Saturday, 11 July 2020

ბიბლია და ადრეული ქრისტიანები ნათლობაზე



შინაარსი:

1.წყალში სრული ჩაძირვა
2.ზრდასრულების ნათლობა და არა ჩვილების
3.ნათლობისთვის მზადება


წყალში სრული ჩაძირვა

სიტყვა «ნათლობა» — თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან «ბაპტო» [«ბაპტიზო»], რომელიც ნიშნავს «წყალში, სითხეში ამოვლებას, ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ამოწებას» (იოანე 13:26). ბიბლიური გაგებით «ნათლობა» — ნიშნავს «ჩაძირვას». თანაც საუბარია სრულ ჩაძირვაზე. «სმიტის ბიბლიური ლექსიკონი» აღნიშნავს: «პირდაპირ რომ ვთქვათ, [ბერძნული სიტყვა] „ნათლობა“ პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ჩაყვინთვას“». ამ ფაქტს ბიბლიური მაგალითები ადასტურებს. იესო უხვწყლიან მდინარე, იორდანეში მოინათლა და ნათლობის შემდეგ ის «ამოვიდა ... წყლიდან» (მარკოზი1:10; მათე 3:13, 16). იოანემ იორდანის ხეობაში გადაწყვიტა ხალხის მონათვლა, სალიმთან ახლოს, «რადგან იქ ბევრი წყალი იყო» (იოანე 3:23). გარდა ამისა, რადგან ნათლობა დამარხვას ასიმბოლოებდა, ის სრული ჩაძირვით სრულდებოდა (რომაელები 6:4—6; კოლოსელები 2:12).

 აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ფრანგი ბიბლიის მთარგმნელი, მაგალითად იუბერ პერნო და ანდრე შურაკი, იოანეს უწოდებენ არა «ნათლისმცემელს», არამედ «ჩამძირავს» (l’Immergeur). ხოლო მათეს 3:1-ის სქოლიოში რუსულენოვან «აზრობრივ თარგმანში» იოანეს «მძირავი» ეწოდება.

აღსანიშნავია ასევე ეთიოპი დიდებულის მაგალითი, რომელიც ფილიპემ მონათლა. ბიბლიის «აზრობრივ თარგმანში» ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეთიოპმა, როდესაც წყალი დაინახა, თქვა: «რა მიშლის ხელს ჩაძირვის წეს-ჩვეულების მიღებაში?» (საქმეები 8:26—39). ფილიპეს მიერ ეთიოპი საჭურისის მონათვლაზე «როტერგამის ბიბლიაში» ნათქვამია: «ორივე წყალში ჩავიდნენ, ფილიპე და საჭურისი და მან წყალში ჩაძირა ის» (საქმეები 8:38, «The Emphasised Bible»). ბიბლიური ცნობის თანახმად, ისინი ორივე «წყალში ჩავიდნენ», შემდგომ კი «წყლიდან ამოვიდნენ» (საქმეები 8:38,39).

«ოქსფორდის ბიბლიურ ცნობარში» ნათქვამია: «ახალ აღთქმაში ნათლობების ცალკეული შემთხვევების აღწერიდან გამომდინარე, იმას, ვინც ინათლებოდა, მთლიანად წყალში ძირავდნენ» («The Oxford Companion to the Bible»).

ისტორიული წყაროები იმაზე მეტყველებენ, რომ თავდაპირველად ქრისტიანული ნათლობა სრული ჩაძირვით სრულდებოდა. მაგალითად, «ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში» აღნიშნულია: «როგორც ჩანს, ადრეულ ეკლესიაში ნათლობა წყალში სრული ჩაძირვით სრულდებოდა» (New Catholic Encyclopedia. 1967 წელი, II ტომი, გვერდი 56).
წიგნში «ქრისტეს შემდეგ. ქრისტიანობის შობა» აღნიშნულია: «ნათლობისთვის ძირითადად აუცილებელი იყო რწმენის მიღება, რასაც ქრისტეს სახელით წყალში სრული ჩაძირვა მოჰყვებოდა» («After Jesus—The Triumph of Christianity»).

ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი, ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის ისტორიის შესახებ თავის ნაშრომში, წერდა: «თავდაპირველად ნათლობა ჩაყვინთვით სრულდებოდა» («History of the Christian Religion


მაგრამ, II საუკუნეში, როდესაც ბოლო მოციქული მოკვდა, ზოგიერთ ქრისტიანულ კრებებში ნათლობის ჩატარების ადგილობრივმა პრაქტიკებმა დაიწყეს გამოჩენა. მაგალითად, ძველ ნაშრომში «დიდაქე» ჩამოთვლილია ნათლობამდე მარხვასთან დაკავშირებით წესების მთელი რიგი და ასევე დაშვებულია «მოსანათლის თავზე წყლის თეოკრატიული დასხმა».

საბოლოო ჯამში, მოციქულთა დროის უბრალო ნათლობის ცერემონია, ძალზედ რთულ საიდუმლოდ იქცა, განსაკუთრებული ტანსაცმლითა და ტანის მოძრაობებით, უწმინდური ძალების განდევნით, წყლის კურთხევით, რწმენის სიმბოლოს წაკითხვითა და მირონცხებით. სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებდა არასრული ჩაძირვა. ბაპტისტერიებში (ნათლობისთვის განკუთვნილი ადგილი) ემბაზების სიღრმე სულ უფრო და უფრო დაბლდებოდა, ზოგიერთი მათგანი ნახევრამდე შემცირდა, როგორც ზომით, ისე სიღრმით. მაგალითად, კაზერში (საფრანგეთის სამხრეთი) ემბაზი, რომელიც თავდაპირველად სიღრმით მეტრზე მეტი იყო, VI საუკუნისათვის ნახევარ მეტრზე ნაკლები სიღრმის გახდა. ხოლო დაახლოებით XII საუკუნეში რომის-კათოლიკურ ეკლესიაში წყალში სრული ჩაძირვა, წმინდა წყლის მისხურებით შეიცვალა.


ზრდასრულების ნათლობა და არა ჩვილების


ბიბლიის თანახმად, ნათლობა — ესაა ნაბიჯი, რომელიც მორწმუნე ადამიანმა შეგნებულად უნდა გადადგას (1 პეტრე 3:21). იესომ თავის მიმდევრებს ჩვილების მონათვლა კი არ დაავალა, არამედ იმ მორწმუნეების, რომლებმაც მისი მცნებების დაცვა ისწავლეს. ის არც თვითონ იყო ჩვილი, როდესაც იორდანის წყლებში იქნა სრულად ჩაძირული; ის «დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო» (ლუკა 3:21—23; მათე 28:19, 20).

ბიბლიაში აღწერილი ადამიანების ნათლობის ყველა შემთხვევებში ჩანს, რომ ისინი მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ, «კაცები და ქალები», რომელთაც შეეძლოთ ჭეშმარიტების შესახებ სიტყვების მოსმენა და შეგნებულად მიეღოთ გადაწყვეტილება გამხდარიყვნენ ღვთის მიძღვნილი მსახურები (ნახეთ ნათლობის შემთხვევები საქმეების წიგნში: 2:38-41; 8:12,37-38; 9:17,18; 10:44-48; 16:14-15; 18:8; 19:5).

«ცნობილი არ არის არცერთი შემთხვევა იმისა, რომ მოციქულებს მოენათლოთ (სულიერად) გაუნათლებლები და მოუქცევლები, ანუ ჩვილები» (ვ.მ. მარცინკოვსკი «ზრდასრულების ნათლობა და მართლმადიდებლობა»)

«[ადრეული ეკლესიის მამები] ნათლობას ნამდვილად მხოლოდ ზრდასრულების მონათვლისას თვლიდნენ და მხოლოდ სწორი შინაგანი განწყობისა და მიზნის დროს» (ლუის ბერკხოფი «ქრისტიანული დოქტრინების ისტორია»).

«მეორე საუკუნის ბოლომდე არ არსებობს ინფორმაცია ბავშვების ნათლობის შესახებ. (შდ. ამის მტკიცებულება მეცნიერულ ეგზეგეტიკაშია, რომელიც აღიარებს, რომ ახალ აღთქმაში ბავშვების ნათლობის არავითარი კვალი არ არსებობს (Неrzog, Realencyklopedie), რომ “ქრისტეს არ დაუდგენია ბავშვთა ნათლობა” (Prof. Neander. Geschichte der christlichen Religion und Kirche. Hamburg 1826 1, 533, 547, 548. მეცნიერება ასევე აღიარებს, რომ ბავშვთა ნათლობის კვალის პოვნა შეიძლება მხოლოდ მეორე საუკუნის ბოლო პერიოდში.). ის გამოჩენას შედარებით წყნარ პერიოდში იწყებს, როდესაც ეკლესია აღარ იდევნებოდა, იმპერატორების კომოდუსის, სეპტიმიუს სევერუსის (180-308 წ.), ჰელიოგაბალუსის, ალექსანდრე სევერუსის, გორდიანეს, ფილიპე არაბის დროს (218-349 წ.).

თავის წიგნში «ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის საერთო ისტორია», საეკლესიო ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი, I საუკუნის ქრისტიანების შესახებ წერდა: «თავდაპირველად ქრისტიანულ ნათლობას მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იღებდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ნათლობა მჭიდრო კავშირშია რწმენასთან».

ნაშრომში «მოციაულების მიერ ქრისტიანული ეკლესიის დანერგვისა და ხელმძღვანელობის ისტორია» ავგუსტ ნეანდერი აღნიშნავს: «იმ პერიოდში არ არსებობდა ჩვილების ნათლობის წეს-ჩვეულება. [...] ის, რომ ჩვილების ნათლობის შესახებ პირველი ინფორმაცია მხოლოდ ირინეოს ლიონელის დღეებში გვხვდება [ახ. წ. დაახ. 120/140 — დაახ. 200/203] (არანაირად ამაზე ადრე), და ის, რომ ჩვილთა ნათლობის წეს-ჩვეულება აღიარებული იქნა როგორც მოციქულთა გადმოცემა მხოლოდ მესამე საუკუნეში, მეტყველებს არა სასარგებლოდ, არამედ უფრო იმის წინააღმდეგ, რომ თითქოს ეს გადმოცემა მოციქულებიდან წამოვიდა» (Neander A. History of the Planting and Training of the Christian Church by the Apostles, ნიუ-იორკი, 1864. გვ. 162).

«პირველ-სამოციქულო ეკლესიაში ბავშვების ნათლობის შესახებ არსად არ არის მცირე ხსენებაც კი. ჩვენ ვერ ვხვდებით ბავშვთა ნათლობის შემთხვევას წმინდა წერილების ვერცერთ წიგნში. ეკლესიის ისტორიის კვლევისას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ პირველი, ვინც ბავშვების ნათლობას ახსენებს, ეპისკოპოსი ირინეოს ლიონელი იყო (ახ. წ. დაახ 200 წელი). მაგრამ შეცდომა იქნებოდა თუ ვიფიქრებდით, რომ ზუსტად ამ დროისთვის იქცა ბავშვების ნათლობის შესახებ სწავლება საეკლესიო დოგმატად. პირიქით, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ზრდასრულების ნათლობა ჩვეულებრივ საეკლესიო წესს წარმოადგენდა. მხოლოდ VI საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო ეკლესიის გამორჩეული პოზიცია გამყარდა, ჩვილთა ნათლობა გავრცელებულ, საყოველთაოდ მიღებულ და სავალდებულო მოვლენადაც კი იქცა» (პ.ი. როგოზინი «საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი»).

II-III საუკუნეების მიჯნაზე, საეკლესიო ავტორიტეტების ცალკეული გამონათქვამები ბავშვების ნათლობის დაშვებულობასთან დაკავშირებით, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა იმ პერიოდის ქრისტიანული ეკლესიის უმრავლესობის მხრიდან. II საუკუნის ბოლოს „ეკლესიის მამა“ ტერტულიანე წერდა: «დაე [ბავშვები] მაშინ გახდნენ ქრისტიანები, როდესაც ქრისტეს გაცნობას შეძლებენ». თუმცა მოგვიანებით ორიგენემ (185—254) გამოთქვა აზრი, რომ «ნათლობა დაშვებული უნდა იყოს ჩვილებისთვისაც კი» (Selections From the Commentaries and Homilies of Origen. მადრასი, ინდოეთი, 1929. გვ. 211).

ბავშვთა ნათლობის პრაქტიკა კართაგენის საეკლესიო კრებაზე (ახ. წ. დაახ. 252 წელი) იქნა დამტკიცებული. «კართაგენის ეპისკოპოსი კვიპრიანე წერს 252 წელს ფიდის მიმართ მიწერილ წერილში, კართაგენის საეკლესიო კრების დადგენილების შესახებ: “ყველა ჩვენგანმა უკეთესად მივიჩნიეთ, რომ არცერთი დაბადებული ადამიანი არ დავტოვოთ ღვთიური წყალობისა და მადლის გარეშე”. საეკლესიო კრების განსაზღვრებაში ნათქვამია: “არავის უნდა დავუკავოთ ნათლობა და ღვთის მადლი, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებიც თავისი ტირილითა და ცრემლებით მხოლოდ მუდარას გამოხატავენ” (Твор. св. Кипр. еп. Карф., ч. V. Киев 1879)

«ეკლესიისა და სახელმწიფოს გაერთიანებამდე ბავშვების სავალდებულო და საყოველთაო ნათლობა არ არსებობდა» - აღიარებს ფილიპ შაფი («ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. მოციქულთა ქრისტიანობა. ახ. წ. 1-100 წ.»).


ჩვილთა ნათლობის იდეამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა, გავლენიანი საეკლესიო ავტორიტეტის, ავგუსტინეს (354–430) წყალობით.

«ავგუსტინე სამართლიანად განმარტავს ასეთ წეს-ჩვეულებას, როგორც მთელი კაცობრიობის თავდაპირველი ცოდვილობისადმი რწმენის შედეგს: პატარა ბავშვი ღვთისაგან მსჯავრდადებულია, როგორც კი ქვეყანას ევლინება, ის უკვე უწმინდურია და განბანას საჭიროებს… დაბადებისას ადამიანის უდანაშაულობის იდეამ ისეთ ცრურწმენამდე მიგვიყვანა, რომ ბავშვების მონათვლა ყველა შემთხვევაში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მარადიული ტანჯვა ელით ჯოჯოხეთში» (სტუარტ ჯ. ხოლი «ადრეული ეკლესიის სწავლება და ცხოვრება»).

«ახალშობილების ნათლობამდე [საბოლოოდ მივიდნენ] მხოლოდ IV საუკუნის ბოლოს, როდესაც ავგუსტინეს იდეამ გაიმარჯვა ებდნენ» (ამბროჯო დონინი «ქრისტიანობის სათავეებთან»).

ნათლობისთვის მზადება

«ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ.» (მათე 28:19,20).

იესოს ამ სიტყვების თანახმად, ადამიანის ნათლობას წინ უნდა უსწრებდეს საფუძვლიანი ბიბლიური განათლების მიღება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია მას, როდესაც ნათლობას აპირებს, «ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნა» (1 პეტრე 3:21).

მაგრამ, ბიბლიის ზოგიერთ მონაკვეთში რატომ წერია, რომ ადამიანები პრაქტიკულად მაშინვე ინათლებოდნენ როდესაც იესოსა და მოციქულების ქადაგებას ისმენდნენ? ეს იმით აიხსნება, რომ მოცემულ სიტუაციებში საუბარია იუდეველებზე ან პროზელიტებზე, რომლებსაც იმ მომენტში უკვე ჰქონდათ წმინდა წერილებიდან აუცილებელი ცოდნა. მათგან მხოლოდ ისღა მოითხოვებოდა, რომ საკუთარი ცოდვები მოენანიებინათ და ესწრაფათ ღვთისთვის მიეძღვნათ თავი, როგორც მისი ძის, იესოს მიმდევრებს.

«ყველა ებრაელმა იცოდა ღვთის კანონი და ეს ცოდნა ითვლებოდა მათში ყველაზე მნიშვნელოვან "ქონებად". მათ მცნებები უფრო კარგად ახსოვდათ, ვიდრე საკუთარი სახელები. სწავლება ადრეულ ბავშვობაში იწყებოდა ოჯახში და სკოლაში და სინაგოგაში გრძელდებოდა. ტიმოთე წმინდა წერილებს დედისა და ბებიის მუხლებზე სწავლობდა. იოსებ ფლავიუსი სიამაყით წერს იმის შესახებ, რომ მისი მოძღვრების წყალობით თოთხმეტი წლის ასაკში მან იმდენად კარგად იცოდა კანონი, რომ მას სთხოვდნენ რჩევის მიცემას მღვდელმთავარი და იერუსალიმის პირველი პირები. ყველა ქალაქში ინიშნებოდნენ მასწავლებლები და ექვსი-შვიდი წლის ბავშვებს კითხვას ასწავლიდნენ […] მესამე პირი იმ დროის ებრაელებს დედამიწაზე ყველაზე რელიგიურ ერად ჩათვლიდა, და გარკვეულ წილად ეს რეალობას შეესაბამებოდა. აქამდე არასოდეს ყოფილა ერი ღვთის წერილობითი კანონის ასეთი გავლენის ქვეშ; ჯერ არასოდეს არ უსწავლია ერს წმინდა წიგნები ისე მონდომებითა და დაწვრილებით და არასოდეს მოპყრობია თავის მღვდლებსა და მასწავლებლებს ასეთი დიდი პატივისცემით» (ფილიპ შაფი «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. მოციქულების ქრისტიანობა. ახ. წ. 1-100 წ.»).

«საქმეებში ნათქვამია, რომ ადამიანები რწმენაზე მოქცევისთანავე ინათლებოდნენ. ეს სავსებით ბუნებრივი რამ იყო ადრექრისტიანულ თემებში - რწმენაში მოქცეულთა უმეტესობა ან იუდაიზმიდან მიდიოდნენ იქ, ან მანამდე მისი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამიტომ წარმოდგენა გააჩნდათ ქრისტიანული ცხოვრებისა და ქრისტიანული გზავნილის აზრის შესახებ. ხოლო როდესაც ეკლესიას ძირითადად ყოფილი წარმართები შეადგენდნენ, უკვე ახალ მოქცეულთა მომზადების, მათი გამოცდისა და ნათლობამდე მათი განსწავლის აუცილებლობა წარმოიშვა. კანდიდატის სწავლებისა და გამოცდის პერიოდს "კატეხუმენიზაცია" ეწოდებოდა და III საუკუნის დასაწყისში სამ წელიწადს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში კატეხუმენები ქრისტიანული სწავლების შესახებ იღებდნენ ცოდნას და თავისი ყოველდღიური ცხოვრებით უნდა დაემტკიცებინათ, თუ რამდენად ძლიერი იყო მათი რწმენა. ბოლოს კი, უშუალოდ ნათლობის წეს-ჩვეულების წინ გადიოდნენ ისინი გამოცდას და მოსანათლთა სიებში შეჰყავდათ» (ხუსტო ლ. გონსალესი «ქრისტიანობის ისტორია. ეკლესიის ჩამოყალიბებიდან რეფორმაციის ეპოქამდე»).


«ნათლობისთვის, რწმენაზე მოქცევის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მზადება მოითხოვებოდა. ის მოიცავდა ქრისტიანული სწავლებების ათვისებას – ეს იყო ეგრეთ წოდებული კატეხუმენატი, ან "სიტყვიერი დასწავლება"» (ამბროჯო დონინი «ქრისტიანობის სათავეებთან»).

«ყველაზე ადრეულ დროში ნათლობას მაშინვე ატარებდნენ, რაც ადამიანი ირწმუნებდა და მოინანიებდა, მაგალითად, საქმეების 2:41-ში იუდეველები მოინათლნენ, სასიხარულო ცნობის მაუწყებლის სიტყვის მიღებისას (თუმცა ნათლად არ ჩანს, რომ ნათლობის წეს-ჩვეულება ქადაგების დღესვე ჩატარდა და არა მოგვიანებით), მსგავსადვე მოხდა წარმართების შემთხვევაში საქმეების 8:35-38 და 16:30-33-ში. თუმცა მოციქულთა ეპოქის გასვლასთან ერთად მსგავსი შემთხვევები სულ უფრო იშვიათი ხდება, თავად მოციქულებიც კი იწყებენ წესების შემოღებას ახალმოქცეულთათვის, როგორც ამას პავლე აკეთებს 1 თესალონიკელების 4:1-3-ში. თანდათანობით იზრდება გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც გამოცხადებულები (ნათლობის მსურველები) ნათლობისთვის და თემში სრულუფლებიან წევრებად მიღებისათვის ემზადებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოუნათლავი მსმენელები ქრისტიანებად მაინც ითვლებოდნენ, მათ სათნო ცხოვრებით უნდა ეცხოვრათ და აუცილებლობის შემთხვევაში რწმენისათვის უნდა მომკვდარიყვნენ, ამასთანავე უფლის სახელით რწმენისათვის სიკვდილი ნათლობას უტოლდებოდა. […] ახალმოქცეულები ორი თუ სამი წელი გულმოდგინედ ესწრებოდნენ გაკვეთილებს და ქრისტიანული ცხოვრების წესებს სწავლობდნენ, შემდეგ კი შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე გადადიოდნენ, სადაც სწავლება გაცილებით რთული იყო, ცოდნა კი საგულდაგულო შემოწმებას ექვემდებარებოდა. რამოდენიმე თვის განმავლობაში ამგვარ სასტიკ მომზადებას ნათლობა მოჰყვებოდა» (სტიუარტ ჯ. ხოლი «ადრეული ეკლესიის სწავლება და ცხოვრება»).

დროთა განმავლობაში ახალმოქცეულთა მიმართ მოციქულთა მიერ დადგენილი წესები, რომ მონათვლამდე მათ ჯერ სწავლების ეტაპი უნდა გაევლოთ, დავიწყებას მიეცა. ამის უმთავრესი მიზეზი კვლავ ეკლესიის სახელმწიფოსთან შერწყმა გახდა. როგორც კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ეკლესია კი – ოფიციალური კლერიკალური მექანიზმი, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო სისტემას, თავად ქრისტეს სწავლებების არსი რაღაც ზედმეტობად იქცა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მოსახლეობის ე.წ. «ქრისტიანიზაცისს» საერთო ფონად გვევლინებოდა. სახელმწიფოს სჭირდებოდა ახალი, უფრო ცოცხალი იდეოლოგია, რომელიც ეფექტურობა დაკარგულ წარმართული ღვთაებების რელიგიას შეცვლიდა. ამ როლს საუკეთესოდ ქრისტიანობა ერგებოდა, თავისი წამებულებითა და «წმინდანებით». მაგრამ ახალი წამებულებისა და სახარებისეული სწავლების სისუფთავის იდეისათვის მებრძოლების გამრავლება სახელმწიფოს არ უნდოდა. ამიტომ ე.წ. «ქრისტიანულმა» რელიგიამ, თავის ნომინალურ ფორმაში, თავისი ყურადღება ადამიანთა სულიერ განათლებას კი არ მიაბყრო, არამედ იმპერიული ელექტორატის მასის შევსებას, რომელიც ფორმალურად საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებდნენ, მაგრამ ქვეყნიერების ინტერესების მიხედვით იცხოვრებდნენ. ეკლესიის მსახურებს მიზნადაც რომ დაესახათ ახალმოქცეულებისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემა, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ: ხალხის ძირითადი მასა ეკლესიებში «ახალი რწმენისაკენ» ჭეშმარიტების შესაცნობად კი არ მიდიოდა, არამედ კონიუქტურის ტალღას მისდევდა. «ქრისტიანობა» იმპერატორებისა და დიდებულების რელიგია გახდა, რაც ყველა დანარჩენი ქვეშევრდომის შესაბამის რელიგიურ გარდასახვას გულისხმობდა. «[ქადაგებები] ხშირად ვერ აღწევდა მიზანს, რადგან ეკლესიებში ისე დიდი რაოდენობის ხალხი მიდიოდა, რომ დრო აღარ რჩებოდა მათი ნათლობისათვის მოსამზადებლად და მითუმეტეს ნათლობის შემდეგ მათთვის ქრისტიანულ ცხოვრებაში გზის გაკვლევისთვის» (ხუსტო ლ. გონსალესი «ქრისტიანობის ისტორია. ეკლესიის ჩამოყალიბებიდან რეფორმაციის ეპოქამდე»).

იეჰოვას მოწმეები კი ნათლობას ბიბლიური მაგალითის თანახმად ატარებენ.
-----------------------------------------------------------
წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment