დღეს ხშირად გვესმის, რომ ბიბლია მოძველებულია. ამ თვალსაზრისის მომხრეები, ჩვეულებრივ ათეისტები, ვერასოდეს ვერ ამტკიცებენ ამას. მათ ძალიან უყვართ ყველაფრისადმი მეცნიერული მიდგომა და ის აზრი რომ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერებას არ ძალუძს მათი დახმარება. არ არსებობს არავითარი მეცნიერული, პრაქტიკული ან ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლია მოძველებულია. ეს სრულიად რწმენის საკითხია – ეგრეთწოდებული განათლებული ათეისტის რწმენის მნიშვნელოვანი ელემენტია.
კონკრეტულად რა მოძველდა იესო ქრისტეს სამთო ქადაგებაში? იქნებ, «ოქროს წესი» იმის შესახებ, რომ სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვინდა, რომ ჩვენ გვექცეოდნენ? ამ წესის მიყოლა არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა. ან იქნებ იგავი მოძველდა სხვის თვალში ბალახის ღერისა და საკუთარ თვალში მორის შესახებ? ეს ძალიან სასარგებლო პრინციპია ნებისმიერი კრიტიკისას და ძალიან სასარგებლო რჩევაა ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისათვის. ან იქნებ ანონიმურად სიკეთის კეთების პრინციპი მოძველდა («როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ»)? მრავალი ქველმოქმედი ზუსტად ასე ცდილობს მოქცევას. ან იქნებ, მშვიდი ხასიათისანი, გულმოწყალენი, მშვიდობისმყოფელნი და სუფთა გულისანი თანამედროვე საზოგადოებაში აღარ არიან ნეტარნი (ბედნიერნი)? თუ დიახ, მაშინ ეს საზოგადოების რეგრესის მაჩვენებელია და არა პროგრესის.
ბიბლიის მოძველებულობის იდეა შეიძლება იმით ახსნან, რომ ადამიანი, საზოგადოება და მორალი დროთაგანმავლობაში ვითარდება და პროგრესირებს. ამ თეზისის არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, პროგრესად თუ სუფთა გარეგან ფაქტორებს არ ჩავთვლით. რა შეიცვალა ფუნდამენტალურად ადამიანში, ვთქვათ, ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში? ისეთი პროგრესული რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში? იქნებ მან თავი დაანება ომს, ტყუილის თქმას, ჭორაობას, სიხარბეს, ღალატს, ოჯახის მიტოვებას? კი, ადამიანმა სხვანაირად დაიწყო ჩაცმა და ცხენიდან მანქანაზე გადაჯდა, მაგრამ შინაგანად ის იგივე დარჩა. გარდა ამისა, ამას არავითარი შეხება არ აქვს ბიბლიასთან, იმიტომ რომ ბიბლია – არ არის წიგნი ტექნიკის შესახებ, არამედ ესაა წიგნი ადამიანის ბუნებასა და შემოქმედთან მის დამოკიდებულებაზე. ესაა წიგნი სულის შესახებ. ამ სფეროში, სამწუხაროდ, არავითარი პროგრესი არაა შემჩნეული.
ბიბლიას თუ გადავშლით, ის ზუსტად ისე ჟღერს როგორც დღევანდელი გაზეთები: «ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე» (2 ტიმოთე 3:2–5). ჩვენი საზოგადოების მეტად პროგრესული დახასიათებაა, ხომ მართალია?
რაში მდგომარეობს ჩვენი პროგრესი? იმაში, რომ მეოცე საუკუნეში ომებში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მანამდე მომხდარ ყველა ომში ერთად აღებული? კი, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონებში ომები შემცირდა, სამაგიეროდ ისინი გაცილებით ეფექტური და მომაკვდინებელი გახდა, და ისინი ისევ ვინმეს ანგარ ინტერესებს ემსახურებიან, ის ქვეყნები კი, რომლებიც მოცემულ მომენტში არ ომობენ, მუდმივად ომისთვის მზადებას განაგრძობენ. ან იქნებ იმაშია პროგრესი, რომ ამ საუკუნეში ასჯერ და უფრო მეტად გაიზარდა გაყრების, მარტოხელა დედებისა და მიტოვებული ბავშვების რაოდენობა? ან იქნებ ის იმაშია, რომ დასავლეთის საზოგადოებაში პრაქტიკულად გაქრა ოჯახის ინსტიტუტი? ან იმაში, რომ ცხოველთა ნახევარი გავანადგურეთ? ან იქნებ იმაში, რომ გართობის ინდუსტრია თითქმის სრულად ძალადობაზე და სექსზეა აგებული? ან იქნებ, პროგრესულმა კაცობრიობამ როგორც იქნა მილიარდობით დოლარის შეიარაღებაზე ხარჯვას დაანება როგორც იქნა თავი და ეს ფული დაავადებებთან, სიღარიბესთან და სხვა გლობალურ პრობლემებთან ბრძოლისაკენ მიმართა?
თანამედროვე ადამიანმა მთვარეზე გაისეირნა, მაგრამ ამან არცერთი პრობლემა არ მოაგვარა დედამიწაზე. შეხედეთ თანამედროვე პროგრესულ ადამიანს, რომელსაც ყველა ჯიბეში აიფონი უდევს. მას ზედმეტი წონა აქვს, გაბოროტებულია, მიდრეკილია დეპრესიისა და ნევროზებისკენ, არასწორად იკვებება, არასწორად ურთიერთობს, ბეტონის გალიაში ცხოვრობს, დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს, იტანჯება სტრესისგან, მარტოობისაგან და მილიონობით სოციალური კომპლექსებისაგან, ყოველდღიურად ავტო საგზაო შემთხვევაში სიკვდილის რისკის ქვეშაა. მისი პირადი ცხოვრება მოშლილია, მრავალ ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს, შვილები, თუ ყავს რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ ან საერთოდ სხვა ადგილას ცხოვრობენ. მას ყველგან თან სდევს ამაოება, მანკიერება, გარყვნილება და უგუნურება. მისი სიხარული ყოველთვის ილუზორული და წარმავალია. მან არ იცის, თუ რატომ ცხოვრობს, რისკენ უნდა ისწრაფოს და საერთოს რა უქნას ამ უცნაურ სიცოცხლეს. ეს ყველაფერი თუ – პროგრესია, მაშინ რაღაც ძალიან დიდი ზიგზაგებით. მე რაღაც მკარნახობს, რომ ბიბლიური დროის პატრიარქს, რომელიც უბრალო და ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ ცხოვრებას ეწეოდა, ნამდვილად არ შეშურდებოდა თანამედროვე ადამიანისა, თავისი პროგრესებით.
თანამედროვე ადამიანი ტყუილად იტყუებს თავს, როდესაც ფიქრობს, რომ ის იმდენად პროგრესულია, რომ მას აღარ სჭირდება ბიბლია. ის მას დღეს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.
---------------------------------------------------------------------------
წყარო: chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment