გამოსასყიდის (ან ხსნის, გააჩნია თარგმანს) შესახებ სწავლება შეიძლება რთული და ძნელად ასახსნელი მოგვეჩვენოს, მაგრამ სათანადოდ თუ გავერკვევით მასში, მისი სამი მოკლე თეზისით გადმოცემა შეიძლება.
ყველა ადამიანი ერთის - ადამის - ცოდვის გამო იტანჯება, რადგან მის შთამომავლებსა და მემკვიდრეებს წარმოადგენენ («ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა» – რომაელთა 5:12).
საჭიროა ვინმე, ვინც ჩვენთვის ან ჩვენს ნაცვლად მოკვდება, რის შემდეგაც ჩვენ კვლავ შევძლებთ სიცოცხლეს («ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით» – რომაელთა 5:8).
თუ ეს «ვინმე» ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი იქნება, ისიც დამნაშავე იქნება ღვთის წინაშე და ამიტომ ვერ შეძლებს სხვისთვის სიკვდილს. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეძლებს სიკვდილს. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი ამ საქმისთვის არ გამოდგება («მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება, რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს» – ფსალმუნი 48:8–10).
სიტყვა «ჩვენთვის» მეორე პუნქტში – მთელი ამ კონცეფციის მთავარი ღერძია. უფრო გასაგები ვარიანტია – «ნაცვლად». ბერძნული სიტყვა, რომელიც თარგმნილია როგორც «ჩვენთვის» ისეთ მუხლში როგორიცაა რომაელთა 5:8, ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც «ნაცვლად» (ნახე. ფილიმონი 1:13). მაგალითად, ჩვენ წარმოგვიდგინეს დიდი დავალიანება, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დაფარვა და ამის გამო ციხეში ვხვდებით; მაგრამ ვიღაც კეთილის მსურველი იხდის მას ჩვენთვის ან ჩვენს ნაცვლად და ჩვენ თავისუფლები ვართ.
(შეგახსენებთ, რომ გამოსყიდვა თითქმის მთლიანადაა ახსნილი რომაელთა მე-5 თავში)
ძირითადი თეზისების სიმოკლის გამო ხშირად დამატებითი კითხვები და საპირისპირო აზრები ჩნდება. მოდით ისინიც განვიხილოთ:
როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მილიარდობით სხვა ადამიანების გამოსყიდვა? თუმცა ქრისტემ ყველა გამოისყიდა, ფორმალურად მან ეს ადამის მეშვეობით გააკეთა, მან ფაქტიურად მხოლოდ ის გამოისყიდა. გამოსასყიდი ყველა დანარჩენზე ავტომატიურად გავრცელდა იმის გამო, რომ ისინი მისი შთამომავლები არიან (1 კორინთელთა 15:22). რადგანაც ჩვენ «ადამში ვკვდებით», გამოსყიდულნიც მხოლოდ «ადამში» შეიძლება ვიყოთ – ცოდვა და გამოსყიდვა ერთი და იგივე პრინციპით ვრცელდება, ადამიდან მის შთამომავლებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამის ჩათვლით ყველა ადამიანს აღადგენს (მათე 12:31, 32). გამოსყიდვა არ იძლევა აღდგომის გარანტიას, არამედ შესაძლებელს ხდის მას.
ადამიანების გამოსასყიდად, საჭირო იყო პირადად ღმერთის სიკვდილი. ამ არგუმენტის მომხრეები (ძირითადად ტრინიტარები) არასახარბიელო მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ჩვენ ბიბლიაში ვერსად ვერ ვკითხულობთ, რომ ღმერთი თვითონ მოკვდა ადამიანებისთვის, მაგრამ ბევრგან ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა საკუთარი ძე მისცა სასიკვდილოდ (იოანეს 3:16). გარდა ამისა, ეს ვერსია საშინელი არაპროპორციულობით გვაოცებს: ადამიანის გამოსასყიდად ღმერთის სიცოცხლე გაიცემა (ან ღმერთკაცის). ეს იგივეა «ოპელი» რომ «ლექსუსის» ფასად გავყიდოთ. ადამი არც ღმერთი იყო და არც ღმერთკაცი, ის იყო უბრალო ადამიანი, თუმცა უცოდველი. შესაბამისად, მის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საჭირო იყო სხვა ასეთივე ადამიანი, სრულიად მისი ეკვივალენტი. ტყუილად როდი უწოდებს ბიბლია ქრისტეს «უკანასკნელ ადამს» (1 კორინთელთა 15:45). გამოსასყიდის არაპროპორციულობა – ტრინიტარიზმის სერიოზული პრობლემაა, რომელშიც ადამიანის სიცოცხლის გამოსყიდვა რატომღაც ღმერთის სიცოცხლით ხდება. ეს ასევე წარმოადგენს იმის ერთერთ არაპირდაპირ მტკიცებულებას, რომ ქრისტე დედამიწაზე არ შეიძლება ღმერთი ან ღმერთკაცი ყოფილიყო, იმიტომ რომ მაშინ გამოსყიდვის აქტი სამართლიანი არ იქნებოდა.
უბრალოდ რატომ არ აპატია ღმერთმა ადამს, რა საჭირო იყო ასეთი რთული ოპერაცია ვიღაცის სიკვდილით? ამ არგუმენტის მომხრეები (ძირითადად ათეისტები) აქცენტს მიტევებასა და ღვთის სიყვარულზე აკეთებენ, მაგრამ ივიწყებენ სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ზნეობრივი ასპექტებისა და შედეგების შესახებ. ღმერთს რომ თავიდან ეთქვა ადამისათვის: «როგორც კი შეჭამ, მოკვდები» (დაბადება 2:17), ხოლო შემდეგ თავისი კანონის უგულებელყოფა მოეხდინა, ასეთი საქციელი ყველა დანარჩენ ქმნილებებს მაშინვე მისცემდა მოქმედებებში აბსოლუტურ თავისუფლებას. თუ ღმერთს შეუძლია გადაიფიქროს და ნებისმიერი თავისი კანონი უგულებელყოს, მაშინ რისთვისაა მათი დაცვა საჭირო? მაშინ ისინი, როგორც ჩანს, არც თუ ისე კარგები ყოფილან და გადაკეთებას საჭიროებენ. თვითონ ღმერთი კი, როგორც ჩანს, ვერ ფლობს აბსოლუტურ სიბრძნეს და არ წარმოადგენს სამართლიანობის ეტალონს, და თუ ესეა, მაშინ რა საჭიროა მისადმი თაყვანისცემა? ჩვენ უნდა გვახარებდეს ის, რომ ღმერთი თავის კანონებს თვითნებურად არ უგულებელყოფს, როგორც ამას ადამიანი აკეთებს, იმიტომ რომ მაშინ ის ვერ იქნება სრულყოფილი სამართლიანობის ეტალონი. ჩემი აზრით, თუ რელიგიაში სამართლიანობის ეტალონი არ არის, მაშინ ამ რელიგიას აზრი არ აქვს.
რატომ არ შეეძლო ღმერთს უბრალო ანგელოზის გამოგზავნა? ალბათ, შეეძლო, მაგრამ მსხვერპლად შეწირვა ქრისტეს ერთადერთი ამოცანა როდი იყო. მას ხალხისთვის უნდა ესწავლებინა და მოემზადებინა მოწაფეები, რომლებიც კეთილი ცნობის გადაცემას გააგრძელებდნენ (მათე 28:19, 20). ამის შემდეგ ის მეფე უნდა გამხდარიყო (ლუკა 1:33). მსხვერპლის შეწირვით, ის მღვდელმთავარი (ებრაელები 7:26, 27) და ადამიანებსა და ღმერთს შორის შუამავალი ხდებოდა (1 ტიმოთე 2:5). ყოველივე ეს პასუხისმგებლობასა და სიბრძნეს მოითხოვდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ ამოირჩია ღმერთმა ყველაზე ბრძენი არსება, თავის შემდეგ. შემდეგ, მას ადამიანები უნდა ჰყვარებოდა და თანაეგრძნო მათთვის; ვის შეეძლო ამის უკეთ გაკეთება, თუ არა მათი შექმნის თანამონაწილეს (კოლოსელთა 1:16)? და ბოლოს, აქ არის მნიშვნელოვანი ზნეობრივი ასპექტი: ღმერთმა აჩვენა, თუ რა ძლიერ უყვარს თავისი ქმნილება. მან რომელიმე რიგითი ანგელოზი კი არ მისცა სასიკვდილოდ, არამედ თავისი მხოლოდშობილი ძე, თავისი პირმშო. საქმეები სიტყვებზე მნიშვნელოვანია, და ღმერთმა თავისი სიყვარული ზუსტად საქმით აჩვენა. ზუსტად ეს აზრია ხაზგასმული იოანეს 3:16-ში, რომელსაც ასევე «მინიატურულ სახარებას» ეძახიან: «ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა…». აქცენტს თუ სიტყვა «ისე»-ზე (ან «ისე ძლიერ», სხვა თარგმანში) გავაკეთებთ, ჩვენ მაშინვე ვხედავთ გამოსყიდვის ზნეობრივ მხარეს – შემოქმედის, თავისი ქმინელებებისადმი, ყველაზე აღმატებულ სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც მან ყველაზე დამაჯერებელი საშუალებით დაამტკიცა.
რატომ მაშინვე არ დასაჯა ადამი და ევა და არ შექმნა ხელახლა ახალი ადამიანები? ეს არგუმენტი, ამის წინ მოყვანილი არგუმენტის საპირისპიროა. ღმერთს ალბათ შეეძლო ასე გაკეთება, მაგრამ რას შეცვლიდა ეს? მოდი ნუ დავივიწყებთ, რომ სატანამ ადამიანებს რაღაც საიდუმლო ცოდნის შეძენის დაპირებით მოატყუა, რომელსაც ღმერთთან უნდა გაეტოლებინა ისინი (დაბადება 3:5). ეს, თუმცა კი ცრუ, მაგრამ სერიოზული ბრალდება იყო, რომელიც პასუხს მოითხოვდა. ღმერთს რომ უბრალოდ ოპოზიციის ლიკვიდაცია მოეხდინა, ეს მხოლოდ გაუმყარებდა დანარჩენ ქმნილებებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ საიდუმლო ცოდნა მართლაც არსებობს და ახალი ადამი და ევა უფრო მოკლე დროში აღუდგებოდნენ ღმერთს. საჭირო იყო იმის დანახება, რომ არავითარი საიდუმლო ცოდნა არ არსებობს, რომ სატანა – მატყუარაა, ხოლო დაუმორჩილებლობას მართლაც სიკვდილამდე მიჰყავს და არა ღვთაებრიობამდე. ამისათვის საჭირო იყო დრო, მოთმინება და სიბრძნე. სატანისთვის უნდა მიცემულიყო დრო, მისი მხრიდან წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად, ადამიანებს უნდა გამოევლინათ მოთმინება, ხოლო ღმერთს სრულყოფილი სიბრძნე უნდა გამოევლინა საკითხის გადასაჭრელად. როგორც მოხდა კიდეც.
ქრისტეს მსხვერპლით ცოდვის გამოსყიდვა – მშვენიერი სწავლებაა. ის გვიჩვენებს, რომ ჩვენი შემოქმედი არასოდეს არ უხვევს თავისი სამართლიანი ნორმებიდან, მაგრამ შეუძლია სრულყოფილი სიბრძნის გამოვლენა, იმისათვის რომ ყველაზე რთული პრობლემაც კი მოაგვაროს. ამასთანავე მას ისე ძლიერ უყვარს თავისი ქმნილება, რომ მზადაა მისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღოს, იქიდან რაც გააჩნია. ეს სწავლება იეჰოვასა და კაცობრიობას ისეთი სიყვარულის კვანძებით აკავშირებს ერთმანეთთან, როგორითაც სხვა ვერცერთი სწავლება ვერ აკავშირებს მათ. ქრისტემდე ადამიანებმა არ იცოდნენ ღვთის მათდამი ასე დიდი სიყვარულის შესახებ და მანამდე არ ჰქონდათ ასეთი ურთიერთობა მასთან. ამ სწავლების ლოგიკა, გამართულობა, ფასეულობა და სილამაზე გვაოცებს. მხოლოდ გამოსყიდვა, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვა, ხსნის ადრეული ცხოველური მსხვერპლშეწირვების აზრს (ისინი წინასახეობას წარმოადგენდნენ), რაც არ არის ისლამში და იუდაიზმში. იქ მსხვერპლის აზრი გაუგებარია.
გამოსყიდვისა და გადარჩენის შესახებ სწავლებას ყველა ადამიანისთვის საუკეთესო ცნობა მოაქვთ. ღირს კი მისი იგნორირება? და ნუთუ არ ღირს მისთვის ცხოვრება?
წყარო: chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment