დღეს სადღაც მაინც მოისმენთ მოსაზრებას, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის სასტიკი, შეუწყნარებელი, აიძულებს ბავშვების დახოცვას, აწყობს ერთა გენოციდს (1 სამუელი 15:3), ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი - ეს უკვე სიყვარული და მიტევებაა. ეს მრავალს აბნევს, ხოლო ზოგი, ამის გამო, ბიბლიის მიმართ გულგრილი ხდება.
ასევე უცნაურია, რომ პრეტენზიები გამოითქმება ქანაანის ერების განადგურების ეპიზოდებზე, მაგრამ არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ ქრისტემ ხალხები დაყო თხებად და ცხვრებად და თხების სამუდამო განადგურებას აპირებს. კი მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ - ერთი და იგივეა, ესაა ღვთის მიერ ცოდვილთა გასამართლების მომენტები. არც ხალხი, არც მოსე, არც ისრაელიანი მსაჯულები არ ყოფილან ამ უღმრთოთა გასამართლების ავტორები - ამას აკეთებდა პირადად იეჰოვა, ხოლო ხალხი მხოლოდ აღასრულებდა მის ნებას, მეტი არაფერი. ასეთი გაგებით არავითარი განსხვავება არ არის ქანაანელი ერების განადგურებას, წარღვნას და სოდომისა და გომორას, იერიქონის განადგურებას, ანანია და საპფირას სიკვდილსა და არმაგედონს შორის. ღმერთს შეუძლია თავისი სამართალი თვითონ აღასრულოს, და ასევე შეუძლია მისი აღსრულება ანგელოზებს ან ადამიანებს დაავალოს. მაგალითად, არმაგედონი დავალებული ექნებათ იესოს და ანგელოზებს (2 თესალონიკელთა 1:6-10). ასურელთა არმიის განადგურება ანგელოზს დაევალა (ესაია 37:36). სავსებით შესაძლებელია, რომ დანარჩენი სასჯელების აღსრულებაც, წარღვნიდან დაწყებული, ანგელოზებს ჰქონდათ დავალებული. ხოლო უწმინდური ერების განადგურება დავალებული ჰქონდა ხალხს, და რა მერე? ესე იგი, ღმერთმა ჩათვალა, რომ ადამიანები სავსებით გაართმევდნენ თავს ამ საქმეს. ისინი თავისი ბოროტი სურვილის გამო კი არ ხოცავდნენ, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთის გადაწყვეტილებით, რომელიც აუცილებელი იყო და არ ექვემდებარებოდა განხილვას. ეს იყო მნიშვნელოვანი წმინდა მისია. ზუსტად ამიტომ იყო ისრაელი ხალხის ყველა ომი წმინდა და ღვთისმოსაწონი, თანამედროვე ომებისაგან განსხვავებით.
სამართლიანია კი ღმერთის მხრიდან ცოდვილთა დასჯა? რატომაც არა? ისინი აღუდგნენ თავის შემოქმედს. ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ აღუდგები შენს შემოქმედს, ის წაგართმევს სიცოცხლის უფლებას – ეს მკაფოდ ითქვა ჯერ კიდევ ედემში. მწარმოებლის გარანტია რომ მიიღო, საჭიროა დაიცვა გარანტიის პირობები. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში საცხოვრებლად, უნდა დაიცვა მისი პირობები და პატივი სცე მის ავტორიტეტს. ეს სავსებით სამართლიანი და ლოგიკურია. მითუმეტეს, რომ ეს პირობები ძალიან იოლი და ბუნებრივია, ისინი დაფუძნებულია უბრალო პრინციპზე, გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ქანაანის ერები კი საშინელ საქმეებს სჩადიოდნენ, შესაწირავის სახით სწირავდნენ ადამიანებს, რითაც შეურაცხჰყოფდნენ ღმერთს და ტანჯვას აყენებდნენ მოყვასს. თუ იეჰოვამ გადაუდებლად მოქმედება გადაწყვიტა, იმისათვის რომ ეს ერები მიწის პირისაგან აღეგავა, რაშია აქ სამართლიანობის დარღვევა?
ღმერთი მხოლოდ სიყვარული როდია, ის ასევე «შთამნთქმელი ცეცხლიცაა» (ფსალმუნი 18:8 აქ). არა მხოლოდ გულმოწყალე, არამედ სამართლიანიც. მოდით განვიხილოთ საპირისპირო ვარიანტი: რა იქნებოდა, ღმერთი რომ არასოდეს სჯიდეს ცოდვილებს? შესაძლოა, ჩვენ დღეს არ ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ნოეს დროინდელი ნეფილიმები მთელ კაცობრიობას ტერორში ამოხდიდნენ სულს. ღმერთს რომ ისრაელებისთვის არ მიეცა უფლება ეომათ მეზობელ აგრესიულ ერებთან, შესაძლოა, დღეს არ გვქონოდა ბიბლია, იმიტომ რომ არავინ იქნებოდა ვისაც ის უნდა დაეწერა. ალბათ, არ იქნებოდა ქრისტე, იმიტომ რომ არ იარსებებდა ღვთისმოშიში ხალხი, რომელშიც ის შეძლებდა დაბადებას და გაზრდას. ხალხი გამუდმებით შემოქმედის ნების წინააღმდეგ ივლიდა და მუდამ დაიხოცებოდა, და არ დარჩებოდა არავითარი იმედი. არ იქნებოდა თავად რელიგიაც, იმიტომ რომ რა აზრი აქვს თაყვანი სცე ღმერთს, რომელიც არ სჯის ცოდვისათვის და არ აღადგენს სამართლიანობას? ეს უკვე დეიზმია, თეორია გულგრილ ღმერთზე, რომელიც ათეიზმის ძალიან ახლო მეზობელია.
ნუთუ უკლებლივ ყველა ამალეკელი (ან სხვა რომელიმე განადგურებული ერი) ცოდვილი იყო? როგორც ჩანს, კი, რამდენადაც ამაზე, აბრაამისა და იეჰოვას დიალოგიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როდესაც სოდომის შესახებ საუბრობდნენ (დაბადება 18). ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორია გვიჩვენებს, რომ იეჰოვა არ დაუშვებს ერთი მართლის სიკვდილსაც კი ცოდვილებთან ერთად. მთელ სოდომში და გომორაში, ერთი მართალიც კი არ იყო, რომელიც იეჰოვას თვალში სიცოცხლეს იმსახურებდა. აქედან გამომდინარე, ასევე იყო ამალეკელთა შემთხვევაშიც.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ძველი ცივილიზაციები მონოკულტურულები იყვნენ, დღევანდელი თანამედროვე ატომიზირებული საზოგადოებისგან განსხვავებით, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. ძველად ასე არ იყო. ერთ ერს ჰქონდა ერთი კულტურა, ერთი იდეოლოგია და ერთი რელიგია, რომელსაც ამ ერის ყველა წევრი მისდევდა. განხვავებულად მოაზროვნეები უბრალოდ არ არსებობდნენ: მათ ან განდევნიდნენ, ან სიკვდილით სჯიდნენ. ამალეკელებში რაღაც სასწაულად რომ გაჩენილიყო ერთი მართალი მაინც, ის უცბადვე იქნებოდა გაუცხოებული და საუკეთესო შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა ემიგრაციაში წასულიყო. რის შედეგადაც ის ვეღარ მოკვდებოდა ისრაელიანთა ხელით. ეს პრინციპი კარგადაა ჩამოყალიბებული 1 მეფეთა 15:6-ში «უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა.».
თუ მართალი როგორღაც აღმოჩნდება ცოდვილთა შორის, ის რაც შეიძლება მალე უნდა «გაშორდეს» მათ. თუ ის დიდი ხანი რჩება მათ შორის და არ შორდება, მაშინ არის შანსი რომ მათი ხვედრი გაიზიაროს – რაც აუცილებლად ლოტსაც დაემართებოდა, ანგელოზებს რომ არ დაეჩქარებინათ და თითქმის ძალით არ გამოეყვანათ სოდომიდან. ასევე ნოე გამოეყო დანარჩენ ცოდვილ ქვეყნიერებას კიდობანში შესვლით; ასევე 1-ლი საუკუნის ქრისტიანები გამოეყვნენ იერუსალიმს, როდესაც ის რომაელთა მახვილით დაეცა; ასევე ქრისტიანები დღესაც ეყოფიან ამ წუთისოფელს სულიერი გაგებით, რათა არ გაიზიარონ მისი ხვედრი არმაგედონში. მართლის ცოდვილთაგან გამოყოფა - ღვთის სამართლის, ყველა დროის, უნივერსალური პრინციპია.
კი მაგრამ, ჩვილთა დახოცვა როგორ შეიძლება, კითხულობს მრავალი. ჩვილთა უმანკოების თეორემა ფართოდაა გავრცელებული და ბევრი მას აქსიომად აღიქვამს, მაგრამ მისი სისწორე ბიბლიაში არ დასტურდება. «ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას» (რომაელთა 3:23). მორჩა – ანუ ჩვილებმაც. ადამის ცოდვა შთამომავლობით მხოლოდ ზრდასრულებზე როდი გადმოვიდა, არამედ ასევე ჩვილებზეც. ადამის ნებისმიერი შთამომავალი, იბადება რა ქვეყნად, უკვე ცოდვილია და ავტომატურად იღებს სასიკვდილო განაჩენს დაბადების მომენტში. და ამ განაჩენთან ერთად ის იღებს ათწლეულებით (ან ვისაც როგორ გაუმართლებს) გადავადებას. ასე რომ, არავითარი ჩვილთა უმანკოება არ არსებობს, სხვა შემთხვევაში არ დაიბადებოდნენ მკვდარი ბავშვები და არ იარსებებდა თანდაყოლილი დაავადებები. რა ვქნათ, ასეა შექმნილი სამყარო, ცოდვილი შობს მხოლოდ ცოდვილს. და თუ ყველა ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვილია, დაბადებიდანვე სასიკვდილო განაჩენი აქვს და უბრალოდ გადავადებით სარგებლობს, შეგვიძლია განვიკითხოთ იეჰოვა, თუ ის გადაწყვეტს, რომ ვინმეს გაუუქმოს ეს გადავადება გარკვეული მიზეზის გამო, მაგალითად იმისათვის რომ საბოლოოდ ამოძირკვოს უწმინდური კულტურა? გადავადება – წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან გამოვლენილ წყალობას, და არა დამნაშავის განუყოფელ უფლებას. სასამართლო ვალდებული არაა გადაავადოს სასიკვდილო განაჩენი.
ამას გარდა, ფორმალური სამართლიანობიდან გამომდინარე იეჰოვას შეუძლია ნებისმიერ დროს წაართვას სიცოცხლე, დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, თუ რატომ გააკეთა ეს, და ეს არ იქნება უსამართლობა. შეუბრალებლობაა? – შესაძლოა კი, მაგრამ არა უსამართლობა. ღმერთი ვალდებული არაა მოწყალება გამოავლინოს ცოდვილების მიმართ. მას შეუძლია მისი გამოვლენა, მაგრამ შეუძლია არ გამოავლინოს, თუმცა ჩვენი გასარჩევი არაა მისი გადაწყვეტილებები და არც ისაა სწორი გაგვანაწყენონ მათ. საერთოდ, ძალიან რთული კითხვაა: ვალდებულია თუ არა რამით ღმერთი ცოდვილების წინაშე, თუ ყველაფერი რასაც ის მათთვის აკეთებს მისი წყალობა და დაუმსახურებელი სიკეთეა მათ მიმართ.
დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ! შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. უთხრა მათ: "აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: "შეიბით თითოეულმა თქვენ-თქვენი მახვილი. მოიარეთ მთელი ბანაკის კარიბჭეები და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, მოძმე და ახლობელი". (გამოსვლა 32:26,27)
ეს როგორ! ღმერთმა ადამიანების დახოცვა უბრძანა? კი მაგრამ ის ხომ მოსიყვარულე ღმერთია?! მათ ხომ სულ რაღაც სტატუეტკა ჩამოასხეს, განა ამის გამო შეიძლება სიკვდილით დასაჯო?! ეს რა სადამსჯელო ოპერაციაა საკუთარ ერში - "მოკალით მოძმე და ახლობელი"!
უკვე არაერთხელ მომისმენია, თუ როგორ სდებენ ღმერთს ბრალს ამ ისტორიის საფუძველზე სისასტიკესა და ბოროტებაში. და მართლაც, თუ ტექსტის მხოლოდ ამ ნაწყვეტს წავიკითხავთ, მაშინ მართლაც ყველაფერი ასე გამოდის - ღმერთი ძალიან სასტიკია და ებრაელებს საკუთარი მეგობრებისა და ახლობლების დახოცვას უბრძანებს!
მაგრამ მოდით წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე მოვიხსნათ და ამ სიტუაციას ნათელი მზერით შევხედოთ. დაე სიამაყემ და უგუნურებამ, რომელიც მუდამ თან სდევს ზედაპირულ მსჯელობას, ხელი არ შეგვიშალოს. წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალის მოხსნისთანავე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ეს ისტორია ამ ტრაგიკულ მოვლენებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას გაგრძელებაც აქვს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფაქტიურად ამ მოვლენის წინ ღმერთი მოელვარე ცეცხლში გამოეცხადა მთელ ერს და მათ მცნებები გამოუცხადა:
მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა და ბანაკში მყოფი მთელი ხალხი კანკალმა აიტანა. (გამოსვლა 19:16)
წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია? როგორც წერია: "მთელი ხალხი კანკალმა აიტანა", როდესაც ეს დიდებული სურათი იხილეს. და ამის შემდეგ ღმერთი მთელ ერს ათ მცნებას უცხადებს, მათ შორის მცნებას თაყვანისცემისათვის გამოსახულებების გაკეთების აკრძალვის შესახებ:
თქვა ღმერთმა ეს სიტყვები: "... არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ, ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო..." (გამოსვლა20:1,4,5)
ყველაფერი ნათლად და გასაგებადაა ნათქვამი, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. მაგრამ იქნებ ეს სიტყვები მხოლოდ მოსეს ესმოდა? გავაგრძელოთ კითხვა:
უთხრა იეჰოვამ მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: "თქვენი თვალით იხილეთ, რომ ზეციდან გელაპარაკეთ; არ გააკეთოთ ვერცხლისა და ოქროს ღმერთები და არ გყავდეთ ისინი ჩემ გვერდით." (გამოსვლა 20:22,23)
არა, ის მთელ ერს ელაპარაკებოდა და მათ გარკვევით მოისმინეს მითითება, რის შემდეგ მათ მოსესაც კი უთხრეს:
უთხრეს მათ მოსეს: "შენ გველაპარაკე და ჩვენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით." (გამოსვლა 20:19)
კარგი, მოისმინეს და მოისმინეს. აღელდნენ და დაივიწყეს. მაგრამ არა, შემდგომ ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოსემ მათ კვლავ გაუმეორა ყველაფერი. და უფრო მეტიც, მათ მაშინვე შეთანხმება დადეს სისხლის საფუძველზე და დაიფიცეს, რომ შეასრულებდნენ ღვთის ყველა ამ მოთხოვნებს.
აიღო (მოსემ) შეთანხმების წიგნი და ხალხის გასაგონად წაიკითხა. მათ თქვეს: "ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით." აიღო მოსემ სისხლი, ხალხს შეასხურა და თქვა: "ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო." (გამოსვლა 24:7,8)
ჯარში თუ გიმსახურიათ, მაშინ თქვენთვის ცნობილია, რომ მამაკაცი იურიდიულად მხოლოდ ფიცის მიღების შემდეგ ხდება ჯარისკაცი. მანამდე, ის უბრალოდ ახალწვეულია, და ის თუ ამ დროს თვითნებურად დატოვებს სამხედრო ნაწილს, ის ვერ ჩაითვლება დეზერტირად, არამედ მხოლოდ სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლად. ეს კი ისეთი დიდი დანაშაული როდია, რადგან დეზერტირობა გაცილებით მკაცრად ისჯება, ვიდრე სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება. ომიანობის დროს კი დეზერტირობა სიკვდილით ისჯება.
ისრაელიანების ამ სიტუაციის შესახებ სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ისინი სამხედრო რეჟიმით ცხოვრობდნენ. ღვთისადმი დადებული მათი აღთქმა ფიცის დადებას შეიძლება შეედაროს. მათ ის ნებაყოფლობით დადეს, ისევე როგორც ეგვიპტიდან გამოვიდნენ ნებაყოფლობით - ძალით არავის წამოუყვანია ისინი. და აი, ერთი თვეც კი არაა გასული, ისინი კი მასიურად "დეზერტირობენ", ღვთის სრულიად ნათელი მცნებებისაგან. საომარი პერიოდის კანონის თანახმად ისინი სიკვდილს იმსახურებდნენ, იმიტომ რომ "ფიცი" დაარღვიეს:
მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი, შენ კი დიდ ხალხად გაქციო. (გამოსვლა 32:10)
უმაღლესმა მთავარსარდალმა გადაწყვიტა სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა თავისი ჯარისათვის. სამართლიანი იყო თუ არა ის? კი, ღმერთს ამის სრული უფლება ჰქონდა, ისევე როგორც სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ სამშობლოს მოღალატეები დასაჯოს სიკვდილით. განა ამ შემთხვევაში ღვთის ღალატი უფრო დიდი დანაშაული არაა? რადგან მან ხომ იმაზე გაცილებით მეტი მოგვცა, ვიდრე ჩვენმა სამშობლომ - მან ხომ სიცოცხლე მოგვცა!
აი ამგვარად, როდესაც წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე მოვიხსენით, ჩვენ გაცილებით ნათელი სურათი დავინახეთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც შემდეგ მოხდა:
მოსემ ვედრება დაუწყო იეჰოვას, თავის ღმერთს, გულის მოსალბობად: "იეჰოვა, რატომ უნდა აენთოს შენი რისხვა შენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტის მიწიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?" ... შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა. (გამოსვლა32:11,14)
უმაღლესმა მთავარსარდალმა, თავისი გულმოწყალებისა და ჯარისადმი სიყვარულის გამო გააუქმა საკუთარი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი. მან რამოდენიმე მილიონი ადამიანი დაინდო, რომელთაგან უმეტესობაც სიკვდილს იმსახურებდა. და აქ სრულიად ნათელი ხდება, რომ ღვთის სისასტიკეში და ბოროტებაში ყველა ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე, რომელიც სულიერ სიბრმავეს იწვევს, სრულიად დალეწილია. მაგრამ ჯერ არც ესაა დასასრული.
აქ ყურადღებიანი მკითხველი წამოიძახებს: "და ის 3000 როგორღა, რომლებიც მოსეს ბრძანებით იქნენ მოკლულნი, რომელმაც ამასთანავე ისიც თქვა, რომ ეს ბრძანება მას ღმერთმა გადასცა?"
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძეები და იმ დღეს სამი ათასამდე კაცი დაეცა. (გამოსვლა 32:28)
მე ყურადღება მივაქციე, რომ არსად არ წერია, ხალხის დახოცვის ბრძანება რომ ღმერთს მიეცეს. აქ ნათქვამია, რომ ასე მოსემ თქვა, ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. შესაძლოა მოსემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ღვთის სახელით ელაპარაკა, როგორც მისმა წარმომადგენელმა. რადგან როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ მთაზე დაბრუნდა და ღმერთთან დაიწყო ლაპარაკი, მან თქვა:
დაბრუნდა მოსე იეჰოვასთა და უთხრა: "ეჰ, მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა - ოქროს ღმერთი გაიკეთა!" (გამოსვლა 32:31)
მოსე ღმერთს იმის შესახებ უყვება, რაც ერმა ჩაიდინა. მაგრამ მოჯანყეების დახოცვის ბრძანება თუ მან გასცა, განა არ იცოდა მან რა სიტუაცია იყო? მაშინ რისთვის უყვება მოსე მას იმის შესახებ, რაც მოხდა? ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ამ ყოველივეს მე ასე ვხედავ: მოსეს ძალიან ეწყინა ერის ღალატი, იმდენად ეწყინა, განრისხდა და ის ფიქალებიც კი დაამტვრია, რომლებიც თავად ღმერთმა გააკეთა! კარგი იქნება თუ გავიხსენებთ, რომ მოსე, ძალიან თვინიერი ადამიანი კი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ემოციური იყო, დრო და დრო კი ფეთქებადიც. ორმოცი წლის წინ, გრძნობა მოზღვავებულმა ეგვიპტელიც კი მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მის თანამოძმეს ამცირებდა.
ამ შემთხვევის გამო დატოვა მან ეგვიპტე და უდაბნოში გაიქცა, სადაც ფარაონის რისხვას ემალებოდა. ორმოცი წლის განმავლობაში ღმერთი ამშვიდებდა მის "მგზნებარე" ხასიათს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიანდო ეგვიპტიდან საკუთარი ხალხის გამოყვანა. და თუმცა მოსე ამ ორმოცი წლის განმავლობაში ეჭვგარეშეა ძალიან თვინიერი ადამიანი გახდა, მგზნებარე ხასიათი მაინც აგრძელებდა მის გულში "ცხოვრებას": ადამიანის ტემპერამენტის შეცვლა შეუძლებელია - ეს მის არსს წარმოადგენს, რომელიც დნმ-ის მოლეკულაშია ჩაწერილი.
მაშ რა მოხდა, ნუთუ მოსე არასწორად მოიქცა, როდესაც საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა აიღო? არსებითად ღმერთმა თავის ერს მოსეს თხოვნის გამო აპატია, ასე რომ ეხლა მას სრული ძალაუფლება გააჩნდა მათზე, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ მის წინაშე იყვნენ სიცოცხლის გამო ვალდებულნი. და როგორც ამ არმიის გენერალი, მოსე გადაწყვეტილებას იღებს, რომ სრულიად დაუსჯელი არ დატოვოს მათი საქციელი. მას რომ ყველაფერი ეპატიებინა, ერი ვერაფერს ვერ ისწავლიდა. ამიტომ მოსე ბრძანებას გასცემს, რომ ღვთის წინააღმდეგ ამ აჯანყების ყველა დამცველი დასაჯონ.
და ყურადღება მიაქციეთ: 3 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 3 ათასი იქნა დასჯილი: ათასიდან ერთი! არა ყოველი მეათე, როგორც ამას სასტიკი მხედარმთავრები აკეთებდნენ. და არც ასიდან ერთი, არამედ ათასიდან ერთი! განა ეს ღვთისა და მოსეს მხრიდან წყალობის მაგალითი არ არის?
მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციის შესახებ დროის პრიზმის მიღმა ვმსჯელობთ, რომლის სისქეც სამნახევარი ათასი წელია. ეს პრიზმა ძალიან სქელია და ისევე როგორც წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალეს, მას მნიშვნელოვნად შეუძლია ამ სიატუაციაზე ჩვენი გაგების დამახინჯება. განა უკეთესი არ არის თუ სიტყვას მათ მივცემთ, ვინც ეს სიტუაცია გადაიტანა? მათ, ვისაც ზარალი მიადგა, ვისი ახლობელიც იქნა იმ დროს დასჯილი?
სიტუაციაში, როდესაც ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, ის ყოველთვის ერთნაირად რეაგირებს - სწყინს, იკეტება და ცოტ-ცოტა ზიზღიც კი ვითარდება მასში. ებრაელებს თუ დაემართათ იგივე? განაწყენდნენ თუ არა ყველა მათგანი მოსეზე მისი "უსამართლო" განაჩენის გამო? შემდგომ მომხდარი მოვლენები სრულიად ნათელ პასუხს სცემენ ამ შეკითხვას. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, მოსემ განკარგულება გასცა:
აუკრიფეთ იეჰოვას შესაწირავი. ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანის იეჰოვას შესაწირავი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი... (გამოსვლა 35:5)
მოსემ ხარკის გადახდა კი არ უბრძანა, მან სთხოვა რომ ნებაყოფლობითი შესაწირავი გაეღოთ კარვისა და კიდობნისათვის. ებრაელები რომ ღმერთზე და მოსეზე განაწყენებული ყოფილიყვნენ, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია? "კი, როგორ არა! ვერ მოგართვით!" - ალბათ ასე იტყოდნენ საკუთარ გულებში. მაგრამ დღევანდელი "წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სქელი ლინზების" თაყვანისმცემლების გასაკვირად, მათ ასე არ გააკეთეს. წავიკითხოთ:
მივიდა ყველა, ვისაც გულმა გაუწია, და ყველამ მიიტანა, ვინც სულმა აღძრა, იეჰოვას შესაწირავი შეხვედრის კარვის გასაკეთებლად, მასში მსახურების შესასრულებლად და წმინდა ტანსაცმლის დასამზადებლად. მიდიოდნენ კაცებიცა და ქალებიც; ვისაც გულმა გაუწია, იეჰოვასთვის შესარხევ შესაწირავად ყველას მიჰქონდა ოქრო: გულსაბნევები, საყურეები, რგოლები და ქალის სამკაულები, ყველანაირი ოქროს ნივთი. (გამოსვლა 35:21,22)
მაგრამ, იქნებ ისინი ცოტანი იყვნენ, თითზე ჩამოსათვლელი ერთეულები?
და ეუბნებოდა მოსეს: "ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე მსახურებისთვის, იმ სამუშაოებისთვის არის საჭირო, რომელიც იეჰოვამ ბრძანა." (გამოსვლა 36:5)
არა, ისინი ბევრნი იყვნენ! როგორც ეწერა: ხალხს ბევრად მეტი მიჰქონდა. თითქმის მთელ ერს მიჰქონდა, ანუ ყველა მათ, ვისაც რამის მოტანა მაინც შეეძლო. და მანამ მოჰქონდათ, სანამ მოსემ არ თქვა:
ბრძანა მოსემ, რომ მთელ ბანაკში გამოეხცადებინათ: "აღარც კაცებმა და აღარც ქალებმა აღარაფერი გაამზადოთ წმინდა შესაწირავად". შეწყვიტა ხალხმა შესაწირავის მიტანა. (გამოსვლა 36:6)
ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ თავად ერი არ თვლიდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მათ არ მოუწყვიათ აჯანყება ამ სიტუაციაში, თუმცა ისინი კიდევ არაერთხელ აწყობდნენ ბუნტს გაცილებით უმნიშვნელო მიზეზების გამო. ისინი მართლა დამნაშავეებად თვლიდნენ საკუთარ თავს და როგორც დამნაშავე ბავშვებს, სურდათ მამის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, ისე როგორც შეეძლოთ.
რა ბევრს ვკარგავთ, როდესაც სამყაროს წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალით ვუყურებთ. ეს ბიბლიური ეპიზოდი მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც ბიბლიის ღრმა და მიუკერძოებელი გამოკვლევის მნიშვნელობას გვიჩვენებს. ამის გარეშე მისი ღრმა აზრების გაგება უბრალოდ შეუძლებელია.
... ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. (ლუკა 10:21)
თუ რაიმე არ გესმის ბიბლიაში ან რაიმეს არ ეთანხმები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ მართალი ხარ, ის კი არა.
იქნებ, მკაფიოდ დანახვაში წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე გიშლის ხელს? უბრალოდ მოიხსენი ისინი...
რა თქმა უნდა, იეჰოვა - ეს არაა ძველი აღთქმის ან ახალი აღთქმის ღმერთი, არამედ ერთადერთია და მისი ნება უცვლელია მარადიულობაში. ძველ აღთქმაში მან წარღვნა მოავლინა, ხოლო ახალში მოავლენს არმაგედონს. ძველში მან ამალეკელები და სოდომელები გაანადგურა, ახალში - მეფე ჰეროდე, ანანია და საპფირა (საქმეები 12:23; 5:1-10). იესოს თითქმის ყველა სწავლებას პარალელები აქვს ძველ აღთქმაში. იმავე «ძველი აღთქმის ღმერთმა», რომელმაც ამალეკელები მოსპო, სიამოვნებით შეიწყალა ნინეველები. მანვე თქვა შემდეგი სიტყვები: «განა მახარებს ბოროტის სიკვდილი?! - ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, - განა ის არ გამახარებს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?!» (ეზეკიელი 18:23).
ავიღოთ მოსეს კანონი: ის დღემდე წარმოადგენს საზოგადოებრივი წყობის მაღალზნეობრივ ეტალონს. ესაა იდეალური ბალანსი სიყვარულსა და სამართლიან სასჯელს შორის, სამართლიან სასჯელსა და მოწყალებას შორის. კანონი მოითხოვდა მოყვასის სიყვარულს და კრძალავდა მოყვასისადმი შურს (გამოასვლა 20:17). მიწის გაქირავება დაშვებული იყო მხოლოდ დროებით, ზეიმის წლამდე, რაც იცავდა მიწისმფლობელთა უფლებებს (ლევიანთა 27:24). გათვალისწინებული იყო განუზრახველი (შემთხვევითი) მკვლელობისას თავდაცვის საშუალებები (რიცხვნი 35:6). ებრაელს არ ჰქონდა უფლება დაემონებინა სხვა ებრაელი შვიდ წელზე მეტი ვადით, თანაც ამ დროს მას უნდა მოპყრობოდა როგორც თავის ძმას (გამოსვლა 21:2). ებრაული საზოგადოება იყო ერთადერთი, ძველ კულტურათა შორის, სადაც თითქმის არ არსებობდა მონობის ინსტიტუტი. ყოველივე ეს უპრეცენდენტოა ძველი მსოფლიოსთვის. «განიბანეთ, განიწმინდეთ, მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან, შეწყვიტეთ ცუდი საქმეების კეთება. ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვებს, განიხილეთ ქვრივის საქმე» (ესაია 1:16–17).
ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ თავის ანარეკლად და მსგავსებად, და არა ჩვენ ღმერთი ჩვენს ანარეკლად და მსგავსებად. ჩვენი მორალი, ჩვენი ლოგიკა, ჩვენი ეთიკა ვერასოდეს დადგება ჩვენი შემოქმედის ლოგიკაზე, მორალზე და ეთიკაზე მაღლა. ყველაფერი, რასაც შემოქმედი აკეთებს, განსაზღვრულად სწორია. ღმერთია მორალის, ლოგიკის, ეთიკის, სამართლიანობის, ზნეობრიობის, სიბრძნის და ყველა მსგავსი ნიჭის ერთადერთი ეტალონი. ეტალონს ვერ გაუსწრებ, იმიტომ რომ ის ეტალონია, ათვლის წერტილია. ამ საკითხის ღრმა გაგება გვაჩვენა აბრაამმა, როდესაც დასთანხმდა საკუთარი შვილი მოეკლა ღმერთის მოთხოვნით (დაბადება 22:2,3). შვილი გადარჩა, ჩვენ კი ღვთის ერთგულების შესანიშნავი მაგალითი და ქრისტეს უდიდესი წინასახეობა მივიღეთ.
უაზრობაა ეცადო გახდე ღმერთზე სამართლიანი. თუ მისი მოქმედებებიდან რომელიმე ჩვენში უთანხმოებას იწვევს, პრობლემა ჩვენშია და არა ღმერთში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს მოვუტანთ.
განაგრძო იეჰოვამ და უთხრა იობს: «უნდა ედავებოდეს ყოვლისშემძლეს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელმა თავად გასცეს პასუხი». მიუგო იობმა იეჰოვას: «არარაობა გავხდი. რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი აფარებული. ერთხელ ვილაპარაკე და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც, მაგრამ აღარაფერს დავამატებ».
ქარიშხლიდან იეჰოვამ იობს სთხოვა: «ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და მიპასუხე. ნუთუ დაუკარგავს ძალა ჩემს სამართალს? ნუთუ ბოროტად გამომაცხადებ, შენ რომ მართალი გამოხვიდე? ნუთუ ისეთი მკლავი გაქვს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს? შეგიძლია მისი მსგავსი ხმით დაიგრგვინო? …
მიუგო იუბმა იეჰოვას: «ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა. ამბობდი, ვინ არის ეს, უცოდინარობით რომ აბნელებსო განზრახულს? ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის, რაც ჩემთვის მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია. ამბობდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო, შეგეკითხები და მიპასუხეო. ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი. ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ».
(იობი 40:1–9; 42:1–6)
---------------------------------------------
წყარო: chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment