Thursday, 13 February 2020

იეჰოვას მოწმეები და პირადი აზრის უფლება



იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.


ბიბლიის ღრმა გამოკვლევა აუცილებელია!

  ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობისადმი ასეთი სერიოზული დამოკიდებულებისაკენ მოუწოდებენ ყველა იეჰოვას მოწმეს, მათ შორის ნორჩ ქრისტიანებსაც. ასე მაგალითად, ჟურნალ «გამოიძვიძეთ!»-ის სტატიაში «ახალგაზრდების შეკითხვები: როგორ გავითავისოთ ჭეშმარიტება?», ჩვენ ვკითხულობთ:

  «რომაელთა 12:2-ში (აქ) მოციქული პავლე ჩვენ გვირჩევს «დავრწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება - კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი». როგორ შეიძლება ამის გაკეთება? «ჭეშმარიტების შემეცნებით» (ტიტე 1:1). ძველი ქალაქი ბერეას მცხოვრებნი არ იყვნენ ადვილად დამჯერნი. პირიქით, ისინი გულმოდგინებით «ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რასაც ისინი იგებდნენ]» (საქმეები 17:11).ერთ ნორჩ ქრისტიან გოგონას, სახელად ერინს, ესმოდა, რომ აუცილებელი იყო მსგავსადვე მოქცეულიყო. ის იხსენებს: «მე ყველაფერს საგულდაგულოდ ვამოწმებდი. კითხვებს ვუსვავდი საკუთარ თავს: „რატომ ვფიქრობ, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგიაა? როგორ შემიძლია მე იმის დამტკიცება, რომ არსებობს ღმერთი სახელით იეჰოვა?“» იქნებ აჯობებდა რომ ეს საკითხები თვითონ გამომეკვლია?» («გამოიღვიძეთ!», 22 ოქტომბერი 1998 წელი, განყოფილება «თავად დარწმუნდი, რომ ესაა ჭეშმარიტება» (რუს)).

  ეს ყოველივე იმ მაგალითების მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომლებიც ადასტურებენ, თუ რა დიდ როლს ანიჭებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ქრისტიანის მიერ ბიბლიის ღრმა პირად შესწავლას. სინამდვილეში, მოწმეებს ასეთი მოწოდებები, გამუდმებით ესმით: მათი ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციების ფურცლებიდან, კრების რეგულარული შეხვედრებიდან და კონგრესებიდან. 
  და ამასთანავე, ეს აშკარა მაგალითები, ახშობს მოწინააღმდეგეთა სურვილს, რომ სიტუაცია ისეთ შუქში წარმოაჩინონ, რომ, თითქოს, ორგანიზაცია ადამიანს ბიბლიის პირადი კვლევის საშუალებას ართმევს, რის სანაცვლოდაც მხოლოდ თავის პუბლიკაციებს სთავაზობს. 

გარეშე წყაროების მიმართ დამოკიდებულება

  არანაკლებ უსაფუძვლო შეგვიძლია ვუწოდოთ ორგანიზაციის ბრალდების მცდელობებს იმაში, რომ თითქოს ის უკრძალავდეს იეჰოვას მოწმეებს, თავისი ლიტერატურის გარდა, სხვა ლიტერატურის კითხვას. თავისი შინაარსით ასეთი აბსურდული პრეტენზიების გაქარწყლება ძალზედ იოლი იქნება, თუ ჩვენ კვლავ თვითონ ორგანიზაციის იმ პუბლიკაციებს მივმართავთ, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს განიხილავენ.

  «შეაგროვე საინტერესო მასალები, რომელსაც მოხსენების მომზადებისას ან სწავლებისას გამოიყენებ. თუ ჟურნალ-გაზეთებში შეგხვდება ახალი ამბები, სტატისტიკური მონაცემები ან მაგალითები, რომლებსაც სამქადაგებლო საქმიანობაში გამოიყენებდი, ამოჭერი საჭირო მონაკვეთი ან ასლი გააკეთე. მიაწერე თარიღი, გამოცემის სათაური და, თუ გინდა, ავტორი ან გამომცემელი» («როგორ უნდა გამოიკვლიო», გვ.37).

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» იეჰოვას მოწმეებს პირდაპირ მოუწოდებენ «მოერიდონ ხისტ, დოგმატურ შეხედულებებს. დოგმატური აზროვნება ხელს უშლის ჩვენს გონებრივ ზრდას. განვიხილოთ გართობის საკითხი. ბიბლია ამბობს: «მთელი ქვეყნიერება ... ბოროტის ხელშია» (1 იოანე 5:19). ნიშნავს ეს, რომ ქვეყნიერებაში გამოცემული ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი ფილმი ან ნებისმიერი ტელეგადაცემა აუცილებლად ამორალურსა და სატანისტურს წარმოადგენს? მსგავს შეხედულებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ გონივრულს. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება სრულიად უარი თქვას ტელეგადაცემებისა და კინოფილმების ყურებაზე და ქვეყნიური ლიტერატურის კითხვაზე. ეს მათი უფლებაა და მსგავსი გადაწყვეტილების გამო არ შეიძლება მათი განსჯა. მაგრამ არც მათ უნდა აიძულონ სხვები, რომ ასეთივე მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ თავს» (15 ივნისი 1995 წელი, «თქვენი გააზრებული მსახურება», აბზ.8).

 გამოცემაში «მსჯელობა წმიდა წერილების საფუძველზე» შემდეგი რამეა ნათქვამი:

«ბიბლიის მრავალი თარგმანი არსებობს. იეჰოვას მოწმეები გირჩევენ რომ სხვადასხვა თარგმანებით ისარგებლოთ. მათი შედარებით, ადვილი ხდება წმინდა წერილის ჭეშმარიტი აზრის გაგება» (გვ.272).

  სულ სხვა საქმეა ის, რომ იეჰოვას მოწმეებს ურჩევენ გამრჩევები იყვნენ არჩევანის გაკეთებისას. ქრისტიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქვეყნიერება ჩვენს გარშემო უწმინდურებისა და უზნეობის სულითაა გაჟღენთილი, რომელიც იოლად შეიძლება გადაგვედოს! «თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ» - მოგვიწოდებს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია (გალატელთა 5:13). ბუნებრივია, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას უფლება არ აქვს, ყური არ უგდოს ამ გაფრთხილებას და ამიტომ პერიოდულად ქრისტიანების ყურადღებას ამახვილებს ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის ზღვაში საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ასე რომ ნუ დაკარგავ სიფხიზლეს. სანამ კითხვას დაიწყებ, შეხედე, როგორაა გაფორმებული ყდა, და დარწმუნდი, ნამდვილად ღირს თუ არა ამ წიგნის წაკითხვა. და თუ, წიგნის შემოწმების და მისი კითხვის დაწყების შემდეგ, შენ აღმოაჩენ, რომ მან შეიძლება შენი სულიერება დააზიანოს, გამოავლინე სიმამაცე და თავი დაანებე მის კითხვას» («ახალგაზრდების შეკითხვები. პრაქტიკული რჩებევი», თავი 35. «აქვს თუ არა მნიშვნელობა, თუ რას ვკითხულობ?», გვ.287,288).

  დაფიქრდით, ნუთუ ორგანიზაციის ასეთი ჯანსაღი გაფრთხილებები, ისე შეიძლება იქნას აღქმული, როგორც თანამურწმუნეთათვის ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის მცდელობა? ქრისტიანებს უბრალოდ რჩევა ეძლევათ, რომ თავისი ცოდნისა და უფლის წინაშე საკუთარი მდგომარეობის თანახმად, გამრჩევები იყვნენ საკითხავი მასალის არჩევისას. მაგრამ კეთილგონიერი მონის მიერ მოცემულ ამ რჩევებში ვინმე თუ რაიმე სარჩულს ხედავს, მაშინ ასეთ შემთხვევაში ასეთ პიროვნებას წინ ვერაფერი დაუდგება, რომ ღვთის სიტყვასაც დასდოს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში.

  სულ სხვა საქმეა განდგომილები. ორგანიზაცია გონივრულად აფრთხილებს ქრისტიანებს, თუ რამდენად საშიშია განდგომილთა სიტყვების მიმართ ნებისმიერი ინტერესის გამოვლენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ განდგომილთა უმრავლესობის დამახასიათებელ ნიშანს «სულის ნაყოფების» სრული დაკარგვა და «ხორცის საქმეებით» ცხოვრება, და ასევე ღვთის სიტყვისადმი კრიტიკული დამოკიდებულება წარმოადგენს, რომელიც მათი სიტყვებით, «სავსეა წინააღმდეგობებითა და შეცდომებით», ასეთი გაფრთხილება სულაც არ ჩანს ფუჭი! (გალატელთა 5:17-21). აი რატომ მოუწოდებს ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეებს, უპასუხისმგებლო განდგომილთა პროპაგანდისაგან თავის დაცვისაკენ.

პირადი აზრის უფლება

«გაუგებრობების თავდან ასარიდებლად, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ თავისი სიტყვები. იმის მაგივრად რომ თქვან: «ორგანიზაცია გვასწავლის», მრავალი მოწმე უპირატესობას ისეთ გამონათქვამებს ანიჭებს, როგორიცაა «ბიბლიაში ნათქვამია» ან «ბიბლია გვასწავლის». ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ ყველა მოწმე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მიჰყვება ბიბლიურ სწავლებას და არა რომელიმე ორგანიზაციის მითითების საფუძველზე» («საგუშაგო კოშკი», 15 მარტი 1998 წელი, «ვიცხოვროთ ქრისტიანული მიძღვნის თანახმად, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა», აბზ.4).

  ეს გამონათქვამები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ბეჭდური გამოცემებშია მოცემული, ქრისტიანებს აღძრავს, რომ ჰქოდეთ გააზრებული, ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა. მაგრამ იმ შემთხვევაში რა ვქნათ, თუ ქრისტიანი გარკვეული ბიბლიური საკითხის პირადი გამოკვლევის შედეგად მიდის ისეთ დასკვნამდე, რომელიც ვერ პოულობს ანალოგიურ მტკიცებულებას გონიერი მონის პუბლიკაციებში? ან, შესაძლოა, მას უჭირს ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული, ამა თუ იმ ბიბლიური მუხლების ახსნის მიღება? ნიშნავს თუ არა უკვე ეს ფაქტი თავისთავად რაიმე «კრიმინალს» ან საფუძველს, რომ ასეთი ქრისტიანი განდგომილებაში იქნეს ბრალდებული?

  «მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ერთგული მონის მიერ განხილული რომელიმე ბიბლიური საკითხი ბოლომდე არ გვესმის ან მისი მიღება გვიჭირს? მოდით მაშინ მორჩილად გავაცნობიეროთ, თუ სად შევიცანით ჭეშმარიტება და ვილოცოთ სიბრძნისათვის, რათა ვებრძოლოთ ამ განსაცდელს, მანამ ის რომელიმე პუბლიკაციაში ამ საკითხის განმარტებით არ დასრულდება (იაკობი 1:5–8)» (15 ნოემბერი 1992 წელი, «ლოიალურად ემსახურე იეჰოვას», აბზ.8 (რუს)).

  სხვადასხვა წლების ჟურნალებიდან მოყვანილი ამონარიდები იმის დანახვაში გვეხმარება, რომ როგორც ადრე, ასევე დღესაც ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქრისტიანთაგან ზოგიერთებს შეიძლება სირთულეები შეექმნათ გონიერი მონის მიერ შემოთავაზებული რომელიმე ბიბლიური მიხლების ან სწავლებების განმარტების გაგებაში. ამასთანავე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ასეთი ეჭვი თავისთავად (თუ ის, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ქრისტიანულ რწმენაზე უარის თქმას და ხორცის საქმეების დაბრუნებას – გალატელთა 5:19-21) არ განიხილება როგორც რაიმე უხეშობა. ქრისტიანს, რომელსაც ეჭვი გააჩნია, ურჩევენ, რომ მისი გაგებით წარმოქმნილი პრობლემა ღმერთს მიანდოს და თავმდაბლურად დაელოდოს, სანამ ორგანიზაცია ამ საკითხის დაზუსტებას არ მოახდენს.

 ასევე უსაფუძვლოა, მოწინააღმდეგეთა მხრიდან წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს ქრისტიანს არ შეუძლია თავისი ეჭვების შესახებ კრების უხუცესთან საუბარი, რადგან მათ შეიძლება ის ამისათვის «დასაჯონ». 
  
  «რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ან გარკვეულ საკითხში გათვითცნობიერებული არ არის, მაშინ ღვთის უნარიანი მსახურები სიყვარულით დაეხმარებიან მას. ეს შეეფერება რჩევას: «ზოგიერთ მეჭველს [ვინც ეჭვობს, აქ] სწყალობდეთ, ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით; ზოგის მიმართ შიშნარევი სიბრალული გქონდეთ» (იუდა 22, 23)» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 1988 წელი, «მკითხველთა შეკითხვები», გვ.23 (რუს)).

  როგორც ვხედავთ, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია სრულიად ნორმალურად მიიჩნევს სიტუაციას, როდესაც ქრისტიანები წარმოქმნილ კითხვებს უსვამენ პასუხისმგებელ ძმებს ან თავის ეჭვებს უზიარებენ მათ. ასეთი გონივრული მიდგომა, კრების წევრებსა და უხუცესებს შორის გახსნილი ურთიერთობის გახსნილ ათმოსფეროს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს კი თავის მხრივ, მთლიანად ორგანიზაციისადმი ნდობის განვითარების საშუალებას იძლევა.

  გონიერი მონა პერიოდულად, ისეთი მკითხველების კომენტარებსაც აქვეყნებს, რომლებიც ჟურნალში მოცემულ საკითხს არ ეთანხმებიან. «ძნელია გონიერი ადამიანი იმას დაეთანხმოს, რაც თქვენ დაწერეთ…». «მე და ჩემს ცოლს არ მიგვაჩნია, რომ ბიბლია ამას ადასტურებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად პირიქითაა…». «მოცემულმა სტატიამ ძალიან გამაოგნა…»… ეს ჟურნალ «გამოიღვიძეთ!»-ის რუბრიკა «მკითხვემთა შეკითხვები»-დანაა მოყვანილი (22 მარტი და 22 სექტემბერი 2002 წელი; მარტი 2009 წელი (რუს)). გონიერი მონა არა თუ არ მალავს, რომ მკითხველთაგან რომელიმე ხანდახან შეიძლება არ დაეთანხმოს იმას რაც იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში იწერება, არამედ თავის მხრივ ცდილობს, რომ არგუმენტირებულად და პატივისცემით ახსნას, თუ რატომ აქვს ორგანიზაციას კონკრეტულად ასეთი შეხედულება.

  როგორც ვხედავთ, ამ საკითხის მიმართ გონიერი მონის პოზიცია სავსებით ნათელი და გახსნილია. მოყვანილი მაგალითები ნათლად ამოწმებენ იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არ მიიჩნევს რაიმე სახით დანაშაულად ან ცუდ რამედ იმას, რომ ვიღაცას გულწრფელი კითხვები უჩნდება, იეჰოვას მოწმეების შეხედულებებთან ან ცხოვრების წესთან დაკავშირებით. 

  ორგანიზაცია, თავის თავად ცხადია, ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ არ მისცენ უფლება ეჭვებს, რომ მათ გონებესა და გულზე იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ, ბიბლიური პრინციპის თანახმად, «რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა» (რომაელთა 14:23). მაგრამ ამავდროულად გონიერი მონა ასევე სხვა ბიბლიური პრინციპით მოქმედებისაკენ ილტვის: «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ» (2 კორინთელთა 1:24).  
  ამასთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში შემდეგ გაფრთხილებებს ვკითხულობთ:

«მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის ერთგული მონის პოზიცია, ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ უარვყოთ მათი შეხედულება ან ისევ სატანის ქვეყნიერებაში დავბრუნდეთ. ნაცვლად ამისა, ერთგულებამ უნდა აღგვძრას, რომ თავმდაბლურად მოვიქცეთ და დაველოდოთ იეჰოვას, სანამ ის ნათელს მოჰფენს ამა თუ იმ საკითხს» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 2008 წელი, «იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს», აბზ.15).

  ჯამში როგორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა: ყველა ქრისტიანს მოუწოდებენ, რომ რეგულარულად და ღრმად იკვლიონ ბიბლიური სწავლებები და განმტკიცდნენღვთის სიტყვისადმი და გონიერი მონისადმი ნდობით, რომლის მეშვეობითაც გვაწვდის იეჰოვა დროულ სულიერად აღმაშენებელ საზრდოს (მათე 24:14). ქრისტიანული კრება უნდა ცდილობდეს «გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით», და მოერიდონ განხეთქილებებს რწმენის საკითხებში (1 კორინთელთა 1:10; ეფესოელთა 4:3).

  ამავდროულად გონიერ მონას, აფასებს რა ყოველი ქრისტიანის უფლებას ჰქონდეს საკუთარი აზრი, არ სურს თავის თანამორწმუნეებზე ბატონობა (2 კორინთელთა 1:24). ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ქრისტიანს, კრების უხუცესების მხრიდან დახმარების მიუხედავად, არ შეუძლია გონიერი მონის მიერ მოწოდებული, გარკვეული ბიბლიური სწავლების ახსნის მიღება, მისი უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, ისევ მასთან რჩება. თუმცა, გონიერი მონა, ასეთ ქრისტიანს თავმდაბლობის გამოვლენისაკენ მოუწოდებს, რათა უფლება არ მისცენ თავის ეჭვებს, რომ მათში გულგატეხილობა ან რწმენის განელება გამოიწვიოს. მსგავსი გრძნობები არ უნდა გახდეს ადამიანისათვის კრების შეხვედრების მიტოვების, ძმებთან ქრისტიანულ მსახურებაში თანამშრომლობის შეწყვეტისა და, მით უმეტეს, დრტვინვის მიზეზი! მსგავს სიტუაციაში ქრისტიანისტის უფრო გონივრული იქნებოდა თავმდაბლურად დალოდებოდა დროს, როდესაც ორგანიზაცია უფრო არგუმენტირებულად შეძლებდა მისთვის საინტერესო საკითხის განმარტვას.  

   მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური პრინციპი, რომელიც ასეთმა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს.

არ გავავრცელოთ პირადი შეხედულებები სხვებს შორის!

  თუ ქრისტიანი,  გარკვეულ ბიბლიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მას ეჩვენება, რაიმე სახის ლოგიკურ დასკვნებამდე მივიდა, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი საქმეა. მაგრამ მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა, ამ შეხედულებების სხვა თანამორწმუნეებისათვის თავზე მოხვევა. კრებაში საკუთარი წარმოდგენების გავრცელება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული ესა თუ ის ბიბლიური სწავლება, არასწორი საქციელი იქნებოდა. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც კრების ქრისტიანულ ერთობას, ასევე ცალკეული ქრისტიანების რწმენას.

  აი რა წერია ამასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში:

«რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ერწმუნათ ის რაც სურდათ. მაგრამ, როდესაც ვინმე სახალხოდ თუ პირად საუბრებში აცხადებს ისეთ რამეს, რაც ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოყვანილი აზრებისგან განსხვავდება და ამას ორგანიზაციის სახელით აკეთებს, ეს განხეთქილებას იწვევს. როგორ უმკლავდებოდნენ იეჰოვას მოწმეები ასეთ სიტუაციებს?
მათ არ დაუწყიათ ასეთი ადამიანების დევნა (თუმცა განდგომილები ხშირად ლანძღავდნე ყოფილ სულიერ ძმებს) და მათთვის არც ფიზიკური ზიანის მიყენებას ცდილობდნენ (როგორც ამას კათოლიკური ეკლესია აკეთებდა ინკვიზიციის მეშვეობით). ნაცვლად ამისა, ისინი მიჰყვებოდნენ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას: «თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ, რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები არ არიან... და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს» (რომაელთა 16:17, 18)» («ღვთის სამეფოს მაუწყებლები», გვ.628).

სულიერ საკითხებზე გულწრფელი კითხვების დასმა — სავსებით დასაშვებია. მაგრამ, ჩვენ თუ უარყოფითი აზროვნების განვითარებას დავიწყებდით, რომელიც ახლო მეგობრების წრეში კრიტიკული საუბრების სახით გამოიხატება? ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის გვეკითხა: «სადამდე მიმიყვანს ეს ყოველივე? იქნებ სჯობს დრტვინვა შევწყვიტო და თავმდაბლურად სიბრძნისთვის ვილოცო?» (იაკობი 1:5—8; იუდა 17—21). კორახი და მისი მომხრეები, რომლებიც მოსესა და აარონის ძალაუფლებას აღუდგნენ წინ, ალბათ, იმდენად დარწმუნებულები იყვნენ თავის სიმართლეში, რომ არ შეუმოწმებიათ საკუთარი მოტივაცია. მიუხედავად ამისა, ისინი ძლიერ ცდებოდნენ. ასევე ცდებოდნე ის ისრაელიანებიც, რომლებიც კორახისა და სხვა მეამბოხეების განადგურების გამო აჯანყდნენ. რა ბრძნული საქციელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, თუ ასეთი მაგალითების საფუძველზე შევამოწმებდით ჩვენს მოტივებს, შევწყვეტდით ჯაყს და წუწუნს და უფლებას მივცემდით იეჰოვას რათა განვეწმინდეთ! (ფსალმუნი 16:1—3)» («საგუშაგო კოშკი», 15 ივნისი 1996 წელი, «კურთხევა ან წყევლა — მაგალითები ჩვენთვის დღეს», აბზ.15

  უნდა ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიცია შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს. როგორც წესი, ეს მათთვისაა დამახასიათებელი, ვინც საკუთარ გრძნობებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე სხვების ინტერესებზე, და სურვილი აქვს, რომ მის აზრს ყოველთვის განსაკუთრებული წონა ჰქონდეს კრებაში. ასეთი სახის კრიტიკოსები იმის მკიცებას ცდილობენ, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ეს პოზიცია თითქოსდა არ წარმოადგენს ნამდვილ ქრისტიანულს. ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ პირველი საუკუნის კრებას არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა მასში წარმოქმნილ განხეთქილებებთან.


ბიბლია, პირველი ქრისტიანები და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულება

მოციქული პავლეს მითითებები, რომელმაც მაშინდელ მსოფლიოში არც თუ მცირე კრებას გაუწია ორგანიზება, იმის სარწმუნო მტკიცებულებაა, რომ იესოს მოწაფეთაგან ერთიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მრწამსის ერთობა მოითხოვებოდა (ეფესოელთა 4:3 ფილიპელთა 1:27).

  «ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებული იყავით გონებითა და აზრით» (1 კორინთელთა 1:10).

  «გქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი» (ფილიპელთა 2:2).

  ამავდროულად, პირიქით, პავლე რწმენასთან დაკავშირებულ ყოველგვარ აზრთა სხვაობას ისე აღკვეთს, როგორც სექტანტობის გამოვლინებას (ტიტე 3:10,11). მაგალითად, ქრისტიანისათვის შეუფერებელი «ხორცის საქმეების» აღწერისას, ჩვენ «განხეთქილება, სექტანტობა»-საც ვხვდებით (გალატელთა 5:19-21). გალატელთა მიმართ მიწერილ წერილში, სადაც ეს გაფრთხილებაა მოცემული, მოციქული თვითონ ქრისტიანებს არცხვენს განსხვავებული შეხედულებებისადმი მიდრეკილების ტენდენციის გამო, რომელიც ჭეშმარიტ რწმენას ვნებდა:
  
«მაოცებს, ასე სწრაფად რომ შორდებით მას, ვინც ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით მოგიწოდათ, და გადადიხართ სხვა სასიხარულო ცნობაზე, თუმცა ის სხვა არ არის, ოღონდ არიან ზოგიერთები, რომლებსაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დამახინჯება უნდათ, მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს. (გალატელთა 1:6-9).

  «ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ, რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლებისა, და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს» - კვლავ პავლეს მოწოდებას ვკითხულობთ, ოღონდ უკვე რომაელი ქრისტიანების მიმართ (რომაელთა 16:17,18). 


  ზოგჯერ ზოგიერთი ლიბერალური შეხედულებები მოყვარულები მოციქული პავლეს სიტყვებს ციტირებენ 1 კორინთელთა 11:19-დან, სადაც მოციქული ამბობს: «ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის» (საპატრიარქოს თარგმანი). აქცენტი სიტყვა «განხეთქილებაზე» კეთდება. მათი აზრით, პავლემ ამით ქრისტიანებს შორის განსხვავებული იდეების გავრცელება "დაუშვა", იმისგან დამოუკიდებლად, ეთანხმებიან თუ არა ისინი კრების აზრს. თუმცაღა, პავლეს სიტყვების ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად მოგონილია.

  პირველი, ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მოციქულის ნათქვამი სიტყვების კონტექსტს, სადაც ის პირდაპირ განიკითხავს ზოგიერთ ქრისტიანს, ქრისტიანული ჭეშმარიტებისაგან განსხვავებული პოზიციის გამო. როგორც უკვე ნათქვამი იყო, პავლემ თავისი წერილი ასეთი სიტყვებით დაიწყო: «ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებული იყავით გონებითა და აზრით» (1 კორინთელთა 1:10). ამიტომ მას უბრალოდ არ შეეძლო იმავე წერილში, ზემოთ ნათქვამის სრულიად საპირისპირო რამ დაეწერა. გასაგებია, რომ პავლეს მხედველობაში სულ სხვა რამ ჰქონდა, და არა ის, რაში დარწმუნებასაც ქრისტიანულ კრებაში ლიბერალური შეხედულებების კულტივირების მომხრეები ცდილობენ.

  მეორე, ძველ ტექსტში ამ ადგილას დგას სიტყვა «hairesis» -«ერესი», რაც არ გვაძლევს იმის ფიქრის მცირე საშუალებასაც კი, რომ თითქოს მოციქული პავლე, მისგან მოხსენიებულ განხეთქილებაში, რაიმე მოსაწონს გულისხმობდა. მაგალითად, ზუსტად იგივე სიტყვა დგას საქმეების 15:5-ში, გალატელთა 5:20-ში და 2 პეტრეს 2:1-ში, ხოლო მისგან წარმოებული კი – ტიტეს 3:10-ში.
  ამის გამო ბიბლიის მრავალ თარგმანში მოცემული ფრაზა მისი პირდაპირი მნიშვნელიბითაა ნათარგმნი, «ერესი» ან «სექტა» (DBY, DRA, YLT,RWB). ახალი ქვეყნიერების თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: «თქვენ შორის სექტებიც უნდა იყოს, რათა მოსაწონნი გამოჩნდნენ».

   მოციქულის მიერ 1 კორინთელთა 11:19-ში ნათქვამის არსი, თვალნათლივაა ახსნილი მისივე სიტყვებით საქმეების 20:30-ში:

 «ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები».აქედან გამომდინარეობს, რომ მოციქულის სიტყვები «თქვენ შორის სექტებიც უნდა იყოს» სამწუხარო ფაქტის აღიარებას წარმოადგენს, რომ, ასე თუ ისე, მაგრამ ქრისტიანული კრება, განდგომილებისა და სექტანტობის ზეგავლენის თავიდან არიდებას, საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებს (მათე 13:24-26; ლუკა 17:1). თუმცა, ეს ტენდენცია თავის მხრივ გამოაჩენს, თუ ქრისტიანთაგან სინამდვილეში ვინ ცდილობს ჭეშმარიტი სწავლების მიყოლას და ვინაა მიდრეკილი სექტანტობის გავრცელებისაკენ.

ზემოთ მოყვანილი მაგალითების სხვაგვარად, ვიდრე ქრისტიანებისადმი მოწოდება, რათა შეინარჩუნონ აზრისა და რწმენის ერთიანობა, გაგება რთულია. და ეს რაღაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს. მოციქულები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ქრიატიანთა შორის საკუთარი მოსაზრებების გავცელებისადმი მიდრეკილებამ, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ კრებაში «შემოაპარონ დამღუპველი სექტანტობა» და იესოს მოწაფეების გახლეჩვა და რწმენის ნგრევა გამოიწვიოს (2 პეტრე 2:1; 2 ტიმოთე 4:3,4). ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების წყალობით, კრებას შეეძლო ღვთისადმი თავისი მსახურების «სულითა და ჭეშმარიტებით» შესრულება (იოანე 4:23,24).
  ყოველივე ამასთან ერთად, დოქტრინალურ ერთობასთან დაკავშირებით ადრე-ქრისტიანული კრების ასე მკვეთრად გამოხატული პოზიცია, როგორც უკვე განვიხილეთ, ცალკეულ ქრისტიანებს უფლებას აძლევდა ჰქონოდათ საკუთარი შეხედულებები, და აღიარებდა, რომ კრებაში შეიძლება ვინმეს შეჰქმნოდა გართულებები სწავლებების გაგებასთან დაკავშირებით (ლუკა 9:44,45; რომაელთა 14:1-5,22; 1 კორინთელთა 13:12; 2 კორინთელთა 1:24; იაკობი 1:5; იუდა 22). მაგრამ ამავდროულად კრების ასეთ წევრს არ უნდა დავიწყებოდა, რომ მსგავსი პირადი შეხედულებები პირად შეხედულებებადვე უნდა დარჩენილიყვნენ; მას არ უნდა ეცადა მათი, დანარჩენ ქრისტიანთა შორის გავრცელება, მითუმეტეს, არ უნდა ექცია ისინი დავებისა და სხვების დაბრკოლების მიზეზად (რომაელთა 14:13-23).

  ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს პავლე მოციქულის მიერ ზოგიერთი ქრისტიანის მხილება, რომლებიც ქრისტიანული სწავლების განსაზღვრულ ასპექტებში საკუთარი თვალსაზრისის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. მოციქული ტიმოთეს მიმართ წერილში ასეთ სიტყვებს ამბობს:

  «თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება. მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე. ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს» (2 ტიმოთე 2:16-18).

 ჰქონდათ თუ არა პავლეს მოხსენიებულ პიროვნებებს პირადი აზრის უფლება? რა თქმა უნდა. თუმცა შევნიშნოთ, რომ პავლე მათ უბრალოდ პირადი აზრის გამო კი არ ამხელს, არამედ იმის გამო, რომ ისინი სხვა ქრისტიანების აზროვნებაზე ცდილობდნენ ზემოქმედების მოხდენას, რისთვისაც «უშინაარსოდ ლაპარაკობდნენ», «თავის სიტყვას ავრცელებდნენ» და საჯაროდ «ლაპარაკობდნენ» საკუთარ შეხედულებებზე, რომლებიც მოციქულებისა და მთელი კრების თვალსაზრისისაგან განსხვავდებოდა, ეს კი, საბოლოო ჯამში, «რწმენას უნგრევდა ზოგიერთ» თანამორწმუნეებს. ასეთ მოქმედებებს მოციქული უწოდებს «უწმინდურებას» და «ღვთის გმობას» და, როგორც ჩანს, ზუსტად ამ მიზეზის გამო «გადაეცნენ სატანას», ანუ ქრისტიანული კრებიდან გაირიცხნენ (1 ტიმოთე 1:19,20. შეადარეთ 1 კორინთელთა 5:5,13).
  როგორც ვხედავთ, მოციქულთა პოზიცია, რომლებიც არ ცდილობდნენ პირადი მოსაზრებების კონტროლს, ამავდროულად პრინციპული იყო, როდესაც საქმე ვინმეს მხრიდან კრებაში თანამორწმუნეთა აზროვნებაში «ახალი ტენდენციების» სახით სურდა საკუთარი თეოლოგიური დასკვნების მოხვევა. საკუთარი ინდივიდუალური შეხედულებები, ასეთი თუ წარმოიქმნებოდა, ასეთ ქრისტიანს უნდა «ჰქონოდა ღვთის წინაშე», მაგრამ ამავდროულად არ უნდა გაევრცელებინა ის სხვებზე, «რაც დააბრკოლებდა მის ძმას» (რომაელთა 14:21,22). ქრისტიანული კრებისთვის მეტად აუცილებელი იყო სულისა და რწმენის ერთობის შენარჩუნება (ფილიპელთა 1:2; 2:2). რის გამოც ასეთი ბიბლიური პოზიცია სავსებით გონივრულსა და ლოგიკურს წარმოადგენს. 

  დღეს იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, პირველი საუკუნის მოციქულთა კრების ამ მაგალითის შესაბამისად მოიქცნენ. ამ ქრისტიანული ორგანიზაციის ოფიციალური პუბლიკაციებიდან მოყვანილი მრავალრიცხოვანი ციტატების საშუალებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში თვითონ დარწმუნდეს.ისევე როგორც მოციქულთა ქრისტიანული კრების შემთხვევაში, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია არ აპირებს არცერთი ქრისტიანის პირადი მოსაზრებების გაკონტროლებას. და თუ ვინმეს მაინც რიცხავენ კრებიდან, ეს არასოდეს ხდება, თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამო, არამედ , ამ აზრის სხვებისთვის მოხვევის ჯიუტი მცდელობისთვის. ნათქვამიდან გამომდინარე, ნათელია, რომ იმაში ბრალდება, თითქოსდა ქრისტიანის პირად აზრთან დაკავშირებულ საკითხში ორგანიზაცია იგნორირებას უკეთებდეს ბიბლიურ მაგალითს და რაიმე სახის საკუთარ წესებს ადგენდეს, აბსოლუტურად უსაფუძვლოსა და აბსურდულს წარმოადგენს. თეოკრატიული წესრიგის საკითხებში, რომლებიც წერილებს შეესაბამება, იეჰოვას მოწმეები მყარ ქრისტიანულ პლატფორმაზე დგანან.

ჯანსაღად რომ ვიმსჯელოთ…

  პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხში, ეს ისაა,  ქრისტიანულ კრებაში აზრთასხვაობის სრული თავისუფლების იდეა, პირდაპირ რომ ვთქვათ, სიცოცხლისუუნაროა. ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვების დასმა: «ნეტა რა იქნებოდა, კრებაში ყველამ ღიად რომ წამოაყენოს თავისი საკუთარი აზრები?». «ქრისტიანობის» 2000-წლიანი ისტორია თავისთავად წარმოადგენს ამ კითხვაზე ნათელ პასუხს. მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები, უდაოდ, ამოწმებენ იმას, რომ ნებისმიერი საეკლესიო საზოგადოება, დოქტრინალური საკითხების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულებით, ადრე თუ გვიან განხეთქილებას განიცდის, თანაც არა ერთს. ასეთ ეკლესიებს გამოეყიფიან ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებმაც იმათი შეხედულებები გადაიღეს, ვინც «ახალი შეხედულებების» მატარებლებად იქცნენ. შედეგად, თავის მხრივ, შემდგომ ეს ჯგუფებიც აუცილებლად განიცდიდნენ ასეთივე განხეთქილებებსა და ეკლესიის სხვა, «კიდევ უფრო ახალი იდეების მქონე» წევრების გამოყოფას…

  შედეგად ჩვენ ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი «ქრისტიანული» სამყარო: დახლეჩილი მასა ათიათასობით მიმდინარეობებით, რომელთაგან თვითოეულსაც საკუთარი შეხედულება აქვს ამა თუ იმ, დიდ თუ პატარა, რელიგიურ ასპექტებში. თანაც, მსგავსი ეკლესიური დახლეჩა დღესაც აქტიურად გრძელდება, ლიბერალიზმი და «ქრისტიანულ» გარემოში დამოუკიდებელი აზროვნების კულტივირება კი, ამ ყველაფერში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ქრისტიანულ კრებაში აზრთასხვაობის გამოცხადების «ლამაზი» იდეები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უტოპიურია.ხოლო პირდაპირ თუ ვიტყვით, მაშინ – სიცოცხლისუუნაროდ და არა მარტო რწმენის ერთობის, არამედ თვით ქრისტიანების რწმენის დამანგრევლად

 ასეთი პოზიციის მიზეზს ბიბლია შემდეგი სახით ხსნის:

  «თუ ვინმე სხვა რამეს ასწავლის და არ ეთანხმება არც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებს და არც ღვთისადმი ერთგულების შესაბამის სწავლებას, ის გაყოყოჩებულია, არაფერი ესმის, სიტყვებს ეკიდება და კამათის სენით არის შეპყრობილი. ეს იწვევს შურს, დავას, ლანძღვას, ბოროტ ეჭვებსა და წვრილმანებზე ცხარე კამათს მათი მხრიდან, ვისაც გონება გარყვნილი აქვს, ხოლო ჭეშმარიტება - წართმეული, და ჰგონიათ, რომ ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭენ» (1 ტიმოთე 6:3-5).

  ამ მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ კრებაში თეოლოგიური დავების გაღვივება, ღვთისმოსაწონ საქმეს წარმოადგენს? რთულია ამას დაეთანხმო. გაშმაგებულ დავებში ჭეშმარიტება კი არ იპოვება, არამედ იკარგება. ერთმა მოაზროვნე ადამიანმა ამასთან დაკავშირებით ზუსტად შენიშნა, რომ «საუბრისას თავდაჭერილობა და დროულობა მჭერმეტყველებაზე მეტად ფასობს».

  და აქ ტყუილად შეეცდებიან კრიტიკოსები, რომ ბრალი დასდონ ბიბლიას და იეჰოვას მოწმეებს რაიმე სახით «თავისუფლების შეზღუდვაში». თავისუფლება და ყველაფერის დაშვებულობა - ერთმანეთის აბსოლუტურად საპირისპირო გაგებებია, რადგან თავისუფლება იმის უფლებას კი არ გვაძლევს, რომ ისე მოვიქცეთ როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე, როგორც ღმერთს უნდა. როგორც თავის დროზე ფიოდორ დოსტოევსკიმ აღნიშნა, «თავისუფლება ის კი არ არის, რომ თავი არ მოვთოკოთ, არამედ ის, რომ დავეუფლოთ თავს». 

  აი აქ, სხვათა შორის, კიდევ ერთი კითხვა წარმოიშობა: კერძოდ, რატომ მიაჩნია ვიღაცას, რომ მისი პირადი შეხედულება, რომელიც ამავდროულად არ შეესაბამება ქრისტიანული კრების დანარჩენი წევრების აზრს, აუცილებლად უნდა იქნეს სხვების მიერ მოსმენილი და მიღებული? თუმცა ზოგიერთ ადამიანს კი გააჩნია პრინციპული მიდრეკილება უარყოს ნებისმიერი გაბატონებული აზრი და სხვა ინფორმაცია იწამოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოფიციალურს ეწინააღმდეგება, მაგრამ თავისთავად ასეთი მიდგომა სულაც არ მეტყველებს ობიექტურობაზე, არამედ, უფრო, რენეგატობისაკენ ლტოლვაზე. «დაპირისპირების ჩვევა, გონების დაავადებაა»

 იმაზე უფრო დიდი სულიერი გაკოტრება არ არსებობს, ვიდრე ის, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანამდე თავისი საკუთარი აზრის მიტანას ცდილობს და არა თავად ღმერთისა.

  მაშინ რა დაგვარწმუნებს, რომ ადამიანი საღი აზროვნებით მოქმედებს? მხოლოდ ის, თუ ასეთ ადამიანს განზრახული აქვს მისდიოს არა საკუთარ, ეგოცენტრულ ინტერესებს, არამედ ღვთის ინტერესებს! ხოლო ღვთის განზრახვა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანი ყველაფერზე მაღლა ქრისტიანულ ერთობასა და ძმურ სიყვარულს აყენებდეს და არა საკუთარი არასრულყოფილი გონებითა და ფარდობითი ცოდნით მატრაკვეცობას.

  «ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს» (1 კორინთელთა 8:1-3). ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გვესმის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ ბიბლიურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ძალიან მიდრეკილი ხდება, აბსურდული და სავსებით საპირისპირო იდეების გამოთქმისკენ.

  ასევე კითხვებს არ იწვევს, თუ რატომ მიუთითებდა პავლე თავისუფალი სიტყვიერი პროპაგანდის დაუშვებლობაზე და რატომ გახდა ეს ისეთი პირების დახასიათებისათვის საკმარის საფუძვლად, როგორც «ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს», რამაც ქრისტიანული კრებიდან მათი გარიცხვა გამოიწვია (1 კორინთელთა 15:33; 1 ტიმოთე 1:19,20). მაგრამ ამავდროულად ეს ბიბლიური მაგალითები გვეხმარება თვალნათლივ დავინახოთ, რომ ვინმეს პირადი მოსაზრებები, რომელიც ქრისტიანული ორგანიზაციის ოფიციალურ თვალსაზრისს ეწინააღმდეგება, როგორ «სარწმუნო» და მომხიბლელადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შეესაბამებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ღვთის მოწონებას იმსახურებენ. პავლე არაერთხელ მიუთითებდა ამ მომენტზე, როდესაც მოუწოდებდა «ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთწოდებულ ცოდნაში. ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ» (1 ტიმოთე 6:20,21
  აი რატომ ვეთანხმები სრულიად ბიბლიის ბრძანებას, რომელიც ქრისტიანებს მიეცათ, «განსხვავებული არაფერი ასწავლონ და არც ყურადღება შეაჩერონ არაფრის მომტან ზღაპრებსა და საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება». მათ შესახებ კი, ვინც ამ ბრძანებას ეწინააღმდეგებიან, წმინდა წერილი სავსებით სამართლიანად ამბობს, რომ ისინი მიდრეკილები არიან იმისაკენ, რომ «უაზრო ლაპარაკს მოჰყვნენ. უნდათ კანონის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ» (1 ტიმოთე 1:3-7).

  «მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის მიზნით იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ» - მითითებას გვაძლევს პავლე ასეთ «ურჩი, ყბედი და ცბიერი» ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი შეხედულებების პროპაგანდას ეწევიან ქრისტიანულ კრებაში (ტიტე 1:10,11).


«უფალო, მომეცი მე მოთმინება! ეხლავე! ამ წუთას!»

  მსგავს სიტუაციებში მოთმინება და თავმდაბლობა ძალიან არიან დამოკიდებული ერთმანეთთზე. ქრისტიანის მხრიდან, კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნების მიზნით, ბრძული იქნებოდა არ წარმოექმნა დაბრკოლებები თანაქრისტიანებისათვის, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მეორეხარისხოვან სწავლებებზე, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ, იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის იესო ქრისტესადმი ქრისტიანული რწმენის ძირეულ სწავლებებთან (მათე 18:2-7).
  აქ კარგი იქნებოდა დავფიქრებულიყავით თავმდაბლობის იმ ზოგიერთ მაგალითებზე, რომლებიც ღმერთმა მოგვცა თავის სიტყვაში. მათი დახმარებით ჩვენ იმის მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ, თუ რამდენად აუცილებელია სხვების ინტერესებისა და სინდისის საკუთარ სურვილებზე მაღლა დაყენება.
  მოციქული პავლე ფართოდ იყო ცნობილი თავისი მკვეთრი შეხედულებებით იესოსადმი რწმენით გამართლების სასარგებლოდ და მოსეს კანონის ბრმად მიყოლის საწინააღმდეგოდ (გალატელთა 3:10-14; 5:1). ამავდროულად, როდესაც იერუსალიმში აღმოჩნდა, პავლემ ადგილობრივი ძმებისაგან მიიღო რჩევა, რომ საჯაროდ შეესრულებინა ზოგიერთი რიტუალური დადგენილება, კანონის «წეს-ჩვეულება», რათა «ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ» (საქმეები 21:20-26). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას გრძნობდა პავლე! თუმცა მას არ გამოუხატია სამართლიანი გულისწყრომა ძმების მიმართ და არ დაუწყია დაჟინებით მათთვის იმის ახსნა, რომ მისი პირადი შეხედულებები ეწინააღმდეგებოდნენ მათ შეხედულებებს. პირიქით, როგორც ბრძენი მსახური, მოციქული მათი სურვილისამებრ მოიქცა, რადგან ესმოდა და ითვალისწინებდა ადგილობრივი ძმების გრძნობებს და არ სურდა მათვის დაბრკოლებად ქცეულიყო.

  არანაკლებ სამაგალითოა ასევე პავლეს თანაშემწის, ტიმოთეს მაგალითი. თავისი მსახურების დროს «პავლემ მისი თან წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა იქ მცხოვრები იუდეველების გამო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა» (საქმეები 16:1-3). ნიშნავდა თავისთავად წინადაცვეთა ღვთის მოწონებას ან გადარჩენას? არანაირად. პირიქით, თვითონ პავლე წერდა:
  «მე, პავლე, გეუბნებით, რომ თუ წუნადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. გარდა ამისა, კვლავ ვმოწმობ ყოველი მამაკაცისთვის, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი კანონი შეასრულოს. თქვენ, ვინც კი ცდილობთ, კანონით იყოთ მართლებად აღიარებულნი, ჩამოშორებულნი ხართ ქრისტეს და მოწყვეტილი ხართ მის წყალობას. ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა, რადგან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთლობას, არამედ რწმენას, რომელიც სიყვარულით ვლინდება» (გალატელთა 5:2-6).   .
  მაგრამ თუ ასეა, მაშინ რამდენად გამართლებული იყო პავლეს გადაწყვეტილება, წინადაეცვითა ქრისტიანი ტიმოთე, მოსეს კანონის დადგენილების თანახმად? წმინდა წერილებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ პავლემ ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ დარწმუნებული იყო გადარჩენისათვის წინადაცვეთის აუცილებლობაში, არამედ «იქ მცხოვრები იუდეველების გამო». პავლე ითვალისწინებდა იმ ხალხის მაშინდელი რელიგიური გაგების სინდისსა და დონეს, და არ სურდა, რომ ამ საკითხის გამო მათ მისცემოდათ, სასიხარულო ცნობისათვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბი. უდავოა, პავლეს მსგავს აზრს თავად ტიმოთეც იზიარებდა, რომელმაც ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

  ეხლა კი განვსაჯოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, სწორი შეხედულება ჰქონდათ იმ იერუსალიმელ ქრისტიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსეს კანონზე იყვნენ დამოკიდებულნი და ფიქრობდნენ, რომ გადარჩენისათვის აუცილებელი იყო მისი წეს-ჩვეულებების მიყოლა? (საქმეები 15:1,2,5). თანაც ამავდროულად იესოს ასეთი მიმდევრები არცთუ მცირედნი იყვნენ! «შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან» - უთხრეს ამის შესახებ პავლეს იერუსალიმელმა თანამორწმუნეებმა (საქმეები 21:20).

  მაშ ასე, პავლეს უფრო სწორი გაგება ჰქონდა, იმ იერუსალიმელი ქრისტიანებისგან განსხვავებით? უდავოდ, მართლაც ასეა! ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ არ დასთანხმებოდა საკუთარ თავში, იმ თანამოძმეების შეხედულებებს, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევდნენ მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლას? რა თქმა უნდა, ჰქონდა. თანაც, პავლე აბსოლუტურად მართალი იყო ასეთი მიყოლის ამაოებად გააზრებაში (კოლოსელთა 2:17; ებრაელთა 9:10). სხვაგვარად რომ ვთქვათ, პავლეს უფრო სწორი შეხედულება ჰქონდა მსგავს თეოლოგიურ საკითხებზე, ვიდრე მრავალ მის პროიუდაური მიმართულების თანამორწმუნეს.

  მაგრამ მოდით საკუთარ თავს შევეკითხოთ: იქცა თუ არა ასეთი სიტუაცია პავლესათვის იმის საბაბად, რომ იერუსალიმის კრებაში «რევოლუცია» მოეწყო? დაიწყო მან საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გაცხადება? დაიწყო მან ამ ქრისტიანებისა და მათი უხუცესების ბრალდების კამპანია იმ მიზნით, რომ ეიძულებინა ისინი, რომ მიეღოთ უფრო სწორი შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი ცდებოდნენ? არა, პავლეს არ დაუწყია ამის კეთება! იმაზეც კი არაფერი მიუთითებს, რომ პავლეს რამენაირად ენიშნებინოს მაინც ამის შესახებ.

  მაშინ პავლემ, რომელსაც საკუთარი განსხვავებული აზრი ჰააჩნდა, მაინც რატომ არ ჩათვალა საკუთარი თავი უფლებამოსილად, რომ ასე მოქცეულიყო? უდავოდ იმიტომ, რომ მას მშვენივრად ესმოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტები:

  პირველი, მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლა, თუმცა კი აღარ წარმოადგენდა ქრისტიანისთვის აუცილებელს, მაგრამ ის მაინც პირადად გადასაწყვეტ საკითხად რჩებოდა (1 კორინთელთა 8:8; კოლოსელთა 2:17).

  მეორე, მაშინაც კი, თუ მრავალი იუდეველი ქრისტიანი ძველებურად მიიჩნევდა, რომ კანონის დაცვა ჯერ კიდევ საჭირო იყო, ასეთი არც მთლად გონივრული რწმუნება, როგორც არ უნდა იყოს, ქრისტიანული სწავლების არცერთ ძირეულ დოქტრინას არ ემუქრებოდა, ისეთებს როგორებიცაა ერთი ღმერთისადმი, მისი ძის - იესო ქრისტესადმი, ღვთის სამეფოსადმი რწმენა და ა.შ. (ებრაელთა 6:1,2).

  მესამე, პავლე იმ თანამორწმუნეთა სინდისს ითვალისწინებდა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ თავისი შეხედულებების სისწორეში და არ სურდა, რომ მისი პირადი შეხედულებები მათთვის დაბრკოლებად ქცეულიყო (რომაელთა 14:13-21; 1 კორინთელთა 8:9-13).

  მეოთხე, მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი ქრისტიანული კრების ძვირფასი ერთობის შენარჩუნება იყო სიყვარულში და არა სრულყოფილი ცოდნის ძღვენი. ქრისტიანს მხოლოდ ცოდით სავსე თავი კი არ სჭირდება, არამედ რწმენითა და იმედით სავსე გულიც. «რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა». (რომაელთა 13:8-10; 1 კორინთელთა 8:1-3).


  მაშ ასე, პავლე მისთვის ღვთისაგან ნაბოძები სიბრძნით აცნობიერებდა, თუ რამდენად აუცილებელია ქრისტიანისთვის საკუთარი ამბიციების მკაცრად შეზღუდვა, რისი მეშვეობითაც ის მიაღწევს იმას, რომ კრებაში ყველამ შეძლოს «სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინეთ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით» (ეფესოელთა 4:2,3). აი რა არის მთავარი ქრისტიანებისთვის! აი რისკენ უნდა ისწრაფოს იესოს ნამდვილმა მიმდევარმა! სიყვარულისაკენ და რწმენის ერთობისაკენ, და არა იმისაკენ, რომ, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, თანაქრისტიანების ყურადღება მიაქციოს საკუთარ საეჭვო დასკვნებზე!

  ხოლო როგორ მოიქცეოდნენ პავლეს ადგილას ისინი, ვისაც დღეს საკუთარ შეხედულებებზე დაჟინებისაკენ აქვს მიდრეკილება? გამოავლენდნენ ისინი მზგავს მოთმინება და დასთანხმდებოდნენ ძმების სურვილის თანახმად მოქცევას საკითხებში, რომლებშიც პირადად მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ, სხვების სინდისისა და ღვთის ერის ერთობისათვის? თუ დიახ, მაშინ რეს რატომ არ იქცევიან ისინი ანალოგიურად? თუ არა, მაშინ მათ გულებში რომელ ქრისტიანულ სულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? (ფილიპელთა 2:3-5).

  რაზე ვფიქრობთ, როდესაც ამ ბიბლიურ სიტყვებს ვკითხულობთ: «ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე» (რომაელთა 15:1-3)?
  გვახსოვს კი ჩვენ ღვთის ეს მოწოდება, როდესაც ვგრძნობთ, რომ გარკვეულ საკითხებში, დანარჩენი თანაქრისტიანების აზრის საპირისპირო აზრი გვაქვს? თუ ასეთ მომენტებში მიდრეკილი ვართ მაშინვე დავივიწყოთ სიყვარულის და თანაგრძნობის პრინციპების შესახებ, რადგან წინა პლანზე ჩვენი ამბიციები და საკუთარი აზრის დამტკიცება დგება? მაგრამ რით უნდა ხელმძღვანელობდეს ქრისტიანი თავის გზაზე: ღვთის სულით თუ საკუთარი «ეგოს» ხმით?

  აქ ქრისტიანის რწმენის ძალიან სერიოზული საკითხი დგება, ამიტომ რაიმე სახის ექსპერიმენტები არა თუ უბრალოდ უადგილოა, არამედ შეიძლება დანაშაულიც კი აღმოჩნდეს, რადგან ის შეიძლება სხვა ადამიანების დაბრკოლების და ღვთისადმი რწმენის დაკარგვის მიზეზი გახდეს! ბიბლიური მოწოდებიდან პრინციპის გათვალისწინებით, ასე შეიძლება რომ ვთქვათ: «ნუ დაღუპავ [შენი პირადი აზრების თავზე მოხვევით] მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა… ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს [პირადი მოსაზრებების] გულისთვის»! (რომაელთა 14:15,20).


დასკვნა

 იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, აღიარებს რა ბიბლიის ცნობილ პრინციპს, «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ», არ იღებს საკუთარ თავზე ქრისტიანის პირადი აზრების კონტროლის უფლებას (2 კორინთელთა 1:24). თითოეული ადამიანი თავისუფალი რჩება თავის არჩევანში. ის ფაქტი, რომ ქრისტიანი პირად დასკვნებს აკეთებს, თავისთავად არ შეიძლება შეფასდეს რაიმე დაუშვებლად, თუმცა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, წინდახედულად ამახვილებს ქრისტიანთა ყურადღებას, თუ არსებული ეჭვები რამდენად სახიფათოა მათი რწმენისათვის. მთავარ პირობად, პირადი მოსაზრებების კრებაში გავრცელების დაუშვებლობა და თანამორწმუნეებისთვის თავზე მოხვევა რჩება. ბიბლიაზე დაფუძნებული ასეთი მოთხოვნა ხელს უწყობს ღვთის კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას.


წყარო sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment