც კი, რომ რომის ზოგიერთ ჯარისკაცს შეიძლება დაერღვია კეისრის დადგენილება და ოჯახები ჩუმად შეექმნათ, ასეთი გადაწყვეტილება აშკარად მიუღებელი იყო კორნელიუსისათვის, რომელიც სამაგალითო ოფიცერი იყო და, გარდა ამისა, როგორც ბიბლია აღწერს «მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა». სამხედრო სამსახურში რომ ყოფილიყო, კორნელიუსი, რა თქმა უნდა, ვერ დაარღვევდა ცნობილ სამხედრო წესს, რაც თავის მხრივ კანონის ფარგლებში გულისხმობდა არა მხოლოდ კეისრისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ ღვთის დაუმორჩილებლობასაც (ეკლესიასტე 8:2-5; რომაელები 13:1-7; 1 პეტრე 2:13,14). 

ერთადერთი გონივრული დასკვნა, რომელიც ზემოთ განხილულ ფაქტებს შეიძლება მოსდევდეს ისაა, - რომ კორნელიკუსი მის სახლში მოციქული პეტრეს სტუმრობისას უკვე აღარ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, რაც საშუალებას აძლევდა რომ გვერდზე ჰყოლოდა საკუთარი ოჯახი და ნათესავები ისე, რომ ამასთანავე არ დაერღვია არანაირი კანონი და სუფთა სინდისი შეენარჩუნებინა როგორც კეისრის წინაშე, ისე ღვთის წინაშე.




«მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა»



შემდეგი მომენტი, რომელიც ხაზს უსვამს ნათლობის მომენტში კორნელიუსის მიერ სამხედრო სამსახურში არყოფნას, ვლინდება საქმეების წიგნის მე-10 თავის მე-2 მუხლში ჩაწერილი სიტყვებიდან, სადაც კორნელიუსის შესახებ ნათქვამია, რომ ის «მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდათ მასაც და მის შინაურებსაც». რას ნიშნავდა ეს სიტყვები?

ნაშრომში «ლინგვისტური და ეგზეგეტიკური გასაღები» (როჯერსი) ნათქვამია:

«ευσεβης "მორწმუნე", φοβεομαι "შიშის ქონა". ეს ორი ტერმინი გამოხატავენ წარმართებს, რომლებიც, თუმცა ამ სიტყვის სრული გაგებით პროზელიტები არ არიან, ისინი იუდაურ რწმენაზე მოიქცნენ, მონოთეიზმს მისდევდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს გამოსახულებების გარეშე».

მოცემული განსაზღვრების თანახმად, კორნელიუსი და მისი ოჯახის წევრები თავის რელიგიურ თაყვანისმცემლობაში მკაცრ მონოთეიზმს მისდევდნენ, ანუ თაყვანს სცემდნენ მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარით ღმერთს. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კორნელიუსი ღვთის მიერ დახასიათებული იყო როგორც «მორწმუნე ... და ღვთის შიში მქონე». აქედან გამომდინარეობს, რომ კორნელიუსი არ იყო პოლითეისტური რელიგიური ფორმების მომხრე, რომელიც ჩვეულებრივი რამ იყო მის დროს, და არ შეეძლო ჭეშმარიტი შემოქმედის პარალელურად ცრუ ღვთაებებისათვისაც მიეგო პატივი.

აღსანიშნავია, რომ ფრაზა «ευσεβης» (სტრონგი, 2152), რომელიც მოცემულ ტექსტში კორნელიუსის მიმართაა გამოყენებული, პირდაპირი გაგებით ნიშნავს «ღვთისმოსავს, მორწმუნეს, ღრმად მორწმუნეს»,  და ასევე საკუთარ თავში ატარებს მნიშვნელობას «მართალი». ასე მაგალითად, ესაიას 26:7-ში ანალოგიური ერთფესვიანი სიტყვა ორჯერაა ნათარგმნი როგორც «მართალი»:

«მართლის გზა სიმართლეა. მართალი ხარ, ამიტომ შენ გაუსწორებ სავალს მართალს» (ასევე შეადარეთ იგავები 12:12).

ხოლო 2 პეტრეს 2:9-ში ნათარგმნია როგორც «ღვთის ერთგულები»…

ამ ინფორმაციის შუქში ჩვენ გვესმის, რომ კორნელიუსი უბრალოდ კარგი კეთილისმყოფელი როდი იყო, რომელსაც ჭეშმარიტებისადმი სიმპათიები გააჩნდა. ის იყო ადამიანი, რომელიც მტკიცედ იყო განწყობილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისათვის ეცა თაყვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებითად შეუძლებელი იყო კორნელიუსს დარქმეოდა «მართალი» და «ღვთისმოსავი». ბიბლია არ შეიცავს იმის მაგალითებს, რომ ღმერთს «მართალი» ეწოდებინოს მისთვის, ვინც შეჭმარიტი ღმერთისა და ცრუ ღვთაებების თაყვანისცემის შეთავსებას ცდილობდა. საკმარისია წინასწარმეტყველი ელიას გაფრთხილება გავიხსენოთ, რომელიც სულიერად მერყევი ისრაელიანების მიმართ წარმოთქვა:

«როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით» (1 მეფეები 18:21).


თუმცა, რა კავშირშია კორნელიუსის "მართლობა" სამხედრო სამსახურში მის მსახურებასთან?

საქმე იმაშია, რომ რომის არმიაში მსახურება ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობასთან, რომლის თავის არიდებაც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მით უმეტეს ოფიცერი-ასისთავისათვის (ცენტურიონისათვის), რომლის კისერზეც იყო რომის არმიაში წვრთნისა და ჯარისკაცთა ცხოვრების ორგანიზების საკითხი. ბუნებრივია, რომ ამ მოვალეობებში შედიოდა რელიგიური რიტუალების ორგანიზება და ჩანერგვა, რაც რომაელი ლეგიონერების სამხედრო განწესის განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა.



შედარებით ნათელი წარმოდგენა რომ გვქონდეს იმაზე, თუ რას წარმოადგენდა რომის არმიაში აუცილებელი რელიგიური კულტი, ყურადღება მივაქციოთ რიგი ისტორიკოსების სიტყვებს:

«დისციპლინის განმტკიცებას ხელს რელიგიური იდეოლოგიის ჩანერგვაც ემსახურებოდა. ფილოსოფოსი სენეკა ამბობდა, რომ "ჯარისკაცთა შორის უპირველეს კავშირს რელიგია წარმოადგენს"» (ე.ა. სკრიპელოვი «რომის სამართლის საფუძვლები»).

«სამხედრო ფიცს — «საკრამენტუმ» — ყველა რომაელი ჯარისკაცი წარმოთქვავდა. ამ ფიცს რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა და ჯარისკაცს იმპერატორთან და სახელმწიფოსთან აკავშირებდა. მას იმეორებდნენ ყოველწლიურად ახალი წლის დღესასწაულზე» (რ. კოვანი რომაელი ლეგიონერები, ძვ.წ. 58 წ. — ახ.წ. 69 წ.).

«ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ჯარისკაცი თუ ოფიცერი რომაულ ღვთაებებს ეთაყვანებოდა, განსაკუთრებით იუპიტერს, იუნონას და მინერვას. თაყვანისცემის საგნები იყვნენ ასევე «დროშები». აქედან იღებენ სათავეს თანამედროვე პატივის მიგებები, რომლებსაც ამ რეგალიებს მიაგებენ, თუმცა, იმდენად აღარ არიან მისტიურ ფერებში გახვეულნი. ასევე ბუნებრივი იყო ჯარისკაცებისათვის იმპერატორის თაყვანისცემა, რომელსაც თაყვანს სცემდა არა მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდალი, არამედ უმაღლესი ქურუმიც კი. იმპერატორების დაბადების დღეები, ტახტზე ასვლის დღეები და გამარჯვების დღეები რეგულარულად აღინიშნებოდა. 14 წელს პირველად იქნა შექმნილი ქურუმების კოლეგია გაღმერთებული ავგუსტუსის თაყვანსაცემად. მსგავსი კოლეგიები მოგვიანებითაც იქმნებოდნენ სხვა იმპერატორების გაღმერთებისას (apotheosis)» (ი.ა. გოლიჟენკოვი; ო. პარხაევი "საიმპერატორო რომის არმია. ახ.წ. I-II ს.").


«რელიგია დიდ როლს თამაშობდა ლეგიონერის ცხოვრებაში. როგორც რომის მოქალაქე, ლეგიონერი ვალდებული იყო რომის ღმერთებისათვის ეცა თაყვანი, განსაკუთრებით კაპიტოლიუმის ღმერთებისათვის: იუპიტერისათვის, იუნონა და მინერვასათვის. ღმერთების თაყვანისცემას ის უჭერდა მხარს, რომ ჯარისკაცები ოფიციალური რელიგიური კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ და ყველა ტრადიციულ რომაულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ოფიციალური რელიგიის სხვა მნიშვნელოვან ელემენტს დროშების თაყვანისცემა იყო. იმის მსგავსად, როგორც თანამედროვე არმიაშია დროშა პატივდებული, მწყობრის წინ გამოაქვთ და სამლოცველოში ინახავენ, ასევე რომის არმიაშიც შტანდარტი თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა. მის დაკარგვას შეიძლება ნაწილის დაშლა გამოეწვია. და ბოლოს, არსებობდა იმპერატორისა და გაღმერთებული იმპერატორების თაყვანისცემა. იმპერატორების დაბადების დღეები, მათი ტახტზე ასვლის დღეები და გამარჯვების დღეები ისე მრავალრიცხოვანი გახდა, რომ ნელ-ნელა ზოგი მათგანის გაუქმება გახდა საჭირო. ამ დაუსრულებელ დღესასწაულებს ჯარისკაცისათვის უნდა ჩაეგონებინა ის აზრი, რომ ღმერთები უჭერენ მხარს რომს, რომ დროშა წმინდაა, რომ რომი — ეს მისი ქალაქია და რომ იმპერატორები — ზეადამიანები არიან» (პიტერ კონოლი ნაშრომში «საბერძნეთი და რომი. სამხედრო ისტორიის ენციკლოპედია»).

«ლეგიონებში კაპიტოლიუმის ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს - იუპიტერს, იუნონას და მინერვას, დამხმარე არმიის რიგებში კი - ადგილობრივ ღმერთებს, მაგრამ მთელ არმიაში ერთნაირად ეთაყვანებოდნენ იმპერატორის გენიას. დამხმარე ჯარები, კარგავდნენ რა თავის პირვანდელ ნაციონალურ ელფერს, ითვისებდნენ სხვადასხვა ზემოგავლენებს და თანდათან რომანიზაციას განიცდიდნენ, ასევე რომაულ ღმერთებსაც რთავდნენ თავის თაყვანისცემაში. განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი, იქ შეიძინა მარსმა, მაგრამ მის პარალელურად ასევე მრავალრიცხოვანმა ღმერთებმა და სხვადასხვა გაღმერთებებმა: გამარჯვებამ (Victoria), ბედნიერებამ (Fortuna), ღირსებამ (Honos), მამაცობამ (Virtus), ღვთისმოსაობამ (Pietas), დისციპლინამ (Disciplina), ადგილის გენიამ, სასწავლო პლაცის გენიამ და ბანაკის გენიამაც საკუთარი სამსხვერპლო მიიღეს. ძალიან იშვიათად, მხოლოდ III ასწლეულში, ვპოულობთ ხანდახან სამსხვერპლოებს, რომლებიც ქალაქ რომისთვისაა მიძღვნილი. სამოქალაქო და სამხედრო რელიგიებს შორის არსებული ეს განსხვავება წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზმში არმიის პოლიტიკური მდგომარეობის გამოხატულებას. არმია იმდენად სახელმწიფოს არ ეკუთვნის, რამდენადაც იმპერატორს, ისევე, როგორც თავად არმიას აჰყავდა ფაქტიურად იმპერატორი ტახტზე. იმპერატორის ღვთაებრიობის ან გენიის გაგება, ვერ დამკვიდრდა ოფიციალურ ღვთისმეტყველებაში, და დადგენილი არ ყოფილა, თუ რა დამოკიდებულებაში იყო ეს ღვთაება ადამიანთან, რომელიც ხორცისა და სისხლისაგან იყო შექმნილი. იყვნენ ისეთი იმპერატორები, რომლებიც ამ ღვთაებას საკუთარ თავთან აიგივებდნენ. უკეთესი და შედარებით ჭკვიანი იმპერატორები - ავგუსტური, ტიბერიუსი და II ასწლეულის იმპერატორები - საკუთარ პიროვნებას მეორე პლანზე სწევდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წმინდა და თაყვანსაცემ სამხედრო დროშებთან ერთად, სამხედრო საწმიდარის ღმერთების გვერდით, ასევე იმპერატორის გამოსახულებაც იდგა. უმაღლეს მხედართმთავარს ისეთივე პატივს მიაგებდნენ როგორსაც ღვთაებებს, ასე რომ სამხედრო რელიგია, ასე ვთქვათ, სამხედრო დისციპლინასა და სამხედრო ღირსებას ავსებდა» (ჰანს დელბრიუკი, გერმანელი ისტორიკოსი, "სამხედრო ხელოვნების ისტორია პოლიტიკური ისტორიის ფარგლებში").

«იმპერიის გაჩენასთან და მუდმივი ლეგიონების ჩამოყალიბებასთან ერთად ფორმდება "სამხედრო" რელიგიის საკვირველი ფენომენი. არმიისათვის განკუთვნილი კულტების მიზანი იყო, უზრუნველეყო ჯარის ლოიალობა როგორც ხელისუფლის მიმართ, ასევე ხელი შეეწყო პროვინციული ლეგიონების, რომაული სულიერი ფასეულობების სისტემასთან შეგუებას. თითოეულ სამხედრო ბანაკში, კერძოდ კი კომენდატურის შენობაში, არსებობდა aedes principiorum – სამხედრო დროშების საწმიდარი... იქ იმყოფებოდა სამხედრო ნიშნები, ლეგიონის არწივი, რომის იმპერიაში მეტად პატივდებული ტრიადის: იუპიტერის, იუნონას და მინერვას ძეგლები, ასევე პრინცეპსების ძეგლები. გარდა ამისა, ერთგვარი სამლოცველოები იყო ბანაკში არსებულ თითოეულ შენობაში და პირველ რიგში ყაზარმებში. იუპიტერს – რომაელთა მთავარ ღმერთს – სამხედროები მრავალი ეპითეტით სცემდნენ თაყვანს: Conservator, Depulsor, Fulgirator, Fulminator, Monitor, Paternus, Salutaris, Prestitus, მაგრამ ყველაზე ხშირად Optimus Maximus. ამ უკანასკნელით მიაგებდნენ მას პატივს, როგორც რომის სახელმწიფოს მფარველს. 
     ...ყოველწლიურად, 3 იანვარს, ფიცის დადების დღეს, ლეგიონის პლაცზე საზეიმოდ დგავდნენ სამსხვერპლოს იუპიტერის საპატივცემულოდ, ძველ სამსხვერპლოს კი მიწაში მარხავდნენ. მრავალი ასეთი სამსხვერპლო იქნა აღმოჩენილი სამხედრო ბანაკების გათხრებისას ბრიტანეთში. იუპიტერისთვის მთავარი მსხვერპლი ლეგიონის დაბადების დღეზე მიჰქონდათ. ...იუპიტერთან იყო დაკავშირებული ლეგიონის არწივი – ყველაზე დიდი სიწმინდე სამხედრო ნიშნებს შორის, რომლის დაკარგვაც სამხედრო ნაწილის დაშლას იწვევდა…იმპერატორის კულტის სპეციფიურ სამხედრო ფორმას წარმოადგენდა სამხედრო ნიშნების კულტი. თითოეულ მანიპულას [ქვედანაყოფი] ლეგიონში ჰქონდა სპეციალური ნიშანი ხელისუფლის ან მისი ოჯახის წევრის გამოსახულებით (imago)... ხელისუფალთა კულტთან იყო დაკავშირებული ხშირ შემთხვევებში ასევე signa – თითოეულ მანიპულაში არსებული ნიშნები ლეგიონის ემბლემით. იშვიათი გამონაკლისით, ლეგიონის ემბლემებზე გამოისახებოდნენ ცხოველები, როგორ წესი, რომში მიღებული ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისად. ლეგიონის ემბლემის არჩევა შეიძლება განსაზღვრულიყო ლეგიონის დამაარსებლის დაბადების დღით ან თავად ლეგიონის ჩამოყალიბების დღით, სამხედრო ნაწილის ცხოვრებაში მომხდარი გამორჩეული მოვლენით, ხანდახან ეს დამოკიდებული იყო იმ ღმერთზე, ვის საპატივცემულოდაც იყო წოდებული ლეგიონი… ლეგიონერების წარმოდგენებით, signa, ლეგიონის არწივის ჩათვლით, ზებუნებრივ ძალას ფლობდა – numen, ნამდვილი ღმერთების მსგავსად. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ signa-სათვის ზებუნებრივი ძალების მიწერაში ტოტემიზმი ვლინდებოდა…
     …არმიის რელიგიური კალენდარი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა სამოქალაქოსაგან. კალენდრის "წითელი დღეების" დიდ ნაწილს გაღმერთებული და ცოცხალი მმართველების დაბადების დღეები შეადგენდნენ, ხოლო იულიუს კეისრიდან დაწყებული, ასევე მათი ნათესავებისაც. კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დღესასწაულებს, რომლებიც რომის ტრადიციულ ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სატურნალიები იყო (17 – 23.12). უშუალოდ სამხედრო დღესასწაული სულ რამოდენიმე იყო: 7 იანვარს – ახალწვეულთათვის პირველი ხელფასის გადახდისა და ვეტერანების დათხოვნის დღე; Rosalia signorum – წინაპრების მოხსენიების დღე (10 და 31 მაისი), რომელიც არმიაში გამოიხატებოდა ვარდებით შემკული სამხედრო ნიშნების თაყვანისცემით… ტიპიურ სამხედრო დღესასწაულს წარმოადგენდა ასევე ლეგიონის დაბადების დღე, როდესაც თაყვანისცემის მთავარი ობიექტი ხდებოდა ნიშანი, რომელზეც ლეგიონის ემბლემა იყო დატანილი…სამხედრო რიტუალებს რომაელი ჯარისკაცები ისე აღიქვავდნენ, როგორც რელიგიური ხასიათის ქმედებებს. სამხედრო რიტუალის ძირითად ქმედებას აღლუმი წარმოადგენდა. აღლუმი ერთვოდა ნებისმიერ საზეიმო მოვლენას სამხედრო ნაწილის ცხოვრებაში: სახელმწიფო დღესასწაულებს, ფიცის მიღებას, ხელფასების გაცემას, დინატივებისა და სამხედრო ჯილდოების გაცემას…  
     აღლუმისათვის კოშკთან აგებდნენ სპეციალურ პლაცსს დაახლოებით 3ჰა. ფართობით. პლაცის გასწვრივ რომის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ღმერთების სამსხვერპლოები იდგმებოდა……განსაკუთრებულ მოვლენას სამხედრო ნაწილის ცხოვრებაში, როგორც უკვე ნათქვამი იყო, წარმოადგენდა სამხედრო ფიცის მიღების დღე 3 იანვარი. სამხედრო ფიცს დებდა ყველა სამხედრო მოსამსახურე მიუხედავად ნამსახურობის წლებისა. რესპუბლიკური დროისაგან განსხვავებით, როდესაც ფიცის ტექსტს ერთი ადამიანი კითხულობდა, დანარჩენები კი ერთხმად იმეორებდნენ "idem in me" (მეც ასევე), საიმპერატორო არმიაში ყველა ჯარისკაცი ერთხმად წარმოთქვავდა ფიცს – sacramentum – პრინცეპსის გამოსახულებიანი ნიშნების წინაშე, რასაც, სხვათაშორის, ასევე მკაცრად აკრიტიკებდნენ ადრექრისტიანული მწერლები. რომაელი ჯარისკაცები წლის განმავლობაში ორჯერ დებდნენ ფიცს: 3 იანვარს და მმართველი პრინცეპსის ინაუგურაციის დღეს. სამხედრო ფიცი წმინდად ითვლებოდა, რომლის დარღვევაც სასჯელს იწვევდა როგორც ადამიანების, ისე ღმერთების მხრიდან. ფიცის დადების შემდეგ იუპიტერის ძველ სამსხვერპლოს, რომელიც სააღლუმო პლაცის განაპირას იდგა, საზეიმოდ მარხავდნენ და ახალს დგავდნენ…
     …არმიის რელიგიური პრაქტიკა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოფიციალური კულტების აღსრულებით. კორპორატივიზმი, რომელიც ანტიკურ საზოგადოებას ახასიათებდა, რომაელებში ყოველგვარი გაერთიანებებისა და საზოგადოებების გენიების (მფარველი-სულების) კულტში გამოიხატებოდა. თუმცა სამოქალაქო მოსახლეობაზე უფრო მეტად, გენიების კულტი გავრცელებული იყო არმიაში II – III საუკუნეებში. ...მიძღვნების ყველაზე დიდი რიცხვი დაკავშირებული იყო ცენტურიისა და ლეგიონის გენიებთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯარისკაცები საკუთარ თავის იდენტიფიცირებას უპირველეს ყოვლისა ამ ქვედანაყოფებთან ახდენდნენ. გენიები დამკრძალავ კოლეგიებთან იყო, რომელიც ჩრდილოეთით ჯარისკაცთა მაღალ ეშელონებში გავრცელდა. გასაკვირი არ არის, რომ მიძღვნის ავტორები ყველაზე ხშირად იმუნები და პრინციპალები იყვნენ – სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უფროს ჯარისკაცულ რანგებს ეკუთვნოდნენ. რომეული მრწამსის თანახმად, გენიებს ფლობდნენ ასევე იმპერატორები, სამხედრო დროშები და ნიშნები და სამხედრო ფიციც კი. თანდათანობით გენიების კულტი ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიაზეც გავრცელდა. საკუთარ გენიებს იძენდნენ ლეგიონის ბანაკი, პლაცი, ყაზარმები, ჰოსპიტალი, საწყობები და ა.შ. "სამხედრო" გენიებს, უწვერულვაშო, ახალგაზრდა, შიშველი, იშვიათად - ტოგაში გახვეული, მამაკაცების სახით გამოსახებოდნენ, რომლებსაც ხელში ბარაქის რქა და ღვინით სავსე სასმისი ეკავათ» (ა.ვ. კოლობოვი «რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა»).


მაშ ასე, ისტორიული ფაქტები ჩვენს წინ საკმაოდ მკაფიო სურათს ხსნის რომის არმიის რელიგიური ცხოვრების შესახებ. რელიგიური კულტები და მათზე დაფუძნებული რიტუალების შესრულება ჯარის ცხოვრებისა და რომის ლეგიონების განაწესის განუყოფელ ნაწილს წამოადგენდა. ამასთანავე რელიგიურ ხასიათს ატარებდა პრაქტიკულად ყველა ელემენტი, რომლებიც ამ წესწყობილებასთან იყო კავშირში: ყოველწლიური სამხედრო ფიცი, აღლუმები, სამხედრო ნიშნები, განმასხვავებელი ნიშნები, ქვედანაყოფების ემბლემები, დღესასწაულები, იმპერატორის, მხედართმთავრებისა და რომის თაყვანისცემა, და კიდევ მრავალი სხვა. როგორც უკვე აღნიშნა ა.ვ. კოლობოვმა, «სამხედრო რიტუალებს რომაელი ჯარისკაცები ისე აღიქვავდნენ, როგორც რელიგიური ხასიათის ქმედებებს» («რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა»). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გერმანელი ისტორიკოსი ჰანს დელბრიუკი აღნიშნავს, რომ «სამხედრო რელიგია, ასე ვთქვათ, სამხედრო დისციპლინასა და სამხედრო ღირსებას ავსებდა» სამხედრო ხელოვნების ისტორია პოლიტიკური ისტორიის ფარგლებში»).

მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომის არმიის სამხედრო მოსამსახურისათვის არანაირი რეალური შესაძლებლობა არ არსებობდა, რომ «ღვთისმოსავი» და «მართალი» ყოფილიყო ჭეშმარიტი ღმერთის თვალში და ამავდროულად სამხედრო სამსახურში დარჩენილიყო. რომაელი ჯარისკაცი მიუხედავად თავისი პირადი რელიგიური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული იყო მთელ თავის ლეგიონთან ერთად მონაწილეობა მიეღო, ყველა იმ წარმართულ რიტუალებსა და თაყვანისცემის აქტებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისაგან მოითხოვებოდა. ეს არ იყო მჯობინების ან პირადი არჩევანის საკითხი. ეს მისი უპირობო მოვალეობა იყო! 

«როგორც რომის მოქალაქე, ლეგიონერი ვალდებული იყო რომის ღმერთებისათვის ეცა თაყვანი, განსაკუთრებით კაპიტოლიუმის ღმერთებისათვის: იუპიტერისათვის, იუნონა და მინერვასათვის. ღმერთების თაყვანისცემას ის უჭერდა მხარს, რომ ჯარისკაცები ოფიციალური რელიგიური კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ და ყველა ტრადიციულ რომაულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ.» (პიტერ კონოლი ნაშრომში «საბერძნეთი და რომი. სამხედრო ისტორიის ენციკლოპედია»).

ეს მოვალეობა მით უმეტეს ეხებოდა ლეგიონის ოფიცერთა შემადგენლობას, იმიტომ რომ უშუალოდ ოფიცრებისაგან მოითხოვებოდა ლეგიონის მიერ მოცემული რელიგიური კულტებისა და რიტუალების უზადოდ შესრულების უზრუნველყოფა. შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ცენტურიონ კორნელიუსს სუფთა სინდისით შეეძლო მოეთხოვა თავისი ჯარისკაცებისაგან ამ კულტებში მონაწილეობის მიღება, ხოლო პირადად კი ასეთი ცუდი მაგალითი მიეცა მათთვის? შეიძლება ასეთ შემთხვევაში მას «ღვთის შიშის მქონე» ადამიანი დარქმეოდა (საქმეები 10:2)?



იმავე იესომ, რომელმაც მოციქული პეტრე გაგზავნა კორნელიუსთან, მანამდე «გამაპარტახებელი სისაძაგლე» უწოდა იეჰოვას ტაძარში რომაული ლეგიონების არსებობის ფაქტს, მათი წარმართული სამხედრო ნიშნებით (მათე 24:15,16). განა შეიცვალა უფლის თვალში ამ მცირე დროის გასვლის შემდეგ წარმართული საძაგელი სიმბოლოების მიმართ დამოკიდებულება? ერთმნიშვნელოვნად, არა! მართლმადიდებლურ ეგზეკეტიკაშიც კი აღნიშნულია მოცემული მუხლის გაგებისადმი ანალოგიური მიდგომა. 

«…როდესაც წმინდა ქალაქის ადგილას იხილავთ საშინელ სიცარიელეს, რომელიც გამოიწვევს ზიზღსა და სისაძაგლეს, როდესაც ტაძრის ნანგრევებს შორის იხილავთ რომაულ სამხედრო ნიშნებს არწივების გამოსახულებებით, რომლებსაც რომაელები ღვთაებრივ პატივს მიაგებენ, როდესაც იხილავთ მათ კერპებს, რომელსაც ნახევრად დანგრეულ ტაძარში შეიტანენ, და მათი მხედართმთავრის ძეგლს იმავე ტაძარში…იერუსალიმს! ყველა მხრიდან რომაელთა ლეგიონებით გარშემორტყმულს, რომელთა მოფრიალე სამხედრო ალმები, რომის ნახევრად ღმერთების კერპთაყვანისმცემლური გამოსახულებებით, თითქოსდა, მის განადგურებას აცხადებენო» (ხერსონის არქიეპისკოპოსი ინოკენტი (ბორისოვი).

როგორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ? სრულიად გასაგებია, რომ კორნელიუსი, რომელსაც ბიბლია «მართალს» და «ღვთისმოშიშს» უწოდებს, იმ დროისათვის განსაზღვრულად არ შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო თავიდან ბოლომდე წარმართული თაყვანისცემით გაჟღენთილ რომის არმიასთან. ის უკვე აღარ იყო მისი მოქმედი ოფიცერი. კორნელიუსი დათხოვნილი ოფიცერი იყო, რომლისგანაც უკვე აღარ მოითხოვებოდა მსგავს საძაგელ ქმედებებში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობდა კერპთაყვანისმცემლობას და ჭეშმარიტი ღვთისადმი ორგულობას. კორნელიუსთან მოციქული პეტრეს მისვლის მომენტში, ყველაფრიდან გამომდინარე, ის უკვე საკმაოდ დიდი ხნის ვეტერანი იყო, სამხედრო პასუხისმგებლობებისაგან თავისუფალი. ეს დრო საკმარისი იყო იმისათვის, რათა ჩამოყალიბებულიყო ისეთ ადამიანად, რომელსაც «ღვთის შიში ჰქონდა», «უხვად გასცემდა მოწყალებას და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს» (საქმეები 10:2).




«ღვთისმოშიში ჯარისკაცი»



ამასთანავე შეიძლება შემდეკი შეკითხვა გაჩნდეს: კორნელიუსი თუ დათხოვნილი ასისთავი იყო, მაშინ ბიბლიის ის სიტყვები როგორ გავიგოთ, სადაც ნათქვამია, რომ მასთან «ღვთისმოშიში ჯარისკაცი» იმყოფებოდა?

«როგორც კი გაშორდა ანგელოზი, მას რომ ელაპარაკებოდა, კორნელიუსმა მოუხმო თავის ორ მომსახურესა და ღვთისმოშიშ ჯარისკაცს, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა, ყველაფერი მოუყვა მათ და იოპეში გაგზავნა» (საქმეები 7:8).

ფაქტიურად, პასუხი მოცემული სტატიის ზემოთმოხსენიებულ განყოფილელებშია მოცემული, სადაც განხილული იყო ანალოგიური საკითხი ასისთავი კორნელიუსის «ღვთისმოშიშობის» შესახებ. მოცემული ჯარისკაცის მიმართ გამოყენებულ ფრაზას «ღვთისმოშიში», ძველ ტექსტში საფუძვლად იგივე ერთფესვიანი ბერძნული სიტყვა «ευσεβη» უდევს (სტრონგი, 2152), რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს «ღვთისმოსავს, მორწმუნეს, ღრმად მორწმუნე», და ასევე საკუთარ თავში ატარებს მნიშვნელობას «მართალი». წინა განყოფილებაში ჩვენ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, რომ ღვთის მართალი თაყვანისმცემლისათვის სრულიად შეუძლებელი იყო იმ წარმართულ კულტებში მონაწილეობის მიღება, რომლებიც ასე აქტიურად და ფართოდ გამოიყენებოდა რომის არმიაში. ამიტომ «ღვთისმოშიში ჯარისკაცის» ხსენება, ისევე, როგორც «ღვთის შიშის მქონე» კორნელიუსის შემთხვევაში, ანალოგიური სახით დათხოვნაში მყოფი ჯარისკაცის სტატუსით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი ბიბლიურ ტექსტში აღწერილია კორნელიუსის მსახურებისაგან განცალკევებით, რაც აშკარად მიუთითებს მის თავისუფალ სტატუსზე. ეს მით უმეტეს ასეა, თუ რომაულ საზოგადოებაში არსებულ წყობილებას გავითვალისწინებთ, რომლის თანახმადაც ადამიანის სამხედრო სამსახურში შესვლის ფაქტი გულისხმობდა შემდგომ რომაული მოქალაქეობის შეძენის უფლებას. თუმცა, ეს ჯარისკაცი, რომელიც კორნელიუსმა პეტრესთან გაგზავნა, რატომ «არ შორდებოდა გვერდიდან»? წმინდა წერილი არ იძლევა რაიმე სახის ცნობებს ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, თუ გვეცოდინება იმ დროის ისტორიული ფონი, ჩვენ გარკვეული დასკვნების გაკეთებას შევძლებთ.

რომის არმიის ყველა ვეტერანი როდი იღებდა მშობლიურ მხარეში დაბრუნების გადაწყვეტილებას. ლეგიონის ოფიცრებისაგან განსხვავებით, ვეტერანი-ჯარისკაცები საგრძნობლად მცირე პენსიას იღებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, საკუთარი ცხოვრების შემდგომ დაგეგმარებაზე აისახებოდა.      

«ლეგიონის ვეტერანები, რომლებიც ასეთი სახით იღებდნენ საპენსიო გასამრჯელოს, როგორც არსებული წყაროები გვაძლევს წარმოდგენის საშუალებას, ჩვეულებრივი გლეხი მოსახლეები ხდებოდნენ. ისინი, როგორც წესი, საკუთარი მიწის ნაკვეთზე ცხოვრობდნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ საკუთარი ოჯახის… და, მაქსიმუმ, რამოდენიმე მონის დახმარებით. ახლომდებარე ქალაქების ცხოვრებაში, ვეტერანები, იშვიათი გამონაკლისით, აქტიურ მონაწილეობას არ იღებდნენ» (ა.ვ. კოლობოვი «რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა»).


ვეტერანი-ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რიცხვი გარნიზონის დასახლებებში რჩებოდა (გარკვეულწილად თანამედროვე ე.წ. «სამხედრო დასახლებების» მსგავსი, სადაც მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ), რომლებიც იმ ადგილებთან ახლოს იყო, სადაც ისინი ადრე სამხედრო სამსახურს გადიოდნენ. შემდგომ ასეთ დასახლებებს «კანაბი» ეწოდა.

«კანაბა წარმოადგენდა სამოქალაქო დასახლებას, რომელიც ლეგიონის ან რომელიმე სხვა სამხედრო ნაწილის მეზობლად ჩნდებოდა, ჩვეულებრივ ბანაკიდან 2—3 კმ. დაშორებით. კანაბი ქალაქისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ კანაბას არ გააჩნდა საკუთარი ტერიტორია და იმ მიწაზე იყო განთავსებული, რომელიც ლეგიონის საკუთრებაში იყო» (ი.კ. კოლოსოვსკაია «რომაული პროვინციული ქალაქი, მისი იდეოლოგია და კულტურა»).

«ლეგიონების სტაბილიზაციის პარალელურად, იმპერიის საზღვრებზე, ციხესიმაგრეებთან ახლოს ჩნდება კანაბები – დასახლებები, რომლებიც დასახლებული იყო ყოველგვარი თავგადასავლების მძებნელებით, ვაჭრებით, ხელოსნებით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით, ჯარისკაცთა ოჯახებით. დასაშვებია, რომ II საუკუნემდე გარნიზონებთან არსებულ ამ ტერიტორიებზე რჩებოდნენ უქონელი და ყველაზე ხშირად, მარტოხელა დათხოვნილი ჯარისკაცები. იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდნენ ეს ვეტერანები, ცოტა რამაა ცნობილი. რამდენადაც ლეგიონის ციხესიმაგრის გარშემო ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, მიწაზე კერძო საკუთრება დაშვებული არ იყო II – III საუკუნეების გასაყარამდე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კანაბში მცხოვრები ვეტერანები უპირატესად ვაჭრობითა და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულები. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ვეტერანი – ეს კი, როგორც წესი, 45 წელს გადაცილებული ხალხი იყო, ანუ, მაშინდელი საზომით, უკვე ხანდაზმულები, – არავითარ საქმიანობას არ იწყებდნენ, არამედ დარჩენილ დღეებს მეგობრებთან ერთად ატარებდნენ დასახლებაში არსებულ ტავერნაში ტოლჩა ლუდით ხელში და გარდასულ სამხედრო ცხოვრებას იხსენებდნენ» (ა.ვ. კოლობოვი «რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა»).

«ღვთისმოშიში ჯარისკაცი», რომელიც კორნელიუსის სახლში იმყოფებოდა, სავსებით შესაძლებელია ასეთი დათხოვნილი-ჯარისკაცი ყოფილიყო. შესაძლოა, რიგი მიზეზების გამო ის, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, «უქონელი და ... მარტოხელა დათხოვნილი ჯარისკაცი» ყოფილიყო, რომელიც მისი ღრმა ღვთისმოშიშების გამო, ღვთისმოშიში კორნელიუსისა და მისი შინაურების სახლეულობის ნაწილი გახდა (საქმეები 10:2). ბოლოს და ბოლოს, ყველა მათგანს ჭეშმარიტი ღვთისადმი ღრმა პატივისცემა აერთიანებდა, რაც, რაღა თქმა უნდა, გულისხმობდა მათ რეგულარულ ურთიერთობას და საუბრებს სულიერ საკითხებზე. 



ასევე შეიძლება იმის სხვა მიზეზიც ყოფილიყო, თუ რატომ მოხვდა მოცემული ჯარისკაცი კორნელიუსის სახლში. რომის არმიაში დათხოვნის სხვადასხვა სახეობები არსებობდა.  

«არსებობდა დათხოვნის შემდეგი სახეობები: ა) ღირსეული, რომელიც მსახურების სრული ვადის გასრულებისას ეძლეოდათ; ბ) საპატიო, რომელიც იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე შემდგომი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცხადდებოდა დაავადების გამო; გ) სამარცხვინო, როდესაც პირს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ითხოვდნენ. ამ უკანასკნელი მიზეზით დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება არ ჰქონდა იმპერატორის რეზიდენციაში და ქალაქ რომში დარჩენილიყო, მაშინაც კი თუ ის ბრძანებაში სამარცხვინო საქციელის მითითების გარეშე იყო დათხოვნილი… სამხედრო დისციპლინა მხარდაჭერილი იყო სასჯელების მკაცრი სისტემით, რომლის რიცხვსაც მიეკუთვნებოდა…არმიიდან სამარცხვინო გაძევება; სამხედრო სამსახურის ვადის მოხდის შემდეგ პენსიის ჩამორთმევა» (ე.ა. სკრიპილიოვი «რომის სამართლის საფუძვლები»).

«სამარცხვინო დათხოვნა» (missio ignominiosa) - გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც ლეგიონერი დისციპლინას არღვევდა, თუმცა, დარღვევის დონე არც თუ იმდენად სერიოზული იყო, რომ ის სიკვდილით დაესაჯათ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯარისკაცი, რომელიც კორნელიუსთან იყო, «ღვთისმოშიშადაა» მოხსენიებული, ასევე წარმართული კულტებით გაჟღენთილობის ის დონე, რომელიც ჩვეულებრივი იყო რომის არმიისათვის, იმის სრული საფუძველი არსებობს, დავასკვნათ, რომ ეს ჯარისკაცი «სამარცხვინოდ იყო დათხოვნილი» არმიიდან იმის გამო, რომ უარს აცხადებდა მათში მონაწილეობის მიღებაზე. რა თქმა უნდა, სამხედრო სამსახურიდან მისი დათხოვნის სხვა გარემოებების გამორიცხვაც არ შეიძლება (მაგალითად, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას დაიწყებდა). ასეა თუ ისე, მაგრამ მსგავსი სასჯელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურისათვის პენსიის გაუქმებას გულისხმობდა, რაც თავის მხრივ მას საარსებო სახსრების გარეშე ტოვებდა. ამის გათვალისწინებით, აღარ ჩნდება კითხვა, თუ რატომ მიიღო საკუთარ სახლში «ღვთის შიშის მქონე» კორნელიუსმა ეს «ღვთისმოშიში ჯარისკაცი». 

მოცემულ საკითხში უნდა გვესმოდეს, რომ თუ წმინდა წერილი არანაირ ზუსტ მითითებას არ იძლევა კორნელიუსის სახლში «ღვთისმოშიში ჯარისკაცის» ყოფნის თაობაზე, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს რაიმე სახის საბოლოო დასკვნების გაკეთებას. როგორ ჩვენ უკვე შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, მიზეზები შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, გარკვეული დასკვნები შეგვიძლია გავაკეთით იმაზე დაყრდნობით, რაც ზუსტად ვიცით: «ღვთისმოშიშებას და სიმართლეს», ღვთის სიტყვის თვალსაზრისით, არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს საზიზღარ წარმართულ კერპთაყვანისმცემლურ კულტებთან და რიტუალებთან. შესაბამისად, როგორც თავად კორნელიუსს, ასევე მის სახლში მყოფ «ჯარისკაცს», არანაირ გარემოებებში არ შეიძლება ჰქონოდათ შეხება მსგავს შეუფერებელ პრაქტიკასთან, რომელიც რომის არმიაში სავალდებულო იყო.

«ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: «დავმკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი». «„ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით,— ამბობს იეჰოვა,— უწმინდურს ნუღარ გაეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“. მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით“,— ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა»» (2 კორინთელები 6:14-18).




კორნელიუსი მართლმადიდებლურ ტრადიციაში



საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება სიტუაცია კორნელიუსთან დაკავშირებით, თუ მას უშუალოდ პატრისტიკულ მართლმადიდებლურ ტრადიციას შევადარებთ. მისი საინტერესოობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიის ზოგიერთი აქტივისტი, რომლებიც ქრისტიანების სამხედრო სამსახურში მსახურების მხარდასაჭერად გამოდიან და ამასთანავე კორნელიუსის შემთხვევას ეყრდნობიან, არსებითად მოცემული საკითხის საკუთარ, მართლმადიდებლურ გაგებას უკეთებენ იგნორირებას. ის კი იმაში მდგომარეობს, რომ ასისთავი კორნელიუსი ნათლობის შემდეგ მაშინვე ტოვებს საკუთარ სახლს და პეტრესთან ერთად ერთვება წარმართთათვის სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში. რა თქმა უნდა, არავითარი სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე აღარ არის საუბარი.

აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისს ერთნაირად უჭერს მხარს ერთდროულად რამოდენიმე ავტორიტეტული მართლმადიდებლური წყარო: 1) «წმინდამოწამე კორნელიუს ასისთავის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის ცხოვრება შემოკლებით»; 2) «წმინდამოწამე კორნელიუს ასისთავის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის ცხოვრება ვრცლად»; 3) «წმინდამოწამე კორნელიუს ასისთავის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის ცხოვრების განსხვავებული აღწერილობა».  http://azbyka.ru/days/sv-kornilij-sotnik

მაგალითად, «წმინდამოწამე კორნელიუს ასისთავის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის ცხოვრება ვრცლად»-ში ნათქვამია, რომ კორნელიუსმა «მონათვლისთანავე დატოვა ყველაფერი და პეტრეს გაჰყვა, რომელმაც ის ეპისკოპოსად დანიშნა. როდესაც პეტრესთან და სხვა მქადაგებლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში მიდიოდა, ის გულმოდგინედ შრომობდა და ქრისტეს შესახებ ქადაგებდა». 

თავისთავად ჩნდება შეკითხვა: ის, რაც მართლმადიდებლურ ავტორიტეტულ წყაროშია აღნიშნული, როგორ უჭერს მხარს იმას, რომ ქრისტიანისათვის დასაშვები იყო სამხედრო სამსახურში მსახურება? პირიქით, ჩვენ სრულიად საპირისპიროს ვხედავთ: კორნელიუსის მოხსენიება ამ შემთხვევაშიც კი იმის შესახებ მოწმობს, რომ იმის გულწრფელი სურვილი, რომ მივყვეთ ქრისტეს, გულისხმობს არა სამხედრო სამსახურში მონაწილეობას, არამედ მქადაგებლის რანგში საქმიანობას «სულიერი იარაღით» (2 კორინთელები 10:3,4; ეფესოელები 6:12; ებრაელები 4:12). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად უაზროდ გამოიყურება კორნელიუსის შესახებ ბიბლიური ისტორიის მოყვანა, თითქოსდა ქრისტიანებისთვის ჯარისკაცებად გახდომის დაშვებულობის პრეცენდენტის მტკიცებულებად.




მსახურობდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები არმიაში?



პირდაპირ რომ ვთქვათ, ისტორიული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ: ქრისტიანთა პირველი თაობები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ არმიაში მსახურებაზე. მრავალი ისტორიკოსი იყო აღძრული, რომ მსგავს დასკვნებამდე მისულიყვნენ.

«ქრისტიანობა ჯარისკაცთა შორის შედარებით ნელა ვრცელდებოდა. ადრეული ქრისტიანები პაციფიზმისაკენ იყვნენ მიდრეკილნი და, გარდა ამისა, ამას ოფიციალური სამხედრო კალენდარი უშლიდა ხელს, რომელიც უამრავი წარმართული ღვთაების თაყვანისცემას გულისხმობდა» (პიტერ კონოლი «საბერძნეთი და რომი. სამხედრო ისტორიის ენციკლოპედია»).
წიგნში ნათქვამია: «ქრისტიანები რომაელთაგან სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ... რამდენადაც ქრისტე მშვიდობას ქადაგებდა, ისინი უარს ამბობდნენ ჯარისკაცებად გახდომაზე» (ნ. პლატი და მ. დრამონდი «Our World Through the Ages»).

 «[პირველი ქრისტიანები] უარს ამბობდნენ ნებისმიერი ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებაზე ან იმპერიის დაცვაზე... ქრისტიანს არ შეეძლო გამხდარიყო ჯარისკაცი, ისე, რომ ამასთანავე უარი არ ეთქვა უფრო წმინდა ვალდებულებებზე» (ედვარდ გიბონი «რომის იმპერიის დაცემა და კრახი» /«The Decline and Fall of theRoman Empire», ტომი II, გვ. 37.) 

«პირველ ქრისტიანებს მიაჩნდათ, რომ ბრძოლა არასწორია, და უარს აცხადებდნენ არმიაში მსახურებაზე მაშინაც კი, როდესაც იმპერიას ჯარისკაცები სჭირდებოდა» («The New World’s Foundations in the Old»). 

«რამდენადაც [იესოს სწავლებების] თანახმად ძალადობის ნებისმიერი ფორმა და ვინმესთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება უარყოფილი იყო როგორც დაუშვებელი რამ, ომებში მონაწილეობაზე აკრძალვა ისე აღიქმებოდა, როგორც თავისთავადი. … ადრეული ქრისტიანები მთელი სიზუსტით იცავდნენ იესოს სიტყვებს, პირდაპირი გაგებით ესმოდათ მითითება ყოფილიყვნენ რბილები და ძალადობაზე ძალადობით არ ეპასუხათ. მათი რელიგია მათთვის მშვიდობას ნიშნავდა; ისინი გაბედულად განიკითხავდნენ ომებს სისხლისღვრის გამო» («ადრეული ქრისტიანების დამოკიდებულება ომების მიმართ» / «The Early Christian Attitude to War»).


ისტორია ადასტურებს, რომ ჯარისკაცთა შორის ქრისტეს ცალკეული მორწმუნეების გამოჩენა, მოციქულთა სიკვდილიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ შეიმჩნევა, ახ.წ. II საუკუნის ბოლოს.

«მთელი ხელმისაწვდომი ინფორმაციის საგულდაგულო განხილვა გვიჩვენებს, რომ მარკუს ავრელიუსის დრომდე [იმპერატორი, მმართველობდა ახ.წ.  161-დან - 180 წლებში.] არცერთი ქრისტიანი არ ხდებოდა ჯარისკაცი, და არცერთი ჯარისკაცი, რომელიც ქრისტიანი ხდებოდა, არ რჩებოდა სამხედრო სამსახურში» (ე.უ. ბარნზი წიგნში «ქრისტიანობის აღზევება» / “The Rise of Christianity ”).

«ახალაღთქმისეული პერიოდიდან, 170-180 წლების ათწლეულამდე, იმის მცირედი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომ ქრისტიანები ჯარში მსახურობდნენ» (როლანდ ბეინტონი «ქრისტიანების დამოკიდებულების შესახებ ომისა და მშვიდობის მიმართ» / "Christian Attitudes Toward WarandPeace"). «ქრისტიანები, მონათვლის შემდეგ, ჯარისკაცები არ ხდებოდნენ, უკიდურეს შემთხვევაში, მარკუს ავრელიუსის მმართველობის დრომდე» («ადრეული ეკლესია და მშვიდობა» / «The Early Church and the World»).

«არმიაში ქრისტიანები ჩნდებიან II საუკუნის ბოლოს, რაც ტერტულიანეს მიერაა დაფიქსირებული (Tertul. De corona militis). ქრისტიანულმა ტრადიციამ ხელი შეუწყო სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ სახარებისეული სწავლება ლამის თავისი არსებობის დასაწყისიდანვე დაექვემდებარა რომის სახელმწიფოს მხრიდან სისტემატიურ დევნებს, ქრისტიანები კი გაურბოდნენ სამხედრო სამსახურს» (ა.ვ. კოლობოვი «რომის ლეგიონები ბრძოლის ველს მიღმა»).




დასკვნა



შეგვიძლია კორნელიუსის საკითხში ჩვენს კვლევაში დასკვნები გავაკეთოთ. მოცემული თემის ყურადღებით გამოკვლევა აღგვძრავს, შემდეგ დასკვნამდე მივიდეთ იმის შესახებ, რომ კორნელიუსი, მოციქული პეტრეს მიერ მისი მონახულებისა და ნათლობის მომენტში, უკვე იყო არა მოქმედი ოფიცერი, არამედ დათხოვნილი ასისთავი (ცენტურიონი). ძირითად მოსაზრებებს, რომლებიც ამ გარემოებებს ადასტურებენ, წარმოადგენს:

1. ცენტურიონი ვალდებული იყო სამხედრო ბანაკში ყოფილიყო, რადგან ზუსტად ცენტურიონებს ევალათ პირადი შემადგენლობის ზედამხედველობის ყველა მთავარი ამოცანა, მათი წვრთნა და გარნიზონის არსებული მოთხოვნილებების გადაწყვეტა. კორნელიუსი კი ბიბლიაში აღწერილია როგორც ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში და არა ლეგიონის ბანაკში.

2. რომის სამხედრო განწესის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, ცენტურიონების ჩათვლით, უფლება არ ჰქონდათ, რომ  სამხედრო სამსახურის პერიოდში ოჯახი შეექმნათ. თუმცაღა კორნელიუსი წარმოდგენილია, როგორც ის, ვისაც ოჯახი და შინაურები ჰყავდა.

3. რომაული კანონები სამხედრო მოსამსახურეებს უკრძალავდა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების
ფლობას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი სამხედრო სამსახურს გადიოდნენ. თავის მხრივ კი კორნელიუსს საკუთარი სახლი ჰქონდა, სადაც ღიად ცხოვრობდა თავისი ოჯახის წევრებთან და მსახურებთან ერთად. თანაც, მისი სახლი იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ პოლკის დაქვემდებარებაში იყო, რომელშიც ის ოდესღაც მსახურობდა. ყველაფერი ამის ქონა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, რასაც იმ პერიოდის რომის კანონები ადასტურებენ.

4. კორნელიუსი მოხსენიებულია, როგორც ადამიანი რომელსაც «ღვთის შიში ჰქონდა». იგივე სიტყვა ნიშნავს «მართალს» (შეადარეთ ესაია 26:7). მაგრამ ღვთის სიტყვის თვალსაზრისით სიმართლეს არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს წარმართულ კულტებში მონაწილეობასთან (2 კორინთელები 6:14-18). რომის არმიის განაწესი და შიდა წყობა მთლიანად იყო გაჟღენთილი წარმართული რიტუალებით, რომლებიც ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა შეესრულებინა, მით უმეტეს, მოქმედ ოფიცრებს. სრულიად ნათელია, რომ კორნელიუსს ამ მხრივ სრულიად სუფთა სინდისი შეიძლება ჰქონოდა ღვთის წინაშე, რადგან უკვე ვალდებული აღარ იყო მონაწილეობა მიეღო ამ რიტუალებში.  

5. წმინდა წერილებში ერთი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ კორნელიუსი ნათლობის შემდეგაც აგრძელებდა სამხედრო სამსახურს. მართლმადიდებლურ პატრისტიკაშიც კი კორნელიუსი აღწერილია როგორც ადამიანი, რომელმაც ნათლობის შემდეგ სამხედრო სამსახური დატოვა და სასიხარულო ცნობის მქადაგებელი გახდა.

6. კორნელიუსის «ასისთავად» მოხსენიება მის ყოფილ პროფესიაზე მიუთითებს, ზუსტად ისევე, როგორც იესოს უწოდებდნენ ადამიანები მისი მსახურებისას «დურგალს» (მარკოზი 6:3). 

7. ისტორიკოსები ერთპიროვნულად ადასტურებენ, რომ ქრისტიანთა პირველი თაობები, მოციქულებიდან დაწყებული, კატეგორიულ უარს აცხადებდნენ არმიაში მსახურებაზე, რადგან არ სურდათ სისხლის ღვრასა და წარმართულ კულტებში გარეულიყვნენ. რაღა თქმა უნდა, არც კორნელიუსი შეიძლება ყოფილიყო გამონაკლისი. 

--------------------------------------------------------

წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment