Friday, 10 July 2020

მხოლოდ ბიბლიას რატომ შეუძლია იყოს ქრისტიანული რწმენის წყარო? (Sola Scriptura)




შინაარსი:

1. ბიბლია - ღვთის დაწერილი სიტყვა
2. მხოლოდ წმინდა წერილი არის საკმარისი
3. ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილების სახით ინახება
4. მოციქულთა წერილები იესოს ყველა სწავლებებს შეიცავს
5. ახალი აღთქმის წერილები წარმოადგენენ ერთადერთი ცოდნის წყაროს ქრისტეს  ცხოვრებისა და სწავლების შესახებ
6. IV საუკუნემდე წმინდა წერილები განიხილებოდა, როგორც ქრისტიანული რწმენის ერთადერთი ავტორიტეტი და წყარო
7. შეჯამება
8. შესაძლო საწინააღმდეგო აზრები

მართლმადიდებელ ეკლესიაში მთელი მონდომებით უნდათ სჯეროდეთ, რომ მე-4 საუკუნემდე წმინდა წერილი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა, და იყო მხოლოდ «გადმოცემა», ჯადოსნური წეს-ჩვეულებები (საიდუმლოებები) და «უცოდველი ეკლესია», რომელმაც მე-4 საუკუნის შემდეგ აირჩია საჭირო წიგნები, ისინი ავტორიტეტითა და საყოველთაო აღიარებით აღჭურვა და ამგვარად შექმნა ბიბლია...

წინამდებარე სტატიის მასალა შედგენილია მზა არგუმენტების სახით, რათა ქრისტიანს ისეთ საკითხებზე გასცეს პასუხი, რომლებსაც მართლმადიდებლობის აპოლოგეტები უკეთებენ ტირაჟირებას.

1. ბიბლია - ღვთის დაწერილი სიტყვა

წმინდა წერილი - ესაა იმ ტექსტების კრებული, რომლებშიც ღვთის სიტყვაა ჩაწერილი, რაც ისეთი გამოთქმებით მტკიცდება, როგორებიცაა «უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვ[ა]» (მეორე რჯული 8:3, მათე 4:4), «უფლის სიტყვა»  (ესაია 38:4), «სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ» (იესო ნავეს-ძე 24:27), «უფლის მცნება» (ეზრა 7:11), «უფლის წესები», «უფლის კანონები» (შეად. მეორე რჯული 6:17, 11:1, 30:10 (სბს-2013), 3მეფეთა 2:3), «ღვთის სიტყვა» (შეად. რომაელები 3:2; ებრაელები.5:12; 1პეტრე 4:11). 

ბიბლიის დამწერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ მიერ გადმოცემული ცნობა მათ კი არ ეკუთვნოდა, არამედ ღვთისგან ჰქონდათ მიღებული (შეად. ნეემია 9:30, ზაქარია 7:12).
მოციქულ პავლეს სწამდა, რომ ღვთის სული ლაპარაკობდა «ესაია წინასწარმეტყველის პირით» (საქმეები 28:25).  მოციქული პეტრეს სიტყვების თანახმად - ღვთის სული ბიბლიის ყველა დამწერს ხელმძღვანელობდა და არა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს (იხილეთ 1 პეტრე 1:10, 11, 2პეტრე 1:21). 

დავითი ამბობდა: «უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა»  (2 მეფეები 23:2). 

«ამას გეუბნებით უფლის სიტყვით» (1თესალონიკელები 4:15) 

«მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით» (1კორინთელები 11:23) 


იესო ქრისტეს მაგალითი:  იესო ქრისტემ გვიჩვენა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წმინდა წერილის მიმართ. ის ისე უყურებდა წმინდა წერილს, როგორც დაწერილ ღვთის სიტყვას (მათე 4:4). თავის ქადაგებებში ის წმინდა წერილებიდან ციტირებდა (შეად. ლუკა 4:1721). კანონის მასწავლებლებთან დავებისას წმინდა წერილებს იშველიებდა (შეად. მათე 22:29). პრინციპი «დაწერილია», მის იარაღს და თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა (შეად. მათე 4:4,7, მათე 21:42, მარკოზი 12:10,26, ლუკა 10:26). 

იესო არ აღიარებდა არცერთ სხვა ავტორიტეტს, გარდა დაწერილი ღვთის სიტყვისა. ის ასწავლიდა, რომ თუ რომელიმე ტრადიციები ან სწავლებები წმინდა წრილებს ეწინააღმდეგებოდნენ – ისინი უარყოფილი უნდა ყოფილიყო.  (მათე 15:2-9, მარკოზი 7:1-13). 

იესოს სიტყვების თანახმად – «წერილი კი ურღვევია» (იოანე 10.35), ანუ არ შეიძლება წმინდა წერილის გასაჩივრება, დარღვევა, შეცვლა ან გვერდზე გაწევა (იხ. სიტყვა ლუტხენაი-ს λυθηναι მნიშვნელობა. სტრონგის ნომერი: 3089.) 

იესო ჭეშმარიტებას წმინდა წერილთან აიგივებდა: «გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.»  (იოანე 17:17 (სბს-სტოკჰოლმი 2001)). იესოს ეს სიტყვები ფსალმუნების წიგნის პირდაპირ გზავნილს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ჩაწერილი გამოცხადება ჭეშმარიტებას წარმოადგენს (შეად. ფსალმუნები 118:140,142,151. 32:4). 

იესო ქრისტე ისე იღებდა წმინდა წერილებს, როგორც ღვთის ნების ერთადერთ გამოცხადებას, რომელიც ადამიანებს მიეცა და რომლის მიყოლა-არმიყოლაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის მარადიული მომავალი: 

«...მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ» (ლუკა 16:29). 

პირველი ქრისტიანების მაგალითი: 

პირველი ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი იყო ღვთის სიტყვა (რომაელები 3:2). რწმენის წყარო (საქმეები 17:2;  8:35; 26:22; 28:23). ნუგეშისა და იმედის წყარო (რომაელები 15:4, 1კორინთელები 10:11). სტანდარტი, რომლითაც მოწმდება სწავლების ჭეშმარიტება (საქმეები 17:11. შეად. საქმეები 18:28). ისინი წერილებს ღმერთთან აიგივებდნენ (რომაელები 10:11 - ესაია 28:16). მათთვის წერილები იყო «წმინდა» (რომაელები 1:2) და «საღვთო» (2ტიმოთე 3:15). 

მოციქულთა საქმეების წიგნში არ არის არცერთი ქადაგება, რომელშიც მოციქულები წმინდა წერილებს არ მიმართავენ (შეად.  საქმეები 2:14-36. 7:2-53. 3:18. 4:11. 10:43. 13:13-49. 26:22). 

დასკვნა:  იესო ქრისტესა და მოციქულების მაგალითები გვავალდებულებს, რომ წინასწარმეტყველთა წერილებს ისე მოვეპყროთ, როგორც ღვთის დაწერილ სიტყვებს. ქრისტიანული ეკლესია უკვე ბიბლიით ხელში დაიბადა.  


2. მხოლოდ წმინდა წერილი არაის საკმარისი 

«რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით, მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.» (2ტიმოთე 3.15-17. (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015)) 

მოცემულ ნაწყვეტში პავლე რამოდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას:

- წმინდა წერილს მიჰყავს გადარჩენამდე. 

- ასწავლის ჭეშმარიტებას. 

- ამხელს და გამოასწორებს. 

- ღვთის კაცი სიმართლისაკენ მიდის და მზად არის ყოველი კეთილი საქმისათვის, იმიტომ რომ მას ღვთის სიტყვა აქვს. 

აქედან ნათელი ხდება: 

თუ წმინდა წერილს შეუძლია ჭეშმარიტების სწავლება, გამოსწორება, ყოველი კეთილი საქმისათვის მომზადება და გადარჩენამდე მიყვანა — ესე იგი მას ამისათვის ყოველივე აუცილებელი აქვს.  პავლეს აქ შეეძლო რომელიმე სხვა წყაროებზეც მიეთითებინა, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის, თუმცა ის ამას არ აკეთებს. მხოლოდ წმინდა წერილია ღვთივსულიერი, მხოლოდ ისაა ღვთის მიერ განკუთვნილი როგორც რწმენისა და მისი ნების შეცნობის წყარო. 

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ 2 ტიმოთეს 3:16-ში, მოციქული პავლე მხოლოდ ძველი აღთქმის წერილებზე საუბრობდა. თუმცა ეს მთლად ასე არ არის. აქ მას სულ სხვა რამის დანახვება სურს, კერძოდ კი საერთო პრინციპის: წმინდა წერილი - თუ ის საერთოდ წმინდა წერილია - ღვთივსულიერს წარმოადგენს. მოცემულ მუხლში პავლე საუბრობს არა კანონის საზღვრებზე, არამედ თავად წმინდა წერილის ბუნებაზე, როგორც წყაროზე, რომელსაც დასაბამი ღმერთმა მისცა. ამიტომ მთელი წმინდა წერილი, მოციქულთა წიგნების ჩათვლით, ღვთივსულიერია.

ზუსტად როგორც წმინდა წერილების ნაწილს, ისე აღიქვავდნენ პირველი ქრისტიანები მოციქულების მიერ დაწერილს. მაგალითად, მოციქული პეტრე წმინდა წერილებს მიაწერს მოციქული პავლეს წერილებს: 

«ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.» (2 პეტრე 3:15-16)

მოციქული პავლე წმინდა წერილად მოიხსენიებს ლუკას სახარებას: 

«რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.» (1 ტიმოთე 5:18).

ფრაზა: «პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს», მოცემულია მეორე რჯულის 25:4-ში, ხოლო ფრაზა:«ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა» - ძველ აღთქმაში არ არის, ის მხოლოდ ლუკას 10:7-შია.  ამიტომ გამოთქმაში: «წერილი ამბობს», მოციქულმა პავლემ ლუკას სახარებაც იგულისხმა. 

მოციქული იოანე ამოწმებდა, რომ მის მიერ ჩაწერილი, ღვთაებრივ გამოცხადებას წარმოადგენდა (გამოცხადება 1:1), ხოლო იმას, რაც მან სახარებაში ჩაწერა, მარადიულ სიცოცხლემდე მიჰყავს (იოანე 20:31) 

პირველი ქრისტიანებისთვის მოციქულთა წერილებს უცილობელი ავტორიტეტის ძალა ჰქონდა (შეად. 2 თესალონიკელები 3:14), ასეთი პრეტენზია კი მხოლოდ ღვთის სიტყვას შეიძლება ჰქონდეს. 

მოციქულთა წერილები, მათში მოცემული ცნობა და პრაქტიკული დარიგებები, პირველი ქრისტიანების მიერ ისე განიხილებოდა, როგორც ღვთის სიტყვა (1 თესალონიკელები 2.13), და შესაბამისად - როგორც წმინდა წერილის ნაწილი. 

თუ ვაღიარებთ, რომ მოციქულები თავის სწავლებას კი არა, ღვთის სიტყვას გადასცემდნენ, მაშინ აუცილებელია იმას დავეთანხმოთ,  რომ როდესაც მთელი წმინდა წერილის ღვთივსულიერებაზე საუბრობდა – მოციქული პავლე მოციქულთა წიგნებსაც გულისხმობდა.


3. ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილების სახით ინახება


ბიბლია გასაგებად გვიჩვენებს, რომ მოსეს დროიდან მოყოლებული, ღვთის სურვილია, რათა მისი გამოცხადება ჩაწერილი იქნას და შემდგომ წერილობითი სახით იქნას შენახული.

«დაწერა მოსემ უფლის სიტყვები» (გამოსვლა 24:4), და მისი წიგნი აღთქმის კიდობანში ინახებოდა (მეორე რჯული  31:26). იესო ნავეს ძემ «დადო... აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.  ჩასწერა...ეს წიგნები საღვთო სჯულის წიგნში» (იესო ნავეს ძე 24:25-26). ზუსტად ასევე სამუელმა «გამოუცხადა... ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო» (1 მეფეთა 10:25). უფალმა უბრძანა ესაიას, წიგნში ჩაეწერა ყველაფერი, რაც მისთვის იქნა გაცხადებული «რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე» (ესაია 30:8). დანიელს ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც მოსესა და წინასწარმეტყველების წიგნებით შედგებოდა, მისი თანამედროვე იერემიას ჩათვლით (დანიელი 9:2). ყველა წინასწარმეტყველი, დანიელიდან მალაქიამდე, ასევე იწერდნენ მთელ ღვთაებრივ გამოცხადებას (შეად. დანიელი 12:4, ოსია 1:1, იოველი 1:1, ამოსი 1:1, აბდია 1:1, იონა 1:1, მიქა 1:1,  ნაუმი 1:1, აბაკუმი 1:1, სოფონია 1:1, ანგია 1:1, ზაქარია 1:1, მალაქია 1:1).

იესო გამუდმებით ხაზს უსვამდა წერილების მნიშვნელოვნებას. როდესაც იუდეველ სასულიერო პირებს საყვედურობდა, ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ «ტრადიციებს» არ იცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი «არ იცნობდნენ წერილს» (მათე 22:29). იესო ქრისტესათვის, მთელი ძველიაღთქმისეული ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილობითი სახით არსებობდა (შეად. ლუკა 24:25-27,44). 

ორმოცდამეათე დღის შემდეგ მოციქულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათთვის გაცხადებულ ღვთის სიტყვას ზეპირად ქადაგებდნენ, თუმცა შემდეგ მისი ჩაწერა დაიწყეს, მთელი სიზუსტით, როგორც ამას ძველად მცხოვრები წინასწარმეტყველები აკეთებდნენ.  როდესაც მოციქულები საკუთარ მსახურებას აღასრულებდნენ, 1-ლი საუკუნის სამოციქულო ეკლესიას უკვე ჰქონდა მათი წერილების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, ღვთისშთაგონებით მოციქული პავლე ავალებს, რომ მისი წერილები სხვა ეკლესიებშიც წაიკითხონ, იმ ეკლესიების გარდა, რომლებშიც გაიგზავნა ეს წერილები (შეად. კოლასელები 4:16, 1 თესალონიკელები 5:27).  ის ფაქტი, რომ მოციქული პეტრე მოციქული პავლეს წიგნებზე ისე საუბრობდა, როგორც წერილებზე, რომლებიც ყველასათვის კარგად იყო ცნობილი  (2 პეტრე 3:16), ხოლო მოციქული პავლე ლუკას სახარებას ისე ციტირებდა, როგორც წმინდა წერილს (1 ტიმოთე 5:18) – ნათლად გვიჩვენებს, რომ მოციქულები იწერდნენ მათთვის მინდობილ სიტყვებს და პირადად ავრცელებდნენ მას ყველა ქრისტიანულ კრებებში როგორც წმინდა წერილს. 

ის რომ, 1-ლი საუკუნის ქრისტიანებს არ ჰქონდათ ახალი აღთქმის წიგნები მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყო დაწერილი, პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მათ ცოცხალი მოციქულები ჰყავდათ - ღვთაებრივი გამოცხადების მატარებლები  (1კორინთელები 4:1) - რათა მათთვის ესწავლებინათ. (შეად. საქმეები 15:2). 

ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც მოციქულებს მიენდო, მათი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ წერილობითი სახით ინახება, ზუსტად ისევე, როგორც ეს ძველი აღთქმის ღვთაებრივი გამოცხადების შემთხვევაშია, ბოლო წინასწარმეტყველის - მალაქიას, სიკვდილის შემდეგ.

4. მოციქულთა წერილები იესოს ყველა სწავლებებს შეიცავს 


ზოგჯერ, იმის დასამტკიცებლად, რომ მოციქულთა წერილები სრული არაა, ზოგიერთს მცდარად მოჰყავს მოციქული იოანეს შემდეგი სიტყვები: 

«ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში»  (იოანე 20:30) 

«ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს» (იოანე 21:25) 

მაგრამ უნდოდა თუ არა მოციქულ იოანეს იმის თქმა, რომ მოციქულებმა ქრისტეს ყველა სწავლება არ ჩაწერეს და ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამის «საიდუმლოდ, ზეპირად» გადაცემა გადაწყვიტეს (როგორც ამას მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი მამა - ბასილი კესარიელი ამტკიცებდა. იხ.: სულიწმინდის შესახებ. თავი 27)? მოცემულ ნაწყვეტებში არაფერ ამის მსგავსზე არაა საუბარი. 

მოციქული იოანე მხოლოდ იმის შესახებ საუბრობდა, რომ როდესაც თავის წერილებს წერდნენ, მოციქულებს მიზნად არ ჰქონდათ დასახული, რომ იესოს ცხოვრების ყოველ-წამიერ ქრონიკას შეადგენდნენ და ყოველ მის ქმედებას ჩაწერდნენ, რომელიც კი ოდესმე მოუმოქმედებია და დაწერდნენ ყოველ მის სიტყვას, რომელიც კი მას იდესმე უთქვამს. 

იესოს ცხოვრება და მსახურება, მოციქულთა წიგნებში ფრაგმენტულად გადმოიცემა, თუმცა ეს ზუსტად ის მომენტები და ისეთი ქადაგებებია, რომლებიც მთელი სისავსით წარმოაჩენენ მის პიროვნებას - როგორი ადამიანი იყო ის, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რის შესახებ ასწავლიდა ის. (შეად. იოანე 20:31. ლუკა 1:1-4). 

თხრობის ამგვარი სტილის გამოყენებით, მოციქულები ფაქტობრივად ძველი აღთქმის მწერლების მაგალითს მიჰყვებოდნენ, რომლებიც ზუსტად ასევე ჰყვებოდნენ წინათ მცხოვრები ღვთის მსახურების შესახებ, მაგალითად -  ნოეს, აბრაამის, ისააკის, იაკობის, იოსებისა და მრავალი სხვათა შესახებ, წერილებში მხოლოდ მათი ცხოვრებისა და მსახურების ცალკეულ ფრაგმენტებს აფიქსირებდნენ. მიაჩნდა თუ არა იესოს ან რომელიმე მოციქულს, რომ ამის გამო წმინდა წერილი არასრულფასოვანი იყო? აშკარაა, რომ არა. (შეად. ლუკა 16:29, 2 პეტრე 1:19,21,  რომაელები 15:4, 1 კორინთელები 10:11.) 

ბიბლია არ წარმოადგენს დეტალურ და ამომწურავ წყაროს ყველაზე და ყველაფერზე.  ამისათვის მართლაც, როგორც მოციქული იოანე წერს, მსოფლიოს ყველა წიგნიც კი არ იქნებოდა საკმარისი. თუმცა იმისათვის, რომ რწმენის ერთადერთ წესს წარმოადგენდეს, ბიბლიას არ სჭირდება, რომ ამომწურავი იყოს. წმინდა წერილი ზუსტად იმ ცოდნას შეიცავს, რომლებიც აუცილებელია, რათა თითოეული ადამიანი მიიყვანოს მარადიულ სიცოცხლემდე (2 ტიმოთე 3:15-17). 

[შენიშვნა:

წმინდა წერილის სულიერი სისავსისა და სისრულის ერთ-ერთ ნათელ მტკიცებულებას – წარმოადგენს სრულფასოვანი ცხოვრება ღვთის კანონის თანახმად ქრისტიანულ კრებებში, რომლებშიც მხოლოდ ბიბლიას აღიარებენ რწმენის წყაროდ და უზენაეს ავტორიტეტად. ეს ქრისტიანები ავლენენ წმინდა სულის ნაყოფებს (გალატელები 5:22-25), ძმურ სიყვარულს (იოანე 13.34-35), და სწრაფვას იმისკენ, რომ სხვა ადამიანებს მოუყვნენ ქრისტესა და მისი სამეფოს შესახებ  (მათე 28.19).

შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამის დანახვა მართლმადიდებლურ მრევლში? ნათელია, რომ არა. თავად მართლმადიდებლები, როგორც ჯგუფი, სამწუხარო სანახაობას წარმოადგენენ სახარებისეული სწავლების ცოდნის, ქრისტიანული ცოდნისა და ზნეობრიობის ბიბლიური ნორმების თვალსაზრისით (შეად. მათე 7:16).

ამიტომ, სრულიად გაუგებარია, უშუალოდ რითი სურთ მართლმადიდებლებს იმ ადამიანების რწმენის «შევსება», რომლებიც ისეთ ქრისტიანულ მაგალითებს იძლევიან, რომ თავად მართლმადიდებლებსაც კი არ ძალუძთ მათი მიბაძვა?   თუ მხოლოდ ბიბლია «არასაკმარისია» და აუცილებლად საჭიროა «წმინდა გადმოცემა» - მაშინ რატომ ხდება ისე, რომ მართლმადიდებლებს, რომლებსაც ვითომდა ეს «გადმოცემა» აქვთ, არ შეუძლიათ ანალოგიური ქრისტიანული თვისებებისა და სულიერი ცხოვრების ისეთივე დონის წარმოჩენა, რომლებსაც ის ქრისტიანები უკეთებენ დემონსტრირებას, რომლებიც «წმინდა გადმოცემას» უარყოფენ?  რომელ «წმინდა გადმოცემაზე» შეიძლება იყოს საუბარი, თუ მას თავად მართლმადიდებლების გარდაქმნაც კი არ შეუძლია გაცილებით უკეთეს ქრისტიანებად?   

ამიტომ მართლმადიდებლობის აპოლოგეტთა ყველა არგუმენტს წმინდა წერილის «არასაკმარისობასა» და «ნაკლოვანებაზე» - არავითარი ძალა არ გააჩნია პრაქტიკული ქრისტიანობის თვალსაზრისით.]

თუ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა წიგნებში ჩაწერეს ყველა ის ღვთაებრივი გამოცხადებები, რომლებიც მათ  ღმერთისაგან მიეცათ, ესე იგი მოციქულებს, როგორც მათ მემკვიდრეებს, ასევე უნდა ჩაეწერათ ღვთის ყველა ის სიტყვა, რომელიც მათ მიენდო. იმის მტკიცება, რომ მოციქულებმა მთლიანად არ ჩაწერეს ღვთაებრივი გამოცხადება, იგივეა ის ვამტკიცოთ, რომ ისინი საკუთარი წინასწარმეტყველური მოწოდების ორგულები იყვნენ. 

მოციქულები მართლაც მთლიანად იწერდნენ ღვთის სიტყვას. მაგალითად, მოციქულმა იოანემ წიგნში ჩაიწერა ყველაფერი, რაც მან ნახა, მას არ დაუწყია გამოცხადების გარკვეული ნაწილის «საიდუმლოდ, ზეპირი» გადაცემა (შეად. გამოცხადება 1:1-3, 22:18,19). 

სრულიად გაუგებარია, რაში შეიძლება დასჭირვებოდათ მოციქულებს ღვთაებრივი გამოცხადების გაყოფა, რომ ერთი ნაწილი წერილობით გადაეცათ, ხოლო მეორე მხოლოდ ზეპირად - ამ ყველაფრით ყველაფერი გაერთულებინათ და დაბნეულობა შეეტანათ ქრისტიანულ კრებებში - როცა უბრალოდ ყველაფრის ჩაწერა შეიძლებოდა, ზუსტად ისევე, როგორც ეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა გააკეთეს?

[შენიშვნა: 

ბასილი კესარიელი, წმინდა წერილის არასრულფასოვნებისა და შეზღუდულობის მტკიცებისას, ასწავლიდა, რომ «ეკლესიაში დაცული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან, ზოგიერთი იმ სწავლებებით გაგვაჩნია, რომლებიც წერილებშია გადმოცემული, სხვები კი, რომლებიც სამოციქულო გადმოცემით მოვიდნენ ჩვენამდე, საიდუმლოდ მივიღეთ», რადგან «მრავალი რამ, რაც ეკლესიაში აღსრულდება, ფარული და საიდუმლო გადმოცემის თანახმად ხდება», «გაუხმაურებელი და წარმოუთქმელი სწავლების თანახმად, რომლებიც ჩვენმა მამებმა ცნობისმოყვარეებისათვის მოუწვდომლად და სრული უტყველობით შემოინახეს». ბასილის აზრით,  წმინდა წერილისთვის არასაკადრისია «ისეთი სწავლებების გახმოვანება, რომლებიც უცოდინრებისთვის დაუშვებელია». 

კონკრეტულად «უცოდინრებისთვის» ისეთი რა «საიდუმლო» და «დაუშვებელი» არ ჩაწერეს მოციქულებმა?

როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, აღმოჩნდ რომ - ესაა პირჯვრის გადაწერა, აღმოსავლეთისაკენ შებრუნებული თაყვანისცემა, ევქარისტიისას სულიწმინდის მოხმობა, სანათლავი წყლისა და საცხები ზეთის კურთხევა, მოსანათლის სამგზის შთაფლვა და სწავლება სამების შესახებ (იხ. წმინდა სულის შესახებ, თავი 27).  მაგრამ ნუთუ პირჯვრის გადაწერა ან აღმოსავლეთისაკენ შებრუნებული თაყვანისცემა (იოანე დამასკელის თანახმად კი, კიდევ ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემა - იხ. მეორე დაცვითი სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ. XVI.)  – ისეთი საშინელი საიდუმლოებებია, რომელთა გახმაურებაც მოციქულებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა და რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად უნდა შენახულიყო «უცოდინართაგან» მეტად საიდუმლოდ? მაშინ ბასილმა რატომ მოყვა მათ შესახებ თავის წიგნში და ამით ხელმისაწვდომი რატომ გახადა «უცოდინართათვის»? და დღეს რატომ აღარ ინახება საიდუმლოდ ეს «საიდუმლოებები» მართლმადიდებელ ეკლესიაში და რატომაა ის ხელმისაწვდომი იმ ხალხისთვისაც კი, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისაგან? 

სრულიად ნათელია ბასილი კესარიელის იდეის აბსურდულობა საიდუმლო სწავლებების შესახებ, რომელთა გადაცემაც მხოლოდ რჩეულთათვის შეიძლება და მათი შეუთავსებლობა ქრისტეს სიტყვებთან, რომელიც თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ექადაგათ მისი სწავლებები უცხო ადამიანებისათვის ყოველგვარი ფარულობის გარეშე: 

«რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ» (მათე 10:27. შეად. ლუკა 8:16-17. ეფესელთა 6:19)]


5.  ახალი აღთქმის წერილები წარმოადგენენ ერთადერთი ცოდნის წყაროს ქრისტეს  ცხოვრებისა და სწავლების შესახებ

ის, რის შესახებაც მოციქულები სიტყვიერად ასწავლიდნენ, მათ ჩაიწერეს, რათა ეს წერილებად დარჩენილიყო.  (შეად. იოანე 20.31, 1იოანე 1:5, 1იოანე 5:13, გამოცხადება 1:1-3).  იმის წყალობით, რომ მოციქულებმა იესოს სწავლებები ჩაიწერეს - ის შემონახულ იქნა და არ დამახინჯებულა, რაც აუცილებლად მოხდებოდა, ის რომ სიტყვიერად გადაეცათ მათი სიკვდილის შემდეგ.

ბავშვობიდან ყველასთვის კარგად ნაცნობია თამაში «გაფუჭებული ტელეფონი», როდესაც ერთი მეორეს ყურში ჩასჩურჩულებს რაიმე წინადადებას, მეორე მესამეს და ბოლოს სრულიად სხვა რამ გამოდის, ვიდრე თავიდან იყო. ნებისმიერი ზეპირი ინფორმაცია აუცილებლად მახინჯდება ადამიანური ფაქტორის ზემოქმედებით.

გარდა ამისა, მსგავს ინფორმაციას მეორე სერიოზული პრობლემაც გააჩნია – ესაა მისი ვერიფიკაცია. როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ადამიანმა მართლაც წარმოთქვა ის მოსაზრება, რომელსაც მას ასწლეულების შემდეგ მიაწერენ, თუ ის არ წერია მის პირად მემუარებსა და მისი უახლოესი მიმდევრების მემუარებში? ასეთი ხერხი არ არსებობს.

როგორც ცნობილია, იმის მცდელობებიც კი იყო, რომ ბიბლიურ ტექსტშიც კი შეეტანათ ისეთი სიტყვები და წინადადებებიც კი, რომელიც თავდაპირველ ტექსტში არ არსებობდა. მსგავსი ინტერპოლაციები გამოვლენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი დოკუმენტების - წმინდა წერილების ასლების წყალობით. მაგრამ იმ ინფორმაციის ფალსიფიკაცია როგორ გამოვავლინოთ, რომელიც მრავალი ასწლეულების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ «ზეპირად და საიდუმლოდ» გადაიცემოდა?

შეეძლოთ თუ არა მოციქულებს რომელიმე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების «მხოლოდ სიტყვიერად და საიდუმლოდ» გადაცემა, თუ ეცოდინებოდათ, რომ გადაცემის მსგავსი მეთოდისას შეუძლებელი იქნებოდა მათი დაცვა არა მხოლოდ დამახინჯებებისაგან, არამედ საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მათი ავთენტურობის დადასტურება მას შემდეგ, როდესაც თავად მოციქულები ცოცხლები აღარ იქნებოდნენ? აშკარაა, რომ არა.  მხოლოდ წერილობითი დოკუმენტები წარმოადგენდნენ მოციქულებისთვის იმის ერთადერთ საშუალებას, რომ ქრისტეს სწავლებები დაეფიქსირებინათ და მომავალი თაობებისათვის გადაეცათ. ზეპირი გადაცემა ამ მიზნისათვის სრულიად გამოუსადეგარი იყო.

იმის წარმოდგენაც კი რთულია, როგორ დამახინჯებებს შეიძლება დაქვემდებარებოდა ქრისტეს სწავლება, თანაც მისი აღდგენის ყოველგვარი იმედის გარეშე, მოციქულებს მართლაც რომ გადაეწყვიტათ და არ ჩაეწერათ ის. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანობის ავთენტურ წყაროებამდე წვდომა უბრალოდ სამუდამოდ დაბლოკილი იქნებოდა.


6. IV საუკუნემდე წმინდა წერილები განიხილებოდა, როგორც ქრისტიანული რწმენის ერთადერთი ავტორიტეტი და წყარო


ეგნატე ანტიოქიელი (გარდაიცვალა 107/112 წ.) - 

«ისე მოვეპყროთ სახარებას (იგულისხმება ოთხივე სახარება), როგორც იესოს სხეულს და მოციქულებს,  როგორც ეკლესიის პრესვიტერობას. ისევე გვიყვარდეს, როგორც წინასწარმეტყველები, რადგან ისინიც იმას აცხადებდნენ რაც სახარებას შეეხება.» (წერილი ფილადელფიელთა მიმართ. 5.)


«ისინი (დოკეტები) ვერც წინასწარმეტყველებებმა დაარწმუნ და ვერც მოსეს კანონმა, და დღემდეც კი ვერ არწმუნებს ვერც სახარება და ვერც თითოეული ჩვენგანის ტანჯვა... ამიტომ საჭიროა დავშორდეთ ასეთ ხალხს და არც ერთი-ერთზე და არც კრებაში არ ვილაპარაკოთ მათ შესახებ, არამედ მოვუსმინოთ წინასწარმეტყველებს, განსაკუთრებით კი სახარებას (იგულისხმება ოთხივე სახარება), რომელშიც ჩვენთვის გახსნილია ქრისტეს ტანჯვა და სრულიად ნათელია მისი აღდგომა» (წერილი სმირნელთა მიმართ.  5. 7.) 

დასკვნა:  ეგნატე მოუწოდებს სახარებისეულ წერილებს მიმართონ იმისათვის, რათა ქრისტეს შესახებ გაიგონ.


იუსტინე ფილოსოფოსი (დაახ. 100—165 წ.) - 

«ფსალმუნის სიტყვები ნათლად ქადაგებენ მარადიული მეფის, ანუ ქრისტეს შესახებ; რადგან ქრისტეს ეწოდება მეფე, მღვდელი, ღმერთი, უფალი, ანგელოზი და ადამიანი, ლაშქართა მეთაური, ქვა, ყლორტი, ჯერ ტანჯვის დამთმენი და შემდეგ კი ზეცად ამავალი და კვლავ დიდებით ვინც მოვა, და ბოლოს, ის ვისაც მარადიული მეფობა აქვს, როგორც გიმტკიცებთ კიდეც ყველა წერილების საშუალებით» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 34.) 

«თუმცა როდესაც მათ წერილებიდან მოყვანილ იმ ადგილებს ვუპირისპირებთ, რომლებიც ზემოთ მოვიყვანე და რომლებიც აშკარად წარმოაჩენენ ქრისტეს… მაშინ იძულებულნი არიან დაგვეთანხმონ, რომ ეს ქრისტეზეა ნათქვამი» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 68.) 

«ჩვენ ვცდილობთ წერილებთან შეთანხმებულად ვისაუბროთ მათთან» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 82.) 

«და რადგან მისი მოციქულების წერილებში წერია, რომ ის (იესო) ღვთის ძეა, ამიტომ ჩვენც ღვთის ძეს ვუწოდებთ მას, და ვიცით, რომ ის არსებობს ყველა ქმნილებათა უწინარეს და მამისაგან წარმოიშვა მისი ძალითა და ნებით» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.100.) 

დასკვნა:  იუსტინეს თანახმად - მისი დროის ქრისტიანულ კრებებზე, მხოლოდ მოციქულებისა და წინასწარმეტყველების წერილები იკითხებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უშუალოდ წმინდა წერილი განიხილებოდა II საუკუნის პირველი ნახევრის ქრისტიანების მიერ რწმენის წყაროდ.  ასევე ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე იუსტინეს ნაშრომში «დიალოგი ტრიფონ იუდეველთან» - იუსტინესა და ტრიფონის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის ფარგლებში მიმდინარეობს. იუსტინე ვერ პოულობს ვერავითარ ცოდნას «რწმენის მეორე წყაროში» წმინდა წერილის პარალელურად. საკუთარ არგუმენტაციაში ის ძველი აღთქმისა და მოციქულთა წერილების წიგნებს მიმართავს.

ათენაგორა ათონელი (დაახ. 133 წ. — დაახ. 190 წ.) - 

«ნუ გაიკვირვებთ, დაწვრილებით რომ გადმოვცემ ჩქვენს სწავლებას: მინდა, რომ  არ გაგიტყუოთ საყოველთაო ამაო აზრმა და ჭეშმარიტება იცოდეთ. და თავად იმ წესებით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, წესებით, რომლებიც მომდინარეობენ არა ადამიანისაგან, არამედ ღვთის მიერ არიან წარმოთქმულნი და გადმოცემულნი, შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ უღვთოებად არ მიგვიჩნიოთ. და რა წესებია ის, რომლებშიც ჩვენ აღვიზრდებით? «გეუბნებით თქვენ:  გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; ...ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა... რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც» (მათე 5:44–45)» (შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო, 11) 

დასკვნა:  იმ ჭეშმარიტებისა და წესების გასაგებად, რომლებიც ღვთის მიერაა გადმოცემული, ათენაგორა სახარებას ციტირებს. 


თეოფილე ანტიოქიელი (გარდაიცვალა 180—183 წ.) - 

«შემდეგ, ღვთაებრივი საქმეების, ანუ წინასწარმეტყველთა წერილების, სიყვარულით გამოკვლევა გჭირდება, რათა სხვების სიტყვებთან იმის შედარებით, რაც მათშია ნათქვამი, ჭეშმარიტების პოვნა შესძლო»  (წერილი ავტოლიკესადმი. წიგნი. 2,34.) 

დასკვნა:  თეოფილე ისე აღიქვავდა წმინდა წერილებს, როგორც რწმენის ერთადერთ ავტორიტეტს, რომელიც ჭეშმარიტების კრიტერიუმს წარმოადგენს. 


ტერტულიანე (155/165 — 220/240 წ.) - 

«მე ქედს ვიხრი წმინდა წერილის სისავსის წინაშე, რადგან ის მაჩვენებს მე შემოქმედსაც და ქმნილებასაც» (ჰერმოგენეს წინააღმდეგ.22.) 

«რა ბედნიერია ეს ეკლესია! ის ერთმანეთს აკავშირებს კანონსა და წინასწარმეტყველებს -  სახარებასთან და მოციქულთა წერილებთან, და აქედან ამოხაპავს რწმენას» (პრესკრიფციის შესახებ. 36) 

«თუმცა ამას მტკიცებულება არ გააჩნია, იმიტომ რომ წმინდა წერილი არაფერს ამბობს...ამის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან წმინდა წერილი არ მიუთითებს...ხოლო რასაც შენით მეუბნები წერილების გვერდის ავლით, ამას არ ვიღებ» (ქრისტეს ხორცის შესახებ.6,7.) 

«ამგვარად, რაც არ მომხდარა, არც წმინდა წერილს შეეძლო მის შესახებ განეცხადებინა. და თავად ამ სიჩუმით საკმარისადაა ნათქვამი, რომ არაფერი ყოფილა, რადგან, რამე რომ ყოფილიყო, წმინდა წერილი გვეტყოდა ამის შესახებ» (ჰერმოგენეს წინააღმდეგ.20.) 

დასკვნა:  ტერტულიანეს თანახმად - წმინდა წერილს გააჩნია ჭეშმარიტების სისავსე და წარმოადგენს ქრისტიანული მრწამსის უზენაეს ავტორიტეტსა და წყაროს.


იპოლიტე რომაელი (დაახ. 170 წ. — დაახ. 235 წ.) - 

«ერთია ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, ძმებო, წმინდა წერილის თანახმად. ისევე, როგორც ამ საუკუნის სიბრძნის შესწავლის მსურველი სხვაგვარად ვერ დაიკმაყოფილებს თავის სურვილს, თუ არა მხოლოდ ფილოსოფიური სწავლებების (δόγμασιи) კითხვით, ასევე მათ შორის ყველა ჩვენგანსაც, თუ ღვთის შიშში გვსურს რომ გავძლიერდეთ, სხვაგვარად ვერ გავძლიერდებით, თუ არა ღვთის სიტყვების (τώи λογίωи Фεοΰ) საფუძველზე. ამგვარად, შევიმეცნებთ ყოველივე იმას, რის შესახებაც ღვთაებრივი წერილები გვამცნობენ…როგორც თავად ღმერთმა ინება წმინდა წერილებით ჩვენი დასწავლება, ჩვენც ზუსტად ისევე შევიცნობთ (მას)» (ვინმე ნოეტის ერესის წინააღმდეგ. 9.) 

დასკვნა:  იპოლიტეს თანახმად, ჩვენ ღმერთს მხოლოდ წმინდა წერილის დახმარებით შევიცნობთ. 


ორიგენე (დაახ. 185 — დაახ. 254 წ.) - 

«იმის დასამტკიცებლად, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ კიდევ წმინდა წერილიდან უნდა მოვიყვანოთ მტკიცებულებები» (საწყისებზე. წიგნი 4. თავი. 1.1.) 

«ჩვენ ვიტყვით, რომ თავად წმინდა წერილი – ღვთაებრივია, ანუ ღვთის სულის მიერაა შთაგონებული. ამიტომ, რაც შეიძლება მოკლედ, ამასაც დავამტკიცებთ, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით თავად ღვთაებრივი წერილებიდან, ანუ მოსედან, ებრაელი ერის პირველი კანონმდებლიდან, და იესო ქრისტეს სიტყვებიდან» (საწყისებზე. წიგნი 4. თავი 1.1.) 


«მაგრამ როგორც საუბარი დავიწყეთ, წმინდა წერილის გაგებისა და მათი აზრის პოვნის  სწორ გზად მიგვაჩნია ის გზა, რომელზეც თავად წმინდა წერილი მიგვითითებს, რომელიც გვასწავლის, უშუალოდ როგორ უნდა ვფიქრობდეთ მასზე» (საწყისებზე. წიგნი 4. თავი. 2.11.) 

«არცერთმა ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს სწავლებების დასამტკიცებლად წიგნები, რომლებიც კანონიზირებულ წმინდა წერილებს არ წარმოადგენენ» (Tract. 26 in Matt.)

დასკვნა:  ორიგენეს თანახმად - წმინდა წერილი ღვთაებრივია და ამის მტკიცებულებას თავად წმინდა წერილი წარმოადგენს. ნებისმიერი სწავლება წმინდა წერილზე უნდა იყოს დაფუძნებული. 


7. შეჯამება

წმინდა წერილი ქრისტიანული რწმენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს შემდეგი მიზეზების გამო:

1) ბიბლია – ესაა დაწერილი ღვთის სიტყვა.

2) ახალი აღთქმის წიგნები წარმოადგენენ ერთადერთ წყაროს იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ერთადერთ წყაროს, რომელშიც შემოინახა მოციქულთა ავთენტური სწავლებები. 

3) მხოლოდ წმინდა წერილი საკმარისია გადასარჩენად. 

4) მთელი ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილობითი სახით ინახება. 

5) ბიბლია წინ უსწრებს ეკლესიას ზუსტად ისევე, როგორც საძირკველი უსწრებს წინ შენობას. ბიბილია ღმერთის მიერ ეკლესიისთვისაა განკუთვნილი, როგორც რწმენის წესი მისთვის.

6) მოციქულთა შემდგომ ქრისტიანობაში წმინდა წერილს პატივს სცემდნენ როგორც უზენაეს ავტორიტეტსა და რწმენის ერთადერთ წყაროს. ასეთია მოციქულთა ტრადიცია.



8. შესაძლო საწინააღმდეგო აზრები

1) // 2 ტიმოთეს 3:8-ში, მოციქული პავლე ორი ეგვიპტელი ქურუმის სახელს ასახელებს, რომელთა შესახებაც მხოლოდ ზეპირი გადმოცემიდანაა ცნობილი. შესაბამისად, პავლე ზეპირ გადმოცემას ისევე ავტორიტეტულად მიიჩნევდა, როგორც წმინდა წერილს: «როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას» // 

პასუხი -

იანეს და იამბრეს სახელები მართლაც არ გვხვდება ძველ აღთქმაში. თავად მოციქული პავლე არ განმატვას, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. 

იონათანის იუდაური თარგუმის თანახმად (არაუადრეს ახ.წ. მე-2 საუკუნისა, თუმცა საბოლოო რედაქციით შედგა არაუადრეს ახ.წ. მე-5 საუკუნისა.) - იანე და იამბრე ეგვიპტელი ქურუმები იყვნენ, რომლებიც მოსეს ეწინააღმდეგებოდნენ, როდესაც ის ფარაონთან მიდიოდა (შეად. გამოსვლა 7:10-11).

ამ ვერსიის დამადასტურებელი ისტორიული ცნობები გაცილებით მეტია, ვიდრე ცნობები, რომლებიც ამას უარყოფენ. მაგალითად, გარდა იონათანის თარგუმისა - იანე და იამბრე ერთად ან ცალცალკე, მოხსენიებულნი არიან მთელ რიგ წყაროებში, მაგალითად, ნუმერიუსთან, პლინიუს უფროსთან, ლუციუს აპულიუსთან, კუმრანის ხელნაწერებიდან ერთერთში და ზოგიერთ აპოკრიფში (ენციკლოპედია «წმინდა წერილის გაგება», სტატია – იანე). 

რადგანაც იანესა და იამბრეს სახელები ძველაღთქმისეულ წერილებში არ გვხვდება - აშკარაა, რომ ამ ადამიანების ხსენებისას, პავლე რომელიმე დამატებითი წყაროთი სარგებლობდა. უშუალოდ რომლით, ზუსტად უცნობია, თუმცა აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ ინფორმაციის მოცემულ წყაროს მოციქული პავლე ღვთის სიტყვად მიიჩნევდა. 

მაგალითად, პავლემ კარგად იცოდა ანტიკური ლიტერატურა, ასე რომ ხანდახან საკუთარი აზრის დასანახვებლად შეეძლო ცნობილი პოეტის ციტირება მოეხდინა. მაგალითად, ტიტეს 1:11,12-ში, ის ციტირებს ეპიმენიდეს (ძვ.წ. VI ს.): «რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით. ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა:  კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი». საქმეების 17:28-ში კი პავლე ციტირებს არატე კილიკიელს (ძვ.წ. III ს.): «ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიბრძვით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ». თუმცა მას არ აჰყავს მოცემული მონაკვეთები, ისევე როგორც თავად პოეტები, ღვთის სიტყვის რანგში. 

აშკარაა, რომ ზუსტად ასევეა 2 ტიმოთეს 3:8-ში, პავლემ გამოიყენა ყველასათვის ცნობილი ისტორიული ინფორმაცია იანესა და იამბრეს არსებობის შესახებ, რომლის უტყუარობაც წმინდა სულის მიერ იქნა მისთვის დადასტურებული, და არა ის, რომ ის «იუდაურ ზეპირ ტრადიციას» სცემდა პატივს. ზუსტადაც რომ პავლე ასწავლიდა იუდაური ტრადიციების წინააღმდეგ და ქრისტიანებს არიგებდა «ყურს ნუ უგდებთ იუდეველთა ზღაპრებს» (ტიტე 1:14, შეად. 1ტიმოთე 1:4).

2) // ღვთაებრივი გამოცხადება მოსემდე ზეპირად გადაეცემოდა. // 

პასუხი - 

ეს მთლად ასე არ არის. როდესაც ღვთაებრივი გამოცხადების ჩაწერა ჯერ კიდევ არ ხდებოდა, მისი დამცველები ღვთის რჩეული მსახურები იყვნენ, რომლებსაც უშუალოდ ღმერთთან ჰქონდათ ურთიერთობა, მისი ხმა ესმოდათ და მისი მუდმივი ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ (შეად. დაბადება 12:1). ზუსტად ეს გამორიცხავდა ღვთაებრივი გამოცხადების დამახინჯებას დროის იმ მონაკვეთში. 

უნდა ვაღიაროთ, რომ თავად შემოქმედთან «პირისპირ» ურთიერთობა - ეს იგივე არაა, როდესაც ერთმა ადამიანმა გადასცა სიტყვიერად რაღაც მეორე ადამიანს, მან კი მესამეს… ჩვეულებრივი ადამიანები კი არა, უშუალოდ ღვთის წინასწარმეტყველები ინახავდნენ ღვთის სიტყვას (შეად. გამოსვლა 4:10-15). ამასთანავე ნუ დაგვავიწყდება, რომ მოსეს დღეებიდან მოყოლებული ღვთის ნების თანახმად ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილობითი სახით ინახება. 

ამიტომ არანაირი პარალელი არ შეიძლება არსებობდეს ძველაღთქმისეულ გამოცხადებასა და მართლმადიდებელი ეკლესიის «წმინდა გადმოცემას» შორის.

3) // 3 იოანეს 13-14-ში, მოციქულ იოანეს წერილით საუბარი კი არ სურდა, არამედ «პირისპირ საუბარი».  აი ხედავთ, მოციქულ პავლეს მელნით წერა კი არ სურდა, არამედ ზეპირი დარიგება უნდოდა მიეცა, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ მოციქულები წერილობით დოკუმენტებს ზეპირ გადაცემას ამჯობინებდნენ //

პასუხი - 

მოცემულ მონაკვეთში მოციქული იოანე ადარებს არა ზეპირ და წერილობით «გადმოცემას» წარსულის შესახებ, არამედ წერილობით ურთიერთობას, პირისპირ ურთიერთობასთან აწმყოში. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც მან თქვა:  «ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო. რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ». ვინ არ ამჯობინებდა წერილის კითხვას, მოციქულთან პირისპირ საუბარს?  ეს ის არ არის, რისი მოცემაც «ზეპირ გადმოცემას» შეუძლია. ზუსტადაც რომ პირიქით, ზეპირი გადაცემა არასაიმედოა წერილობითთან შედარებით.

4) // მოციქული პავლე ზეპირი წმინდა გადმოცემის შესახებ ისე წერს, როგორც წმინდა წერილის პარალელურად ქრისტიანული მრწამსის მეორე წყაროს შესახებ:  «იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას.»  (1კორინთელები 11:2. სგ.)  «მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით»  (2თესალონიკელები 2:15. სგ.)  «ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ» (2თესალონიკელები 3:6. სბს-სტოკჰოლმი 2001) //

პასუხი - 

სიტყვა παραδόσεις (პარადოსეის) — რომელიც ბიბლიის ქართულ თარგმანებში სიტყვა «გადმოცემადაა» ნათარგმნი - პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს: «გადაცემა, (რაიმეს) ხელში გადაცემა; სწავლება, გადაცემული სწავლება». (სტრონგის ნომერი: 3862).  როგორც ეს ამ სიტყვის მნიშვნელობიდან ჩანს, ის წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ტერმინს, რომელიც თავად მოქმედებაზე, გადაცემის პროცესზე მიუთითებს. ახალ აღთქმაში სიტყვა პარადოსეის 13-ჯერაა გამოყენებული და ყველა შემთხვევაში გადასაცემ სწავლებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში ის იმ ცრუ სწავლებებსა და ტრადიციებს აღნიშნავს, რომლებიც წინა თაობის რელიგიური მასწავლებლებისგან მიიღეს შთამომავლობით  (შეად. მათე 15.2-3, მარკოზი 7.8,13, კოლოსელები 2.8, გალატელები 1.14). სხვა შემთხვევებში კი - ქრისტიანული რწმენის იმ სხვადასხვა ჭეშმარიტებებს, რომლებსაც მოციქულები ქადაგებდნენ, და ასევე მოციქულების სწავლებებს როგორც ასეთი. კერძოდ კი: 

1 კორინთელები 11.2 - 

«გაქებთ თქვენ, ძმებო, იმისთვის, რომ გახსოვთ ყველაფერი რაც გასწავლეთ და ინახავთ იმ მოძღვრებას, რომელიც გადმოგეცით...» (სბს-2013). 

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემულ მუხლში სიტყვა παραδόσεις (პარადოსეის), ეს გახლავთ არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში, და ამიტომ მისი სწორი თარგმანი იქნება არა «გადმოცემა», როგორც ეს ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანშია, არამედ «გადმოცემები» (ანუ «სწავლებები»), და შესაბამისად ის ნიშნავს უბრალოდ ქრისტიანული რწმენის ცალკეულ ჭეშმარიტებებს, რომელთა ერთგულად დაცვისთვისაც აქებს პავლე კორინთოელ ქრისტიანებს. და კონკრეტულად რომელი ჭეშმარიტებების (ან სწავლებების) დაცვაზე საუბრობს მოციქული პავლე 1 კორინთელების 11.2-ში? რაიმე ისეთზე, რაც წმინდა წერილებში არ არის? არა. შემდეგ, იმავე წერილის 15:1-4-ში, პავლე თავადვე განმარტავს იმის შინაარს, რაც კორინთოელ ქრისტიანებს გადასცა: 
«გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ. რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღსდგა მესამე დღეს» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015). 

სიტყვა, რომელიც მე-3 მუხლშია გამოყენებული, ეს გახლავთ ზმნა παρέδωκα (პარედოკა), პირდაპირ ნიშნავს -  «რაიმეს გადაცემას». ეს ზუსტად ის სიტყვაა, რომელიც 1კორინთელების 11.2-ში დგას. ამიტომ პარადოსეის 1 კორინთელების 11.2-ში, ეს გახლავთ სასიხარულო ცნობის სხვადასხვა ასპექტები წმინდა წერილიდან იესო ქრისტეს შესახებ - მისი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ. შეად.  საქმეები 26.22-23, საქმეები 28.23. 

2 თესალონიკელები 2.15 - 

«ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა.» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი). 

ამ მუხლშიც ასევე გამოიყენება სიტყვა პარადოსეის (მრავლობითი რიცხვი). ისევე როგორც 1კორინთელების 11.2-ში, ის ასევე ნიშნავს რწმენის ცალკეულ ჭეშმარიტებებს (მოძღვრებებს). ის, რასაც პავლე სიტყვიერად გადასცემდა, არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ის წერილობით ასწავლიდა. ის, რის შესახებაც მოციქული პავლე თავის წერილებში ასწავლიდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის შეხსენებას წარმოადგენდა, რის შესახებაც უქადაგა მათ მანამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია ერთი და იგივე ღვთაებრივ ცნობაზე, რომელსაც პავლე ჯერ სიტყვიერად გადასცემს, შემდეგ კი წერილობით.  (შეად. 1 კორინთელები 11.2 და 1 კორინთელები 15.1-4, ასევე 1იოანე 2:7). 

2 თესალონიკელები 3.6 -

«გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.».  (მცხეთური ხელნაწერი - გ.მთაწმინდელი). 

2 თესალონიკელების 3.6-ში, გამოყენებულია უკვე არა პარადოსეის (მრავლობითი რიცხვი), არამედ პარადოსინ  (მხოლობითი რიცხვი), რომელიც ნიშნავს ცალკე აღებულ მოციქულთა სწავლებას, ან დარიგებას, რომელიც იმ კონკრეტულ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომელიც თესალონიკეს კრებაში წარმოიშვა. 

თესალონიკელ ქრისტიანთა გარკვეული რიცხვი უწესოდ ცხოვრობდა. წინა წერილში (1 თესალონიკელები 5:14) პავლე  «ევედრებოდა» დანარჩენ თესალონიკელ ქრისტიანებს «დაერიგებინათ უწესონი». თუმცა როგორც ჩანს, დამნაშავეებმა იგნორირება გაუკეთეს მოციქულის სიტყვებს. და ამჯერად პავლე მათ მიმართ გაცილებით მკაცრი ზომების გატარებას ურჩევდა. კერძოდ, მათგან ჩამოშორებას, ანუ მათგან თავის შორს დაჭერას, მათთან ურთიერთობის შეწყვეტას  (შეად. 2 ტიმოთე 2:20-21). ამას მათთვის უნდა დაენახვებინა, რომ თავისი საქციელით სულიერი ხრამი წარმოქმნეს საკუთარ თავსა და კრების დანარჩენ წევრებს შორის. მათი ცოდვა იმაში მდგომარეობდა, რომ მუშაობა არ სურდათ (2 თესალონიკელები 3:11), იმის იმედით, რომ მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე სხვა ძმები და დები იზრუნებდნენ (მუხლი 12). მსგავსი საქციელი მოციქულთა სწავლების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა. 

დასკვნა: 

როგორც ვხედავთ, სიტყვა «გადმოცემა» რაიმე საკრამენტალურ აზრს კი არ ატარებს, არამედ მიუთითებს მხოლოდ მოქმედებაზე, რწმენის სხვადასხვა ჭეშმარიტებების (პარადოსეის) და კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებული მოციქულთა დარიგებების (პარადოსინ) გადაცემის παρεδωκα (პარედოკა) პროცესზე. 

«რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით (პარედოკა)» (1 კორინთელები 11.23).
ამ აზრში სიტყვა პარედოკა (გადმოგეცით) არაფრით არ განსხვავდება ზმნისაგან απαγγελλω - აპანგელლომენ  (გაუწყებთ), რომელსაც მოციქული იოანე იყენებს, როდესაც ამბობს: «რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ»  1 იოანე 1:3, ან ზმნისაგან ελαλησαν - ელალესან ებრაელების 13.7-დან (გიყვებოდნენ, გიქადაგებდნენ). 

მოციქული პავლეს პარადოსეის («გადმოცემები» მრ. რცხ.) - ეს არის არა ღვთაებრივი გამოცხადების მეორე წყარო წმინდა წერილის გარდა, არამედ მხოლოდ იმ სწავლებების გადაცემა, რომლებიც წმინდა წერილზე იყო დაფუძნებული, წმინდა წერილებიდან გამომდინარეობდნენ და მის გაგრძელებას წარმოადგენდნენ (საქმეები 17.11, საქმეები 26.22-23, საქმეები 28.23, 1კორინთელები 15.1-4). პოლიკარპე სმირნელი (ქრისტიანობის მქადაგებელი II საუკუნის დასაწყისში), ასევე იყენებდა სიტყვა «გადმოცემას» ტერმინის სახით, რომელიც უბრალოდ გადაცემულ სწავლებას აღნიშნავდა: 

«მივატოვოთ მრავალთა ამაო და ცრუ სწავლებები და ძველთაგანვე გადმოცემულ სიტყვებს მივმართოთ» (წერილი ფილიპელთა მიმართ, თავი VII.) 

რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესიის «წმინდა გადმოცემა» წმინდა წერილისთვის უცხო და მის საპირისპირო სწავლებებს შეიცავს - ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ სწავლებას წარმოადგენს (შეად. მარკოზი 7:7,  კოლასელები 2:8), რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ გადმოცემასთან, რომლის შესახებაც მოციქული პავლე წერდა.

5) // აგრაფები (იესო ქრისტეს გამონათქვამები, რომლებიც მოციქულთა წერილებში არ აღბეჭდილა, თუმცა ცნობილია ადრექრისტიანული მწერლების სიტყვებიდან) მოწმობენ წმინდა წერილისაგან ცალკე არსებული «ზეპირი ტრადიციის» შესახებ, რომელიც ისეთივე ავტორიტეტული იყო ადრეული ქრისტიანებისთვის, როგორც წმინდა წერილი. //

პასუხი -

თუ იესოს მსგავს გამონათქვამებს დავაკვირდებით (სინამდვილეში მათი რიცხვი ძალზედ მცირეა), აღმოვაჩენთ, რომ თითოეული მათგანი წარმოადგენს, არც მეტს არც ნაკლებს, თავისუფალ გადმოცემას, ანდა ქრისტეს სახარებისეული სიტყვების პერეფრაზირებას და აბსოლუტურად არაფერს არ უმატებენ მოციქულთა წერილებს:

«ითხოვეთ დიადი და მცირედი მოგეცემათ თქვენ; ითხოვეთ ზეციური და მიწიერი მოგეცემათ თქვენ» (კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომატები. 1:24) შეად. მათე 7:7. 

«სნეულებთან სნეული ვიყავი, მშივრებთან მშიერი ვიყავი, მწყურვალებთან კი მწყურვალი» (ორიგენე. კომენტარები მათეს სახარებაზე). შეად. მათე 25:34-40, 1კორინთელები 9:22.

«იყავით დახელოვნებული ზარაფნი (საფასურით ფულის დამხურდავებელი ან სარგებლით ფულის გამსესხებელი)» (კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომატები. 1:28). შეად: მათე 13:44–46, ორივე იგავში მთავარი გმირები ყველაფერს, რაც კი გააჩნდათ - ზეციურ სამეფოზე ცვლიან. და ასევე: «ყველაფერი გამოსცადეთ, მიენდეთ კეთილს» (1 თესალონიკელები 5:21).

«ამიტომაც თქვა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ: რაშიც გპოვებთ, იმის მიხედვით გაგასამართლებთ» (იუსტინე ფილოსოფოსი. დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 47). შეად. მათე 16:27, საქმეები 17:31. 

«ვინც ახლოსაა ჩემთან, ის ცეცხლთანაა ახლოს; ვინც ჩემგან შორსაა, ის შორსაა სამეფოსგან» (ორიგენე. კომენტარები იერემიას 20:8-ზე). შეად. ლუკა 12:49.

დასკვნა:

აგრაფებმა რომ წმინდა წერილის პარალელურად რწმენის მეორე წყაროს არსებობა დაადასტურონ, ე.წ. «წმინდა გადმოცემის» სახით - ისინი უნდა შეიცავდნენ იესოს სწავლებებიდან რაღაც ახალს, რაც ახალი აღთქმის წიგნებში არ არის ასახული, იმიტომ რომ ბასილი კესარიელის თანახმად, «წმინდა გადმოცემა» შეიცავს ყოველივე იმას რაც წმინდა წერილებში არ შევიდა (იხ. სულიწმინდის შესახებ. თავი 27). არდრექრისტიანული ავტორების მიერ ციტირებული აგრაფები კი, არაფერ მსგავსს არ წარმოადგენენ.

6) // ევსები კესარიელს მოჰყავს პაპიუს იეროპოლელის სიტყვები, რომლებიც იმაზე მეტყველებენ, რომ ადრეული ქრისტიანებისთვის ზეპირი გადმოცემა გაცილებით უფრო ავტორიტეტული იყო, ვიდრე მოციქულთა წერილები, და ზუსტადაც რომ ზეპირი გადმოცემა განსაზღვრავდა მათ რწმენას და არა წიგნები:

«მე არ დავაყოვნებ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ჩემი განმარტებები იმით შევავსო, რაც კარგად ვისწავლე უხუცესთაგან და კარგად დავიმახსოვრე. მე სიამოვნებით ვუსმენდი არა სიტყვაუხვ მასწავლებლებს, არამედ მათ, ვინც ჭეშმარიტებას ასწავლიდა, იმათ კი არა, ვინც სხვა ადამიანების მცნებებს იმეორებენ, არამედ უფლის მიერ მოცემულს რწმენის შესახებ, რომლებიც თავად ჭეშმარიტებიდან გამომდინარეობენ.  თუ მოდიოდა ადამიანი, ვისაც უხუცესებთან ჰქონდა ურთიერთობა, მე მათ საუბრების შესახებ გამოვკითხავდი: რა თქვა ანდრიამ, პეტრემ, ფილიპემ, თომამ და იაკობმა, იოანემ და მათემ ან კიდევ უფლის რომელიმე სხვა მოწაფემ; ვუსმენდი, რას ამბობდა არისტიონი ან უხუცესი იოანე, უფლის მოწაფენი. მე მესმოდა, რომ წიგნები იმდენ სარგებელს ვერ მომიტანდნენ, რამდენსაც ცოცხალი, სულში ჩამწვდომი ხმა». (ევსები კესარიელი,  წიგნი 3.39.3-4.) // 

პასუხი - 

პირველ რიგში, მოყვანილ მონაკვეთში პაპიუსი საუბრობს არა «ყველა ადრეული ქრისტიანის» სახელით, არამედ მხოლოდ თავის საკუთარ პოზიციას გამოხატავს. მეორე, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სიტყვა «წიგნებში» პაპიუსს მოციქულთა წერილებიც ჰქონდა მხედველობაში. თუ მაინც და მაინც ამ ვერსიაზე დავრჩებით, მაშინ ძალიან უცნაური სურათი იქმნება: 

- პაპიუსისთვის, რატომღაც, მოციქულების შესახებ მესამე პირების მოგონებები უფრო ავტორიტეტული და სასურველია, ვიდრე თავად მოციქულების პირადი წერილები, რომლებიც საკუთარი ხელით დაწერეს. 

- მესამე პირების მონათხრობებში, პაპიუსისთვის «ცოცხალი, სულში ჩამწვდომი ხმა» ჟღერს, ხოლო მოციქულთა პირად წერილებში მოციქულების ხმა რატომღაც აღარ ჟღერდა. 

კონტექსტში პაპიუსი საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც პირადად იცნობდნენ მოციქულებს. ამიტომ უფრო გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ წიგნებზე საუბრისას, პაპიუსს მხედველობაში ჰქონდა ასეთი ადამიანების მიერ დაწერილი წერილობითი მოგონებები, იმიტომ რომ მათ პირად ცოცხალ დამოწმებას უფრო დიდი სარგებელი მოჰქონდა პაპიუსისთვის, ვიდრე მათ წიგნებს.  მე-2 საუკუნის ყველა ქრისტიანი ავტორებისთვის, მოციქულთა წერილები უდავო ავტორიტეტს წარმოადგენდა და სრულიად გაუგებარია, პაპიუსის შემთხვევაში რატომ უნდა ყოფილიყო სხვაგვარად? 

მათთან ურთიერთობისას, ვინც პირადად იცნობდა მოციქულებს, პაპიუსს რაიმე კრიტერიუმი უნდა გამოეყენებინა იმის ავთენტურობის დასადგენად, რასაც მას უყვებოდნენ იმის შესახებ, რის შესახებაც «ანდრია, პეტრე, ფილიპე, თომა და იაკობი, იოანე და მათე ან კიდე უფლის რომელიმე სხვა მოწაფე» ასწავლიდა. აშკარაა, რომ ასეთი კრიტერიუმი მხოლოდ მოციქულთა პირადი წერილები შეიძლება ყოფილიყო. 

ზუსტად ასე იყო, მაგალითად, ირინეოს ლიონელისათვის. იმას, რასაც ირინეოსი პოლიკარპე სმირნელისაგან ისმენდა მოციქული იოანეს შესახებ – ის წმინდა წერილებს ადარებდა, და თავად პოლიკარპე სმირნელიც მოციქული იოანეს შესახებ მხოლოდ იმას ყვებოდა, რაც მოციქულთა წერილებთან იყო თანხმობაში:

«მაშინდელი მოვლენები ეხლანდელზე უკეთ მახსოვს (ბავშვობაში გაგებული სულთან ხორცდება). მე შემიძლია გაჩვენოთ, თუ სად იჯდა და საუბრობდა ნეტარი პოლიკარპე, შემიძლია მოგიყვეთ მის გასვლებსა და შემოსვლებზე, მისი ცხოვრების თავისებურებებზე, მის გარეგნობაზე, იმ საუბრებზე, რომლებსაც ხალხთან მართავდა, იმის შესახებ, თუ როგორ ჰყვებოდა იოანესთან და იმ დანარჩენებთან შეხვედრების შესახებ, ვინც საკუთარი თვალით იხილეს უფალი, იმის შესახებ, თუ როგორ იხსენებდა ის მათ სიტყვებს, რაც მას მათგან უფლის შესახებ მოუსმენია, მისი სასწაულებისა და სწავლებების შესახებ. პოლიკარპე ზუსტად იმას გადმოსცემდა, რაც მათგან მიიღო, რომლებმაც სიცოცხლის სიტყვა იხილეს, ყველაფერი წმინდა წერილების თანახმად» (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია, წიგნი 5.20. ირინეოს ლიონელის წერილი ფლორინის მიმართ).

7) // ტერტულიანე გადმოცემას წმინდა წერილის პარალელურად ქრისტიანული რწმენის მეორე წყაროდ აღიარებდა:  «[1] მაშ როდემდე უნდა დავდიოდეთ წინ და უკან ამ მოლიპულ ბილიკზე, როდესაც ძველთაგანვე ფესვგადგმული პრაქტიკა გაგვაჩნია, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული? ის თუ წმინდა წერილის არანაირი ტექსტით არ არის დადგენილი, სამაგიეროდ ნამდვილად გამაგრებულია ჩვეულებით, რომელიც ეჭვგარეშე მომდინარეობს გადმოცემიდან (de  traditione). რადგან როგორ შეიძლება რაიმეს ისე მიღება, თუ ის ჯერ გადაცემული (traditum) არ ყოფილა? მაგრამ შენ ამბობ: «მაშინაც კი, თუ გადმოცემის კეთილსახიერი საბაბით აღსრულდება რაიმე, უნდა გამოირკვეს, დგას თუ არა ამ ყველაფრის უკან წმინდა წერილის ავტორიტეტიო».3 [2] ამიტომ მოდი გამოვიკვლიოთ: [სწორია, რომ] არ უნდა მივიღოთ გადმოცემა, იმის გარდა, რაც დაწერილ იქნა? რა თქმა უნდა, ჩვენ უარს ვიტყვით მის მიღებაზე, თუ იმის პრეცენდენტები არ არსებობს, როდესაც ჩვენ წმინდა წერილებიდან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ «გადმოცემის» სახელით, მივიღეთ რამე და შემდეგ ჩვეულების მიზეზით ვინახავდით მას. საერთოდ კი, როდესაც [უკვე] სანათლავ ემბაზთან მივდივართ, ცოტა ხნით ადრე კი, ეკლესიაში წინამძღვრის ხელმძღვანელობით საჯაროდ ვადასტურებთ, რომ ზურგს ვაქცევთ ეშმაკს, მის მიმზიდველ სიტყვებსა და მის ანგელოზებს. 
[3] შემდეგ, წყალში სამჯერ ჩაძირვის შემდეგ, კიდევ უფრო ნათლად ვპასუხობთ [წინამძრვარს] სიტყვებით, რომლებიც უფალმა დაადგინა სახარებაში. როდესაც [ემბაზიდან] ამოვყავართ, როგორც ახალშობილი ამოჰყავთ, ჩვენ გემოს ვუსინჯავთ რძის, თაფლისა და წყლის ნაზავს და, იმ დღიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებთ ყოველდღიური განბანვისაგან. ევქარისტიის საიდუმლოს, რომლის აღსრულებაც უფალმა უბრძანა ყველას საჭმლის მიღების წინ, უშუალოდ წინამძრვრების (praesidentium) ხელიდან ვიღებთ.  ჩვენ ყოველდღიურად აღვასრულებთ შესაწირავს გარდაცვლილთათვის მათ დაბადების დღეს.4 [4] უფლის დღეს კი [ანუ კვირას] დაუშვებლად მივიჩნევთ მარხვას ან მუხლებზე ლოცვას. ამავე თავისუფლებით ვტკბებით პასექის დღიდან მოყოლებული ორმოცდამეათე დღემდე პერიოდის განმავლობაში. თუმცა განვიცდით და რთულად გადაგვაქვს, როდესაც ჩვენი თასიდან გადმოვარდნილი წვეთი ან ჩვენი პურის ნამცეცი მიწაზე ეცემა. ნებისმიერი წარმატებისა და წინ წასვლისას, ნებისმიერი გასვლისა და შემოსვლისას, როდესაც ტანთ ვიცვამთ და ფეხზე ვიცვამთ, განბანებისა და საჭმლის მიღების წინ, სანათების ანთებისას, დაძინების წინ, დაჯდომისას თუ რაიმე საქმის კეთების წინ, ჩვენს სხეულს პირჯვარს ვსახავთ (signaculo terimus).  [1] თუ ამ და სხვა მსგავსი წესების წმინდა წერილით დასაბუთებას მოითხოვ, ვერანაირ [ასეთ საფუძველს] შენ ვერ იპოვი: მათ საფუძვლად შენ მოგიყვანენ გადმოცემას როგორც მის შემოქმედს, წეს-ჩვეულებებს როგორც მათ მიმღებს და რწმენას როგორც მათ დამცველს» (გვირგვინის შესახებ, 3-4.) //

პასუხი -

ლათინური სიტყვა TRADITIO, რომელიც მართლმადიდებლურ თარგმანებში ნათარგმნია სიტვით «გადმოცემა», ტერტულიანესთვის (ისევე როგორც მე-2-3 საუკუნის სხვა ავტორებისთვის) ნიშნავდა არა წმინდა წერილის პარალელურად მრწამსის მეორე წყაროს, ან რომელიმე მის დანამატს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ, წმინდა წერილების განმარტებას, რომელიც იმ მრწამსში იყო გამოხატული, რომელსაც ტერტულიანე ასევე უწოდებს Regula Fidei - რწმენის წესები (იხ. პრესკრიფციის შესახებ, 13) სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, TRADITIO – ესაა წმინდა წერილის ჭეშმარიტებების ქადაგება.

საეკლესიო პრაქტიკები, რომელთა შესახებაც ტერტულიანე საუბრობს მოყვანილ მონაკვეთში - წმინდა წერილი ტექსტით არ არიან დადგენილნი, თუმცაღა, მისი აზრით, ისინი წმინდა წერილის სწავლებიდან (ანუ TRADITIO) გამომდინარეობენ. ზუსტად ამ გაგებით წარმოადგენს TRADITIO მათ «შემოქმედს».  მათგან განსხვავებით - გვირგვინების ტარების წეს-ჩვეულება, თუმცა პირდაპირ არ იკრძალება წმინდა წერილის მიერ, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის მის სწავლებებთან, რადგან თავისი ფესვებით წარმართული რელიგიიდან იღებს სათავეს. ეს რომ დაამტკიცოს, ტერტულიანე წმინდა წერილს მიმართავს:

«ამგვარად, ჩვენს წინაშე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რამდენად მიუღებლად უნდა მიგვაჩნდეს ჩვენთვის თავზე გვირგვინის დადგმა, რომელიც თავდაპირველად მათ მიერ იქნა მოცემული, ვისაც წარმართული სამყარო ღმერთებად მიიჩნევენ, და ვისაც განადიდებს ამგვარი მითითებები... თუ ეშმაკი, დასაწყისიდანვე მატყუარა, კერპთაყვანისმცემლობის თავის ტყუილს ასეთი სახითაც კი აღასრულებს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ მან წინასწარ ისიც მოამზადა, რისი დახმარებითაც შეჰყავს ამ შეცდომაში სხვები. ამგვარად, როგორ შეიძლება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეკუთვნიან, არსებობდეს ის, რაც ეშმაკის მსახურების მიერ ვრცელდება, რომელთათვისაც იყო თავიდანვე ეს ყოველივე განკუთვნილი, და რომ უკვე მაშინვე ეძღვნებოდა კერპთაყვანისმცემლობის საქმეს რეგულარულად კერპების მონაწილეობით… ჩვენთან, [ქრისტიანულ] თემში არ უნდა გამოიყენებიდეს ის, რისი პოვნაც შეუძლებელია ღვთისადმი მსახურების [დადგენილ პრაქტიკაში]. რა შეიძლება იმაზე შეუფერებელი იყოს ღვთისთვის, როგორც ის, რაც კერპის საკადრისია?... წარმოიდგინე ტყის ტევრი და დაფიქრდი, რამდენი კვრინჩხის ბუჩქი შეიძლება შიგ იმალებოდეს. არაფერს არ უნდა ვაძლევდეთ კერპს და ზუსტად ასევე არაფერი არ უნდა ავიღოთ მისგან. თუ საკერპეში წოლა უცხოა რწმენისთვის, მაშ სხვების წინაშე საკერპო სამოსლით წარდგენა [რაღას ნიშნავს]? რა აქვთ საერთო ქრისტეს და ბელიარს? (2 კორინთელები 6:14-18). და ზუსტად ამიტომ გაექეცით [ყველაფერ ამას]. მოციქული მოგვიწოდებს, რომ შორ მანძილზე ვიდგეთ [ყოველგვარი] კერპთმსახურებისაგან – არავითარ შემთხვევაში არ მივუახლოვდეთ, იმიტომ რომ მიწიერი დრაკონი იმ ადამიანებსაც კი ნთქავს თავისი სუნთქვის ცეცხლით, რომლებიც გარკვეულ მანძილზე დგანან (2 კორინთელები 6:14-18). [8] კიდევ უფრო [უღრმავდება საკითხს] იოანე, როდესაც ამბობს: «შვილებო! დაიცავით თავი კერპთაგან» (1 იოანე 5:21), – უკვე არა კერპთმსახურებისაგან როგორც წეს-ჩვეულებისგან, არამედ თავად მათი გამოსახულებებისაგან. იმიტომ რომ, შენთვის, როგორც ცოცხალი ღმერთის ანარეკლისათვის, შეუფერებელია კერპის, მკვდრის სახედ გახდომა. და ჩვენ დღემდე [იმით ვართ დაკავებულნი, რომ] თავად ამ სამოსის [ანუ გვირგვინის] დამახასიათებელ ნაკვთებს ვადგენთ, მისი წარმომავლობის შესწავლის საფუძველზე და კერპების თაყვანისცემის პრაქტიკაში მისი გამოყენების მიზეზის გამო» (გვირგვინის შესახებ, თავი 7,8,10.)

უნდა აღინიშნოს, რომ ტერტულიანე მის მიერ ჩამოთვლილი საეკლესიო პრაქტიკების სამოციქულო წარმომავლობაზე არ საუბრობს და უკვე ამიტომ არაა საუბარი «წმინდა გადმოცემაზე» მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაგებით. რადგან არც მართლმადიდებელ და არც კათოლიკურ ეკლესიებში არ აგემოვნებენ ნათლობის შემდეგ რძის, თაფლისა და წყლის ნაზავს. ნათლობის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თავს არ იკავებენ ჰიგიენური პროცედურებისგან (ბანაობისგან და დუშის მიღებისგან); არ იღებენ ევქარისტიის პურსა და ღვინოს საჭმლის მიღების დროს; თავისუფლად ლოცულობენ მუხლებზე დაჩოქილნი კვირა დღეს და პასექიდან (აღდგომიდან) - ორმოცდამეათე დღემდე პერიოდის განმავლობაში; და ჯვრის გამოსახულებაც კი, რომლის შესახებაც ტერტულიანე საუბრობს (ერთი თითით შუბლზე ჯვრის გამოსახვა) პრაქტიკაში არ გვხვდება. ასევე, მე-11 თავში ტერტულიანე საუბრობს ქრისტიანებისთვის სამხედრო სამსახურის დაუშვებლობის შესახებ, როგორც წმინდა წერილის სწავლებებისათვის შეუფერებელ რამეზე, თუმცა მართლმადიდებლობაში და კათოლიციზმში ამ «გადმოცემას» უარყოფენ.

8) // მართლმადიდებლური გადმოცემის წყაროს ის წარმოადგენს, რასაც თავად მოციქულები ამბობდნენ. ის, რის შესახებაც მოციქულები ასწავლიდნენ - მათ თავის მოწაფეებს გადასცეს, მოციქულთა მოწაფეებმა თავის მოწაფეებს და ასე ჯაჭვურად ინახება მოციქულთა გადმოცემა მართლმადიდებელ ეკლესიაში დღევანდელ დღემდე //

პასუხი -

თუ იმ სწავლებებს მივმართავთ, რომლებიც საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული იყო ნიკეამდელ ქრისტიანობაში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მრავალი მათგანი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უარყოფილია. მაგალითად, სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ათასწლიანი სამეფო დამყარდება დედამიწაზე (ამის შესახებ ასწავლიდნენ პაპიუს იეროპოლელი, იუსტინე, ირინეოს ლიონელი), ქრისტიანთათვის სამხედრო სამსახურის დაუშვებლობის შესახებ (ამის შესახებ ყველა ნიკეამდელი მასწავლებელი ასწავლიდა), იმის შესახებ, რომ დაბადების 6:2-ში მოხსენიებული ღვთისშვილები დაცემული ანგელოზები იყვნენ (ამის შესახებ ყველა ნიკეამდელი მასწავლებელი ასწავლიდა) და მრავალი სხვა.

ასევე, ნიკეამდელ ქრისტიანობაში არ იყო ხატების თაყვანისცემა, მარიამის ტაყვანისცემა, ანგელოზებისა და «წმინდანების» თაყვანისცემა. არ არსებობდნენ პატრიარქები და მიტროპოლიტები, რიტუალური ღვთისმსახურება, ჯადოსნური შესამოსელი, მისტიური სარიტუალო საგნები და ა.შ.

მოყვანილი მაგალითები საკმარისია იმის დასანახავად, რომ მართლმადიდებლურ სწავლებასა და ნიკეამდელი ქრისტიანობის მრავალ სწავლებებს შორის - არანაირი კავშირი არ არსებობს. ამიტომ იმის მტკიცებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის «წმინდა გადმოცემა» მან მოციქულებისაგან მიიღო ჯაჭვურად – არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

9) // «წმინდა გადმოცემის» უარყოფის შემდეგ, პროტესტანტული სამყარო მრავალ მიმართულებებად გაიხლიჩა – ბაპტისტები, ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები და ა.შ. მისგან განსხვავებით კი, მართლმადიდებელი ეკლესია ერთობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ მას «წმინდა გადმოცემა» აქვს. //

პასუხი -

ის, რომ «წმინდა გადმოცემა» გახლეჩვისაგან იცავს - სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ერთ დროს იმპერიის ერთიანი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მასში «წმინდა გადმოცემის» შესახებ ასწავლიდნენ - უკვე მე-12 საუკუნისთვის გაიხლიჩა კათოლიკურ, მართლმადიდებელ, აღმოსავლეთის ასურულ, სომხურ სამოციქულო და სხვა ეგრეთ წოდებულ ძველ-აღმოსავლურ ეკლესიებად. ყველა ამ კონფესიებს გააჩნიათ დოქტრინალური და რიტუალური განსხვავებები, თუმცა ყველა მათგანი ერთი და იმავე «წმინდა გადმოცემას» ციტირებენ.

გარდა ამისა, თითოეულ ამ ეკლესიებში გახლეჩის პროცესები შემდგომაც გაგრძელდა. მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში, გარდა მოსკოვის საპატრიარქოს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა, «ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის» წოდებაზე კიდევ ათეულობით მიმდინარეობები აცხადებენ პრეტენზიას.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა, ყველა დროს ნარჩუნდებოდა არა საღვთისმეტყველო დისკუსიებით ან «წმინდა გადმოცემის» კვლევით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ზომებით – მასიური მკვლელობებით და მათი დევნით, ვისკენაც საეკლესიო ელიტა გაიშვერდა თითს.
---------------------------------------------
წყარო: jwapologetica.blogspot.com 
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment