მსოფლიოს ბევრ წამყვან რელიგიას თავისი სალოცავები აქვს, რომელთაც მილიონობით მორწმუნე სტუმრობს. მაგალითად, ქრისტიანულ ქვეყნებში იესოს, მარიამისა თუ სხვა წმინდანების სახელობის უამრავი ეკლესია და ტაძარია. სამლოცველოებს ისეთ ადგილებშიც აშენებენ, სადაც რელიგური რელიკვიები ინახება, რაიმე ბიბლიური მოვლენა ან, როგორც ამბობენ, თანამედროვე „სასწაული“ მოხდა. გარდა ამისა, ბევრს სწამს, რომ ღმერთი წმინდა ადგილიდან აღვლენილ ლოცვებს უფრო შეისმენს და ამიტომ მიდის ტაძარში. პილიგრიმები კი ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის დასამტკიცებლად სალოცავამდე მისასვლელად ხანგრძლივ და დამქანცველ გზას გადიან.
საინტერესოა, მართლა ტაძარში აღვლენილ ლოცვა-მუდარას უფრო შეისმენს ღმერთი? ან ღვთის კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, აუცილებელია, სალოცავამდე მისასვლელად გრძელი და დამქანცველი გზა განვლოთ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თაყვანსაცემად ადამიანი სალოცავში უნდა დადიოდეს? ამ კითხვებზე პასუხების მიღება იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა ვუყურებდეთ ტაძრებში თაყვანისცემას და, სინამდვილეში, როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს ღმერთი.
ადამიანის ისტორიის დასაწყისში არანაირი რელიგიური შენობები არ არსებობდა. ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას, საცხოვრებელი სახლი მშვენიერი ბაღი იყო (დაბადება 2:8). თავიანთ შემოქმედთან, იეჰოვასთან ურთიერთობა მათ უშუალოდ ამ ბაღიდან ჰქონდათ. როცა ადამისა და ევას შთამომავლები გამრავლდნენ, ნოე და სხვა მართალი ადამიანები „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდნენ“ და ამისათვის არანაირი რელიგიური შენობა არ სჭირდებოდათ (დაბადება 6:9). მათ უყვარდათ იეჰოვა და ხშირად ლოცულობდნენ. იეჰოვაც იწონებდა და ისმენდა ამ მორწმუნე ადამიანების ლოცვებს.
თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“
რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ უნდა ვცეთ თაყვანი?
იესოსა და სამარიელ ქალს შორის გამართული საუბრიდან ვიგებთ, თუ როგორ უყურებს ღმერთი „წმინდა ადგილებსა“ და ტაძრებში თაყვანისცემას. ერთხელ, სამარიაში ქადაგებისას გზით დაქანცული იესო ქალაქ სიქართან ახლოს, ჭასთან ჩამოჯდა დასასვენებლად. იქ მან საუბარი წამოიწყო წყლის ამოსაღებად მისულ ქალთან. საუბარში ქალმა ახსენა, თუ რა დიდი სხვაობა იყო თაყვანისცემის საკითხში იუდეველებსა და სამარიელებს შორის. მან თქვა: „ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“ (იოანე 4:5—9, 20).
მთა, რომელიც სამარიელმა ქალმა ახსენა, იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე გერიზიმის მთა იყო. ერთ დროს სამარიელებს იქ ტაძარი ჰქონდათ, სადაც დღესასწაულებს მართავდნენ ხოლმე, მაგალითად ისეთს, როგორიც პასექი იყო. ნაცვლად იმისა, რომ იესოს ამ საკამათო საკითხზე გაეგრძელებინა საუბარი, მან ქალს ასეთი რამ უთხრა: „მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში“ (იოანე 4:21).
იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები საკმაოდ მოულოდნელად ჟღერდა. მან სამარიტელი ქალი დაარწმუნა, რომ ამიერიდან ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისათვის აღარ ადგენდა რაიმე სახის წმინდა ადგილებს, სადაც ისინი ღვთის კეთილგანწყობის მისაღებად უნდა მისულიყვნენ. «აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში», - აუხსნა იესომ. კი მაგრამ მაშინ სად, სად უნდა ეპოვათ ქრისტიანებს ახალი «წმინდა ადგილები»? იესო თავისი სიტყვების მნიშვნელობას განმარტავს:
«ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს»
(იოანე 4:23,24).
ამგვარად, იესო პირდაპირი გაგებით «წმინდა ადგილებში» თაყვანისცემას უპირისპირებს რაღაც განსხვავებულს – «სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემას», თანაც აღნიშნავს, რომ ასეთი თაყვანისცემა, თავად ზეციერი მამის თვალსაზრისით, უშუალოდ ღვთის «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების» დამახასიათებელი იქნებოდა. თანაც, ის ორჯერ უსვამს ხაზს ამ მნიშვნელოვან აზრს! თუმცაღა, რას ნიშნავს ეს ფრაზა?
საუკუნეების განმავლობაში იუდეველები იერუსალიმის დიდებულ ტაძარს თაყვანისცემის ცენტრად მიიჩნევდნენ. ისინი წელიწადში სამჯერ მიდიოდნენ იქ თავიანთი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, მსხვერპლის შესაწირად (გამოსვლა 23:14—17). მაგრამ იესომ თქვა, რომ ეს ყველაფერი გაუქმდებოდა და „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემდნენ თაყვანს.
იუდეველთა ტაძარი იყო ხილული შენობა, რომელსაც გარკვეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ჰქონდა. მაგრამ სული და ჭეშმარიტება არც მატერიალურია და არც რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. ამგვარად, იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის არც რაიმე შენობა იქნებოდა საჭირო და არც კონკრეტული ადგილი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო გერიზიმის მთა, იერუსალიმის ტაძარი ან სხვა ნებისმიერი წმინდა სალოცავი.
სიტყვებით „მოდის საათი“ იესომ სამარიელ ქალს მიანიშნა, რომ ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში ცვლილების მოხდენის დრო ახლოვდებოდა. როდის დადგებოდა ეს დრო? ეს მაშინ მოხდა, როდესაც იესომ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით წერტილი დაუსვა მოსეს კანონზე დაფუძნებულ იუდაურ თაყვანისცემის სისტემას (რომაელები 10:4). იესომ ისიც თქვა, რომ ეს „საათი . . . მოვიდა კიდეც“. რას გულისხმობდა ის? იესო იმას გულისხმობდა, რომ როგორც მესია, უკვე კრებდა მოწაფეებს, რომლებიც იმოქმედებდნენ მისი შემდეგი სიტყვების თანახმად: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). რას ნიშნავს სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა?
როდესაც იესომ სულით თაყვანისცემა ახსენა, მას მხედველობაში სულით ანთებული, თავგამოდებული თაყვანისმცემელი არ ჰყოლია. ის საუბრობდა ღვთის სულის ხელმძღვანელობაზე, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად წმინდა წერილების გაგებაშიც გვეხმარება (1 კორინთელები 2:9—12). ხოლო ჭეშმარიტება, რომელიც იესომ მოიხსენია, ბიბლიური სწავლებების ზუსტ ცოდნას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თაყვანისცემისთვის საჭირო არ არის კონკრეტული ადგილი. ჩვენი თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები იქნება, თუ მას ბიბლიურ სწავლებებს შევუსაბამებთ და ვიხელმძღვანელებთ ღვთის წმინდა სულით.
ჩვენთვის საინტერესო ტექსტში, ფრაზა «სულითა და ჭეშმარიტებით» ნათარგმნია ბერძნული სიტყვებიდან «სული» ("πνεύματι", სტრონგის ნომერი: 4151) და «ჭეშმარიტება» ("αληθεία", სტრონგის ნომერი: 225). ზუსტად ეს სიტყვებია კვლავ გამოყენებული იესოს სიტყვებში, როგორც ჩვენ მოგვიანებით ვკითხულობთ იმავე იოანეს სახარებაში:
«ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს; თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია»
(იოანე 14:17).
«ჭეშმარიტების სული… წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ»
(იოანე 16:13).
არსებითად, ეს ორი მუხლი იმის გაგების გასაღებს წარმოადგენს, რის შესახებაც იესო იოანეს 4:22,23-ში ლაპარაკობდა. იოანეს 16:13-ის საფუძველზე, გასაგები ხდება, რომ მამისადმი «სულითა და ჭეშმარიტებით» თაყვანისცემაში იგულისხმება ღვთისადმი მსახურება ღვთის ნებისა და იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად და არა ადამიანთა მცნებების თანახმად (შეადარეთ იოანე 14:26; მარკოზი 7:1-9). მეორეს მხრივ, იოანეს 14:17 მიუთითებს ღვთის სულისა და მასთან დაკავშირებული მოქმედებების გარეგან უჩინარობაზე. ამასთანავე, ქრისტიანებისთვის არ იყო საჭირო, რომ სულიერი კურთხევები რაიმე სახის სპეციალურ «წმინდა ადგილებში» ეძებნათ, რადგან, იესოს სიტყვების თანახმად, «ჭეშმარიტების სული… თქვენთან რჩება და თქვენშია». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისადმი თაყვანისცემა ადამიანების გულებში უნდა ხდებოდეს და არა რომელიმე გეოგრაფიულ ცალკეულ «წმინდა ადგილებში», რომლებსაც თითქოს საკრალური მნიშვნელობა გააჩნიათ
ზუსტად ამ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას ასევე მოციქული პავლეც, როდესაც ღვთისადმი თაყვანისცემას აკავშირებდა არა, პირდაპირი გაგებით რომელიმე ტაძართან ან ტერიტორიულ ადგილმდებარეობასთან, არამედ ქრისტიანის გულის მდგომარეობასთან:
«ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? თუ ვინმე ღვთის ტაძარს დააქცევს, ღმერთი დააქცევს მას, რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ» (1 კორინთელები 3:16,17).
«როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში მყოფი წმინდა სულისა, რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით» (1 კორინთელები 6:19).
«ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: "დავმკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი"» (2 კორინთელები 6:16).
«მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებულნი, თვითონ ქრისტე იესო კი ამ საძირკვლის ქვაკუთხედია. მასთან ერთობაში მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის. მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით» (ეფესოელები 2:20-22; შეადარეთ 1 პეტრე 2:5).
მოციქული პავლეს სიტყვებში, I საუკუნის მოციქულთა ეპოქის ქრისტიანების საერთო შეხედულებაც ირეკლება, მათი ღვთისადმი თაყვანისცემაში ფიზიკურად ხილულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. პავლე წერდა:
«როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი - მარადიული»
(2 კორინთელები 4:18).
«რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2 კორინთელები 5:7).
თუ იესოს სიტყვებს დავუბრუნდებით, «სულითა და ჭეშმარიტებით» თაყვანისცემის შესახებ და მათ მოციქულების მიერ ახალ აღთქმაში მოგვიანებით გაჟღერებულ აზრებთან დავაკავშირებთ, სრულიად გასაგები ხდება, თუ რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს «მომლოცველობის» პრაქტიკასთან მიმარტებით, რომლის მიზანსაც ერთგვარი «წმინდა ადგილების» მოლოცვა და ასევე, ე.წ. «სიწმინდეების» ნახვა წარმოადგენს. როგორც ქრისტემ გაუსვა ხაზი, ღმერთი «აღარც ამ მთაზე... და აღარც იერუსალიმში» იწონებს მისადმი თაყვანისცემას (იოანე 4:21). ახალ აღთქმაში საერთოდ არ არის არავითარი მითითება რომელიმე გეოგრაფიულ ადგილებზე ახალი სიწმინდეებით. ერთადერთხელ, როდესაც იესომ "წმინდა ადგილი" მოიხსენია, იყო მისი წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის უხლოეს მომავალში განადგურების შესახებ, რომლისგანაც, მისი მამის ნების თანახმად, ქვა-ქვაზე არ უნდა დარჩენილიყო (მათე 24:15).
სწორი შეხედულება სალოცავებზე
მაშ, როგორ უნდა უყურებდნენ ქრისტიანები პილიგრიმობას და წმინდა ადგილებში თაყვანისცემას? თუ ჩავუკვირდებით იესოს მითითებას, რომლის თანახმადაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“, აშკარად დავინახავთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ტაძარში ან რომელიმე სხვა წმინდა ადგილას თაყვანისცემას. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ უყურებს ღმერთი თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებას. მასში ნათქვამია: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ და „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 კორინთელები 10:14; 1 იოანე 5:21). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა სცემდნენ ღმერთს თაყვანს წმინდად შერაცხულ ადგილებში ან იქ, სადაც კერპთაყვანისმცემლობისკენ უბიძგებენ. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები თავს იკავებენ ტაძრებში თაყვანისცემისგან, რადგან კარგად ესმით, რას ემსახურება ისინი.
თუმცა ბიბლია არ გვიკრძალავს იმას, რომ ლოცვისთვის, ღვთის სიტყვის შესწავლისა და ფიქრისთვის კონკრეტული ადგილი გვქონდეს შერჩეული. მოწესრიგებული და მშვიდი ადგილი ხელს უწყობს და სასიამოვნოს ხდის შესწავლას და სულიერ საკითხებზე მსჯელობას. არც ის არის არასწორი, თუ გარდაცვლილს საფლავის ქვას დავუდგამთ. ეს შეიძლება უბრალოდ გარდაცვლილისადმი სიყვარულსა და მისი ხსოვნისადმი პატივისცემაზე მეტყველებდეს. მაგრამ, მსგავსი ადგილების წმინდად შერაცხვა და გამოსახულებებისა თუ რელიკვიების თაყვანისცემაში გამოყენება სრულიად საპირისპირო იქნებოდა იმისა, რაც იესომ თქვა.
მოციქულმა პავლემ დაწერა:
„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი“
(ებრაელები 10:24, 25).
აქედან გამომდინარე, ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ესმით, რომ ქრისტიანული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. იქ კრების ყველა წევრს ეძლევა შესაძლებლობა, განივითაროს ქრისტიანული თვისებები, რის გაკეთებასაც იზოლირებულად, სახლში ჯდომით, ბოლომდე ვერასოდეს შეძლებდა. ამ თვისებებში შედის სიყვარული, მიმტევებლობა, სიკეთე, რბილი ხასიათი და მშვიდობა (2 კორინთელები 2:7; გალატელები 5:19—23).
სად იკრიბებოდნენ პირველი ქრისტიანები ღვთის თაყვანსაცემად და ერთმანეთის გასამხნევებლად? ხშირად, საკუთარ სახლებში (რომაელები 16:5; კოლოსელები 4:15). მაგალითად, როდესაც პავლე მოციქულმა ერთ-ერთ თანაქრისტიანს წერილი მისწერა, მან მოიხსენია „კრება, რომელიც [მის] სახლში იკრიბებოდა“ (ფილიმონი 1, 2).
ეს ასეა დღესაც. თაყვანისმცემლობისთვის ღვთის ხალხი მდიდრულ შენობებში არ იკრიბება. მთავარია ის იყოს მოხერხებული და ყველა დამსწრე თავისუფლად ეტეოდეს. შენობებს, სადაც იეჰოვას მოწმეები იკრიბებიან, „იეჰოვას მოწმების დარბაზები“ ეწოდება. ეს არის უბრალო და ლამაზი დარბაზები. იქ განიხილება ბიბლიური თემები; შეხვედრები იწყება და მთავრდება სიმღერით და ლოცვით.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ ღმერთთან პირად, ახლო ურთიერთობას. ამიტომაც ისინი ყოველდღე გამოყოფენ დროს ლოცვებისთვის, იქნება ეს პირადი თუ ოჯახთან ერთად ლოცვა. იაკობის 4:8-ში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.
იესო გვასწავლის, რომ «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის» (იოანე 4:23). ასეთი თაყვანისცემა კი, ბიბლიის თანახმად, მოიაზრებს არა «წმინდა ადგილების» მონახულება - მოლოცვას, არამედ ღვთისადმი მსახურებას ქრისტეს მცნებების თანახმად და ასევე ქრისტიანის გულში,
სულის მოქმედებისათვის ხელის შეყწობას. მხოლოდ ამის საფუძველზე ჩაითვლება მორწმუნე ადამიანი ღვთის მიერ «ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად».
ამრიგად, როგორც გავიგეთ, საჭირო არ არის სალოცავში წასვლა იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს. ღვთის მოწონებისა თუ განსაკუთრებული კურთხევის მისაღებად არც ტაძრამდე გრძელი და გამთანგველი გზის გავლაა საჭირო, როგორც ამას პილიგრიმები აკეთებენ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი, „ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენგან შორს იჭერს თავს. შეგვიძლია ნებისმიერი ადგილიდან მივმართოთ მას ლოცვით იმაში ღრმად დარწმუნებულებმა, რომ მოგვისმენს, რადგან „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:24—27).
წყარო:sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment