Sunday, 10 November 2024

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?

 

 თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო ნაწინასწარმეტყველები ესაიას 66:8-ში? 1948 წლის 14 მაისს შესრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი წინასწარმეტყველება? თანამედროვე ისრაელი ღვთის რჩეული ერი რომ ყოფილიყო და ბიბლიური წინასწარმეტყველებები მასზე რომ შესრულებულიყო, ეს აუცილებლად მიიპყრობდა მთელ მსოფლიოში ბიბლიის მკვლევართა ყურადღებას.

ესაია წინასწარმეტყველი აცხადებს: „ვის სმენია მსგავსი რამ?! ვის უნახავს ასეთი რამ?! თუ გაჩენილა ერთ დღეში ქვეყანა მშობიარობის ტკივილებით?! თუ დაბადებულა ერი ერთიანად?! მშობიარობის ტკივილები დაეწყო სიონს და ვაჟები გააჩინა“ (ესაია 66:8). ამ მუხლში აშკარად არის ნაწინასწარმეტყველები მთელი ერის უეცარი, თითქოსდა ერთ დღეში დაბადება. მაგრამ ვინ შობდა ამ ერს? პასუხს მომდევნო მუხლი იძლევა: «„თუ საშვილოსნოს გავაღებ, განა არ ვამშობიარებ?!“ — ამბობს იეჰოვა. „თუ დავაწყებინებ მშობიარობას, განა დავკეტავ საშვილოსნოს?!“ — ამბობს შენი ღმერთი». იეჰოვა ღმერთი გასაგებად ამბობს, რომ ერის დრამატული დაბადება მისი ჩარევით მოხდებოდა.

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო დემოკრატიული ქვეყანაა და ოფიციალურად არ აცხადებს, რომ ბიბლიის ღმერთზეა მინდობილი. განაცხადა 1948 წელს ისრაელმა, რომ იეჰოვა ღმერთის ჩარევით შეიქმნა მათი სახელმწიფო? არა. არც ღვთის სახელი და არც სიტყვა „ღმერთი“ დეკლარაციის ორიგინალში მოხსენიებული არ ყოფილა. დეკლარაციის საბოლოო ტექსტზე წიგნში „ებრაელთა ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები“, ნათქვამი იყო: «დღის 1-ელ საათზე, როცა ეროვნული საბჭო შეიკრიბა, მის წევრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ერთი აზრი დეკლარაციის ტექსტის ფორმულირებაზე . . . მორწმუნე ებრაელებს სურვილი ჰქონდათ, ტექსტში ჩაეწერათ „ისრაელის ღმერთი“, რასაც საერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ. ბენ-გურიონი კომპრომისზე წავიდა და გადაწყვიტა, ტექსტში ღვთის ნაცვლად „კლდე“ ჩაეწერა».

თანამედროვე ისრაელი თავისი ქვეყნის სახელმწიფოდ გამოცხადებას დღემდე უმადლის გაეროსა და იმას, რასაც დეკლარაციაში ებრაელი ხალხის ბუნებრივი და ისტორიული უფლებები ეწოდება. განა გონივრულია, გვჯეროდეს, რომ მეოცე საუკუნეში ღმერთი უდიდეს წინასწარმეტყველურ სასწაულს მოახდენდა იმ ხალხის საკეთილდღეოდ, რომლებმაც ის არ განადიდეს?

რას ადარებენ თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნას?

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე საერო პირების წარმოდგენა მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც ძვ. წ. 537 წელს მოხდა. მაშინ ისრაელი ერი მართლაც „ხელახლა იშვა“, თითქოს ერთ დღეში. მანამდე ისრაელი 70 წელი იყო გაპარტახებული და გაუკაცრიელებული ბაბილონელების მიერ. ძვ. წ. 537 წელს საოცრად შესრულდა ესაიას 66:8-ში ჩაწერილი სიტყვები, როცა სპარსეთის მეფემ, კიროს დიდმა ბაბილონი დაიპყრო და ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა (ეზრა 1:2).

სპარსეთის მეფე კიროსმა აღიარა, რომ ძვ. წ. 537 წელს ისრაელის გათავისუფლებაში იეჰოვას ხელი ერია. ეს იერუსალიმში დაბრუნებულებმაც აღიარეს, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობისა და ტაძრის აღდგენა იყო. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს კი ოფიციალურად არასდროს გაუცხადებია მსგავსი სურვილი და მიზანი.

დღესაც ღვთის რჩეული ერია?

ახ. წ. 33 წელს, როცა ხორციელმა ისრაელმა იეჰოვას ძე, მესია უარყო, დაკარგა უპირატესობა, ღვთის რჩეულ ერად წოდებულიყო. ეს თავად მესიამაც თქვა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო . . . აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). იესოს ეს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომის ჯარმა გაანადგურა იერუსალიმი ტაძართან და სამღვდელოებასთან ერთად. მაგრამ ღვთის განზრახვის თანახმად, ვინ უნდა გამხდარიყო „ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება“, ‘მღვდლების სამეფო და წმინდა ერი’? (გამოსვლა 19:5, 6).

ამ შეკითხვას წარმოშობით ებრაელმა მოციქულმა პეტრემაც უპასუხა თავის წერილში, რომელიც როგორც არაებრაელებს, ისე ებრაელებს მისწერა. ის წერდა: „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება . . . ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც შეწყალებულნი არ იყავით, ახლა კი შეწყალებულნი ხართ“ (1 პეტრე 2:7—10).

ქრისტიანები, რომლებიც წმინდა სულით იყვნენ არჩეული, ამრიგად, ეკუთვნიან სულიერ ერს. ამ ერისშვილობას არ განსაზღვრავს არც წარმოშობა და არც გეოგრაფიული ადგილი. პავლე მოციქული ამ საკითხის ირგვლივ ამბობს: „არც წინადაცვეთაა რამე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ ახალი ქმნილება. მშვიდობა და გულმოწყალება მათ, ვინც ამ წესის შესაბამისად ივლის, დიახ, ღვთის ისრაელს“ (გალატელები 6:15, 16).

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო მოქალაქეობას სთავაზობს წარმოშობით ებრაელ თუ მათ სარწმუნოებაზე მოქცეულ ნებისმიერ ადამიანს, მაშინ როცა ბიბლიის თანახმად, „ღვთის ისრაელის“ მოქალაქეობა, მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც „მორჩილები და იესო ქრისტეს სისხლით ნასხურები“ არიან (1 პეტრე 1:1, 2). ღვთის ისრაელის წევრებზე ანუ სულიერ იუდეველებზე საუბრისას, პავლემ თქვა: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით. ასეთ ადამიანს ქება აქვს არა ადამიანთაგან, არამედ ღვთისგან“ (რომაელები 2:28, 29).

ეს მუხლი გვეხმარება, გავიგოთ პავლეს ის კომენტარი, რომელიც კამათის საგნად იქცა. რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე წარმოშობით ებრაელ ურწმუნო ადამიანებს ადარებს სიმბოლური ზეთისხილის ტოტებს, რომლებიც იმიტომ გადატყდნენ, რომ მასზე „ველური“ ტოტები, ანუ არაებრაელები დამყნობილიყვნენ (რომაელები 11:17—21). ამ შედარების ბოლოს პავლე ამბობს: „ისრაელის ნაწილს მანამდე ექნება გული გაქვავებული, სანამ უცხოტომელთაგან სრული რიცხვი არ შეივსება. ასე გადარჩება მთელი ისრაელი“ (რომაელები 11:25, 26). წინასწარმეტყველებდა პავლე, რომ ბოლო წუთს ყველა ებრაელი გაქრისტიანდებოდა? ცხადია, არა. ასეთი რამ არ მომხდარა.

გამოთქმაში „მთელი ისრაელი“, პავლე გულისხმობდა სულიერი ისრაელის ყველა წევრს — ქრისტიანებს, რომლებიც წმინდა სულით იყვნენ არჩეული. პავლე ამბობდა, რომ მართალია წარმოშობით ებრაელებმა მესია არ მიიღეს, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლიდა ღვთის განზრახვას, სულიერი ზეთისხილის ხეს ნაყოფიერი ტოტები გამოეღო. ეს მაგალითი ძალიან ჰგავს იესოს მაგალითს, რომელშიც ის საკუთარ თავს ადარებს ვაზს, რომელსაც უნაყოფო ლერწები მოშორდება. იესომ თქვა: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა. ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 15:1, 2).

ბიბლია არ წინასწარმეტყველებდა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნას, სამაგიეროდ მასში ნამდვილად იყო ნაწინასწარმეტყველები სულირი ერის, ისრაელის, შექმნა. თუ გაიგებთ ამ სულიერი ერის ვინაობას და ურთიერთობა გექნებათ მათთან, მარადიულ კურთხევებს მოიმკით (დაბადება 22:15—18; გალატელები 3:8, 9).


ისრაელში დაიწყება არმაგედონი? რას ამბობს ბიბლია?


ბიბლიის თანახმად, არმაგედონი არის ბრძოლა, რომელიც დედამიწის ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე კი არა, მთელ მსოფლიოში გაიმართება მთავრობებსა და ღმერთს შორის.

  •  «ეს სიტყვები, რომლებიც დემონების მიერაა შთაგონებული, . . მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს. შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“ ჰქვია» (გამოცხადება 16:14, 16).

 ებრაული სიტყვა „ჰარ-მეგიდონ“, რომელიც „არმაგედონად“ ითარგმნა, ნიშნავს „მეგიდოს მთას“. ერთ დროს მეგიდო ქალაქი იყო ძველი ისრაელის ტერიტორიაზე. სწორედ ამ მიზეზით ზოგი ფიქრობს, რომ არმაგედონი ისრაელში დაიწყება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერც მეგიდოს მიწა და ვერც ახლო აღმოსავლეთის სხვა რომელიმე ტერიტორია ვერ დაიტევს „მთელი მსოფლიოს“ მმართველებს და მათ ჯარს.

 წიგნი „გამოცხადება“ სიმბოლური ენით არის დაწერილი (გამოცხადება 1:1). შესაბამისად, არმაგედონი პირდაპირი გაგებით ერთ კონკრეტულ ტერიტორიას არ გულისხმობს. მასში ნაგულისხმებია მოვლენა, როცა მთელ მსოფლიოში ერები გაერთიანდებიან და ღვთის მმართველობას დაუპირისპირდებიან (გამოცხადება 19:11—16, 19—21).


No comments:

Post a Comment