რას ნიშნავს იესოს
სიტყვები «მახვილი იყიდოს»?
(ლუკა 22:36)
ეკლესიის მასწავლებლების კომენტარები
იესოს მსახურება — სიყვარულის და მშვიდობის მსახურება
იყო. ღვთის ძე ასწავლიდა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები მშვიდობისმყოფელები
უნდა ყოფილიყვნენ, ასე რომ პირველი ქრისტიანები ერთგულად მიჰყვებოდნენ უფლის
ამ
მცნებას (მათე 5:9; რომაელები 12:18; ებრაელები 12:14; იაკობი 3:18). თუმცა
ლუკას სახარებაში იესოს ისეთ ფრაზას ვხვდებით, რომელშიც, ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, რომ იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ის
მშვიდობის შენარჩუნებაზე, თავმდაბლობაზე და მშვიდობისმყოფელობაზე
ასწავლიდა. თავისი წასვლის წინ მოციქულების დარიგებისას, მესია მათ
ეუბნება:
«ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა
აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი» (ლუკა 22:36)
(თუ სხვა მითითება არ არის, ყველა ბიბლიური მუხლი აღებულია ბიბლიის
საპატრიარქოს გამოცემიდან)
თავდაპირველად განვიხილოთ ლუკას სახარების 22-ე თავში ჩაწერილი იესოს
სიტყვების ახლომდებარე კონტექსტი, სადაც საუბარი კვლავ მახვილს
ეხება. ასეთი ორი ადგილი არსებობს. მათგან პირველი — ესაა
მოციქულების მიერ უშუალოდ იესოსთვის გაცემული პასუხი:
«მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ:
საკმარისია» (მუხლი 38)
მეორე — იმავე მოციქულების რეაქციაა მოწინააღმდეგეების
მოსვლაზე, რომლებსაც მათი მასწავლებლის შეპყრობა სურდათ:
«როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ
დავცეთ მახვილი? ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და
მარჯვენა ყური ჩამოათალა» (მუხლი 49,50)
იმ სიტუაციის მნიშვნელოვან განმარტებებს, რომელსაც ლუკა ამ ბოლო
მუხლში გადმოსცემს, წარმოადგენენ ის დეტალები, რომლებიც მათეს
სახარებაშია მოცემული. კერძოდ კი — იესოს პასუხი
პეტრეს, რომელმაც მესიის დასაცავად მახვილის გამოყენება გადაწყვიტა.
«მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა,
ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება» (მათე 26:52)
ეხლა, როდესაც მეტი დეტალი ვიცით, შეგვიძლია ჩვენთვის
საინტერესო იესოს სიტყვებზე ვიმსჯელოთ. და პირველი, რაც ყურადღებას
იქცევს, ესაა გარკვეული კონსტრასტი იმას შორის, რასაც მესია
ლუკას 22:36-ში და მათეს 26:52-ში ამბობს, იმის მიუხედავად, რომ ამ
სიტყვებს შორის სულ მცირე დროა გასული. მართლაც, ლუკას 22:36-ში
იესო თუ «მახვილის ყიდვისკენ» მოუწოდებს, მაშინ იმავე
ღამეს, როდესაც მისი მსმენელი მოციქულები მახვილების გამოყენებას
წყვეტენ, ის სრულიად საპირისპიროს რატომ ამბობს: «ჩააგე მახვილი»?
გასაკვირი არ არის, რომ ლუკას 22:36-ში ჩაწერილი ჩვენს მიერ
განხილული მონაკვეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა წმინდა წერილის
მკვლევარებში. მოკლედ რომ შევაჯამოთ აღნიშნული მუხლის ძირითადი
განმარტებები, ის შემდეგ ვარიანტებს მოიცავს:
1) იესომ მოციქულებს მახვილების წაღების უფლება გარეული
მხეცებისგან დასაცავად მისცა, ასევე ყაჩაღების შემაკავებელი ფაქტორის სახით.
2) იესო გულისხმობდა არა ფიზიკურ, არამედ
სულიერ «მახვილს», ანუ ღვთის
სიტყვას (ეფესოელები 6:17; ებრაელები 4:12).
3) იესო გულისხმობდა არა თავისი მიმდევრების პირდაპირი გაგებით
იარაღით აღჭურვას, არამედ სიმბოლურად მიუთითა მათ, რომ მზად ყოფილიყვნენ მისი
მოწინააღმდეგეების მხრიდან თავდასხმებისთვის (მათე 10:34-39).
4) კერძოდ, კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ქრისტე
ასწავლიდა, თითქოს მისი მოწაფეები რეალურად უნდა შეიარაღებულიყვნენ და
საომარი ქმედებებისთვის მომზადებულიყვნენ.
განმარტების ბოლო ვარიანტი თავისთავად უქმდება, როგორც იმ
ყველაფერთან დაპირისპირებაში მყოფი, რასაც იესო ასწავლიდა
მშვიდობისმყოფელობაზე, სიყვარულსა და დათმობაზე. გარდა ამისა, იესოს
მიერ მოციქულებისთვის გაცემული პასუხი — «მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი
მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია» (ლუკა 22:38) — აშკარად
იმაზე მიუთითებს, რომ მას სულაც არ უგულისხმია სრულად შეიარაღება ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით. და მართლაც, რთულია პირდაპირი
გაგებით «მახვილზე» ლაპარაკი, რომელიც ვითომდა ქრისტიანებს
დასჭირდებოდათ საბრძოლველად, თუ იმას
წარმოვიდგენთ, რომ 12 ადამიანზე ორი
მახვილი «საკმარისი» იყო. რთულია ისეთი სამხედრო დანაყოფის
წარმოდგენა, რომელშიც იარაღი ექვსიდან მხოლოდ ერთ ჯარისკაცს ექნება. ეს
მოციქულების მხრიდან იესოს სიტყვების აშკარა გაუგებრობაზე მიუთითებს, რაც ორი
მახვილის შესახებ მათ პასუხშიც აისახა.
ასეთი გაუგებრობის რეაქციას პეტრეს მისამართით გამოთქმული იესოს საყვედური
წარმოადგენს:
«მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა,
ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება» (მათე 26:52)
და აქ როგორ არ
გავიხსენოთ განდიდებული ქრისტეს სხვა სიტყვები, რომლებიც გამოცხადების წიგნში
წარმოითქვა და იმ სიტყვებს ჰგავს, რომელიც მან პეტრეს უთხრა?
«ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც
მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და
რწმენა» (გამოცხადება 13:10)
და ისევ, ლუკას 22:36-ში იესო თუ პირდაპირი გაგებით
ფიზიკური იარაღის ყიდვას გულისხმობდა, მაშინ მის მიერ
მათეს 26:52-ში ნათქვამი უპირობო წინააღმდეგობაში მოდიოდა მის
სიტყვებთან.
ასეთი დასკვნა ლუკას 22-ე თავიდან ზემოთ მოყვანილი ორი მუხლის
კონსტრუქციის შედარების გზითაც დასტურდება. 36 მუხლში თუ
იესო ამბობს: "ο μη έχων" (ანუ «ვისაც არა აქვს»), რაც
ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ყველას, ვისაც არა აქვს (ამ
შემთხვევაში «მახვილი»), უკვე 38 მუხლში ის ორ
ფიზიკურ მახვილზე ამბობს, რომ «საკმარისია». ანუ 36 მუხლში
თუ «მახვილი» კონკრეტულად ყველა ცალკეულ ქრისტეს მიმდევარს
შეეხებოდა, მაშინ რატომ იყო 12 ადამიანზე, თვითონ იესოს
ჩათვლის, «საკმარისი» მხოლოდ ორი მახვილი? ეს თვალსაჩინო განსხვავება
აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ 36 მუხლში იესომ
სიტყვა «მახვილი» შესაფერისი მაგალითის სახით გამოიყენა და მიზნად არ
ჰქონდა თავისი მიმდევრების ნამდვილი იარაღის ტარებისკენ აღძვრა.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე ნაკლებსავარაუდო ჩანს «მახვილის» შესახებ
იესოს სიტყვების ახსნა, გარეული მხეცებისგან და ყაჩაღებისგან თავდაცვის
გაგებით. ჩვენ ვერსად ვხვდებით ახალ აღთქმაში იმის მტკიცებულებებს, რომ
ადრეული ქრისტიანები რაიმე სახით მისდევდნენ ასეთ გაგებას და მახვილებით
იარაღდებოდნენ. პირიქით, მოციქული პავლეს, ყველაზე გამოჩენილი
მისიონერის წერილებში არსებული პირდაპირი და ნათელი მითითებები, რომელიც
სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად მაშინდელი მსოფლიოს მრავალ ტერიტორიებზე
მოგზაურობდა, ერთმნიშვნელოვნად საპირისპიროზე მეტყველებენ. პავლე ხაზს
უსვამდა, რომ ქრისტიანებს არ ჰქონდათ «ხორციელი იარაღი» და ისინი
არ შედიოდნენ პირდაპირი გაგებით შეტაკებებში «ხორცთან», ანუ
ადამიანებთან:
«ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი
ვიბრძვით. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის»
(2 კორინთელები 10:3,4. შეადარეთ ეფესოელები 6:11-17; 1 თესალონიკელები 5:8)
აქ შეიძლება საპასუხო შეკითხვა გაისვას: «მაშინ საიდან ჰქონდათ
პასექის ღამეს იესოს მოწაფეებს მახვილები? განა ეს საპირისპიროზე არ
მეტყველებს, რომ ყველა მათგანი მაინც მახვილს
ატარებდა?» არანაირად. და ამის გაგებაში თვითონ ლუკას სახარების 22
თავის კონტექსტი გვეხმარება. თავი მოახლოებული პასექის დღესასწაულის ხსენებით
იწყება, 7-9 მუხლებში კი ვკითხულობთ:
«დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე
კრავი. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად
მოგვიმზადეთ პასექი. ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?»
როგორც
ვხედავთ, იესო და მოციქულები პასექის მომზადებას გეგმავდნენ. პასექის
აღსანიშნავად საჭირო იყო კრავის დაკვლა და მისი საჭმელად
მომზადება (გამოსვლა 12:1-11). ეს განმარტავს იმას, თუ
წინასწარ რატომ დაიწყო იესომ იმაზე ზრუნვა, თუ სად შეძლებდნენ ის და მისი
მოწაფეები საპასექო მსხვერპლის დროულად მომზადებას, შემდეგ კი
მის საკვებად გამოყენებას. 10-12 მუხლებში უფალი პეტრეს და იოანეს იმას
უხსნის, თუ სად უნდა წასულიყვნენ ისინი ამ მიზნისთვის. წმინდა წერილი ამბობს:
«...იქ მოგვიმზადეთ. ისინი წავიდნენ და ყველაფერი
ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი»
(ლუკა 22:12,13)
სახარებები არ აზუსტებენ იმ დეტალებს, რომლებიც იმ უკანასკნელ
პასექთანაა დაკავშირებული, კერძოდ კი: საიდან მოიყვანეს მოწაფეებმა
კრავი, მოციქულებიდან უშუალოდ ვინ დაკლა ის, და დაეხმარა თუ არა მათ ამ
საქმეში სახლის პატრონი. ერთადერთი, რასაც სახარების ტექსტში
ვხედავთ, ესაა მოციქულების მისამართით იესოს მითითება
პასექის «მომზადებასთან» დაკავშირებით და, კერძოდ, თვითონ
იმის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში «მათ... მოამზადეს პასექი». აქედან
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოციქულებმა, ამ ყველაფრიდან
გამომდინარე, დღესასწაულისთვის მზადების
პროცესში კრავი «დაკლეს». რაღა თქმა უნდა, იგივე გააკეთა
თავისი ოჯახისთვის სახლის პატრონმაც. უშუალოდ პასექის მომენტში იესოსთან და
მოციქულებთან ერთად მისი ოთახში არყოფნა იმით აიხსნება, რომ ის დღესასწაულს სხვა
ოთახში აღნიშნავდა (მუხლები 11,12), ანუ მასაც წინასწარ უნდა
დაეკლა კრავი. თავისი მსხვერპლის მეზობელ ოთახში მყოფებისთვის განაწილება
სახლის პატრონს პასექის წესებიდან გამომდინარე არ შეეძლო, რადგან ეს წესები
მსხვერპლის ძვლების დამტვრევასა და მის ოთახიდან გატანას
კრძალავდა (გამოსვლა 12:46; რიცხვები 9:12).
ეს გარემოება შესაბამის დასკვნამდე მისვლის საშუალებას გვაძლევს იმ
ოთახში ორი მახვილის არსებობასთან დაკავშირებით, რომელშიც იესო და მისი
მოციქულები იმყოფებოდნენ. ლუკას 22:38-ში მოციქულების პასუხს
ვკითხულობთ: «უფალო, აჰა, ორი მახვილი». ამ
მუხლში «მახვილად» ნათარგმნია ბერძნული
სიტყვა "μάχαιραι" (სტრონგის ნომერი: #3162). მისი პირდაპირი
მნიშვნელობაა: «სამსხვერპლო დანა», «მოკლე მახვილი», «ხანჯალი». ძველ
ისრაელში ასეთ იარაღს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ იყენებდნენ, მას ასევე
ყოველდღიურ საჭიროებებშიც საკმაოდ ფართო გამოყენება ჰქონდა. კერძოდ, მსხვერპლის
შესაწირად. ასე ის ფაქტი, რომ მოციქულების სიტყვები უშუალოდ პასექის
ღამეს, ანუ «პასექის მომზადების» შემდეგ წარმოითქვა, რომლის
დროსაც კრავის დაკვლა იყო აუცილებელი, ამის აშკარა მტკიცებულებას
წარმოადგენს. როდესაც «მახვილის» (μάχαιραν) შესახებ იესოს
სიტყვები მოისმინეს, მოციქულებმა მაშინვე იმ ორ
მახვილზე (μάχαιραι) მიუთითეს, რომლებიც იმ ოთახში იყო.
საკუთრივ, თვითონ მათი სიტყვებიც იმაზე მოწმობენ, რომ ეს
მახვილები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. ისინი პასუხობენ: «უფალო,
აჰა, აქ ორი მახვილია» [სბს-2013], და არა «ჩვენ ორი
მახვილი გვაქვს». «აქ» — ანუ, სახლის მეპატრონის
ოთახში, სადაც მათ პასექის აღნიშვნის უფლება მისცა. ეს კი იმ დასკვნის
გაკეთებისკენ აღგვძრავს, რომ ორივე მახვილი სახლის პატრონის საკუთრებას
წარმოადგენდა და არა მოციქულების.
კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომ იესო «მახვილში» ღვთის
სიტყვას გულისხმობდა, ძალიან გავრცელებულ მოსაზრებას წარმოადგენს. ის
დადასტურებას ახალი აღთქმის ისეთ მუხლებში პოულობს,
როგორებიცაა 2 კორინთელების 6:7; ეფესოელების 6:17 და
ებრაელების 4:12 (შეადარეთ იერემია 23:29). მიუხედავად
ამისა, თუ უშუალოდ იესოს სიტყვების უახლოეს კონტექსტს მივაქცევთ ყურადღებას, რომლებშიც
საუბარი იმ განსაცდელებს ეხება, რომლებიც მის მიმდევრებს მოელოდათ
მომავალში, მაშინ წმინდა წერილის «ყიდვის» აზრი მართლაც
საფუძვლიანი გამოჩნდება. თუმცა უფლის სიტყვებში მოცემული მთავარი
გზავნილი — მესიისადმი რწმენის გამო დევნებისათვის მზადყოფნას
წარმოადგენს. კერძოდ, მომდევნო 37 მუხლი «მახვილის
ყიდვასთან» დაკავშირებული იესოს სიტყვების გაგრძელებას და განმარტებას
წარმოადგენს:
«...რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი:
ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს
უახლოვდება» (ლუკა 22:37)
ანუ იესო თავის მოწაფეებს ურჩევს აიღონ ჩანთა, საფულე
და «იყიდონ მახვილი», რადგან მათ შევიწროვება და უსიამოვნებები
მოელით. მათი მასწავლებელი თუ «ბოროტმოქმედთა შორის
შეირაცხება», მაშინ ქვეყნიერება მის მიმდევრებსაც აუცილებლად დაუწყებს
დევნას (იოანე 15:20).
მაშ ასე, როგორი დასკვნის გაკეთება
შეგვიძლია «მახვილთან» დაკავშირებულ იესოს სიტყვებთან დაკავშირებით
ლუკას 22:36-დან? თუ ქრისტიანების მიერ ფიზიკური იარაღის გამოყენების იდეა
პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებებს, აშკარაა, რომ უფალს
მიზნად არ ჰქონდა თავისი მიმდევრებისთვის ასეთი შეხედულების
სწავლება. ასეთივე დასკვნამდე მივყავართ 36 და 38 მუხლების
შედარებას, რომლებიც უსიტყვოდ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს იმ შემთხვევაში, თუ
სიტყვა «მახვილს» პირდაპირ გავიგებთ. ან რამდენად სერიოზულად
შეიძლება აღვიქვათ ის იდეა, რომ სულ რაღაც ორ მახვილს შეეძლო 12 კაციანი
ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა? «მახვილის» როგორც ღვთის სიტყვის გაგებაც
არ გამოდგება განმატებისთვის, თუ თხრობის ახლო კონტექსტს
გავითვალისწინებთ, რომელშიც იესო თავის მოწაფეებს მომავალ დევნებზე
ესაუბრება.
იესოს მიზანი თუ თავისი მოციქულების მომავალი დევნებისთვის მომზადება
იყო, მაშინ მაინც და მაინც ეს ფრაზა რატომ გამოიყენა — «იყიდოს
მახვილი»? სინამდვილეში მსგავსი მეტაფორული ფორმის გამოყენება ქრისტესთვის
დამახასიათებელი იყო. ის ხშირად ფუთავდა აზრებს მისი მსმენელებისთვის ჩვეული
აღწერილობითი სახეებითა და სიტუაციებით. ზუსტად ამაში მდგომარეობდა
დედამიწაზე ქრისტეს მსახურების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა:
«ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა
არაფერს ეტყოდა მათ. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც
ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის
დასაბამიდან.» (მათე 13:34,35)
მაგალითად, როდესაც ამბობდა «გაყიდოს სამოსი და
იყიდოს მახვილი», იესო პირველად არ იყენებდა «სამოსის» სახეს, რომელიც
განსაცდელებისას უნდა დაეკარგათ. იგივე ბერძნულ
სიტყვას "ιμάτιον" (რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ზედა სამოსს
ნიშნავს) ჩვენ მის ცნობილ მთაზე ქადაგებისასაც ვხვდებით
მათეს 5:38-48-ში (მუხლი 40), მოგვიანებით
კი — ლუკა 6:27-35-ში (მუხლი 29). ორივე
შემთხვევაში იესო ტანსაცმლის დაკარგვის გაგებას მომავალი დევნების აღწერის ფონზე
იყენებს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ის ხაზს უსვამდა,
რომ მოწაფეებს რომლებიც განსაცდელებს დაექვემდებარებოდნენ, მშვიდობისმყოფელობა
უნდა შეენარჩუნებინათ და მწყენინებლებისთვის ეპატიებინათ. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, «ზედა სამოსის გარეშე
დარჩენა» იმისთვის მზაობას ნიშნავს, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად
დათმობებზე წავიდეთ და უარი არ ვთქვათ რწმენაზე. შესაბამისად, ლუკას 22:36-ის შემთხვევაშიც, სადაც
იესო კვლავ ზედა ტანსაცმლის გარეშე დარჩენის მითითებას იძლევა, თანაც
წინამდებარე დევნების ანალოგიურ კონტექსტში, ის გულისხმობს თავისი
მიმდევრების იგივე მზაობას გადაიტანონ დევნები და შეინარჩუნონ მშვიდობა და არა
ამის სრულიად საპირისპირო გაგებას «კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ».
დასკვნა: ფრაზა «გაყიდოს სამოსი» მოიაზრებს
ქრისტიანების მზაობას დევნებისა და შევიწროვებისთვის იმ პირობებში, როდესაც მტრები
ქრისტესადმი რწმენის გამო დევნიან.
ეხლა ის განვიხილოთ, თუ რა შუქში საუბრობდა იესო
ლუკას 22:36-ში «მახვილის» შესახებ. ისევე
როგორც «სამოსელის» შემთხვევაში, ქრისტეს «მახვილის» გაგებაც
ჰქონდა წინათ უკვე გამოყენებული, როდესაც მოწაფეებს არიგებდა დევნების დროს
რწმენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამის ნათელი
მაგალითი — მათეს სახარების მე-10 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვებია:
«ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ
ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. ვინაიდან
მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს
მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი» (მათე 10:34-36)
როდესაც იმას ამბობდა, რომ თავისი მსახურებისთვის «მახვილის
მოსატანად» მოვიდა, ღვთის ძე პირდაპირი გაგებით ფიზიკურ მახვილს როდი
გულისხმობდა, რომელიც ქრისტიანებს ვითომდა მაშინ უნდა
გამოეყენებინათ, როდესაც ოჯახური კონფლიქტები მოხდებოდა. ეს აბსურდულად
გაიჟღერებდა. რაღა თქმა უნდა, «მახვილში» უფალი თავისი მიმდევრების
მიმართ გამოვლენილ სისასტიკის ფაქტს გულისხმობდა, რომელთან შეჯახებაც მათ
ნათესავების მხრიდანაც მოუწევდათ. თანაც, ეს დასკვნა ქრისტეს სხვა
ანალოგიური სიტყვებითაც დასტურდება, რომლებშიც
სიტყვა «მახვილი» სიტყვა «განხეთქილებითაა» შეცვლილი:
«იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა,
გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში
ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; დიახ, განდგესა მამა
ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი -
რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან» (ლუკა 12:51-53)
როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, იესომ «მახვილის» გაგება იმისთვის
გამოიყენა, რათა მოწაფეები იმის მზადყოფნისკენ აღეძრა, რომ მზადყოფნა
გამოევლინათ ჭეშმარიტებისათვის მომავალი სულიერი (!) ბრძოლების დროს. მხოლოდ ასეთ «ბრძოლებში» შეუძლიათ
ქრისტიანებს მონაწილეობის მიღება. მხოლოდ ასეთი «მეომარი» შეიძლება
ის რომ იყოს. და მხოლოდ ასეთ «იარაღს» ატარებს ის
გამუდმებით (ეფესოელები 6:17; ებრაელები 4:12).
«იბრძოლე რწმენისთვის ღირსეულ ბრძოლაში»
(1 ტიმოთე 6:12, აქ)
«როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა, შენც
გაუძელი განსაცდელს» (2 ტიმოთე 2:3)
«ჩვენ ყველაფერში ღირსეულად წარვადგენთ თავს, როგორც ღვთის
მსახურებს შეეფერებათ — ბევრს ვიტანთ, ვუძლებთ გასაჭირს, სიდუხჭირეს,
სირთულეებს, ცემას, პატიმრობას, ბრბოს თავდასხმებს, მძიმე შრომას, უძილო
ღამეებს და შიმშილს..., ვცხოვრობთ... სიმართლის ლაპარაკით, ღვთის ძალით, სიმართლის იარაღით მარჯვენა და
მარცხენა ხელში, დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი
სახელით; მატყუარებად მიჩნეულნი, მაგრამ სიმართლის მთქმელნი»
(2 კორინთელები 6:4-8)
ზუსტად ეს აზრი დევს ლუკას 22:36-ში მოხსენიებულ «მახვილში»
— გაჭირვებისა და შევიწროვების
პირობებში რწმენის შესანარჩუნებლად სულიერი ბრძოლისათვის მზადყოფნა.
დამატებითი შედარების სახით ჩვენ ასევე იესოს იმ სიტყვებზეც
გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც მან ლუკას 9:23-ში
თქვა. საყურადღებო ის არის, რომ ამ ცნობილ ნაწყვეტში ღვთის ძე კვლავ
ძალიან მსგავს სიტყვათა წყობას იყენებს, როდესაც მოწაფეებს მოუწოდებს, რომ
ქრისტესადმი რწმენის გამო მზადყოფნით შეხვდნენ სირთულეებს:
«ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი
ჯვარი და გამომყვეს მე» (ლუკა 9:23)
შემდეგ რამეზე დავფიქრდეთ. იესო პირდაპირ მოწოდებას იყენებს:
«განუდგეს თავის თავს [და] აიღოს თავისი ჯვარი», ამავდროულად არ
აზუსტებს, რას ნიშნავს «ჯვრის აღება». მიუხედავად ამისა, ეჭვი
მეპარება რომელიმე მორწმუნემ იმის მტკიცება დაიწყოს, რომ იესოს სიტყვები
პირდაპირი გაგებით უნდა იქნას გაგებული, და რომ ქრისტიანმა თან უნდა იქონიოს
ნამდვილი სასიკვდილო იარაღი. იესოს სიტყვების უახლოესი კონტექსტიდან
მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ ის გარკვეულ შედარებას
აკეთებს, გულისხმობს არა პირდაპირი გაგებით «ჯვრის» ტარებას, არამედ
თავგანწირვას და იმისათვის მზადყოფნას, რომ მიუხედავად განსაცდელებისა და
სიკვდილის საფრთხისა, ქრისტიანის სატარებელი ატარონ.
ლუკას 9:23-ში მოცემული იესოს სიტყვების კონსტრუქციას საერთო ნაკვთები აქვს ლუკას
22:36-ში ჩაწერილ უფლის ცნობილ სიტყვებთან. პირველ შემთხვევაში ქრისტე
ამბობს: «განუდგეს თავის თავს [და] აიღოს თავისი ჯვარი», ხოლო
მეორე შემთხვევაში: «გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი». და
როგორც სიტყვათა წყობა, ისევე სიტყვების არსი პრაქტიკულად
იდენტურია: მზადყოფნა ზარალის მისაღებად, რათა
რომელიღაც «იარაღი» შეიძინო. თვითონ «ჯვარი» — უკვე
თავისთავად იარაღია, რომელიც ერთადერთი მიზნით გამოიყენებოდა: ადამიანის
მოსაკლავად. განა იფიქრებს მკითხველი, რომ ქრისტიანმა პირდაპირი
გაგებით «ჯვარი [უნდა] აიღოს», რათა მასზე მოწინააღმდეგეები
გააკრას? ასეთი მოსაზრება აბსურდულია! იესო სრულიად საპირისპიროზე
ლაპარაკობდა.
ზუსტად ასეთივე მიდგომის გამოყენებაა საჭირო ლუკას 22:36-ში ჩაწერილი
იესოს სიტყვების მიმართ, როდესაც ის სულ სხვა სასიკვდილო იარაღზე —
«მახვილზე» საუბრობს. ფრაზა «მახვილი იყიდოს» არანაირად არ
გულისხობს პირდაპირი გაგებით მახვილით შეიარაღებას, რათა მისი მეშვეობით მტრები
დახოცონ. ისევე როგორც ლუკას 9:23-ში მოცემულ მის მსგავს
შემთხვევაში, მოწოდების აზრი სრულიად საპირისპიროა: მოწინააღმდეგეების მხრიდან თავდასხმების ატანისათვის
მზადყოფნა, რწმენის დაცვა სულიერ და არა პირდაპირი გაგებით ფიზიკურ ბრძოლებში.
«რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით,
არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის
უკეთურ სულთა წინააღმდეგ» (ეფესელები 6:12)
შესაძლოა, ვინმემ კითხვა დასვას: რატომ თქვა
იესომ, რომ «მახვილის ყიდვა» იყო საჭირო? მესიის მიერ ასეთი
ფრაზის გამოყენებაში უჩვეულო არაფერია. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ
ბიბლია საკმაოდ ხშირად იყენებს ამ გაგებას, თანაც არა პირდაპირი, არამედ
გადატანითი მნიშვნელობით, რათა ისეთი რამის ყიდვას გაუსვას ხაზი, რასაც
ჭეშმარიტებასთან აქვს შეხება.
«ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ
გაჰყიდი» (იგავები 23:23)
«ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო,
წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!»
(ესაია 55:1)
იესომ სიტყვა «ყიდვა» მაშინაც გამოიყენა, როდესაც
სიმბოლური სახეებით გადასცემდა მსმენელებს მნიშვნელოვან სულიერ
ჭეშმარიტებებს. მაგალითად, იმ ადამიანის აღწერისას, რომელმაც
მინდორი იყიდა, ან იმ ვაჭრის აღწერისას, რომელმაც მარგალიტი
იყიდა (მათე 13:44-46). თანაც ორივე შემთხვევაში იესოს
ადამიანებამდე ის აზრი მიჰქონდა, რომ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული სულიერი
კურთხევების შესაძენად ადამიანმა რაიმე უნდა გაიღოს მსხვერპლად, რამე
უნდა «გაყიდოს» («ყველაფერი, რაც ებადა», მათე 13:44-46;
«სამოსი», ლუკა 22:36). იესომ ათი ქალწულის შესახებ იგავშიც
სიტყვა «ყიდვა» გამოიყენა, რაშიც სულიერი «ზეთის» შეძენა
იგულისხმა (მათე 25:6-9).
სხვა შემთხვევაში უფალი პირდაპირ მიუთითებს დაკარგული სულიერი პოტენციალის მქონე
ქრისტიანებს მისგან იმის «ყიდვის» აუცილებლობაზე, რაც მათ აკლიათ:
«რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო,
და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და
შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა
გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის
სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო» (გამოცხადება 3:17,18)
ამგვარად, იესოს მიერ გამოყენებული მითითება
მახვილის «ყიდვის» შესახებ სხვა ბიბლიური მაგალითების შუქში რაიმე
უჩვეულოს არ წარმოადგენს. განა ღირს იმის შეხსენება, რომ ზუსტად ასეთ
აზრს — «გამოსასყიდი, გამოსყიდვა» — იყენებს ბიბლია ქრისტეს
მსხვერპლის წყალობით კაცობრიობის ხსნის აღსაწერად? (1 კორინთელები 6:20;
7:23; გალატელები 3:13; 4:5).
ამგვარად, ჩვენ გამოვიკვლიეთ ლუკას 22:36-ში ჩაწერილი იესოს
სიტყვები, რომლებიც მან თავისი მოწაფეების დარიგებისას წარმოთქვა: «ამჟამად
კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს
სამოსი და იყიდოს მახვილი» (ლუკა 22:36). როგორ დასკვნამდე
მივდივართ ქრისტიანებისთვის მათ მნიშვნელობასთან დაკავშირებით? როგორც
ახლომდებარე, ასევე შორეული კონტექსტისადმი ყურადღებიან მიდგომას, და ასევე
ქრისტეს სწავლების აშკარა მშვიდობისმყოფლური სულის გათავისებას, ერთადერთ
დასკვნამდე მივყავართ.
«გაყიდვა» — ნიშნავს
რაიმეს ფლობის უფლებაზე უარის თქმას. «ყიდვა» — ნიშნავს
შეძენას, რაიმეს საკუთრებაში მიღებას. «გაყიდოს სამოსი» მოიაზრებს ქრისტიანის მზადყოფნას თავგანწირვისა და
გაჭირვებისადმი, მაშინ როდესაც «მახვილი იყიდოს» ნიშნავს
ქრისტიანის მიერ «იესო ქრისტეს მეომრის» მდგომარეობის შეძენას, რომელიც «იბრძოლე [ბს] რწმენისთვის
ღირსეულ ბრძოლაში», მიუხედავად წინააღმდეგობისა და დევნისა (1 ტიმოთე 6:12, ახალი ქვეყნიერების თარგმანი;
2 ტიმოთე 2:3). ამავდროულად იესოს ნამდვილი მიმდევარის «სიმართლის
იარაღს» წარმოადგენს არა ფიზიკური მახვილი, არამედ «სულიერი
მახვილი» (2 კორინთელები 6:4-8; ეფესოელები 6:17; ებრაელები 4:12). და
მისი «რწმენისთვის ბრძოლა» მოიაზრებს არა პირდაპირი გაგებით
მკვლელობებში და ომებში მონაწილეობას, არამედ სიმტკიცისა და რწმენის
შენარჩუნებას (ფილიპელები 1:27; 1 თესალონიკელები 3:8; გამოცხადება 14:12).
«რადგან ხორციელთა წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ» (ეფესოელები 6:12, ახალი
ქვეყნიერების თარგმანი. შეადარეთ ეფესოელები 4:27;
6:11; იაკობი 4:7; 1 პეტრე 5:8,9)
ეკლესიის
მასწავლებლების კომენტარები
წმ. იოანე ოქროპირი
«როდესაც თქვა: «ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე
აბგაც», მან მიაბა: «ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი»
(ლუკა 22:36). რას ნიშნავს ეს? ნუთუ მოწაფეებს აიარაღებს
ის, რომელმაც თქვა: «ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე
მას» (მათე 5:39)? ის, ვინც მცნებად დაგვიდო დავლოცოთ ჩვენი
მლანძღველები, მოვითმინოთ შეურაცყოფები, ვილოცოთ
მდევნელებისთვის, შემდეგ მოწაფეებს აიარაღებს, თანაც მხოლოდ
მახვილით? და რა აზრი იყო ამაში? თუ დაუყოვნებელი შეიარაღება იყო
საჭირო, მაშინ შესაბამისი იქნებოდა არა მხოლოდ მახვილით, არამედ ასევე
ფარით, ჩაჩქანითა და ჯავშნით შეიარაღებაც. ჭეშმარიტად, ის თუ
ამის ადამიანურად მოწყობას გეგმავდა, მაშინ ვის არ მოეჩვენებოდა ასეთი
მითითება სასაცილოდ? სინამდვილეში, მათ რომ აურაცხელი რაოდენობის
ამგვარი იარაღი კიდეც რომ აეღოთ, რას გახდებოდა თერთმეტი ადამიანი ამდენი
ტომების, ხელისუფლების, ქალაქებისა და ერების მხრიდან მომდინარე თავდასხმებსა და
სასჯელებს? ... მაშ რისთვის ამბობს ის ამას? იმისთვის, რათა
იუდეველების მზაკვრობებზე და იმაზე მიუთითოს, რომ ისინი მის შეპყრობას
გეგმავენ. მაგრამ მას ამის აშკარად თქმა არ სურდა, მან ეს სიმბოლურად
თქვა, რათა კვლავ არ შეეძრწუნებინა ისინი. ზუსტად ასევე, როდესაც
მის სიტყვებს ვისმენთ: «რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში
ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ» (მათე 10:27), შენ ეს ისე არ
გესმის, თითქოს ის ქუჩის და მოედნის მიტოვებას და ერდოებზე ქადაგებისკენ
მოგვიწოდებს – იმიტომ რომ არსად ჩანს, რომ მოწაფეებს ასე
გაეკეთებინოთ – სიტყვები: «ერდოებზე» და:
«სინათლეზე» გაბედულებას გამოხატავენ; ხოლო სიტყვები: «ყურში» და:
«სიბნელეში» ნიშნავს: ის, რაც თქვენ მოისმინეთ სამყაროს პატარა
ნაწილში და ერთ ქვეყანაში – პალესტინაში, მთელ დედამიწას
ამცნეთ. სინამდვილეში ის მათ სიბნელეში და ყურში კი არ
ჩასჩურჩულებდა, არამედ მაღალ მთებზე და სინაგოგებში ესაუბრებოდა
მათ. აქაც ასევე უნდა გავიგოთ. ამიტომ, როგორც იქ, ერდოების
შესახებ მოსმენისას, ჩვენ სხვა რამე გავიგეთ, ასევე აქაც, როდესაც
მახვილებზე ვისმენთ, ჩვენ იმას არ გავიგებთ, თითქოს მან მახვილების
ყიდვა დაავალა, არამედ იმას, რომ მახვილებით ის მოსალოდნელ მზაკვრობებს
და იმას გამოხატავს, რისი დათმენაც იუდეველებისგან მოელის, და რაც უკვე
დაითმინა. ეს მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს. როდესაც თქვა:
«მახვილი იყიდოს», მან დაუმატა: «უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი:
ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო» (ლუკა 22:37). ხოლო როდესაც მათ
ნათქვამი ვერ გაიგეს და უთხრეს: «აჰა, ორი მახვილი», მაშინ მან უთხრა: «საკმარისია»
(ლუკა 22:38). ამავდროულად ეს არ იყო
საკმარისი. სინამდვილეში, მას რომ იმის სურვილი ჰქონოდა, რომ მათ
ადამიანური იარაღი გამოეყენებინათ, მაშინ არა თუ ორი და სამი, არამედ
ასი მახვილიც კი არ იქნებოდა საკმარისი; ხოლო ვინაიდან მას არ
სურდა, რომ მათ ადამიანური იარაღი გამოეყენებინათ, ორი მახვილიც კი
ზედმეტი იყო. თუმცაღა, მან არ განუმარტა ეს სიმბოლური
მახვილი; როგორც ხშირად აკეთებდა კიდეც. როდესაც ნათქვამს ვერ
ხვდებოდნენ, ის ამას ასევე ტოვებდა და ნათქვამის განმარტების საშუალებას
შემდგომ მოვლენებს აძლევდა. მან იგივე გააკეთა სხვა შემთხვევის
დროსაც. როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ ლაპარაკობდა, მან ასეთი
რამ თქვა: «დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას» (იოანე 2:19),
– მაგრამ მოწაფეები ვერ მიხვდნენ ამ სიტყვებს; ხოლო იმაზე რომ ვერ
მიხვდნენ, სახარების დამწერი მიუთითებს შემდეგი სიტყვებით: «ხოლო როდესაც
მკვდრეთით აღდგა», მაშინ «ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც»
(იოანე 2:22), და კვლავ სხვა ადგილზე: «რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ
წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო» (იოანე 20:9)».
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი, «ლუკას სახარების განმარტება»
«ვინაიდან
მრავალი საფრთხე დაგემუქრებათ, რაზეც „მახვილი“ მიანიშნებს. ამას, რა თქმა
უნდა, იმიტომ არ ეუბნება, რომ მახვილები ატარონ თან, არამედ როგორც მე ვთქვი, რათა
გამოაცხადოს ომებისა და განსაცდელების შესახებ და ყველაფრისთვის შეამზადოს ისინი... ამიტომაც
უფალი ეუბნება მათ: ამიერიდან ატარეთ „აბგები“, ანუ ისეთი თადარიგი დაიჭირეთ და
ისე იზრუნეთ, როგორც მათ, ვისაც შიმშილი ელის და იყიდეთ „მახვილი“, ანუ გაუფრთხილდით თავს, მსგავსად იმათი, ვისაც წინ
მრავალი საფრთხე და ბრძოლები უდევს...
ვინაიდან ისინი მაშინ ისე იყვნენ შემცბარნი, რომ თქვეს: უფალო, აჰა
ორი მახვილი, ხოლო იგი, ხედავს რა რომ ვერ გაიგეს, ამბობს, „საკმარისია“. თუმცა კი
არ იყო საკმარისი. ვინაიდან თუკი ყაჩაღური გზით მოსულთა წინააღმდეგ ადამიანური
დახმარების გამოყენება გახდებოდა საჭირო, ასი მახვილიც არ იქნებოდა საკმარისი.
ხოლო თუკი არა ადამიანური, არამედ ღმრთაებრივი თანაქმედება იყო საჭირო, მაშინ ორი
მახვილიც ზედმეტი იყო. თუმცა უფალმა არ ინდომა ემხილებინა ისინი ვერ გაგებაში,
არამედ თქვა რა „კმა არს“, წავიდა. ეს იმის მსგავსია, როდესაც ჩვენც, როდესაც
ვინმეს ვესაუბრებით, ვხედავთ რა, რომ მას არ ესმის ჩვენი სიტყვები, რომ არ
შეურაცხვყოთ იგი, თავს ვანებებთ. უფალი ასე იმიტომ მოიქცა რომ ხედავდა, მოწაფეებს
არ ესმოდათ თქმული. იგი მიდის წინ და თავს ანებებს საუბარს, ანდობს რა თქმულის
გაგებას გარემოებათა სვლას, მსგავსად იმისა, როდესაც მან ოდესღაც თქვა: „დაჰხსენით
ტაძარი ესე“, ხოლო მოწაფეებმა გაიგეს უკვე მოგვიანებით, მისი აღდგომის შემდეგ
(იოან. 2, 19, 22)».
ნეტ. ბასილი დიდი. ტომი 1. «კითხვა-პასუხებით მოკლედ
გადმოცემული წესები»
«რადგან წინასწარმეტყველების შესრულებისთანავე პეტრეს
ეუბნება მახვილის შესახებ: «ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება»
(მათე 26, 52). ამიტომ [ლუკას 22:36-ში ჩაწერილი
იესოს] სიტყვების არსს წარმოადგენს არა მითითება, არამედ უფლის
გამაფრთხილებელი წინასწარმეტყველება, რომ მოციქულები, უფლის მადლისა
და კანონის დავიწყების შემდეგ, მახვილის აღებასაც კი გაბედავდნენ».
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
«"გაყიდოს სამოსი, იყიდოს მახვილი" (ლუკა 22:36); ანუ [უფალი] ამბობს საკუთარი ხორცი კეთილ საქმეებს დაუქვემდებარე და ბრძნულად
წარმართე ბრძოლა სისუსტეებთან და ბოროტ სულებთან ღვთიური მშვიდობის მისაღწევად. ანუ [ის შენ გეუბნება]: ღვთის სიტყვიდან ის ჩვევა
შეიძინე, რომელიც, [მახვილის მსგავსად], ცუდს კარგისგან
გამოარჩევს (ებრაელები 4:12)».
დიაკ. იოანე ბუხარევი «ლუკას სახარების განმარტება»
«სიტყვები ფუთა, აბგა, მახვილი გადატანითი მნიშვნელობით
უნდა გავიგოთ: პირველი ორი სხვადასხვა საჭიროებებს
შეგვახსენებენ: შიმშილს, წყურვილს და ა.შ., ხოლო მახვილი – სხვადასხვა
საფრთხეებსა და უბედურებებს. იმ საფრთხეებსა და უბედურებებზე, რომლებიც
მოციქულებს წინ ელოდათ, უფალი პირდაპირ არ საუბრობს, არამედ სიმბოლურად,
– იმისათვის, რათა ისინი არ დააშინოს, რომელთა სულიც ჯერ არ
განმტკიცებულა».
ეპისკოპოსი მიხეილი (ლუზინი) «ლუკას სახარების განმარტება»
«საჭიროა «ფუთის, აბგის და
მახვილის» წაღება, მაგრამ თუ ვინმეს ეს უკანასკნელი არ აქვს, მაშინ
საჭიროა სამოსლის გაყიდვა (ანუ ზედა სამოსლის, რომლის გარეშე დარჩენაც
შეიძლება; შდ. მაგ. მათე 5:40) და მისი ყიდვა. – ეს
ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გავიგოთ არა პირდაპირი და საიდუმლო
გაგებით, არამედ სიმბოლური და ჰიპერბოლური. უფალი ამ სიტყვებით
მოწაფეებს იმ შრომის, სირთულეების, გაჭირვებისა და უბედურების, გაძლიერებული,
მუდმივი მოთხოვნილების ან აუცილებლობის აზრს ჩააგონებს, რომელიც ამ დღიდან მოელით,
რათა მოემზადონ ამ ყველაფრის ასატანად ანუ ამ ყველაფერთან საბრძოლველად...
მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილებები ანუ იმდენად
შეცბუნებულები იყვნენ, რომ ვერ მიხვდნენ უფლის სიტყვების აზრს განსაკუთრებული
საქმეებისთვის და მომავალში მათი ბრძოლისთვის მზადყოფნის შესახებ, მათ მისი
სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს, რომ ის მათ ნამდვილ მახვილებზე
ელაპარაკებოდა; და
ვინაიდან ხედავდნენ, რომ მათ მოძღვარს სიკვდილი ელოდა, მათ
იფიქრეს, რომ ის მათ მახვილების მეშვეობით დაცვაზე
ელაპარაკებოდა, ამიტომ აცხადებენ ამაყად, რომ მათ ორი მახვილი აქვთ
მოძღვრის დასაცავად. – «ორი მახვილი» მის წინააღმდეგ მიმართული იერუსალიმელი
მტრების წინააღმდეგ, სატანისა და ჯოჯოხეთის ძალების წინააღმდეგ!.. თუ
გავბედავთ და ქვეყნიერების მხსნელის ღვთაებრივ სახეზე ამ დიდებულ და მძიმე წუთებში
მოსიყვარულე, მოკრძალებულ ღიმილს წარმოვიდგენთ, მაშინ ზუსტად ასეთი ღიმილი
იქნებოდა მის სახეზე მოწაფეების მიერ იმის გამოცხადების შემდეგ, რომ მათ მის
დასაცავად ორი მახვილი ჰქონდათ. – «საკმარისია», პასუხობს მათ
უფალი, როგორც იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელიც აშკარად ხედავს, რომ
მისი არ ესმით და ვერც გაუგებენ, ამიტომ საუბრის გაგრძელებას ზედმეტად მიიჩნევს, წყვეტს
მას, თუმცაღა, თავის მსმენელებს იმის გაგების საშუალებას არ
აძლევს, რომ მას ესმის, მათ რომ მისი არ ესმით, საუბარს დაახლოებით
ასეთი სიტყვებით წყვეტს: კარგი, კარგი!., «საკმარისია»... ანუ
ამაზე არ ვსაუბრობო».
ავერკი (ტაუშევი), სირაკუზისა და ტროიცკის
არქიეპისკოპოსი, «ახალი აღთქმის წმინდა წერილის, ოთხი სახარების შესასწავლი
სახელმძღვანელო»
«უფლის მთელი შემდგომი სიტყვები ფუთის, აბგისა და დანის (ანუ
მახვილის) ყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით კი
არა, სიმბოლურად უნდა გავიგოთ. უფალი მათ უბრალოდ იმის შესახებ
აფრთხილებს, რომ მათთვის ცხოვრების უკიდურესად მძიმე პერიოდი
დგებოდა, და ისინი მისთვის თვითონვე უნდა მომზადებულიყვნენ, რომ მათ
ელოდათ შიმშილიც, წყურვილიც, უბედურებებიც, ადამიანების მხრიდან
მტრობაც; ამ ადამიანების თვალში თავად მათი მოძღვარიც თუ ბოროტებში
შეირაცხებოდა, რა კარგის მოლოდინი შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ? მოციქულებმა, მიამიტურად, უფლის
მიერ ნათქვამი პირდაპირ გაიგეს, და უპასუხეს: «აჰა, ორი
მახვილი». როდესაც დაინახა, რომ მას ვერ მიუხვდნენ, უფალმა ეს საუბარი
შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: "საკმარისია"».
ღირსი პიმენ დიდი «სკიტური პატერიკი»
«სახარებაში წერია: ვისაც სამოსელი აქვს, გაყიდოს ის და
ხანჯალი იყიდოს, ანუ ვინც სიამოვნებებში ცხოვრობს, ვალდებულია მიატოვოს
ის და ვიწრო გზა აირჩიოს».
დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი «მახვილი იყიდოს...»
«მახვილი – ღვთის სიტყვაა. ამის შესახებ
არაერთხელ ამბობს წარმართთა მოციქული – პავლე. «აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და
სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა» (ეფესოელები 6: 17). და
კიდევ: «ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო
ბასრი» (ებრაელები 4: 12). ჩვენ თუ იმას დავეთანხმებით, რომ უფალი
მოციქულებს უყურებდა და მათ ელაპარაკებოდა, თუმცა ყველა ჩვენთაგანს ხედავდა
და ჩვენც მოგვმართავდა; ჩვენ თუ იმ აზრს გავითავისებთ, რომ მახვილში
სიტყვა იგულისხმება, მაშინ დასკვნა თავისთავად მოვა. კერძოდ, ესაა ის
ერთადერთი დასკვნა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ნუ დაიშურებთ ძალას
და სახსრებს და წმინდა წერილის სწორი გაგებით შეიარაღდით... სიტყვები «გაყიდოს
სამოსი და იყიდოს მახვილი» შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სულიერი ცოდნის
შეძენას ხარჯები და სირთულეები სდევს თან».
ეპისკოპოსი კასიანე (ბეზობრაზოვი) «ლექციები ახალი აღთქმის
შესახებ. ლუკას სახარება»
«როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები? თანამედროვე
ლიბერალური განმმარტებლები მიდრეკილნი არიან მათში წინააღმდეგობის გაწევისკენ
მოწოდება დაინახონ. თუმცაღა შემდგომი სიტყვები იმაში გვარწმუნებენ, რომ იესო
წინააღმდეგობის გაწევაზე არ ფიქრობდა. პირიქით, წინააღმდეგობის
მცდელობა, რომელსაც მოწაფეები უწევენ, სახარებების სამი დამწერის
მტკიცებულებით — მათ შორის ლუკას მტკიცებულებითაც (გვ.
49-51, შდ. მათე 26:51-54; იოანე 18:10-11),
— იესოს მხრიდან უკუქმედებას ხვდება... შუასაუკუნეების ღვთისმეტყველებმა
ლუკას 22:38-ზე დააფუძნეს ორი მახვილის რომაული თეორია. ერთი მახვილი
საეროა, მეორე კი სულიერი. ორივე პაპის ხელშია. ამ თეორიას
სახარებისეულ ტექსტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენს მიერ დასმულ
შეკითხვას, პასუხი არ ეცემა. უნდა ვიფიქროთ, რომ 36-ე მუხლში
მოცემულ იესოს სიტყვებს იგავის მნიშვნელობა აქვს. მან წინამდებარე განსაცდელების
სრული სიმძიმე უნდა დაანახოს. მოციქულებს მთელი ძალებით დაეცემათ თავს
ქვეყნიერების ზიზღი. ადამიანური აზროვნებით — სასიკვდილო საფრთხის
წინაშე — მოციქულებს მხოლოდ ერთი რამ დარჩებათ: საკუთარი სიცოცხლის
იარაღით დაცვა. თუმცა იესოს მიზანი — იარაღის ხელში აღებისკენ
მოწოდება კი არა, ტანჯვისათვის მომზადება იყო. მოწაფეებს არ
ესმით, ამიტომ იესო წერტილს უსვამს მძიმე გაუგებრობას. Ίκανόν
έστιν ნიშნავს: კმარა ამაზე ლაპარაკი. კიდევ რაზე
გელაპარაკოთ, თუ არ გესმით? ასეთივე ახსნას ვხვდებით
მამებთანაც. კირილე ალექსანდრიელს იესოს სიტყვებში მწარე ირონია
ესმოდა. 49-ე მუხლში დასმული შეკითხვა გვიჩვენებს, რომ მოწაფეები
საკუთარ გაურკვევლობაში დარჩნენ. მხოლოდ ყურჩამოთლილი მონის განკურნება
და იესოს პირდაპირი აკრძალვა გაუმხელს მათ — ისევე როგორც უნდა
გაუმხილოს თანამედროვე ლიბერალურ განმმარტებლებს — მახვილზე ნათქვამი
სიტყვების ნამდვილ აზრს».
«ბრიუსელური ბიბლია», კომენტარები ლუკას 22:36,38-ზე
«"აბგა... და მახვილი" - მხატვრული
ფრაზები, რომლებიც დევნებისა და დაპირისპირების მოახლოებაზე მიანიშნებს (შდ. ლუკა 12:51).
"საკმარისია" - მოციქულებმა მახვილთან დაკავშირებული
ქრისტეს სიტყვები პირდაპირი გაგებით გაიგეს. ქრისტემ ისინი შეაჩერა».
«ახალი სასწავლო ჟენევური ბიბლია», კომენტარები
ლუკას 22:36,38-ზე
«როგორც ჩანს, ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით კი
არ უნდა იყოს გაგებული, არამედ როგორც მოწოდება სრული მზადყოფნით
შეხვდნენ მომავალ საფრთხეებსა და განსაცდელებს... მოწაფეებმა მახვილთან
(მუხლი 36) დაკავშირებული იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები პირდაპირი გაგებით
გაიგეს. პასუხად ის მათ საუბრის შეწყვეტას სთხოვს».
«აღდგენილი თარგმანი», კომენტარი ლუკას 22:36-ზე
«მხსნელის სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ მისი
სურვილი იყო მოწაფეები შეიარაღებულიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ, როდესაც
მის დაპატიმრებას შეეცდებოდნენ».
«ახალი ბიბლიური კომენტარები»
«იესომ იცოდა, რომ ამჯერად მას და მის მიმდევრებს მტრულ
დამოკიდებულებასთან და სიკვდილთანაც კი მოუწევდათ შეჯახება. მოწაფეებმა
არასწორად გაიგეს მისი ხატოვანი სიტყვები დევნების მოახლოების შესახებ და იარაღი
იშიშვლეს. საკმარისია, თქვა იესომ, როდესაც ის საუბარი
შეაჩერა, რომელიც მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ
იესოს გზა — სიყვარულის გზაა და არა მახვილის».
ნ.ტ. რაიტი «სახარება. ლუკა. პოპულარული კომენტარები»
«მათ არ ესმით, რომ ის ხატოვნად ლაპარაკობს, და, როგორც
ჩანს, ფიქრობენ, თითქოს ის რეალური ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს
მათ. როდესაც იესო ამბობს: «საკმარისია», ის იმას არ
გულისხმობს, რომ მოსალოდნელი მოვლენებისთვის ორი მახვილია საკმარისი. ის
დაღლილი ასრულებს თავის საუბარს, რომლიდანაც მათ, როგორც
ჩანს, საერთოდ ვერაფერი გაიგეს».
«ახალი აღთქმისა და ფსალმუნების განმარტება», ფ. გრუნცვაიგის
რედაქციით
«მახვილი: ხატოვანი სიტყვის საშუალებით იესო
გაბედულებისკენ მოუწოდებს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე...
საკმარისია: ფაქტიურად მას არ სურს და არც უნდა მახვილით
თავის დაცვა».
ვ.ნ. კუზნეცოვა «ლუკას სახარება. კომენტარები»
«ეს გამოთქმა რჩება ერთერთ ყველაზე რთულ ფრაზად
სახარებაში, იმიტომ რომ ის, მას თუ პირდაპირი მნიშვნელობით
გავიგებთ, ძალადობის შესახებ იესოს სწავლებას ეწინააღმდეგება (6.27-29), ასევე
იესოს აკრძალვას, რომ მისი დაპატიმრებისას იარაღი არ
გამოეყენებინათ (მუხლი 51)... უფალს იმის თქმა არ სურს, რომ
მოწაფეებმა თავისი მისიონერული მოგზაურობებისას მახვილით უნდა დაიცვან
თავი: უფალი არაერთგზის ჩააგონებდა მათ, რომ როცა საჭირო იქნებოდა,
თავად ღმერთი დაიცავდა მათ (შდ. 21.18 და სხ.). არა, უფალს
მათთვის იმის თქმა სურს, რომ ამიერიდან მისი მოწაფეებისთვის უკიდურესად მძიმე
დრო დგება: მათ წინააღმდეგ ქვეყნიერება გაილაშქრებს, ამიტომ ისინი
ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად. რატომ უნდა მოემზადონ მოწაფეები
ქვეყნიერების მხრიდან დევნისთვის? იმიტომ, რომ მათი უფალი და მოძღვარი
ამჯერად "ცოდვილთა შორის [უნდა] შეირაცხოს"
(ესაია 53.12), ანუ დამნაშავეთა ხვედრი გაიზიაროს. ამიტომ
გასაგებია, რომ არც მის მიმდევრებს უნდა ჰქონდეთ კარგის
მოლოდინი (შდ. მათე 10.24 და შემდ.)». ის, ვინც
იესოს მიჰყვება, შეიარაღებული უნდა იყოს, ოღონდ იესოს მახვილით (შდ. გამოცხადება 1.16:
«მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული»; იხ. ასევე
გამოცხადებს 2.12; 19.15, 21; შდ. 2 თესალონიკელები 2.8).
[...]
თუმცა საუბარია სულიერ იარაღზე და არა ნამდვილ მახვილებზე, მოწაფეები
იესოს ორ მახვილს უჩვენებენ. საკმარისია! – პასუხობს იესო – ეს
მიუხვედრელი მოწაფეების მიმართ გამოთქმული საყვედურია («დავამთავროთ ეს
საუბარი!»), თუმცა ზოგიერთი კომენტატორი აქ ირონიას ხედავს:
«ო, დიახ! ორი მახვილი საკმარისი იქნება, სატანასა და მის
მსახურებთან შესაბრძოლებლად, ღვთის წყალობასთან ერთად! რადგან ეხლა ხომ
წმინდა წერილის წინასწარმეტყველებები სრულდება!» სახარებაში დაუნდობელი
სიაშკარავითაა დანახვებული მოწაფეების უუნარობა და ძალადობრივი
განწყობა, ასევე ის სიმკვეთრე, რომლითაც იესო ასრულებს უიმედო საუბარს».
«ა.პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია»
«მოწაფეებმა ვერ გაიგეს სიტყვა «მახვილის» შესახებ და
ფიქრობენ, რომ ქრისტე მოსალოდნელი საფრთხის გამო მართლა მახვილებით
შეიარაღებას ურჩევს მათ... როდესაც უფალი ხედავს, რომ მათ
საერთოდ არ ესმით მისი, ნაღვლიანი ამბობს «საკმარისია», ანუ
დავასრულოთ ეს საუბარი!»
კლეონ ლ. როჯერსი «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი
ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები»
«შესაძლოა, იგულისხმება: "მოემზადეთ რთული
დროისთვის"»
უილიამ მაკდონალდი «ბიბლიური კომენტარები ქრისტიანთათვის»
«რას გულისხმობდა მაცხოვარი, როდესაც მოწაფეებს მახვილების
ყიდვისკენ მოუწოდა? აშკარაა, რომ მას ის არ ჰქონდა
განზრახული, რათა მათ სხვებზე თავდასასხმელად მახვილები გამოეყენებინათ
როგორც იარაღი. ეს მისი სწავლებების დარღვევა იქნებოდა, რომლებიც შემდეგ
ადგილებშია მოცემული [იოანე 18:36; მათე 26:52; მათე 5:44; მათე 5:39;
2კორინთელები 10:4]»
წყარო:biblesvet.blogspot.com
თარგმანი აღებულია:
maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment