Saturday, 20 April 2019

აკრძალულია თუ არა იეჰოვას მოწმეებთან უმაღლესი განათლების მიღება?



ამ მტკიცებულების სიმცდარეში რომ დავრწმუნდეთ, შეგვიძლია ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების ბიბლიოთეკაში (კომპაქტ-დისკი) მოვიძიოთ. ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ უმაღლესი (ან სხვა ნებისმიერი დამატებითი) განათლება წარმოადგენს ცოდვას, მიუღებელს და ა.შ.
მაგალითად, აი რა წერია ისეთ ერთმნიშვნელოვნად ცუდ რამეებზე როგორებიცაა მოწევა და ნარკოტიკები: «ქრისტიანები არ ეწევიან თამბაქოს და არც ნარკოტიკებს იყენებენ სიამოვნების მისაღებად. ასეთი საქციელი არასწორია» (რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, გვ. 25). როგორც ვხედავთ, ყველაფერი ნათელია. მაგრამ ჩვენ ვერსად ვნახავთ ასეთ ფრაზას: «ქრისტიანისთვის არ შეიძლება უმაღლესი განათლების მიღება». ყოველთვის ხაზი ესმევა, რომ ამ საკითხში ყველა ქრისტიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

 წიგნში ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი. 1, გვ. 179) ჩვენ ვკითხულობთ: «თუ შენ, მაგალითად, მშობლების კმაყოფაზე ხარ და ისინი შენგან მოითხოვენ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლო, უნდა დაემორჩილო მათ (ეფესელთა 6:1-3)». განსხვავება დავინახოთ: თუ მშობლები შვილს აიძულებენ მოწევას ან რაიმე სხვა ცოდვის ჩადენას, ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ის უნდა დაემორჩილოს მათ. ამ შემთხვევაში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა გამართლებულია. თუმცა უმეღლესი განათლების შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, სხვა სიტუაციაა – უნდა დაემორჩილოს.


ხანდახან ხაზიც კი ესმება უმაღლესი განათლების პლუსებს: «არაა გამორიცხული, რომ უმაღლესმა განათლებამ მომავალში სარგებელი მოგიტანოს» (იქვე, გვ. 177).
ზოგიერთმა ქრისტიანმა აღმოაჩინა, რომ დამატებითი განათლება, საუნივერსიტეტო იქნება ეს თუ პროფესიონალური, ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში დაეხმარა. საკუთარ ოჯახზე სათანადო სახით ზრუნვა — ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა (1 ტიმოთე 5:8). ამისათვის აუცილებელი ცოდნის მიღება სავსებით ბრძნული იქნებოდა..... ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ საკითხებს ყველა თავად წყვეტს. ქრისტიანებმა არ უნდა გააკრიტიკონ ან განსაჯონ სხვები მათი არჩევანის გამო. იაკობი წერს: «შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?» (იაკობი 4:12)... ამიტომ, მივიღოთ დამატებითი განათლება თუ არა, და თუ დიახ, მაშინ როგორი და რა ზომით,— ეს ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია» («გამოიღვიძეთ!», 8 მარტი 1998 წ., გვ. 20,21).

  მოცემული მაგალითები იმის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიურ ორგანიზაციაში არ არსებობს აკრძალვა უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. და ამის კიდევ ერთ მტკიცებულებას ათასობით იეჰოვას მოწმის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ფაქტი წარმოადგენს. ამასთანავე ასეთი ქრისტიანები მშვენიერი რეპუტაციით სარგებლობენ კრებაში, ასრულებენ სრული დროით მსახურების მოვალეობას და ინარჩუნებენ თავის თეოკრატიულ პასუხისმგებლობებს კრებაში.
მაშინ რატომ საუბრობენ ხშირად იეჰოვას მოწმეები უმაღლეს განათლებაზე მცირედ ნეგატიურად? მთავარი მიზეზია მოტივები და მიზნები. ჩვეულებრივ რისთვის იღებს ხალხი ასეთ განათლებას? ხშირად ამ კითხვაზე ასე პასუხობენ: სამსახური რომ ვიშოვო და საკუთარი თავი ვუზრუნველყო. ეს არასწორი პასუხია. ნებისმიერ დასაქმების ცენტრში დაგიდასტურებენ, რომ საშუალო პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები არანაკლები მოთხოვნილებით სარგებლობენ, თუ მეტით არა, ვიდრე უმალესი განათლების მქონეები, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები ჯიუტად ამზადებენ უამრავ მენეჯერებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს და სხვა მოდური პროფესიების ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ პროფესიით სამსახურის შოვნა ძალიან უჭირთ. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ არავის არ უნდა ქვისმთლელად ან ზეინკლად მუშაობა (თუნდაც საკმაოდ სოლიდური ხელფასი ჰქონდეს). და რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ ეს არაპრესტიჟულია. აი კითხვის სწორ პასუხთანაც მივედით.

უმაღლესი განათლების მიზნების ტიპიური აღწერა ასე გამოიყურება. მაგალითად ერთერთი უმაღლესი სასწავლებლის სარეკლამო ბუკლეტში წერია(პირობითად დავარქვათ "სწავლა"):

თბილისის მართვის სკოლა "სწავლა" – ესაა მომავლის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ლიდერობისა და კომუნიკაბელურობის უნიკალური ჩვევების შეძენისაკენ, იმ მმართველთა ახალი თაობისათვის, რომლებიც XXI საუკუნეს - ადამიანური რესურსის ეპოქას - ასე სჭირდება. უზიარებს რა პრაქტიკულ ცოდნას, თბილისის მართვის სკოლა "სწავლა"-ს მოწოდებაა მოამზადოს ბიზნეს-ლიდერები, რომლებიც თავისი პროფესიონალური ცოდნის გამოყენებას დინამიური ბაზრის პირობებში გეგმავენ, – ლიდერები, რომლებიც მომავალში საკუთარი ბიზნესს ჩაუდგებიან სათავეში და აღიარებული იქნებიან ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივად.

დააკვირდით, რამდენი ამბიცია და მაღალფარდოვანი სიტყვებია. უმაღლესი განათლება – ეს პრესტიჟისა და სოციალური სტატუსის ამბავია და არა ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების. ეს უბრალოდ სამუშაოს შოვნის საშუალება კი არაა, არამედ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის საშუალებაა, «ბიზნეს-ლიდერად», «ეკონომიკის ლოკომოტივად», «საკუთარი ბიზნესის» შექმნის საშუალებაა და ა.შ. უმაღლესი განათლება – ესაა ერთერთი ეგრეთწოდებული სოციალური ლიფტი, რომელიც  საკუთარი სოციალური სტატუსის აწევის, «წარმატების მიღწევის», «ხალხში გამოსვლის» საშუალებას იძლევა (რათქმაუნდა, როდესაც ის მართლა მუშაობს და დიპლომი იმ ქაღალდზე ძვირი ღირს, რომელზეც ის წერია. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის). ადამიანთა ზოგიერთ წრეში, უმაღლესი განათლების არქონა, თითქმის სასირცხვილოდ ითვლება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ადამიანი პიროვნულად ცუდია ან თავისი ოჯახის შენახვა არ შეუძლია. არა, უბრალოდ ასეა მიღებული, ასეთია ამ ქვეყნიერების სისტემა და თამაშის წესები.

რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი – მაღალანაზღაურებადი სამსახური, პრესტიჟი, საზოგადოებაში აღიარება – ქრისტიანულ ფასეულობებსა და ცხოვრების წესს? რამდენად შეეფერება მას იმის სურვილი, რომ არ იმუშაო არაპრესტიჟულ სამუშაოზე, არამედ ეცადო რომ მაინც და მაინც პრესტიჟული იშოვო? პატიოსანი პასუხი ასეთი იქნება: საერთოდ არ შეეფერება. რთული წარმოსადგენია, რომ პავლეს, პეტრეს ან ტიმოთეს ეოცნებათ პრესტიჟულ სამსახურზე და სოციალურ სტატუსზე და საამისოდ ყველანაირ მსხვერპლზე წასულიყვნენ. პავლე კარვებს კერავდა და ამით კმაყოფილი იყო. ზუსტად ესაა შრომისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება. იეჰოვას მოწმეები უბრალოდ ერთერთნი არიან იმ მცირეთაგან, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს.

შესაძლოა, ვინმე იმისთვის კი არ იღებს უმაღლეს განათლებას, რომ ბევრი ფული იშოვოს, არამედ იმიტომ რომ უნდა რაიმე საყვარელი საქმით დაკავდეს, მაგალითად გახდეს ექიმი ან მეცნიერი. კეთილშობილური მიზანია, უდავოდ, მაგრამ მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს თუ რის ფასად და რისი დათმობით. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ პლიუსები კი  არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ უნდა გავაკეთოთ პლიუსებისა და მინუსების შეფარდება. თუნდაც იგივე ექიმი რომ გახდეთ, საჭიროა ცხოვრების რვა წელი მისცეთ ამ საქმეს, რომლის დროსაც მუდმივად იქნება იმის საშიშროება რომ სულიერი საქმეები მიატოვოთ და სტრესისა და ფინანსური პრობლემების მსხვერპლი გახდეთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკვე საკმაოდ ზრდასრული ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში, მშობლების «კისერზე იჯდეს». სულ უფრო მეტად ვრცელდება კრედიტები განათლებისთვის, კრედიტი კი – ეს თავისთავად უკვე პრობლემაა. რამდენად ეთანხმება ეს ქრისტიანული ცხოვრების წესს? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. მაგრამ ეს რისკი არსებობს და საჭიროა მასზე სათანადოდ დაფიქრება, რათა აწონოთ ყველა არსებული პლიუსი და მინუსი და მიიღოთ ბრძნული ქრისტიანული გადაწყვეტილება. ასევე გავიხსენოთ, რომ ქრისტიანი უკვე ეწევა ყველაზე მადლიერ სამუშაოს – ემსახურება ღმერთსა და მოყვასს. ზუსტად ამის დასანახვებლადაა მიმართული ის რჩევები, რომლებიც ხშირად აკრძალვებად აღიქმება.
მაგრამ მაშინ რა, თუ რომელიმე ადგილას, რაიმე ეკონომიკურ სიტუაციაში და რაიმე პირად მდგომარეობაში მართლაც შეუძლებელია ოჯახის რჩენა უმაღლესი განათლების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისი მიღება სრულიად გამართლებულია და არავის აქვს იმის უფლება რომ ქრიატიანი ასეთი არჩევნის გამო განსაჯოს. ზუსტად ამიტომ არ არიან იეჰოვას მოწმეები ამ საკითხში დოგმატურები. არავითარი უნივერსალური წესი არ არსებობს, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
იეჰოვას მოწმეები არასოდეს ყოფილან პროფესიული განათლების, პიროვნული ზრდის ან ერუდიციის განვითარების წინააღმდეგი
მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებითი განათლების სისტემა, რომელიც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული, ხშირად არასწორ პრიორიტეტებზე და ფასეულობებზეა აგებული. და ეს ზუსტად პრიორიტეტებისა და ფასეულობების პრობლემაა და არა განათლების როგორც ასეთი

ამიტომ პიროვნებამ უნდა დასვას კითხვები რომ გამოიკვლიოს თავისი მოტივე ბი მაგალითად: რა მიზეზით სურს ქრისტიანს უმაღლესი განათლების მიღება? იმისათვის, რომ სათანადო დონეზე შეძლოს საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებებზე ზრუნვა, თუ იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება მის სოციალურ პრესტიჟს აამაღლებს ადამიანებში? თუ ქრისტიანს უკვე დღეს გააჩნია ღირსეული სამსახური და საცხოვრებელი პირობები, მაშინ როგორია მისი რეალური მოტივები, რამოდენიმე წელიწადი დაუთმოს დამატებითი უმაღლესი განათლების მიღებას? უკეთებს თუ არა რეკლამირებას უმაღლეს განათლებას თანამორწმუნეთა შორის? გამოთვალა თუ არა მან საკუთარი რეალური შესაძლებლობები, რათა ისევე როგორც აქამდე შეძლოს კრებაში მწყემსის მოვალეობის შესრულება? ასეთი განათლება ხელის შემშლელი ხომ არ აღმოჩნდება მსახურებაში, კრების შეხვედრებზე დასწრებაში, ქრისტიანებთან თანამშრომლობაში? მისი არჩევნის გამო, საკუთარ ოჯახზე სულიერი ზრუნვის მოვალეობის საქმე ხომ არ იზარალებს? უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამო ვალებში გადავარდნა ხომ არ მოუწევს? ყოველივე ეს ძალიან სერიოზული საკითხებია
  თუ ასეა, მაშინ რა იწვევს კრიტიკოსებში იმის სურვილს, რომ ამ საკითხს სრულიად საპირისპირო აზრი მისცენ? რაზეა დაფუძნებული ბრალდებები, თითქოსდა იეჰოვას მოწმეები უმაღლესი განათლების მიღებას «კრძალავენ»? როგორც წესი, ეს, იმ სტატიების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით სპეკულირებით ხდება, რომლებიც უმაღლესი განათლების თემას შეეხებიან. მაგალითად, 2011 წლის ივლისის «ჩვენი სამეფო მსახურების» გამოცემაში, ქრისტიანულ პოზიციასთან და მათ შვილებთან დაკავშირებით, მშობლებისათვის მოცემულია ასეთი შეხსენება:

  «კარგად ესმით თქვენ შვილებს, რა შედის ეროვნულ ცერემონიალებსა თუ წარმართულ დღესასწაულებში და რატომ არის მათში მონაწილეობა არასწორი? მზად არიან გაუძლონ ზეწოლას, როცა სთავაზობენ უმაღლესი განათლების მიღებას, პაემნებზე სიარულს და ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მიღებას? ბავშვები მხოლოდ იმას იტყოდნენ, რომ ამას მათი რელიგია კრძალავს თუ შეუძლიათ ახსნან თავიანთი მრწამსის საფუძველზე, რატომ არის ეს მიუღებელი? (1 პეტრე 3:15)» (ჩვენი სამეფო მსახურება, ივლისი 2011 წ., გვ. 2).

  ამ ნაწყვეტის გამოყენებით, კრიტიკოსები ცდილობენ პრეტენზიების წამოყენებას იმის შესახებ, რომ რადგან სტატიაში უმაღლესი განათლება, წარმართობასთან და ნარკოტიკებთან ერთადაა მოხსენიებული, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები მას ამ დანარჩენ ცოდვებთან ათანაბრებენ. თუმცა, ასეთი ბრალდება უსაფუძვლოა უკვე თუნდაც იმიტომ, რომ იმავე ნაწყვეტში პაემნები და ალკოჰოლიცაა მოხსენიებული. მაგრამ, როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები არც ერთს და არც მეორეს არ მიიჩნევენ ქრისტიანისათვის რაიმე დაუშვებლად. ახალგაზრდებს, რომლებსაც დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი, ბუნებრივია, შეუძლიათ პაემნებზე შეხვედრა (ქებათა ქება 3:2). ასევე დგას საკითხი ალკოჰოლის ზომიერად მიღებასთან დაკავშირებით (1 ტიმოთე 5:23). გონივრული მიდგომის შემთხვევაში, მოცემული საკითხები არ წარმოადგენენ რაიმე დასაძრახისს. შესაბამისად, არც უმაღლესი განათლების მიღება წარმოადგენს რაიმე დასაძრახისს, თუ ქრისტიანი გონივრულად მიუდგება ამ საკითხს.
 უმაღლესი განათლების მიღება ქრისტიანის პირადი საქმეა, მაგრამ ის რამოდენიმე მნიშვნელოვან საფრთხესაც შეიცავს, რომლის შესახებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

  ზუსტად ამაში მდგომარეობს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით იმ გაფრთხილებების მთავარი მიზეზი, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში შეიძლება შეხვდეთ, და რომელთა თავისებურად განმარტებასაც ცდილობენ მათი მოწინააღმდეგეები

როდესაც უმაღლესი სასწავლებლები აურაცხელი რაოდენობის «სპეციალისტებს» შტამპავენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ჩაბარებისას ჰპირდებიან «პერსპექტიულ მომავალს», თავის თავად ცხადია, რეალურ ბაზარს არ ძალუძს მათი სპეციალობის შესაბამისი ადგილების მიცემა. მაგრამ, თავად უმაღლეს სასწავლებლებს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად ადარდებთ, რადგან მათი პრიორიტეტები ხომ სტუდენტებისაგან მნიშვნელოვანი თანხების მიღებაა მათი სწავლების სანაცვლოდ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღეისათვის უმაღლესი განათლების შემოთავაზება კარგად აწყობილ ბიზნესს წარმოადგენს. გასაკვირი არ არის, რომ უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი ასე გაიზარდა, თავად ისინი კი აქტიურად უკეთებენ რეკლამას საკუთარ დაწესებულებას, რითაც სტუდენტების რაოდენობისთვის იბრძვიან.


თუ გულწრფელად ვისაუბრებთ, მაშინ რამხელაა იმის შანსი, რომ გუშინდელი სტუდენტი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე მიიღებს მუშაობის შესაძლებლობას, რომელიმე სერიოზულ კომპანიაში, და თანაც სერიოზულ თანამდებობაზე? შანსი მიზერულია! თუ, რა თქმა უნდა, «ეინშტეინი» არ ხარ ან მამაშენის ძმაკაცი არაა სუპერ-კომპანიის გენერალური დირექტორი. გულუბრყვილობა იქნებოდა გვჯეროდეს, რომ მაღალანაზღაურებადი ვაკანტური ადგილები თავისუფალი რჩება გამოუცდელი სტუდენტისა და «ნოუ-ხაუ» იდეისათვის. ზუსტად ამიტომ იკავებენ ყველაზე ხშირად დიპლომიანი კურსადმთავრებულები ოფისის რიგითი თანამშრომლების ადგილებს კომპიუტერიან მაგიდებთან ან "რეცეპციებში". დამსაქმებელი არ ანდობს მათ სერიოზულ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს შესაბამისი სერიოზული ანაზღაურებით."მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს ყველაზე ნაკლებად სურთ კურსდამთავრებულებთან საქმის დაჭერა, - აღიარებს ბერნარდ კლარკი, მსხილი ფინანსური კომპანიის დასაქმების განყოფილების უფროსი. 

  ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენენ იმის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რის გამოც ურჩევს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ქრისტიანებს, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ განათლებისა და პროფესიის არჩევის საკითხში. უმაღლესი განათლება, მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ძალიან ხშირად ვერ ამართლებს მასზე დამყარებულ იმედებს, მასზე დახარჯულ დროსა და ფინანსებს.

  ამ გარემოებების გათვალისწინებით, განა წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის პოზიცია რამე უცნაურს, როდესაც ქრისტიანებს ამგვარი «წყალქვეშა ქვების» შესახებ აფრთხილებს? მოწინააღმდეგეები ამ თემით სპეკულირებას ცდილობენ, ფაქტების დამახინჯებით და სიტუაციის ისე ჩვენებით, თითქოს ორგანიზაციისთვის საერთოდ მიუღებელია უმაღლესი განათლება და განიკითხავს ყველა მათგანს, ვინც ამგვარი განათლების მიღების გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, როგორც შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, რეალური სურათი სრულიად საპირისპიროა. ორგანიზაციის მიზანია არა აკრძალოს, არამედ მოუყვეს იმის შესახებ, თუ რა სდევს ხშირად ასეთ განათლებას. ამის მთავარი მიზეზი — ქრისტიანების დახმარების სურვილია, რომ თავის დააღწიონ ხაფანგებს, რომლებიც მათი რწმენისათვის სახიფათოს წარმოადგენს და ასევე, თავს აირიდონ ემოციური და ფინანსური სახის სერიოზული პრობლემები. არსებითად, ორგანიზაცია უმაღლესი განათლების იმ მხარეებს ხდის ფარდას, რომლთა აღიარებაც თავად უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებიც სტუდენტური ელექტორატის გაფართოვებით პირდაპირ არიან დაინტერესებული, არანაირად არ არის ხელსაყრელი
ახლა ის ბიბლიური მიზეხებიდა მაგალითები ჩამოვთვალოთ რის საფუძველზეც მოწმეებს ესეთი მოწოდებები აქვთ და ეს ფარდას ახსის ასევე კრიტიკოსების ბიბლიასთან არაჯანსახ დამოკიდებულებას

  არსებითად, ახალი აღთქმის დასაწყისშივე ხვდება მკითხველი მითითებას ბიბლიური განათლებისა და ღვთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენების შესახებ. იესომ ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თავის სამთო ქადაგებაში.

«ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ» (მათე 6:31—33).

შეიძლება იესოს ბრალი დავდოთ იმაში, რომ მისი მოწოდება «უპირველესად» ღვთის სამეფოს ინტერესები ვეძებოთ და არა ცხოვრებისეული კომფორტი, ადამიანის "ნორმალური სოციალური სტატუსისათვის" საფრთხეს წარმოადგენს? არა. მაგრამ მსგავსი ბრალდებები რატომღაც იეჰოვას მოწმეების მისამართით ისმის, მაშინ როდესაც ისინი უბრალოდ იმეორებენ იესოს მოწოდებას.

  «და ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისათვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს» (მათე 19:29).

  «თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს» (ლუკა 9:23; 14:26,27).

  და ისევ, იესო არაორაზროვნად აყენებს ქრისტიანული ცხოვრების პრიორიტეტებს ოჯახურზე, ცხოვრებისეულსა და საქმიან ურთიერთობებზე მაღლა. ის ისეთ ფრაზებსაც კი იყენებს, როგორებიცაა «დატოვა» და «უარყოს»... დასდებენ კრიტიკოსები ბრალს ქრისტეს ასეთი მოწოდებებისათვის? არა. მაგრამ რატომღაც როდესაც იეჰოვას მოწმეები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ღვთის მსახურებაზე კონცენტრირება კარიერაზე მნიშვნელოვანია, მათ მაშინვე ბრალად სდებენ უმაღლესი განათლებისადმი «ზიზღს». განა უცნაური არაა?

  «მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის. ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე» (ფილიპელები 3:7,8).

განა «უგუნურებას» ვუწოდებთ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს, რომელიც, თავისი დროის საუნივერსიტეტო განათლებას, რომელიც მას ჰქონდა მიღებული, სხვა ცხოვრებისეულ დამსახურებებთან ერთად «წაგებასა» და «ნაგავს» უწოდებს? არა, არ ვუწოდებთ. მაგრამ როდესაც იეჰოვას მოწმეები ამბობენ პავლეს სიტყვების მსგავს რამეს, კრიტიკოსები მათ მაშინვე «უგუნურებად» მოიხსენიებენ! კვლავ ორმაგი სტანდარტების მაგალითია?

  ღვთივშთაგონებულ სხვა წერილში პავლე წერდა: «ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის» (1 კორინთელები 3:19).

  პავლე მთელ «ქვეყნიერების სიბრძნეს» აერთიანებს და მას «ღვთისთვის უგუნურებას» უწოდებს. თუ ასეა, მაშინ მოციქულის მიერ მოხსენიებულ «ქვეყნიერების სიბრძნეში», ბუნებრივია, ის სიბრძნეც შედის, რასაც მსოფლიოში «უმაღლეს განათლებას» უწოდებენ. ნუთუ პავლემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთ რამეს ამბობდა? «რა თქმა უნდა, არა» - იტყვიან კრიტიკოსები. მაშინ შეცდომას უშვებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები, როდესაც იმავეს ამბობენ, რაც მოციქულმა თქვა? «რა თქმა უნდა, კი» - იტყვიან იგივე კრიტიკოსები. მაშინ ნათელი ხდება, რომ პრობლემა მოციქულ პავლეს ან იეჰოვას მოწმეებს კი არ ჰქონიათ. პრობლემა კრიტიკოსებს აქვთ.

  საინტერესოა, რომ მოციქულების ეპოქის პირველ ქრისტიანებს შორის, არსებული ცნობების თანახმად, ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, ვისაც თავისი დროის განსაკუთრებული განათლებით შეეძლო ეტრაბახა. მოციქული პავლე პირდაპირ ამაზე მიუთითებს, როდესაც წერს:

  «თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად. ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან, რათა ბოლო მოუღოს არსებულებს» (1 კორინთელები 1:26-28).

  რა მიზნით წერს პავლე ამ სიტყვებს? იმაზე წუხს, რომ მისი თანამორწმუნეები თავისი დროის უმაღლესი განათლების მიღებისაკენ არ მიილტვიან? ან იქნებ, მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ უფრო «ხორციელად ბრძენნი» ან უფრო «განათლებულები» გახდნენ? თუმცა მოციქული აქვე წერს:
«სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა ღმერთმა უგუნურებად არ აქცია ქვეყნიერების სიბრძნე? ...რადგან ღვთის "უგუნურება" ადამიანებზე ბრძენია და ღვთის "სისუსტე" - ადამიანებზე ძლიერი» (1 კორინთელები 1:20,25).

  სრულიად ნათელია, რომ პავლე ქრისტიანულ პრიორიტეტებს  იმ «სიბრძნეზე» გაცილებით მაღლა აყენებს, რომელიც ქვეყნიერებაში ფასობს. «ხორციელი სიბრძნე» და «დიდგვაროვნობა», მოციქულის სიტყვებით, ხშირად «ღვთის წინაშე კვეხნას» შეიძლებოდა მიწერილიყო (1 კორინთელები 1:29). მაშ განა, დაიწყებენ კრიტიკოსები პავლესათვის ბრალის დადებას იმაში, რომ ის «უვიცობისა და გაუნათლებლობისაკენ» მოუწოდებდა? არა, არ დაიწყებენ. მაგრამ სამაგიეროდ დიდი მონდომებით დასდებენ ამაში ბრალს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მთელი სერიოზულობით მიმართავენ საკუთარ ყურადღებას პავლეს მიერ ნათქვამი ამ სიტყვებისაკენ.

  როდესაც ბიბლია იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ მოციქულები ღვთიური ჭეშმარიტებისა და ღვთისადმი მსახურების გამო თავის მომგებიან საქმეებს ტოვებდნენ და ღვთის სიტყვის მქადაგებლები ხდებოდნენ, მაშინ კრიტიკოსებში ეს არავითარ პრეტენზიებს არ იწვევს (მათე 4:18—22; 9:9). მაგრამ თუ რომელიმე იეჰოვას მოწმე მოციქულების მაგალითის მიყოლით ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს, მას მაშინვე «ფანატიზმში» სდებენ ბრალს.

  რადგან ვერ ბედავენ, რომ ბიბლიას, ქრისტესა და მის მოციქულებს დასდონ ღიად ბრალი იმაში, რომ ისინი სულიერ განათლებას საერო განათლებაზე გაცილებით მაღლა აყენებდნენ, კრიტიკოსები სრული მზადყოფნით მიმართავენ ამ ბრალდებებს იეჰოვას მოწმეების მისამართით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიურ მითითებებს მიჰყვებიან. თუმცა, ეს ილეთი კარგადაა ცნობილი. აი ამიტომ აღარ იღებენ თავად იეჰოვას მოწმეები მსგავს ბრალდებებს სერიოზულად. უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული, სხვა და სხვა აქტუალური საკითხების შეხსენებითა და ამავდროულად ქვეყნიურ ფილოსოფიაზე მაღლა ბიბლიური ჭეშმარიტებების დაყენებით, იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის ცნობილ პრინციპებს მიჰყვებიან და არანაირად არ იგონებენ რაიმე სახის საკუთარ იდეებს. როდესაც კრიტიკოსები ქრისტიანებს ამაში სდებენ ბრალს, ამით ისინი ბიბლიური დარიგებებისადმი საკუთარ ფარულ უთანხმოებას ააშკარავებენ.

No comments:

Post a Comment