Friday, 10 July 2020

მითი წმინდა გადმოცემის შესახებ მართლმადიდებელ, (კათოლიკურ) ეკლესიაში





შინაარსი:

1. რა არის «წმინდა გადმოცემა»? 
2. «წმინდა გადმოცემის» შესახებ სწავლების ევოლუცია მართლმადიდებლობაში 
3. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა წმინდა წერილებში 
4. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა II - III საუკუნის ქრისტიანი მწერლების ნაშრომებში 
5. II - III საუკუნის ქრისტიანი ავტორები წმინდა წერილის განსაკუთრებული და უმაღლესი ავტორიტეტის შესახებ  

6.«წმინდა გადმოცემის» შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სპეკულატიური ხასიათი 
7. მაგალითები, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიის «წმინდა გადმოცემა» მოციქულთა გადმოცემას ეწინააღმდეგება 
8. დასკვნა


1. რა არის «წმინდა გადმოცემა»? 


«წმინდა გადმოცემის» კონცეფციის დახმარებით, მართლმადიდებელ ეკლესიაში იმ დოგმატურ სწავლებებს, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ამართლებენ, რომელთა შესახებაც არაფერია ნათქვამი წმინდა წერილში.  ძირითადი თეზისები:

1. წმინდა გადმოცემა - ესაა ღვთიური გამოცხადება.
2. წმინდა წერილი მხოლოდ წმინდა გადმოცემის ნაწილია და გადმოცემის გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელია.
3. წმინდა წერილი არასრულფასოვანია და ის ვერ იქნება ჭეშმარიტების კრიტერიუმი საეკლესიო ტრადიციის გარეშე.
 4. ბიბლია წაკითხული უნდა იქნეს ეკლესიის დოგმატური გადმოცემის შუქში. წმინდა წერილისადმი მიდგომის ერთი სწორი კრიტერიუმი არსებობს: ეკლესიის გადმოცემისადმი ერთგულება. ბიბლიური მუხლების მხოლოდ ის განმარტებებია ლეგიტიმური, რომლებიც საეკლესიო გადმოცემაზეა დაფუძნებული. გადმოცემის გარეშე წმინდა წერილის სწორად გაგება შეუძლებელია.



2. «წმინდა გადმოცემის» შესახებ სწავლების ევოლუცია მართლმადიდებლობაში 


პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ის არის, რომ თანამედროვე მართლმადიდებლობაში განსაზღვრული ცვლილება მოხდა «წმინდა გადმოცემის» შესახებ სწავლებებში.  თითქმის ХХ ასწლეულის შუა პერიოდამდე, გადმოცემა ისე განიხილებოდა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადების მეორე წყარო წმინდა წერილის გარდა, როგორც წმინდა წერილის დანამატი, რომელშიც ის სწავლებებია მოცემული, რომლებიც თავად წმინდა წერილებში არ არის ასახული.  დღეს-დღეობით კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები გადმოცემას წარმოადგენენ როგორც ქრისტიანული რწმენის გლობალურ და ერთადერთ წყაროს, რომელთან მიმართებაშიც წმინდა წერილი  «წმინდა გადმოცემის» მხოლოდ ერთერთ ნაწილად ცხადდება.

მცირე ისტორიული ექსკურსი -

მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი (ХIХ ს.), დღემდე ავტორიტეტულ ნაშრომში «მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საწყისები», «წმინდა გადმოცემის» შესახებ საუბრობს, როგორც ქრისტიანული რწმენის სხვა ღვთაებრივ წყაროზე, წმინდა წერილებთან ერთად:

«წმინდა წერილი, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა როგორც ნამდვილი რწმენისა და ღვთისმეტყველების პირველი და უმთავრესი წყარო, თავისი ხასიათის გამო გვაიძულებს გვსურდეს კიდევ სხვა, ისეთივე ღვთაებრივი, სახელმძღვანელო ასეთ მნიშვნელოვან საქმეში»  (მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საწყისები. განყოფილება II. წმინდა გადმოცემის შესახებ. § 128. ქრისტიანული რწმენის სხვა ღვთაებრივი წყაროს აუცილებლობა წმინდა წერილის პარალელურად, და გაგება წმინდა გადმოცემის შესახებ).

«არც თავიდან იყო მხოლოდ წმინდა წერილი  და დღესაც არ უნდა ვაღიარებდეთ მხოლოდ მას ქრისტიანული რწმენის წყაროდ, არამედ მასთან ერთად წმინდა გადმოცემასაც» (მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საწყისები. განყოფილება II. წმინდა გადმოცემის შესახებ. § 129. წმინდა გადმოცემა აღიარებული უნდა იქნას ქრისტიანული რწმენის წყაროდ).

ნიკოლოზ სერბის «აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში» - წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილი ღვთაებრივი გამოცხადების ორი ცალკეული წყაროა:
. რა არის წმინდა გადმოცემა?  ეს არის მთელი ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი წმინდა წინაპრებისაგან მივიღეთ, რომელიც სრულ თანხმობაშია წმინდა წერილთან და ბიბლიის სწორად გაგებაში გვეხმარება.  რომელი უფრო ძველია: წმინდა წერილი თუ წმინდა გადმოცემა? წმინდა გადმოცემა.» (ნიკოლოზ სერბი. აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო. თავი 1. მართლმადიდებლური რწმენის წარმოშობა და წყაროები)
გადმოცემისა და წმინდა წერილების ურთიერთქმედების მსგავსი შეხედულება, რომელსაც ბოლო დრომდე იყენებდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში, დაფუძნებული იყო IV საუკუნის იმპერიული ეკლესიის მამების სწავლებებზე, რომლებიც გადმოცემასა და წმინდა წერილებზე ისე ასწავლიდნენ, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების ორ წყაროზე, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ; გადმოცემა — წმინდა წერილების გარდა, მოციქულების სწავლებების გადაცემის მეორე საშუალებაა:

ეპიფანე კვიპრელი (გარდ.  403 წ.) -

«გადმოცემასაც უნდა მივყვეთ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის მხოლოდ წერილებიდან მიღება; უწმინდესმა მოციქულებმა ზოგი რამ წერილებით დატოვეს, ზოგი კი გადმოცემით» (Наеres, 60. 6.) 

ბასილი კესარიელი (დაახ. 330—379 წ.) -

«ეკლესიაში დაცული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან, ზოგი იმ სწავლებებში გვაქვს, რომელიც წერილებშია გადმოცემული, ზოგი კი, ჩვენამდე მოღწეული მოციქულთა გადმოცემიდან მივიღეთ საიდუმლოდ. თუმცა ერთსაც და მეორესაც ერთნაირი ძალა აქვს ღვთისმოსაობისთვის» (წმინდა სულის შესახებ, თავი 27.)  


იოანე ოქროპირი (დაახ. 347 — 407 წ.) -

«მოციქულებმა ყველაფერი წერილებით როდი გადმოგვცეს, მრავალი რამ წერილების გარეშეც; თუმცა ერთიც და მეორეც თანაბრად სარწმუნოა; ამიტომ ჩვენ სარწმუნოდ მივიჩნევთ გადმოცემასაც»  (Толк. на втор. посл. к Солун. беседа ІV, п. 2.)  

დასკვნა:

როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოცემის განმარტების ევოლუცია მოხდა. XX ასწლეულამდე გადმოცემა ითვლებოდა ღვთაებრივი გამოცხადების გადმოცემის მეორე საშუალებად წმინდა წერილების გვერდი-გვერდ, დღევანდელ დღეს კი გადმოცემას გვაწვდიან უკვე როგორც რწმენისა და გამოცდილების ერთადერთ წყაროს, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს წმინდა წერილებსაც. ადგილი აქვს არა «სუფთა ტექნიკურ შესწორებას», არამედ ღვთაებრივი გამოცხადების სწავლებაში ფუნდამნტალურ ცვლილებას, რის შედეგადაც წმინდა წერლები დამცირებული იქნა რწმენის სიმბოლოების, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებების, საღვთისმეტყველო ტექსტების, წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმსახურებაში ან ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში რეცეპტირებული აპოკრიფებისა და «ეკლესიის სულიერი გამოცდილების» დონეზე, რომლებიც ისევე, როგორც წმინდა წერილი, "წმინდა გადმოცემის" ნაწილად ცხადდებიან.  სახეზეა წმინდა წერილისა და გადმოცემის შესახებ საეკლესიო სწავლების ცვლილება, მისი ტრანსფორმაცია, როდესაც წმინდა წერილი, გადმოცემის პარალელურად, რწმენის წყაროდან, გადმოცემის ერთ-ერთ ნაწილად იქცა; სარწმუნოების ორი წყაროდან მხოლოდ ერთი იქნა დატოვებული — გადმოცემა. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით, კათოლიკურ ეკლესიაში დღემდე გადმოცემის იმ გაგებას უჭერენ მხარს, რომელიც ელესიის მამების მიერ 4-5 საუკუნეებში იქნა ჩამოყალიბებული:

3. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა წმინდა წერილებში   


სიტყვა παραδόσεις (პარადოსეის) — რომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ნათარგმნია როგორც «გადმოცემა», პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს: «გადაცემას, ხელში მიწოდებას; რაიმეს სწავლებას, გადაცემულ სწავლებას». (სტრონგის ნომერი: 3862).  როგორც ეს ამ სიტყვის მნიშვნელობიდან ჩანს, ის წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ტერმინს, რომელიც თავად მოქმედებაზე მიუთითებს, გადაცემის პროცესზე.  ახალ აღთქმაში სიტყვა პარადოსეის  13-ჯერ არის გამოყენებული და ცამეტივე შემთხვევაში გადასაცემ სწავლებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში ის ცრუ სწავლებებსა და ტრადიციებს ნიშნავს, რომლებიც წინა თაობის რელიგიური მასწავლებლებისაგან იქნა მიღებული (შეადარეთ მათე 15.2-3, მარკოზი 7.8,13, კოლოსელები 2.8, გალატელები 1.14).  სხვა შემთხვევებში კი - ქრისტიანული რწმენის სხვადასხვა ჭეშმარიტებებს რომლებსაც მოციქულები ქადაგებდნენ, ასევე მოციქულთა სწავლებებს როგორც ასეთი. კერძოდ კი:

1). 1 კორინთელები 11.2 - 

«ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით...» (სბს - სტოკჰოლმი 2001).  
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მუხლში სიტყვა παραδόσεις (პარადოსეის), ესაა არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში, და ამიტომ მისი სწორი თარგმანი იქნება არა «გადმოცემა», როგორც ეს საპატრიარქოს გამოცემაშია, არამედ «გადმოცემები» (ანუ «მოძღვრებები»), და შესაბამისად ის უბრალოდ ქრისტიანული რწმენის ცალკეულ ჭეშმარიტებებს ნიშნავს, რომელთა ერთგულად დაცვისთვისაც აქებს პავლე მოციქული კორინთოელ ქრისტიანებს.  უშუალოდ რომელი ჭეშმარიტებების (ან სწავლებების) გადაცემაზე საუბრობს პავლე მოციქული 1კორინთელების 11.2-ში? ისეთ რამეზე, რასაც წმინდა წერილებში ვერ ნახავ? არა. შემდეგ, ამავე წერილში, 15:1-4-ში, მოციქული პავლე თავადვე განმარტავს იმ ყოველივეს შინაარსს, რაც მან კორინთოელ ქრისტიანებს გადასცა:

«გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ. ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია» (სბს - სტოკჰოლმი 2001).  
სიტყვა, რომელიც მე-3 მუხლშია გამოყენებული, ესაა ზმნა παρέδωκα (პარედოკა), რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს - «რაღაცის გადაცემას». ეს ზუსტად იგივე სიტყვაა, რომელიც 1 კორინთელების 11.2-შია გამოყენებული.  ამიტომ პარადოსეის 1 კორინთელების 11.2-ში, ესაა სასიხარულო ცნობის სხვადასხვა ასპექტები წმინდა წერილებიდან იესო ქრისტეზე, მის სიკვდილსა და აღდგომაზე. (შეადარეთ საქმეები 26.22-23;  28.23.)


2) 2 თესალონიკელები 2.15 - 

«ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიეც გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).  
მოცემულ მუხლში ასევე გამოყენებულია სიტყვა პარადოსეის (მრავლობითი რიცხვი). ისევე როგორც 1 კორინთელების 11.2-ში, ის აქაც ნიშნავს რწმენის ცალკეულ ჭეშმარიტებებს. ის, რასაც პავლე სიტყვიერად ქადაგებდა, არაფრით არ განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც წერილობით ქადაგებდა.  ის, რის შესახებაც მოციქული პავლე თავისი წერილების მეშვეობით ასწავლიდა, მხოლოდ იმის შეხსენებას წარმოადგენდა, რაც მან მანამდე აუწყა მათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია ერთი და იგივე ღვთიურ ცნობაზე, რომელიც პავლემ ჯერ წიტყვიერად გადასცა, შემდეგ კი წერილობით. (შეადარეთ 1 კორინთელები 11.2 და 1 კორინთელები 15.1-4).


3) 2 თესალონიკელები 3.6 - 

«ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ». (საპატრიარქოს გამოცემა).  
2 თესალონიკელების 3.6-ში, გამოყენებულია უკვე არა პარადოსეის (მრავლობითი რიცხვი), არამედ პარადოსინ (მხოლობითი რიცხვი), რომელიც მოციქულის ცალკეულ დასწავლებას, ანუ დარიგებას აღნიშნავს, რომელიც იმ კონკრეტულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, რომელმაც თესალინიკეს კრებაში იჩინა თავი.

თესალონიკელი ქრისტიანების გარკვეული ნაწილი უწესოდ იქცეოდა;  წინა წერილში (1 თესალონიკელები 5:14) პავლე დანარჩენ თესალონიკელ ქრისტიანებს «ევედრებოდა» რომ «დაერიგებინათ უწესონი». მაგრამ როგორც ჩანს, მათ იგნორირება გაუკეთეს პავლეს სიტყვებს. და ამჯერად პავლე მათ მიმართ გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას აპირებდა. კერძოდ, მათგან განშორებას, ანუ მათთან ურთიერთობის გაწყვეტას. ამაში, შესაძლოა, მათთვის კრების ცხოვრებაში მონაწილეობის აკრძალვა იგულისხმებოდა (შეადარეთ 1 კორინთელები 5:11). ამ ყველაფერს მათთვის უნდა დაენახვებინა, რომ თავისი საქციელით მათ სულიერი ბზარი გააჩინეს საკუთარ თავებსა და კრების დანარჩენ წევრებს შორის. მათი ცოდვა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ არ სურდათ მუშაობა (2 თესალონიკელები 3:11), და იმედოვნებდნენ, რომ მათ მატერიალურ საჭიროებებზე სხვა და-ძმები იზრუნებდნენ (მუხლი 12). ასეთი საქციელი მოციქულთა სწავლების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა.


დასკვნა:

როგორც ვხედავთ, სიტყვა «გადმოცემას» არავითარი საკრალური აზრი არ გააჩნია და ის მხოლოდ თავად მოქმედებაზე მიუთითებს, რწმენის გარკვეული ჭეშმარიტებებისა (პარადოსეის) და მოციქულის ცალკეული სწავლების (პარადოსინ) გადაცემის პროცესზე παρεδωκα (პარედოკა), რომელიც კონკრეტული პრაქტიკული საკითხის გადაჭრას უკავშირდებოდა.

«რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით (პარედოკა)» (1კორინთელები 11.23. (საპატრიარქოს გამოცემა)). 
ამ გაგებით სიტყვა პარედოკა (გადმოგეცით) არაფრით არ განსხვავდება ზმნისაგან απαγγελλω - აპანგელლომენ (გაუწყებთ), რომელსაც მოციქული იოანე იყენებს, როდესაც ამბობს: «იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ» 1 იოანე 1:3, ან ზმნისაგან ελαλησαν - ელალესან ებრაელების 13.7-ში (გიქადაგებდნენ, გიყვებოდნენ).

მოციქული პავლეს პარადოსეის («გადმოცემები» მრ.რ. ) - ესაა არა ღვთაებრივი გამოცხადების მეორე წყარო წმინდა წერილის პარალელურად, ან ღვთაებრივი გამოცხადების გლობალური წყარო რომელიც საკუთარ თავში მოიცავს წმინდა წერილსაც, არამედ მხოლოდ იმ სწავლებების გადაცემა, რომლებიც წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული, წმინდა წერილებიდან მომდინარეობდა და მათ გაგრძელებას წარმოადგენდნენ (საქმეები 17.11; 26.22-23; საქმეები 28.23; 1კორინთელები 15.1-4).  პოლიკარპე სმირნელიც (II საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ქრისტიანი მქადაგებელი), იყენებს სიტყვა «გადმოცემას» ტერმინის სახით, რომელიც უბრალოდ გადაცემულ სწავლებას ნიშნავს:
«მივატოვოთ მრავალთა ამაო და ცრუ სწავლებები და დავუბრუნდეთ თავდაპირველად გადმოცემულ სიტყვას»  (წერილი ფილიპელთა მიმართ, თავი VII.) 



4. სიტყვა «გადმოცემის» მნიშვნელობა II - III საუკუნის ქრისტიანი მწერლების ნაშრომებში 

ირინეოს ლიონელის ნაწარმოებში «ხუთი წიგნი ერესების წინააღმდეგ» (შემორჩენილია მხოლოდ ლათინური თარგმანი) და ასევე ტერტულიანეს წიგნებში (რომელიც ლათინურად წერდა) - გადმოცემა განისაზღვრება ლათინური სიტყვით TRADITIO, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს: "გადაცემა, ხელში გადაცემა", ანუ მას ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ბერძნულ პარადოსეის. ორივე ავტორი TRADITIO-ს (გადმოცემის) შესახებ წერს გნოსტიციზმის წარმომადგენლებთან მწვავე პოლემიკის კონტექსტში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ მოციქულთა სიტყვიერ ტრადიციებს წმინდა წერილისგან დამოუკიდებლად, თავად წმინდა წერილი კი არასრულფასოვანს წარმოადგენს, საკუთარ თავში არ შეიცავს მოციქულთა სწავლებების სისრულეს და ამიტომ მისგან შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობა სიტყვიერი საიდუმლო ცნობის გარეშე, რომელიც გნოსტიკოსებს თითქოსდა თავად მოციქულებისაგან ჰქონდათ გადაცემული:

«როდესაც წმინდა წერილებით ამხელენ (გნოსტიკოსებს), ისინი თავად წმინდა წერილებს უწყებენ ბრალის დადებას, ვითომდა ისინი არასწორია, არ გააჩნიათ ავტორიტეტი, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და (ამბობენ), რომ წერილებიდან ჭეშმარიტებას ვერ მიიღებს ის, ვინც გადმოცემა არ იცის. რადგან (ამბობენ) ჭეშმარიტება გადმოცემულია არა წერილობით, არამედ ცოცხალი სიტყვითო»  (ირინეოს ლიონელი. ერესების წინააღმდეგ. წიგნი 3, თავი 2.1.)

«ასეთია მათი (სწავლებების) სისტემა, რომელთა შესახებ არც წინასწარმეტყველებს უთქვიათ რამე, არც უფალს უსწავლებია, არც მოციქულებს უქადაგიათ, მაგრამ რომლითაც ისინი თავს იწონებენ, თითქოს სხვებზე მეტად ფლობენ სრულყოფილ ცოდნას. ისინი საკუთარ შეხედულებებს წმინდა წერილებიდან კი არ იღებენ, არამედ სხვა წყაროებიდან.» (ირინეოს ლიონელი. ერესების წინააღმდეგ. წიგნი 1, თავი 8.1.)

მსგავსი გნოსტიკური მოსაზრებების უარყოფით, ირინეოსი და ტერტულიანე გადაჭრით აცხადებენ, რომ ეკლესიის მთელი ის სწავლება, რომელიც სიტვიერად იქადაგება, სინამდვილეში წმინდა წერილებიდან იღებს სათავეს და წმინდა წერილებით დასტურდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამოციქულო ტრადიცია, რომელზეც ირინეოსი და ტერტულიანე საუბრობენ - ზუსტად რომ თავად წმინდა წერილია. მაგალითად, ირინეოს ლიონელის თანახმად, თუმცა მოციქულები თავიდან სიტყვიერად ქადაგებდნენ, მოგვიანებით მათი სწავლებები მთლიანად მათ წერილებში იქნა დაფიქსირებული, რომლებიც, მას შემდეგ ეკლესიის რწმენის საფუძველი და საყრდენი გახდა:

«ჩვენი გადარჩენის შესახებ ვიღაც სხვისაგან კი არ გავიგეთ, არამედ მათი მეშვეობით, ვისი წყალობითაც მოაღწია ჩვენამდე სახარებამ, რომელსაც ისინი (მოციქულები) მაშინ (სიტყვიერად) ქადაგებდნენ, შემდეგ კი, ღვთის ნებით, წერილებში გადმოგვცეს, როგორც ჩვენი რწმენის მომავალი საფუძველი და საყრდენი.» (ირინეოს ლიონელი. ერესების წინააღმდეგ. წიგნი 3, თავი 1.1.)

ტერტულიანე კი წერს:

«რამდენად ბედნიერია ეს ეკლესია!..მასში კანონი და წინასწარმეტყველები სახარებასთან და მოციქულთა წერილებთანაა შერწყმული და იქიდან ხაპავს რწმენას» (პრესკრიპციის შესახებ. 36)

«რასაც წმინდა წერილი წარმოადგენს თავისი დასაწყისიდან, ჩვენც ის ვართ. ჩვენ მისგან გამოვედით»  (პრესკრიპციის შესახებ. 38)

«მე ქედს ვიხრი წმინდა წერილის სისავსის წინაშე»  (Цит. по: Ведерников А. Богословский сборник Альфа и Омега, - М., 1995. - Цит. № 10. – с. 63.)

TRADITIO (გადმოცემა), როგორც მოციქულთა სწავლებების სიტვიერი ქადაგება, აპოლოგეტების გაგებით - ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიბლიური ჭეშმარიტების სიტყიერად გადმოცემა ან მოძღვრებაში გამოხატული ბიბლიური ჭეშმარიტების კოდიფიკაცია. ირინეოსისა და ტერტულიანეს ნაშრომებში არ არსებობს TRADITIO-სადმი ისეთი მიმართვა, როგორც ერთგვარი სწავლებების კრებულისადმი, რომლებიც წმინდა წერილებში არ არის. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ - ირინეოსი და ტერტულიანე გადმოცემას არ განსაზღვრავენ, როგორც ქრისტიანული მოძღვრების მეორე წყაროს წმინდა წერილების პარალელურად, როგორც ჩვენ ამას 4-5 საუკუნის საიმპერიო ეკლესიის რიგ მამებთან ვხვდებით. მათთვის გადმოცემა - უბრალოდ მოციქულთა სწავლებებია, რომელიც წერილობით ან სიტყვიერად გადაიცემა. მაგრამ როგორც არ უნდა გადაიცემოდეს მოციქულთა სწავლებები, ისინი საკუთარ თავში არ შეიცავენ არაფერ ისეთს, რასაც წმინდა წერილი არ შეიცავს.  მაგალითად, ირინეოსი წერს:

«რა მოხდებოდა მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ წმინდა წერილები ჩვენთვის? განა გადმოცემის წყობას არ უნდა მივყოლოდით, რომელიც მათ გადაეცათ, ვისაც მათ ეკლესია ჩააბარეს? ამ წყობას მიჰყვებიან ბარბაროსთა მრავალი ტომები, რომლებსაც ქრისტე სწამთ, რომელთაც აქვთ გადარჩენა ქარტიებისა და მელნის გარეშე, წმინდა სულის მიერ მათ გულებში ჩაწერილით და ზედმიწევნით იცავენ უძველეს გადმოცემას»  

რომელი გადმოცემის შესახებ საუბრობს ირინეოსი? რომელიმე ისეთ სწავლებებზე, რომელთა პოვნაც წმინდა წერილებში შეუძლებელია? არა. შემდეგ ის აგრძელებს და უბრალოდ ასახელებს რწმენის სხვადასხვა ასპექტებს, რომლებიც საკუთრივ წარმოადგენენ სხვა არაფერს, თუ არა წმინდა წერილების ჯამურ გაგებას და არა ერთგვარ სწავლებებსა და ტრადიციებს, რომელთა შესახებაც წმინდა წერილებიდან არაფრის გაგება არ შეიძლება:

«სწამთ ერთი ღმერთის, ცის, დედამიწის და ყველაფრის შემოქმედის რაც მათშია, ღვთის ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც, თავისი ქმნილებებისადმი აღმატებული სიყვარულის გამო, მიწად ჩამოვიდა და ქალწულისაგან იშვა, თავის მეშვეობით დააკავშირა ადამიანი ღმერთთან, იტანჯა პილატე პონტოელის დროს, აღდგა, დიდებით იქნა აყვანილი (ცაში) და დიდებით მოვა, როგორც სახსნელთა მხსნელი და განსასჯელთა მსაჯული, და მარადიულ ცეცხლში გაგზავნის ჭეშმარიტების დამმახინჯებლებსა და მისი მამისა და მისი მოსვლის მოძულეებს. ასეთი სახით, მოციქულთა ასეთი უძველესი გადმოცემის შედეგად, ისინი საკუთარ გონებაში არც კი უშვებენ ერეტიკოსთა საშინელ სიტყვებს» ერესების წინააღმდეგ, წიგნი 3, თავი IV.2.


წმინდა წერილების ჭეშმარიტებების მსგავს კოდიფიცირებას ტერტულიანე «regula fidei»-ს (რწმენის წესს) უწოდებს. «რწმენის წესი» - არის არა წმინდა წერილების დანამატი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილების ძირითადი სწავლებების მოკლე გადმოცემა, რომელსაც ნათლობის დროს წარმოთქვავდნენ:

«რწმენის წესი კი, – რათა ეხლავე გამოვაცხადოთ ის, რასაც ვიცავთ, – ასეთია: მისი მეშვეობით მტკიცდება, რომ ღმერთი ერთია და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა სამყაროს შემოქმედისა, რომელმაც ყველაფერი არაფრისაგან შექმნა თავისი სიტყვის მეშვეობით, რომელიც ყოველივეზე უწინ წარმოიშვა. ეს სიტყვა, რომელსაც მისი ძე ეწოდა და რომელიც სხვადასხვაგვარად ეცხადებოდა პატრიარქებს ღვთის სახელით, ყოველთვის ისმოდა წინასწარმეტყველებში, მიწად ჩამოვიდა, საბოლოოდ, მამა-ღმერთის სულითა და მადლით ქალწულ მარიამში, ხორცად იქცა მის მუცელში და მისგან იშვა როგორც იესო ქრისტე. შემდეგ მან ახალი კანონი და ზეციური სამეფოს ახალი იმედი გამოაცხადა, ახდენდა სასწაულებს, გაკრული იქნა ჯვარზე, მესამე დღეს კი აღდგა. ზეცად ამაღლების შემდეგ, მამის მარჯვნივ დაჯდა, თავის ნაცვლად წმინდა სული გამოგზავნა, რათა გაძღოლოდა მორწმუნეებს. და მოვა ის დიდებით, რათა მართლებს მარადიული სიცოცხლის ნაყოფები და ზეციური ნეტარება აჩუქოს, უწმინდურები კი მარადიული ცეცხლისათვის გაასამართლოს, მკვდრეთით აღადგინოს ერთიც და მეორენიც და ხორცი დაუბრუნოს მათ. ეს წესი, რომელიც ქრისტემ დაადგინა (როგორც ნაჩვენები იქნება), ჩვენში არანაირ კითხვებს არ ბადებს» (პრესკრიფციის შესახებ. 13.)  

[შენიშვნა:

«regula fidei» ადრეულ ეკლესიაში - განვითარებული ნათლობის ფორმულა»  (თეოლოგიური ტერმინების ვესტმინსტერის ლექსიკონი)

«ტერტულიანესთვის regula fidei — ქრისტიანების რწმენაა, რომელიც შეუძლებელია დაივიწყო, ის დაფუძნებულია წმინდა წერილზე და შედარებით მოკლედ გამოხატულია ნათლობის სიმბოლოში, ანუ იმაში, რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც მოციქულთა რწმენის სიმბოლოს.» (მეცგერ ბრიუს მ. ახალი აღთქმის კანონი. 2. ტერტულიანე)]


კირილე იერუსალიმელი, IV საუკუნის იმპერიის ეკლესიის ერთერთი მამა, ასევე საუბრობს ეკლესიის სწავლებაზე, როგორც იმაზე, რაც წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა წმინდა წერილების ტრანსლიტერაციას:  

«რწმენა კი, როგორც სწავლებაში, ისე რჯულში, შეეცადე მხოლოდ ის გქონდეს და დაიცვა, რომელსაც ეკლესია გაუწყებს ეხლა და რომელიც მთელი წმინდა წერილითაა დამტკიცებული. რადგან ყველას როდი შეუძლია წმინდა წერილების წაკითხვა, თუმცა ზოგს უცოდინრობა, სხვებს კი სხვადასხვა საქმეები უშლის ხელს მათ გაგებაში, რათა უცოდინრობის გამო არ დავღუპოთ სულები, ჩვენ მცირე რაოდენობის აბზაცებში ვაქცევთ რწმენის მთელ სწავლებას, და სასურველია, რომ კითხვისას დაიმახსოვროთ ის და თქვენთვის მთელი მოწიწებით იმეოროთ.. ამჯერად ნამდვილი კითხვით ჩაიწერე გონებაში რწმენის ჭეშმარიტებები, თავის დროზე კი, თითოეულ მათგანზე მტკიცებულებები ღვთაებრივ წერილებში მოძებნე, რადგან რწმენის ჭეშმარიტებები ისე როდია შედგენილი, როგორც ხალხს სურს, არამედ უწესიერესი ადგილები, რომლებიც მთელი წმინდა წერილებიდან იქნა შეგროვებული, რწმენის სწავლებებს წარმოადგენენ. და როგორც მდოგვის თესლი იძლევა პატარა მარცვლიდან მრავალ ტოტს, ასევე რწმენის ეს ჭეშმარიტებებიც მოკლე სიტყვებში შეიცავენ მთელ იმ ღვთისმოსაობის სისავსეს, რომელიც ძველ და ახალ აღთქმებშია ჩაწერილი. მაშ ასე, ძმებო, დაიცავით გადმოცემა, რომელსაც ეხლა იღებთ და საკუთარ გულებზე დაიწერეთ ის.» (Поучения огласительные. 5.12.)

ყურადღება მიაქციეთ, მოყვანილ ნაწყვეტში, კირილე ამტკიცებს, რომ კატეხუმენებს გადმოცემა უნდა დაეცვათ. რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს გადმოცემა? ის წმინდა წერილებიდან მომდინარეობს. რას წარმოადგენს ის? ღვთისგან მომდინარე სწავლება ან გამოცხადება, რომელიც მოციქულებმა ეკლესიას გადასცეს და რომელიც ამჟამად მხოლოდ წმინდა წერილშია ხელმისაწვდომი. საგულისხმოა, რომ კირილე იერუსალიმელს, რომელიც რწმენის მთელ სისავსეს ახალმოქცეულთა ეკლესიას გადასცემდა, არცერთ მოწოდებაში არ მიუმართავს ზეპირი (სიტყვიერი) ტრადიციებისათვის, როგორც იმ წყაროსთვის, რომელიც მოციქულების ისეთ სწავლებებს შეიცავს, რომლებიც წმინდა წერილებში არ არის. მთელი რწმენა დაფუძნებულია მხოლოდ წმინდა წერილებზე.


აი რას ამბობს ადრეული ქრისტიანობის ზოგიერთი ცნობილი მკვლევარი წმინდა წერილის უზენაესი ავტორიტეტის შესახებ აპოლოგეტებსა და II-III საუკუნის ადრეულ ეკლესიაში:

ელლენ ფლესმარ-ვან ლეერი -

«ტერტულიანესთვის, წმინდა წერილი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას დოქტრინის უარსაყოფად ან დასადასტურებლად.. აზრი იმის შესახებ, რომ რომელიმე ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად შეიძლება გადმოცემულიყო – წარმოადგენს სუფთა წყლის გნოსტიკურ მოსაზრებას… ირინეოსს თუ ამა თუ იმ სწავლების ჭეშმარიტების დამტკიცება სურს, ის წმინდა წერილს მიმართავს» (Ellen Flessman-van Leer, Tradition and Scripture in the Early Church (Assen: Van Gorcum, 1953) pp. 184, 133, 144.)

ნ. დ. კელი -

«წმინდა წერილის პატივისცემის აშკარა ნიშანს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მამების თითქმის ყველა საღვთისმეტყველო ძალისხმევა, პოლემიკური იქნებოდა ის თუ კონსტრუქციული მიზნები, ბიბლიის განმარტებით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, ყველგან თავისთავად ცხადად მიიჩნეოდა, რომ იმისათვის, რათა ნებისმიერ სწავლებას აღიარება მოეპოვებინა, მას ჯერ საკუთარი ბიბლიური საფუძველი უნდა დაემტკიცებინა»  (J. N. D. Kelly, Early Christian Doctrines (San Francisco: Harper & Row, 1978), pp. 42, 46.)

5. II - III საუკუნის ქრისტიანი ავტორები წმინდა წერილის განსაკუთრებული და უმაღლესი ავტორიტეტის შესახებ  


იუსტინე წამებული (II საუკუნე) -

«ფსალმუნის სიტყვები აშკარად ქადაგებენ მარადიულ მეფეზე, ანუ ქრისტეზე; რადგან ქრისტეს ეწოდება მეფე, მღვდელი, ღმერთი, უფალი, ანგელოზი და ადამიანი, ლაშქართა თავკაცი, ქვაკუთხედი, დაბადებულთაგან პირველი, ჯერ ტანჯვის დამთმენი, შემდეგ კი ზეცად ამაღლებული და კვლავ დიდებით მომავალი, და ბოლოს, ის ვისაც მარადიული მეფობა ექნება, როგორც გიმტკიცებთ კიდეც თქვენ ყველას მთელი წმინდა წერილებიდან»  (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.34.)

«მაგრამ როდესაც მათ წმინდა წერილების ადგილებს ვუპირისპირებთ, რომლებიც ზემოთ მოვიყვანე და რომლებიც ნათლად წარმოგვიდგენენ ქრისტეს..მაშინ ისინი იძულებულნი ხდებიან დაგვეთანხმონ, რომ ეს ქრისტეზეა ნათქვამი» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.68.)

«ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენთან წმინდა წერილების თანახმად ვისაუბროთ.»  (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.82.)

«და რადგანაც მისი მოციქულების წერილებში წერია, რომ ის (იესო) ღვთის ძეა, ამიტომ ჩვენც ძეს ვუწოდებთ მას და ვიცით, რომ ის ყველა ქმნილებაზე უწინარეს არსებობს და მამისაგან წარმოიშვა მისი ძალითა და ნებით» (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.100.)


[ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს იუსტინეს ნაწარმოებში «დიალოგი ტრიფონ იუდეველთან». თუ წმინდა წერილი საკმარისი არ არის, მაშინ კითხვა წამოიჭრება: რატომ არ არსებობდა ძველი აღთქმის ეპოქაში რაიმე სხვა წყარო გარდა წმინდა წერილისა, რომელსაც მესიანური წინასწარმეტყველებების შესახებ საკუთარ დავებში მიმართავდნენ იუსტინე წამებული და ტრიფონი? იუსტინემ, ისევე როგორც ტრიფონმა, არაფერი მსგავსის შესახებ არ იციან, მათი საუბარი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილების ჩარჩოში მიმდინარეობს. ასევე იუსტინე ვერავითარ ცოდნას ვერ პოულობს წმინდა წერილების გარდა «მეორე წყაროს» შესახებ ახალი აღთქმის ეპოქაში. როდესაც ის იესო ქრისტეს სწავლებებს ეხება, ის სახარებიდან და მოციქულთა წერილებიდან აკეთებს ციტირებას.]


კვიპრიანე კართაგენელი (III საუკუნე) -

«საიდან მოვიდა ეს ტრადიცია? უფლის ძალაუფლებიდან და სახარებიდან მომდინარეობს ის თუ მოციქულების მცნებებიდან და წერილებიდან? რადგან ის, რაც იქ წერია, უნდა შესრულდეს..ამიტომ, თუ სახარებაში ან მოციქულთა წერილებში ან საქმეებში წერია..დაე დაცული იქნეს ეს ღვთაებრივი და წმინდა ტრადიცია»  (წერილი პომპეუსისადმი. ინგლ. გამოც.73. )


დიონისე ალექსანდრიელი (III საუკუნე) -

«და მე ვხარობდი ძმების სიმტკიცის, გულწრფელობისა და გონიერების გამო, როდესაც თანმიმდევრობითა და ზომიერებით განვიხილავდით რთულ საკითხებს... კეთილსინდისიერად და გულწრფელად, ღვთის წინაშე გახსნილი გულებით ვიღებდით ყველაფერს, რაც წმინდა წერილის მტკიცებულებებითა და სწავლებებით იყო დადგენილი.»  (ციტირებულია ევსები კესარიელის მიხედვით, საეკლესიო ისტორია. წიგნი 7.24.8. ინგლ. გამოც.)


ტერტულიანე (III საუკუნე) -

«მე ქედს ვიხრი წმინდა წერილის სისავსის წინაშე»  ციტირებულია: ა. ვედერნიკოვი საღვთისმეტყველო კრებული ალფა და ომეგა, - М., 1995. - ციტ. № 10. – გვ. 63.

«რა ბედნიერია ეს ეკლესია!..ის ერთმანეთს უთავსებს კანონსა და წინასწარმეტყველებს სახარებასა და მოციქულთა წერილებს, საიდანაც ხაპავს რწმენას» პრესკრიპციის შესახებ. 36  


იპოლიტე რომაელი (III საუკუნე) -

«ერთია ღმერთი, რომელსაც სხვაგვარად ვერ შევიცნობთ, ძმებო, თუ არა წმინდა წერილიდან. ზუსტად ისე, როგორც ამ დროის სიბრძნის შესწავლის მსურველს არ შეუძლია საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება, თუ არა მხოლოდ ფილოსოფიური სწავლებების (δόγμασιи) წაკითხვის გზით, ასევე ჩვენც მათ შორის, თუ ღვთის შიშში გვინდა განმტკიცება, სხვაგვარად ამას ვერ შევძლებთ, თუ არა ღვთის სიტყვების (τώи λογίωи Фεοΰ) საფუძველზე. ასე რომ, ყოველივე იმას შევიმეცნებთ, რასაც ღვთაებრივი წერილები გადმოგვცემენ..როგორც თავად ღმერთმა ისურვა წმინდა წერილებით დასწავლა, ჩვენც ასევე შევიცნობთ (მას).»  (ვინმე ნოეტის ერესის წინააღმდეგ. 9.)


თეოფილე ანტიოქიელი (II საუკუნე) -

«შემდგომ, შენ გჭირდება ღვთაებრივი საქმეების, ანუ წინასწარმეტყველთა წერილების სიყვარულით გამოკვლევა, რათა იმის შედარებით, რასაც ჩვენ ვამბობთ, სხვების სიტყვებთან შედარებით შეძლო ჭეშმარიტების პოვნა»  (ავტოლიკესადმი. წიგნი 2,34.)  

ორიგენე (III საუკუნე) -

«მაგრამ როგორც საუბარი დავიწყეთ, წმინდა წერილების გაგებისა და მათი აზრის ძიების სწორ გზას ის გზა წარმოადგენს, რომელზეც თავად წმინდა წერილი მიგვითითებს, რომელიც გვასწავლის, თუ უშუალოდ როგორ უნდა ვფიქრობდეთ მასზე.» (საწყისებზე. წიგნი 4. თავი 2.11.)


 «არცერთი ადამიანი არ უნდა იყენებდეს სწავლებების დასამტკიცებლად იმ წიგნებს, რომლებიც წმინდა წერილების მიერ არაა კანონიზირებული» (Tract. 26 in Matt.)


ათანასე ალექსანდრიელი (IV საუკუნე) -

წმინდა წერილები, რომლებიც ღვთის შთაგონებით იქნა მოცემული, თავისთავად საკმარისია ჭეშმარიტებების საპოვნელად. (Orat. adv. Gent., ad cap.)

«ღვთაებრივი წერილები ყველაფერზე აღმატებულია;..შეუძლებელია მათ ქრისტეს რელიგიაზე არ შეახსენოს, რომლის შესახებაც ღვთაებრივ წერილებშია საუბარი» (Athanasius, De Synodis, 6).


ამბროსი მედილიანელი (IV საუკუნე) -

«რადგან როგორ შეგვიძლია იმის მიღება, რაც წმინდა წერილებში არ წერია?»  (On the Duties of the Clergy, 1:23:102)


კირილე იერუსალიმელი (IV საუკუნე) -

«რწმენის ღვთაებრივი და წმინდა საიდუმლოებებიდან უმცირესიც კი არ უნდა იქნეს გადაცემული ღვთაებრივი წერილების გარეშე. არ დამიჯეროთ, თუ წმინდა წერილიდან არ მიიღებთ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რასაც გეუბნებით. ჩვენი რწმენის დაცულობა და უსაფრთხოება საზრდოობს არა ლამაზი საუბრებით, არამედ წმინდა წერილებიდან მოყვანილი მტკიცებულებებით» (A Library of the Fathers of the Holy Catholic Church (Oxford: Parker, 1845), "The Catechetical Lectures of S. Cyril" Lecture 4.17.)


თეოდორიტე კიროსელი (IV საუკუნე) -

«მე მხოლოდ წმინდა წერილებს უნდა ვუთმობდე.»  (დიალოგები, 1.)


დასკვნა:

II-III საუკუნის ქრისტიანული მწერლებისთვის, ძველი აღთქმისა და მოციქულების წიგნები - ერთი ღვთივშთაგონებული წერილია. - რომელიმე რწმენის საკითხის დასადასტურებლად წმინდა წერილებიდან მტკიცებულებების მოყვანაა აუცილებელი. - წმინდა წერილის ღვთივშთაგონებულობას მასში არსებული ჭეშმარიტება ამტკიცებს.  - წმინდა წერილის ავტორიტეტი თავად წმინდა წერილზეა დამყარებული.  - წმინდა წერილის სწორად გაგების გასაღები თავად წმინდა წერილშია მოცემული.

ირინეოსი, იუსტინე, ტერტულიანე, ორიგენე, კლიმენტ ალექსანდრიელი (ისევე როგორც II-III საუკუნის ყველა დანარჩენი ქრისტიანული მწერლები), მხოლოდ წმინდა წერილზე მიუთითებენ საკუთარი შეხედულებების ლეგიტიმაციის დასადასტურებლად. მათთვის წმინდა წერილი - ესაა სარწმუნოებრივი ცოდნის წყარო, უკანასკნელი «მოსამართლე» დოქტრინალურ დავებში, კრიტერიუმი, რომლითაც მოწმდება სწავლება და მოქმედება, ღვთის ერთადერთი სიტყვა. რწმენის საკითხებში, ძველი აღთქმისა და მოციქულთა წერილების უცილობელ ავტორიტეტზე საუბრისას, აპოლოგეტები ამავდროულად არ მოიხსენიებენ არცერთ სხვა წყაროს, რომელსაც ასეთივე ავტორიტეტულობაზე ექნებოდა პრეტენზია. ერთადერთი ავტორიტეტი რომლითაც ისინი აპელირებენ, ესაა წმინდა წერილის ძალა. მათ ნაშრომებში ვერ შეხვდებით ამის მსგავს ფრაზებს:

«ეს სწავლება ჭეშმარიტია, იმიტომ რომ ასე ამბობს მოციქულთა გადმოცემა, რომელიც მათ კი არ დაწერეს, არამედ სიტყვიერად გადმოგვცეს საიდუმლოდ..» 


6.  «წმინდა გადმოცემის» შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სპეკულატიური ხასიათი


1. «წმინდა გადმოცემა» წარმოადგენს განუსაზღვრელ გაგებას, რომელსაც ახასიათებს განსაზღვრების ბუნდოვნება და აშკარა საზღვრების არარსებობა. როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში ამტკიცებენ, «წმინდა გადმოცემა» მოცემულია სხვადასხვა რწმენის სიმბოლოებში, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებში, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ ტექსტებში, ეკლესიის მამებისა და მოძღვრების ნაშრომებში, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ აპოკრიფებსა თუ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში (წმინდანთა ცხოვრება), ეკლესიის სულიერ გამოცდილებაში. ასევე ის არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე ეპოქით, რომელიც წარსულში დარჩა, არამედ გამუდმებით ვითარდება და ახალ და ახალ  ფორმებში გამოვლინდება.

გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს გადმოცემას მიაკუთვნებენ, მართლმადიდებლობის წარმომადგენლები მაშინვე ჩასწორებას აკეთებენ - ამ ყველაფერში, თურმე, კიდევ აუცილებელი ყოფილა გამოირჩეს უშუალოდ «წმინდა გადმოცემა» იმისაგან, რაც სინამდვილეში ასეთს არ წარმოადგენს, და ასევე განისაზღვროს, თუ რას ჰქონდა დროებითი ხასიათი და მხოლოდ განსაზღვრული ეპოქით შემოიფარგლა და რა დარჩა ყველა დროისათვის აქტუალურად.  (იხ. მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევის სტატია - წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა: მართლმადიდებლური შეხედულება (რუს)).  გადმოცემის ამგვარი ფართო და მრავალდონიანი განსაზღვრებისას, უბრალოდ შეუძლებელი ხდება მისი საზღვრების დადგენა. შეუძლებელია მიხვიდე საეკლესიო ბიბლიოთეკაში და «წმინდა გადმოცემა» ითხოვო.
2. იმის ჩამონათვალი, რის «წმინდა გადმოცემად» მიჩნევასაც გვთავაზობენ, თავისთავად ხელოვნურს წარმოადგენს. ვინ, როდის და რატომ გადაწყვიტა (გარდა გვიანდელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისა), რომ «წმინდა გადმოცემა» საკუთარ თავში მოიცავს წმინდა წერილს, რწმენის სიმბოლოებს, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, ეკლესიის მამებისა და მოძღვრების ნაშრომებს, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ ტექსტებს, აპოკრიფებს, ეკლესიის სულიერ გამოცდილებას და ა.შ.? თუ 4-5 საუკუნის ეკლესიის მამებს მივმართავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ თუმცა ისინი უწოდებენ გადმოცემას მოციქულთა სწავლებების მეორე წყაროს წმინდა წერილის პარალელურად, მაგრამ მათგან არცერთი, გარდა ბასილი კესარიელისა, არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ეს გადმოცემა.  მაგალითად, თავის წიგნში სულიწმინდის შესახებ (თავი 27) ბასილი მოციქულთა გადმოცემას მიაკუთვნებს პირჯვრის გადაწერას, ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ შებრუნებას, წყლისა და ზეთის კურთხევას, ნათლობისას სამგზის ჩაძირვას, ზოგიერთ "სხვა საიდუმლოებებს" და ასევე სწავლებას სამების შესახებ. იოანე დამასკელი მე-8 საუკუნეში, გადმოცემას მიაკუთვნებდა ინფორმაციას იესო ქრისტეს ჯვარცმისა და დაკრძალვის ადგილმდებარეობების შესახებ, ნათლობისას სამგზის ჩაძირვას, ჯვრის თაყვანისცემას, ლოცვისას სახით აღმოსავლეთისაკენ დგომასა და ხატების თაყვანისცემას. (მეორე დაცვითი სიტყვა წმინდა ხატების შემბღალველთა წინააღმდეგ. XVI.)  გარდა იმისა, რომ ეკლესიის ორივე მოღვაწეს ყოველივე იმის სია, რაც «გადმოცემად» უნდა ჩაითვალოს, ერთმანეთს არ ემთხვევა, ისინი ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, გადმოცემის ნაწილად არ მოიხსენიებენ რწმენის სიმბოლოებს, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს, მამების ნაშრომებს, ლიტურგიულ ტექსტებს, აპოკრიფებს, ეკლესიის სულიერ გამოცდილებას, წმინდანთა ცხოვრებას და წმინდა წერილებს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თავად მართლმადიდებლობაში არასოდეს არ არსებობდა გადმოცემის შესახებ ერთიანი სწავლება. ყველაფერი, რაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ესაა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელიც პატრისტიკულ ლიტერატურაში და სხვადასხვა ტენდენციურ კომპილატიურ სასწავლო სახელმძღვანელოშია მიმოფანტული, რომლებსაც ზურგს არ უმაგრებს ავტორიტეტული საეკლესიო კრებების დადგენილებები. ოფიციალურ დონეზე, მართლმადიდებლობაში არავის და არასოდეს დაუდგენია გადმოცემის საზღვრები და შინაარსი. ამიტომ იმის ნებისმიერი შემოთავაზებული სია, თუ რა უნდა ჩაითვალოს გადმოცემად, მხოლოდ ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების პირად მოსაზრებებს წარმოდგენენ.


3. «წმინდა გადმოცემას» არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. კერძოდ, მსოფლიო საეკლესიო კრებები არასოდეს დაკავებულან გადმოცემის საფუძვლიანობის პრობლემებით. მისი მონაწილეები გადმოცემას ისე აღიქვავდნენ, როგორც ადრეული წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებულ რამეს, რომელიც თავისთავად წარმოდგენდა მტკიცებულებათა საფუძველს დოგმატურ დავებში. გადმოცემა ყოველთვის განიხილებოდა როგორც მოციქულთა ავტორიტეტის შუქში, ასევე «წმინდა მამებისა და მსოფლიო კრებების» ავტორიტეტის შუქში, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნით ჩამორჩნენ მოციქულთა ეპოქას. თუმცა როდესაც ამა თუ იმ დოგმატებსა თუ ეკლესიისაგან დადგენილ პრაქტიკებს «მოციქულთა გადმოცემის» რანგში ათავსებდნენ, ამავდროულად არავინ ცდილობდა მათი სამოციქულო წარმომავლობის დამტკიცებას.  როდესაც განსაზღვრულ ტრადიციებსა და სწავლებებს ისე ასაღებენ, როგორც მოციქულთაგან მიღებულს, რომლებიც თითქოსდა თავის უახლოეს მემკვიდრეებს გადასცეს - მართლმადიდებლობის წარმომადგენლებს არანაირად არ ძალუძთ მსგავსი გადაცემის ფაქტების დამტკიცება. ვინ, როგორ და უშუალოდ რომელი საშუალებებითა და მეთოდებით შეძლო ამ ზეპირი დარიგებების შენახვა? შეინახა კი საერთოდ? და საერთოდ, მიიჩნევდა კი თავის აუცილებელ მიზნად ამგვარ შენახვას და შემდგომ გადაცემას? ხოლო თუ შეინახა და გადასცა, მაშინ კონკრეტულად რა და ვის? არსებული მასალების დახმარებით ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლებელია.

იმას არავინ უარყოფს, რომ მოციქულები სიტყვიერ დარიგებებს აძლევდნენ უახლოეს მემკვიდრეებს, თუმცა იმის არავითარი ისტორიული მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მოციქულები სიტყვიერად უშუალოდ იმ მნიშვნელოვან სწავლებებსა და პრაქტიკებს გადასცემდნენ, რომლებიც თავის წერილებში არ ჩაუწერიათ. ამიტომ ყოველგვარი განხილვები რომელიღაცა «უძველესი» «მოციქულთა ზეპირი გადმოცემის» «შენახვისა» და «გადაცემის» შესახებ, ზედმეტად სპეკულატიურ და მონაგონ ხასიათს ატარებს და ვარდება სამეცნიერო ისტორიული კვლევის სფეროდან. მაგალითად, ყველა ისტორიას «ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების» შესახებ, რომლებსაც მარიამისადმი მართლმადიდებლური და კათოლიკური  თაყვანისცემა ეყრდნობა, წყაროდ უშუალოდ აპოკრიფული სახარებები და თქმულებები აქვთ, რომლებიც ღვთისმშობლის კულტის თაყვანისმცელებმა შექმნეს V საუკუნის შემდეგ. ესენია -

«ფსევდო-იოანე ღვთისმეტყველის თქმულება ღვთისმშობლის მიძინების შესახებ» (V—VI საუკუნე).  «ფსევდო-მელიტონ სარდიელის ქალწული მარიამის გამოსვლის შესახებ» (V—VI საუკუნე).  «ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულება». (V—VI საუკუნე).  «იოსებ დურგლის წიგნი» (V საუკუნე).  «ბავშვობის არაბული სახარება». (V—VI საუკუნე).  IX საუკუნის აპოკრიფი «ფსევდო-მათეს სახარება»

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აპოკრიფი (გარდა იაკობის «სახარებისა», II-III საუკუნე) საკმაოდ გვიანდელია (V—IX საუკუნეები), და საკუთარი შინაარსით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათში მოცემული ისტორიები შეუძლებელია დადასტურდეს არა თუ ბიბლიით, არამედ პირველი ხუთ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი მწერლებითაც კი. გაუგებარია, რა სახით შეიძლება მოცემულ აპოკრიფებსა და მათში მოცემულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ისტორიებს,  კავშირი ჰქონდეს მოციქულთა გადმოცემასთან? ამგვარად, «წმინდა გადმოცემის» მტკიცებულებები მართლმადიდებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის ავტორიტეტზეა დაშენებული. ვარაუდობენ, რომ როდესაც ეკლესიის უცოდველობასა და სიწმინდეს იწამებს, მორწმუნე უკვე ავტომატურად იწამებს ყველა მის სწავლებასა და ტრადიციებს «მოციქულთა გადმოცემის» სახით.

4. მართლმადიდებლურ სწავლებას «წმინდა გადმოცემის» შესახებ ადრეული საუკუნეების ქრისტიანები არ იცნობდნენ. ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში, მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებები მოიცავდა არა იმას, თუ რა დაემატებინათ წმინდა წერილისათვის, არამედ მასში ჩაწერილის გაცილებით ნათლად გაგებას. რწმენის პირველი სიმბოლოები წარმოადგენდნენ არც მეტს არც ნაკლებს, ვიდრე წმინდა წერილების ტექსტების ჯამურ მნიშვნელობებს, რომლებიც ობიექტურად ნათელი იყო თითოეული ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანისათვის. ყველაფერი, რასაც პირველი საუკუნეების სხვადასხვა საეკლესიო კრებებზე ადგენდნენ, წმინდა წერილებიდან გამომდინარეობდა და არა რომელიმე საიდუმლო, თაობიდან თაობაში ზეპირად გადაცემული ცოდნიდან, რომელიც წმინდა წერილში არ არის დაფიქსირებული.

ამის მაგალითს წარმოადგენს ადრეული, რომის ნათლობის რწმენის სიმბოლო, რომელიც II-III საუკუნეებით თარიღდება:

«მწამს მამა ღმერთის, ყოვლისმპყრობელის; და იესო ქრისტესი, მისი მხოლოდშობილი ძის, ჩვენი უფლის, შობილის წმინდა სულისა და ქალწული მარიამისაგან, ჯვარცმულისა პილატე პონტოელის დროს და დამარხულისა, მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარისა, ზეცად ამაღლებულისა, მამის მარჯვნივ მჯდომისა, საიდანაც გაასამართლებს ცოცხლებსა და მკვდრებს; და წმინდა სულისა, წმინდა ეკლესიისა, ცოდვების დატოვებისა, ხორციელი აღდგომისა»

არცერთი ადრექრისტიანული ავტორი, არასოდეს არ აყენებდა საკუთარ თავსა და საკუთარ ნაშრომებს, ერთ დონეზე წმინდა წერილთან და არ ამტკიცებდა, რომ მოციქულთა იმ სწავლებებს გადმოსცემდა, რომელიც წმინდა წერილებში არ არის.

5. «წმინდა გადმოცემა» წარმოადგენს არავერიფიცირებულ გაგებას. მას არ გააჩნია გადამოწმების ნათელი და ობიექტური კრიტერიუმები.
სხვადასხვა მართლმადიდებლური დოგმატური სახელმძღვანელოების თანახმად, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია იცოდეს, თუ რა წარმოადგენს «წმინდა გადმოცემას». (იხ. ოლეგ დავიდენკოვი, დოგმატური ღვთისმეტყველება, თავი 1. წმინდა გადმოცემა მართლმადიდებლურ მრწამსში,1.3. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტის "ვრცელი კატეხიზმო" , 18. და სხვა.) რადგან თავად ეკლესია ქმნის გადმოცემას, თავადვე განსაზღვრავს მის შინაარსსა და საზღვრებს - ამის გამო ჩაკეტილი (მანკიერი) წრე იქმნება:

«ჩვენი ეკლესია გამონაცადია, იმიტომ რომ ასე ამბობს ჩვენი გადმოცემა, ჩვენი გადმოცემა კი ჭეშმარიტია, იმიტომ რომ ასე ამბობს ჩვენი ეკლესია».

ასევე ეკლესია არა მხოლოდ თავად ქმნის თავის «წმინდა გადმოცემას» და თავად განსაზღვრავს მის შინაარსს, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში მის კორექტირებასაც ახდენს. ის, რაც წინათ მართლმადიდებლობაში «გადმოცემად» ითვლებოდა, დღეს შეიძლება ასეთად აღარ მიიჩნეოდეს. ამის მაგალითს წარმოადგენს «მეექვსე მსოფლიო კრების» მე-11 წესი, რომელიც ეკლესიიდან განდევნის შიშით კრძალავს ებრაელებისაგან საკვების მიღებას, მათთან დამეგობრებას, მათგან სამედიცინო დახმარების მიღებასა და ერთ აბანოში მათთან ერთად დაბანას. ჩვენს დღეებში მართლმადიდებლობის წარმომადგენლები უკვე აღარ მიჰყვებიან ამ წესს.

6. რამდენადაც «წმინდა გადმოცემა» ხელოვნურად შექმნილ გაგებას წარმოადგენს, ბუნებრივია, რომ სხვადასხვაგვარად ხდება მისი ინტერპრეტაცია. საქმე იმაში გახლავთ, რომ «წმინდა გადმოცემა», არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რაზეც პრეტენზია მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს. «წმინდა გადმოცემის» კონცეფციას ასევე იყენებს კათოლიკური ეკლესია, ანგლიკანური ეკლესია, აღმოსავლეთის ასურული ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და სხვა ეგრეთ წოდებული ადრეაღმოსავლური ეკლესიები.  ყველა ზემოთჩამოთვლილმა კონფესიებმა მოცემული გაგება 4-5 საუკუნის ეკლესიის მამებისაგან შეითვისეს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველა ერთად შეადგენდნენ რომის იმპერიის ერთ სახელმწიფო ეკლესიას.

დღეს თითოეულ მათგანს «წმინდა გადმოცემის» საკუთარი ვარიანტები აქვთ. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად უარყოფს კათოლიკურ ეკლესიას ზუსტად იმ «სამოციქულო ტრადიციის» საფუძველზე, რომელსაც თავად კათოლიკური ეკლესიაც იყენებს.  კათოლიციზმის ისეთი ოფიციალური დოქტრინები, როგორიცაა განსაწმენდელი, სწავლება პაპობის შესახებ, ფილიო-კვე და სხვა - უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც სამოციქულო ტრადიციასთან დაპირისპირებაში მყოფი. კათოლიკური ეკლესია კი პირიქით ამტკიცებს, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტ სამოციქულო ტრადიციას წარმოადგენს, რომელიც მართლმადიდებლობაში ბოლომდე არ ესმით. ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში უარყოფილია კათოლიკური ეკლესიის ძირითადი სულიერი პრაქტიკები, რადგან მართლმადიდებლობაში მიიჩნევა, რომ ისინი სრულ დაპირისპირებაში მოდიან სამოციქულო ტრადიციასთან. მაგალითად ფრანცისკე ასიზელის სულიერი ცდები, იგნატიუს ლოიოლას სულიერი ვარჯიშები, როზარიუსის განმჭვრეტი ლოცვები, წმ. ფაუსტინეს ლოცვები ღვთის მოწყალებისადმი, ტერეზა იესოს ჩვილის სულიერი ცდები, წმ. აგნესა და ტერეზა ავილიელის სულიერ-ეროტიული განცდები და სხვა. (იხ. დიაკვანი ანდრეი კურაევის წიგნი "ეკუმენიზმის გამოწვევა" М., 1997. თავი. ПРАВОСЛАВИЕ И КАТОЛИЧЕСТВО В ОПЫТЕ МОЛИТВЫ) თუმცა კათოლიკური ეკლესია პირიქით დარწმუნებულია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სულიერი პრაქტიკები ზუსტადაც რომ «სამოციქულო ტრადიციიდან» მომდინარეობს, რომელიც ისევ და ისევ, მართლმადიდებელ ეკლესიაში არასწორად ესმით.

სრულიად გაუგებარია, რის საფუძველზე შეძლებდნენ მართლმადიდებლები კათოლიკე ღვთისმეტყველებზე «გამარჯვებას», გადმოცემისა და მემკვიდრეობის შესახებ დავაში, რომლებიც არგუმენტაციის იმავე სისტემას იყენებენ. რადგან კათოლიკური ეკლესიაც ხომ იგივეს აკეთებს და იმავე საფუძვლებს ეყრდნობა თავის სწავლებებთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია.  გარდა ამისა, ყველა ეგრეთ წოდებულ «ისტორიულ» ეკლესიას, თავისი ოპოზიციური ეკლესია ჰყავს, რომელიც მას გადმოცემის დამახინჯებაში სდებს ბრალს. მაგალითად, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, გარდა რმე-ისა (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია), როგორც მინიმუმ მართლმადიდებლობის ათი ვარიანტი არსებობს.


7. ის, რაც დღეს «წმინდა გადმოცემად» ითვლება - რიგ შეკითხვებს წარმოშობს:

 ა) მსოფლიო და ადგილობრივი კრებები -

ძალიან ბევრი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარებულა და ხშირად ერთი კრებები სხვა კრებების გადაწყვეტილებებს აუქმებდნენ. კონკრეტულად რომელი მათგანი გამოხატავდა მოციქულთა გადმოცემას?  მაგალითად, რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, 21 მსოფლიო კრება იქნა ჩატარებული.  მართლმადიდებელ ეკლესიაში 7 მსოფლიო კრება იქნა ჩატარებული.  სომხურ სამოციქულო, კოპტურ, ეთიოპიურ, ერითრეულ, სირიულ და მალანკარის ეკლესიებში - მხოლოდ სამს აღიარებენ. აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესია კი მხოლოდ ორს აღიარებს.

როგორც მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი მიხეილ მუდიუგინი აღნიშნავს:

 «რამდენი ადგილობრივი კრებები (და მსოფლიო კრებებიც კი) აღმოჩნდნენ უშედეგონი, მრავალი კი შემდგომ იმავე ეკლესიის მიერ განკითხული და გაუქმებული, რომელმაც მოიწვია და რომლის გადაწყვეტილებებსაც თავადვე იღებდა, რადგან მათ ღვთივშთაგონებულად და მთელი ეკლესიისათვის აღსასრულებლად აუცილებლად მიიჩნევდა!  ასეთი იყო მრავალრიცხოვანი მსოფლიო საეკლესიო ეპისკოპოსთა კრება, რომელიც 449 წელს შედგა ეფესოში, შემდგომ კი ყალბად იქნა აღიარებული და «ავაზაკური» ეწოდა. ასეთი იყო 879 წლის კრება კონსტანტინოპოლში, რომელიც დასავლეთის ეკლესიის მიერ კანონიერადაც მიიჩნევა და მსოფლიო კრებადაც, აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ კი უარყოფილია, ძირითადად იმიტომ, რომ მისი განსაზღვრებები დასავლურ ტენდენციებს უწყობდა ხელს.  ასეთი იყო ეგრეთ წოდებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც 1551 წელს დაადგინა პირჯვრის ორი თითით გადასახვა და რუსული მართლმადიდებლობის რიგი სხვა წეს-ჩვეულების თავისებურებები, რომლებიც ასწლეულების შემდეგ იმავე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იქნა გაუქმებული (პატრიარქი ნიკონის რეფორმა), რამაც ეკლესიისაგან «სტაროობრიადცების» ჩამოცილება გამოიწვია, რომლებიც 1917 წლამდე მძიმე დევნებს დაექვემდებარნენ როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან» (РУССКАЯ ПРАВОСЛАВНАЯ ЦЕРКОВНОСТЬ, IX. ПРАВОСЛАВНАЯ ЦЕРКОВЬ: ВЕРОУЧЕНИЕ И РУССКАЯ ДЕЙСТВИТЕЛЬНОСТЬ).


ბ) ეკლესიის მამებისა და მოძღვრების სწავლებები -

თუმცა იმ «ისტორიულ» ეკლესიებს შორის, რომლებსაც «სამოციქულო ტრადიციის» სწამთ, დავები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ უშუალოდ ვის უნდა ეწოდოს ეკლესიის მამა და მოძღვარი. როგორც ცნობილია, ყველა იმ კონფესიაში, რომლებშიც «სამოციქულო გადმოცემით» აპელირებენ, მხოლოდ საკუთარი «მამებისა და მოძღვრების» ჩამონათვალი არსებობს. მაგალითად, მრავალი მათგანი, ვინც კათოლიკური ეკლესიის მამად და მოძღვრადაა აღიარებული, მართლმადიდებლობაში ასეთად არ მიიჩნევა და პირიქით. თავად მართლმადიდებლობის ფარგლებშიც კი, დისკუსიები მიმდინარეობს (ხშირად გაშმაგებული) იმის შესახებ, თუ ამა თუ იმ «წმინდა მამის»შემოქმედებაში რა უნდა ჩაითვალოს «გადმოცემად» და რა უბრალოდ «პირად მოსაზრებად». ასევე კითხვებს ბადებენ თავად «წმინდებიც», რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, «წმინდა გადმოცემის» დამცველებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, მრავალი მართლმადიდებელი «წმინდანი», მოუწოდებდა არა უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნისაკენ, არამედ მათი დახოცვისკენაც, და მათ მიმართ აშკარად საშინელი წამების მეთოდების გამოყენებისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღემდე არა თუ არაკანონიკურად არ გამოაცხადა მსგავსი «წმინდები», არამედ ოფიციალურად არც კი გამოუცხადებია, რომ არ იზიარებს და არ ეთანხმება მათ მოწოდებებს მასიურ მკვლელობებთან და წამებასთან დაკავშირებით. წარმოადგენს თუ არა ასეთი «წმინდანების» მსგავსი პოზიცია სამოციქულო გადმოცემას? თუ არა, მაშინ რატომ სწამთ მართლმადიდებლობაში, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასეთი საშინელებებისაკენ მოუწოდებდნენ, «სამოციქულო ტრადიციის» მატარებლებს წარმოადგენენ?

7. მაგალითები, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიის «წმინდა გადმოცემა» მოციქულთა გადმოცემას ეწინააღმდეგება


1. მოციქულთა გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს მიმდევრები პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოექცნენ ყველა ადამიანს, იმის მიუხედავად, იზიარებს ის მათ შეხედულებს თუ არა. საკუთარი მტრებიც კი უნდა უყვარდეთ. (მათე 22.36-39, მათე 7.12, კოლოსელები 3.14, რომაელები 13.9-10, 1იოანე 2.9-10).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი სიძულვილსა და ძალადობას ასწავლის არამართლმადიდებელთა მიმართ. აი რას ამბობს მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დიდად პატივდებული წმინდანის — იოსებ ვოლოცკელის სახით:

«ერეტიკოსი და განდგომილი არა მხოლოდ განკითხულ უნდა იქნას, არამედ უნდა დაიწყევლოს კიდეც, ხოლო მეფეები, თავადები და მოსამართლეები მათ საპატიმროებში უნდა აგზავნიდნენ და საშინელ წამებას უქვემდებარებდნენ»  (იოსებ ვოლოცკელი, განმანათლებელი, სიტყვა 13).

«ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ ურწმუნოს ან ერეტიკოსს მართლმადიდებელთა შეცდენა უნდათ, მაშინ ისინი არა მხოლოდ უნდა შევიზიზღოთ ან განვსაჯოთ, არამედ უნდა დავწყევლოთ და ჭრილობები მივაყენოთ, რითაც საკუთარ მკლავს განვწმენდთ. როგორც თვით წმინდა (იოანე) ოქროპირი გვიბრძანებს, რომელიც წერს: რადგანაც ჩვენ ღვთის მხოლოდშობილი ძის გმობაზე ვსაუბრობთ, მინდა ერთი ძრვენის შესახებ გთხოვოთ – რომ ქალაქში გამოჩენილ ყველა მგმობელს სჯიდეთ. თუ გაიგონებ, რომ ვინმე გზაჯვარედინზე ან ბაზარში, ხალხს შორის გმობს უფალ ქრისტეს, მიდი მასთან და აუკრძალე. ხოლო თუ მისი ცემა მოგიწევს, თავს ნუ შეიკავებ – ლოყაში გაარტყი, გააჩუმე მისი ბაგე, განწმინდე შენი მარჯვენა ჭრილობით»  (იოსებ ვოლოცკელი, განმანათლებელი, სიტყვა 13).

«დაე გაიგონ ებრაელებმაც და საზიზღარმა ერეტიკოსებმაც, რომ ქრისტიანები – სახელმწიფოს მხსნელები, მშენებლები, დამცველები და მოძღვრები არიან. დაე გაიგონ დაუცხრომელმა და გარყვნილმა ებრაელებმა და ერეტიკოსებმა, რომ უნდა ეშინოდეთ ღვთის მონებისა. და თუ მოუნდებათ კიდეც ოდესმე რაიმე არასათანადოს თქმა – დაე ყველგან თვალყური ადევნონ ერთმანეთს, დაე ჩრდილებისაც კი ეშინოდეთ და კანკალებდნენ, როგორც კი ქრისტიანთა ხმას გაიგებენ»  (იოსებ ვოლოცკელი, განმანათლებელი, სიტყვა 13).


მაგალითად, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამები მიმართავდნენ  ღვთისმოსავ მეფე იუსტინიანეს: შენ კი, მეფეო, აი რაზე იზრუნე: თუ ელინისტური ან იუდაური ერეტიკული ბოროტების რაიმე ნარჩენები მოხვდებიან მწიფე ხორბალში, ამოძირკვე ისინი, როგორც სარეველა – დაე განდევნილ იქნან ისინი და დაე განიწმინდოს ეკლესიის ყანა, მეფეებისა და ხელისუფლების დიდი სიყვარულით ღვთისადმი, რომლებიც გაუსწრებენ ერთგულ ფინხასს და შუბით განგმირავენ ცოდვას.

ამ ღვთაებრივი წინასწარმეტყველური და სამოციქულო წერილებისა და გადმოცემების მიყოლით, ღვთისმოსავი მართლმადიდებელი მეფეები და განმანათლებლები,  ერეტიკოსებსა და განდგომილებს საპყრობილეებში ყრიდნენ და საშინელ სასჯელებს უქვენდებარებდნენ მათ. პირველმა დიდებულმა მეფემ, მოციქულთასწორმა კონსტანტინემ, მთელ თავის სამეფოში დაადგინა კანონი, რომ ვისაც არ სწამდა წმინდა და სიცოცხლის მბოძებელი სამებისა, ყველაზე საშინელი სიკვდილით უნდა მომკვდარიყვნენ, მათი სახლები კი საძარცვად ეძლეოდა ხალხს. და არც პირველი კრების წმინდა მამებს აუკრძალავთ ეს»  (იოსებ ვოლოცკელი, განმანათლებელი, სიტყვა 13).

«ჩვენი ღირსი და ღვთისმოსავი მამები, მღვდელმთავარნი და მწყემსნი, ერეტიკოსებსა და განდგომილებს უქვემდებარებდნენ სიკვდილსა და საშინელ სასჯელებს არა იარაღით, არამედ ლოცვითა და ძალით, რომელიც ღვთისგან ჰქონდათ მიცემული. ხოლო თუ რომელიმე ერეტიკოსის ან განდგომილის სიკვდილით დასჯა იყო საჭირო, ისინი თავად კი არ აკეთებდნენ ამას, არამედ ღვთისმოსავ მართლმადიდებელ მეფეებს ავალებდნენ, რომლებიც ბოროტმოქმედთა დასასჯელად არიან დაყენებულნი, მოციქულთა წერილებისა და წმინდა წესების თანახმად, სამოქალაქო კანონების თანახმად, რომლებიც ჩვენმა ღირსმა და ღვთისმოსავმა მამებმა წმინდა წესებს შეუერთეს» (იოსებ ვოლოცკელი, განმანათლებელი, სიტყვა 13).


2. მოციქულთა გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს მიმდევრები არ უნდა მონაწილეობდნენ ამ ქვეყნიერების ომებში (მათე 5.9, ეფესოელები 6.12, მათე 5.44, 1იოანე 3.10-12).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი ლოცავს ამ ქვეყნიერების ომებში მონაწილეობას.

მაგალითად, ათანასე ალექსანდრიელი, ნაშრომში «ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ», რომელიც VI და VII მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილი იქნა, როგორც საეკლესიო სწავლება, წერს:

«მოკვლა დაუშვებელია, თუმცა ომში მტრის განადგურება კანონიერიცაა და ქების ღირსიც; ამიტომ ბრძოლებში გამორჩეულები დიდ პატივს იმსახურებენ და მათ ძეგლებს უდგავენ, რომლებიც მათ დამსახურებებს აუწყებენ»  (ათანასე დიდი, განმანათლებელი. ქმნილებები. М., 1994. ტომი 3. გვ. 369.)



«ბრძოლებსა და ომებში ხშირად ღმერთი ხილულ კურთხევას ავლენდა... ჩვენ ბევრი თავადი გვყავს სახელგანთქმული წმინდა ნაწილებით, რადგან ისინი ომობდნენ. კიევი-პეჩორის ლავრაში, გამოქვაბულებში მეომართა წმინდა ნაწილებია. ომობენ თავისიანების სიყვარულის გამო, რათა ისინი ტყვეობასა და მტრის მხრიდან ძალადობას აარიდონ. რას სჩადიოდნენ ფრანგები რუსეთში? და როგორ არ უნდა გვეომა მათთან?» (განმანათლებელი ფეოფანეს წერილების ნახრები. М., 1899. Вып. 5. გვ. 208.)


იმპერატორი კონსტანტინეს დღეებიდან მოყოლებული და ჩვენს დღეებამდე, მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებდა და ლოცავდა თითქმის ყველა ომს. ხშირად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხდებოდა სადამსჯელო მსვლელობების წამოწყება «ერეტიკოსთა» მოსასპობად. მაგალითად, ხატთთაყვანისცემის ოფიციალურად დადგენისა და «მართლმადიდებლობის გამარჯვების» შემდეგ, 843 წელს მცირე აზიაში გაგზავნილ იქნა სამი სასულიერო პირი უზარმაზარი არმიით, რათა ერეტიკოს პავლიკიანელებს გასწორებოდნენ. ამ ლაშქრობის შედეგად ასი ათასი ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი. ადამიანებს წყალში ახრჩობდნენ, ჯვრებზე აკრავდნენ, თავებს ჰკვეთდნენ, აუპატიურებდნენ, ასახიჩრებდნენ. (ბიზანტიის ისტორია, М., 1967, изд. Нaукa, ტომი 2, გვ. 79)

რუსეთში კი, მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნით, ორგანიზება ეწეოდა სადამსჯელო ექსპედიციებს სტრიგოლნიკების, ე.წ. «ჟიდოვსტვუიუშების» წარმომადგენლების, სტაროობრიადცებისა და მრავალი სხვათა მოსასპობად. ასევე მართლმადიდებელი ეკლესია გამუდმებით ლოცავს ომებს თავად მართლმადიდებელთა შორისაც კი.  მაგალითად, იმპერატორმა ბასილი მეორემ 1014 წელს ტყვედ ჩაიგდო 15 000 მართლმადიდებელი, მისივე რწმენის წარმომადგენელი ბულგარელები და ის გააკეთა, რაც მანამდე არ გაუკეთებია არც წარმართებს, არც მუსულმანებს და არც კათოლიკე მმართველებს. ბასილმა ბრძანა თვალები დაეთხარათ 15 000 ტყვისთვის, ყოველ ას კაცზე ერთ კაცს ატოვინებდა გამცილებლად, თუმცა მათაც ცალთვალას. ასეთი სახით წავიდნენ ისინი თავის ქვეყანაში თავის მეფე სამუელთან, მშივრები და დასახიჩრებულები. როდესაც მეფე სამუელმა ისინი დაინახა, ვერ შეძლო ამ სურათის ყურება და მოკვდა.  ბასილი მეორეს კი, რომელმაც ზედმეტსახელად «ბულგარელთა მკვლელი» ეწოდა, კონსტანტინოპოლში ოქროს კარით შესვლისას, უბრწყინვალესი პროცესიით დახვდა მღვდლებისა და ეპისკოპოსების ამალა, მრავალი ეკლესიის ზარების რეკვით. (ბიზანტიის ისტორია. М.,1967г. Изд. Наука ტომი 2, გვ. 79,223) ბოლო საომარ კონფლიქტებში საქართველოსა და რუსეთს და უკრაინასა და რუსეთს შორის - მართლმადიდებელი სასულიეროები ლოცვა-კურთხევით აცილებდნენ მართლმადიდებლებს - მართლმადიდებელთა დასახოცად, კონფლიქტის ყველა მხრიდან.

3. მოციქულთა გადმოცემა გვასწავლის, რომ იესო ქრისტეს მიმდევრები არ არიან ამ ქვეყნიერების ნაწილი და არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკაში (იოანე 15.19, იოანე 17.6,14,16, იოანე 18.36, ლუკა 4.6. 1იოანე 3.13). მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი იწონებს პოლიტიკაში და ამ ქვეყნიერების ხელისუფლებებში ძალაუფლებისათვის ბრძოლებში მონაწილეობას:

«სამოქალაქო ხელისუფლება და სამღვდელოება ისე ურთიერთობს, როგორც სხეული და სული, და ისინი ისევე აუცილებელნი არიან სახელმწიფოებრივ წყობაში, როგორც სხეული და სული ცოცხალ ადამიანში. მათ კავშირზე და ურთიერთთანხმობაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს კეთილდღეობა». (რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საწყისები)

«ქრისტიანული (მართლმადიდებლური) პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა და ასევე გაცილებით ფართო პოლიტიკურ გაერთიანებებში ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ნაწილის არსებობა, ეკლესიის მიერ ისე აღიქმება, როგორც დადებითი მოვლენა»  (იხ. V. ეკლესია და პოლიტიკა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო კავშირების განყოფილება)


4. მოციქულთა გადმოცემა ეპისკოპოსებს (უხუცესებს) დაქორწინებისა და შვილების ყოლის უფლებას აძლევს. (1 ტიმოთე 3.2).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი კრძალავს დაოჯახებულების დაშვებას საეპისკოპოსო მსახურებისათვის:

«ტრულის საეკლესიო კრების მე-13 წესის თანახმად, კანდიდატთა აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაუქორწინებლობა»  (კანდიდატების ეპისკოპოსად ხელდასხმის წესის შესახებ, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი http://www.patriarchia.ru/db/text/3695992.html)

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის  წესდების თანახმად - ეპისკოპოსობის მსურველისათვის აუცილებელია ბერად აღკვეცა (XV.10).


5. მოციქულთა გადმოცემა კრძალავს ნებისმიერი სახის მაღალფარდოვან ტიტულებს ქრისტიანებს შორის და გვასწავლის, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანულ კრებაში დანარჩენების მსახური უნდა იყოს. (მათე 23.8-11). იესოს ყველა მიმდევრები ძმები და დები არიან. არცერთმა მათგანმა არ უნდა აღიმაღლოს თავი სხვებზე. (მათე 20.25-27).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი იწონებს მაღალფარდოვან ტიტულებს და ქედმოხრასა და მონურ მორჩილებას მოითხოვს იმ პირების მიმართ, რომლებსაც «ეპისკოპოსები», «იერარქები» ეწოდებათ..


6. მოციქულების გადმოცემის თანახმად, ეპისკოპოსი და პრესვიტერი (უხუცესი) - ერთი და იგივე "თანამდებობაა"  (ტიტე 1.5-7, საქმეები 20.28, ფილიპელები 1.1.) მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი ასწავლის, რომ ეპისკოპოსები და პრესვიტერები სხვადასხვა თანამდებობაა. ეპისკოპოსს უსაზღვრო ძალაუფლება აქვს პრესვიტერებზე, დიაკვნებსა და «საეროებზე».


7. მოციქულთა გადმოცემის თანახმად, დიაკვნები (Διακόνους - მომსახურეები, მსახურები) ესაა ხალხი, რომელიც უბრალოდ სამეურნეო საქმეების მოგვარებითაა დაკავებული თემში. (საქმეები 6.1-6).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი ასწავლის, რომ დიაკვნები - არიან პირები, რომლებიც ატარებენ საეკლესიო «მსახურებას» პირველ, მღვდლობის ყველაზე დაბალ საფეხურზე. ისინი «ეპისკოპოსებსა» და «მღვდლებს» ეხმარებიან «საიდუმლოებათა» აღსრულებაში - იქნევენ საცეცხლურს, დაატარებს სანთლებს და ა.შ.


8. მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» ქრისტიანებს «მრევლად» და «სასულიეროებად» ჰყოფს.  მოციქულთა გადმოცემამ კი არაფერი იცის მსგავსი დაყოფის შესახებ. (1 პეტრე 2.9)
9. მოციქულთა გადმოცემამ არაფერი იცის «ღვთისმოსაობის» ისეთ სახეობაზე, როგორიცაა ბერ-მონაზვნობა.  იესოს არასოდეს უსწავლებია მსგავსი რამ; პირიქით, მან აუკრძალა თავის მოწაფეებს ქვეყნიერებიდან განცალკევება (იოანე 17.11-15. 1კორინთელები 5.10).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი ბერ-მონაზვნობას ეკლესიის რჩეულთა განსაკუთრებულ კასტაში ათავსებს.  გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ბერ-მონაზვნად აღკვეცილი განიხილება როგორც «ანგელოზურ ჩინს» შეერთებული, ანუ მთელი სერიოზულობით და პირდაპირი გაგებით - ანგელოზთა რიგებს შეერთებული. (იხ. ბერად აღკვეცა როგორც ეკლესიის საიდუმლო, მღვდელი კონსტანტინე პოლსკოვი).

10. მოციქულთა გადმოცემა წყევლის კერპების თაყვანისცემას.  (1იოანე 5.21, გამოცხადება 19.9-10, გამოცხადება 22.8-9, მათე 4.10, ესაია 8.19). მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი აკურთხებს დახატული კერპების, ანგელოზების, «ღვთისმშობლის», გარდაცვლილებისა და უსულო, მატერიალური საგნების თაყვანისცემასაც კი.


11. მოციქულთა გადმოცემა ლოცვას უწოდებს მხოლოდ პირადად ღმერთისადმი საკუთარი სიტყვებით მიმართვას.  (ლუკა 11.1-4, საქმეები 4.24-30).  მართლმადიდებლური «წმინდა გადმოცემა» კი ლოცვას უწოდებს მრავალგზის გასამეორებელ მანტრებს - შელოცვებს, რომლებიც მიმართულია არა მხოლოდ ღმერთის მისამართით, არამედ ასევე ანგელოზების, «ღვთისმშობლის», გარდაცვლილებისა და მატერიალური საგნების მისამართითაც კი, მაგალითად - ჯვრის, «ღვთისმშობლის» სარტყლის და ა.შ. (იხ. მაგალითად, МОЛИТВЫ И АКАФИСТ СВЯТОМУ И ПРЕЧЕСТНОМУ ПОЯСУ ПРЕСВЯТОЙ БОГОРОДИЦЫ).


8. დასკვნა 


1. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან "წმინდა გადმოცემამ" მართლმადიდებელ ეკლესიაში ევოლუცია განიცადა, წმინდა წერილების შემდეგ მეორე წყაროდან, რწმენის ერთადერთ წყარომდე, რომელთან მიმართებაშიც წმინდა წერილი მის მეორეხარისხოვან შემადგენელ ნაწილად იქცა. წმინდა წერილი,როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არარსებულად ცხადდება.

2. ის, რაც წმინდა წერილში იგულისხმება სიტყვაში «პარადოსეის» - არაფერი საერთო არ აქვს იმ აზრთან, რომელსაც ამ სიტყვაში მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები დებენ.

3. 2-3 საუკუნეების ქრისტიანი მწერლებისთვის უცნობი იყო ისეთი გაგება, როგორიცაა «წმინდა გადმოცემა», ანუ წმინდა წერილის პარალელურად ღვთაებრივი გამოცხადების მეორე წყაროს გაგებით. გადმოცემა აპოლოგეტებისათვის, ეს იყო მოციქულთა სწავლება, რომელიც წმინდა წერილებშია მოცემული.

4. «წმინდა გადმოცემა» წარმოადგენს განუსაზღვრელ და ხელოვნურ გაგებას, რომლის საზღვრებიც თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვისაც კი გაუგებარია.

5. «წმინდა გადმოცემა» შეიძლება დაექვემდებაროს სრულიად ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციებს. არსებობენ მრავალი კონფესიები და ჯგუფები, რომლებიც ერთი და იმავე «წმინდა გადმოცემით» აპელირებენ, ზუსტად იგივე წყაროებით, რომლითაც მართლმადიდებლობა.

6. «წმინდა გადმოცემა», როგორც განუსაზღვრელი გაგება, რომელსაც არ გააჩნია მკაფიო საზღვრები, რომელიც წინააღმდეგობრივია და თავადვე საჭიროებს რთულ ახსნა-განმარტებას - არ შეიძლება გამოდიოდეს წმინდა წერილის სწორი განმარტების გარანტიად.
7.გაგება «წმინდა გადმოცემა» თავისი არსით სპეკულატიურს წარმოადგენს, იმიტომ რომ მას არ გააჩნია ობიექტური კრიტერიუმები. ეკლესია თავად ქმნის გადმოცემას, თავად განსაზღვრავს მის შინაარსს და აუცილებლობის შემთხვევაში მისი შინაარსის კორექტირებას ახდენს.

8.  იმის გასაგებად, თუ რა არის «წმინდა გადმოცემა», ნებისმიერ ადამიანს მოუწევს არა მხოლოდ  ეკლესიის მოღვაწეთა და საეკლესიო კრებების დადგენილებების მრავალტომიან ნაშრომებში «ჩაძირვა», არამედ იმ მრავალრიცხოვან წინააღმდეგობებთან გამკლავებაც, რომელსაც ის შეიცავს. ეგრეთ წოდებული «წმინდა გადმოცემისაგან» განსხვავებით, წმინდა წერილი გაცილებით უბრალო და საიმედო გზას გვთავაზობს მასში მოცემული ჭეშმარიტების გასაგებად.

9.  როგორც ვხედავთ, «წმინდა გადმოცემა» შეიძლება დაექვემდებაროს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს, სრულიად განსხვავებულად იქნას განსაზღვრული მისი საზღვრები და მასში ურთიერთსაპირისპირო სწავლებების დასაყრდენი იქნას ნაპოვნი, კონფესიური და პირადი სურვილებიდან გამომდინარე.  

10. გადმოცემის, როგორც წმინდა წერილის ქადაგების გაგება, დაფუძნებულია იმ გაგებაზე, რომელსაც ქრისტეს მოციქულები არწავლიდნენ, და არსებითად ეს საქმე გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე გაცილებით გვიან ჩამოყალიბებული სწავლება «წმინდა გადმოცემის» შესახებ კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებში.

---------------------------------------------
წყარო: jwapologetica.blogspot.com 
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment