პირველ რიგში, თავად სამხედრო ფიცი – სიტყვა თავად გვეუბნება, ესაა ფიცი. მაგრამ ფიცი ვის ან რის ერთგულებაზე? სახელმწიფოს. რა არის სახელმწიფო? ესაა პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომლის არსებობაც თუმცა ღვთის მიერაა დაშვებული (და ზუსტად ამიტომაც არსებობს მცნება რომაელების 13:1-დან), მაგრამ პოტენციურად არსებულ სახელმწიფოებზე (სამეფოებზე) ძალაუფლება ღმერთს არ ეკუთვნის. მაშ ვის ეკუთვნის? პასუხი მოცემულია ლუკას 4:6-ში. როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, სატანა იმას ამტკიცებს, რომ “ხელმწიფება … მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა, მას მივცემო”. აქედან გამომდინარე, რამდენად უფლებამოსილია ქრისტიანი, რომ ფიცი დადოს მათეს 4:10-ში ჩაწერილის შუქში (“უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე”)?
შემდეგ, შეგვიძლია შევეცადოთ ასეთი სიტუაციის წარმოდგენა. ორი ქრისტიანი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დაპირისპირებულ არმიებს ეკუთვნიან, საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვისას, ბრძოლის ველზე ხვდებიან ერთმანეთს, რასაც ჰქვია პირისპირ. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, როდესაც აცნობიერებენ სახელმწიფოს წინაშე საკუთარ მოვალეობას და რომელიც მისთვის დადებულ ფიცში წარმოთქვეს, “სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე” (ზუსტად ასეთი სიტყვები წერია ქართული არმიის სამხედრო ფიცში) დაიცვას სახელმწიფო ინტერესები? შეძლებენ თუ არა ისინი ამ სიტუაციაში, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების იმ განმასხვავებელ ნიშანს მიჰყვნენ, რომელიც იოანეს 13:35-შია ჩაწერილი (“იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის”)? დაფიქრდით, ლუკას 4:6-ის შუქში, საერთოდ ვინაა ომების ინიციატორი, რომელსაც ადამიანებისთვის სიკვდილი და ტანჯვა მოაქვს? ვინ წარმოადგენს “თავიდანვე კაცისმკვლელს”? როგორ შეუძლია ქრისტიანს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება და პირდაპირ ან ირიბად სხვების მკვლელობის ხელშეწყობა, თუ ღმერთთანაა “წყარო სიცოცხლისა” (ფსალმუნი 35:9)?
პირიქით, როგორც ბიბლია გვიჩვენებს, ისინი, ვინც ღმერთს “სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს” (იოანე 4:24) “აღარ ისწავლიან ომს” (ესაია 2:4). ზუსტად ასე იქცეოდნენ ადრეული ქრისტიანებიც, იმიტომ რომ ისინი “ღმერთს უფრო ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს” (საქმეები 5:29), თანაც ამავდროულად კანონმორჩილ მოქალაქეებად რჩებოდნენ ლუკას 20:25-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად (“კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი - ღმერთს”). ამის უამრავი ისტორიული მტკიცებულება არსებობს. მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან.
მაგალითად, XVII ასწლეულის ენციკლოპედისტის პ.ა. გოლბახის ნაშრომში «ბუნების სისტემა» ნათქვამია: «იმპერატორ კარლ V-ს უყვარდა თქმა, რომ, როგორც მეომარ ადამიანს, მას არ შეეძლო სინდისიერად მოქცევა და თანაც რელიგიიდან გამომდინარე. მისი გენერალი მარკიზი პესკერი ამტკიცებდა, რომ იმაზე რთული არაფერია, ვიდრე ერთდროულად ემსახურო იესო ქრისტეს და ღმერთ მარსს. ქრისტიანული სულისათვის იმაზე წინააღმდეგობრივი არაფერია, ვიდრე სამხედრო საქმე.
ე. ევტუშენკოს მოთხრობაში «რეცენზია 70 წლის დაგვიანებით», რომელიც გამოქვეყნდა ნაკრებში «ხვალინდელი ქარი» (მოსკოვი, გამომცემლობა «Правда», 1987), მოცემულია შემდეგი სიტყვები: “ქრისტიანი რიტორი ლაკტანციუსი, რომელიც მესამე საუკუნეში ცხოვრობდა, ამბობდა: «ქრისტიანებისთვის იარაღის ტარება დაუშვებელია, რადგან მათი იარაღი მხოლოდ ჭეშმარიტებაა»”.
ისტორიკოსი ე.უ. ბარნზი წიგნში «ქრისტიანობის წარმოშობა» წერს: «ყველა არსებული ისტორიული მონაცემების საგულდაგულო კვლევა აჩვენებს, რომ მარკუს ავრელიუსის მმართველობამდე [რომაელი იმპერატორი, რომელიც ახ.წ. 161-დან - 180 წლამდე მმართველობდა.] არცერთ ქრისტიანს არ გაუვლია სამხედრო სამსახური და არცერთი ჯარისკაცი არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში მას შემდეგ, რაც ქრისტიანი გახდა».
შემდეგ, ვ.გ. ვასილევსკის წიგნში «ლექციები შუა საუკუნეების ისტორიის შესახებ» (СПб: Алетейя, 2008) 85-ე გვერდზე ნათქვამია: «მთავარი სამოქალაქო ვალდებულების, სამხედრო სამსახურის გავლა, ქრისტიანებს არ შეეძლოთ».
ხშირად მოჰყავთ რომაელი ასისთავი კორნელიუსის მაგალითი, როგორც იმის საფუძველი, რომ ქრისტიანს შეუძლია სამხედრო ვალის მოხდა. თუმცა აქ აი რაზე უნდა დავფიქრდეთ. პირველი, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ შემდგომ როგორ განკარგა მან მისთვის ბოძებული, ღვთის მსახურის ძღვენი, რის გამოც არაფერი ვიცით იმის შესახებ, დარჩა თუ არა ის ჯარისკაცად. მეორე, შეეძლო თუ არა კორნელიუსს კვლავ რომის არმიის ჯარისკაცად დარჩენილიყო, მაშინ როდესაც ქრისტეში მისი დები და ძმები სერიოზულ დევნებს ექვემდებარებოდნენ, მათ შორის სიკვდილით დასჯასაც, რომის ხელისუფალთა მხრიდან, რის შესახებაც კარგადაა ცნობილი ყველა მათგანისთვის, ვინც თუნდაც სულ მცირედ იცნობს ადრეული ქრისტიანობის ისტორიას? და ისევ შეკითხვა მსჯელობისთვის: შეეძლოთ თუ არა ქრისტიანებს იმ ღვთისმებრძოლი სისტემის სამსახურში ყოფილიყვნენ, რომელიც ხშირად სასტიკად დევნიდა მათ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში?
რაც შეეხება დასმულ შეკითხვებს, ჩემი აზრით, მათზე სწორი პასუხები მხოლოდ შემდეგი პრინციპული გარემოების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ის იმაში მდგომარეობს, რომ, ქრისტეს საკუთარი მოწაფეებისადმი მოწოდების თანახმად, ისინი უნდა იყვნენ “არა ამქვეყნისანი” (იოანე 15:18,19; 17:14,16). ამასთან დაკავშირებით ასევე ავღნიშნავ, რომ მოწოდება ქრისტიანთათვის “ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვან თავი” ასევე ჩაწერილია იაკობის 1:27-ში.
და რას ნიშნავს პრინციპი იყვნენ “არა ამქვეყნისანი”? ჩემი აზრით, ამ პრინციპის ძალიან ზუსტი დახასიათება მოცემულია ი.ს. სვენციცკაიას წიგნში «ადრეული ქრისტიანობა: ისტორიის ფურცლები». მაგალითად, მოცემული გამოცემის ავტორი 102-ე გვერდზე წერს: «ქრისტიანები ... საკუთარ თავს გამოყოფდნენ გარშემო არსებული სამყაროსაგან; ისინი მასში კი არსებობდნენ, მაგრამ შინაგანად გამოყოფილები იყვნენ მისგან», 85-ე გვერდზე კი აღნიშნულია, რომ ადრეული ქრისტიანები «არ იღებდნენ არსებული სამყაროს მთელ სისტემას და მის აღსასრულს ელოდნენ».
რაში გამოიხატებოდა პირველი ქრისტიანების მიერ “არსებული სამყაროს მთელი სისტემის” არ მიღება? იმავე წიგნში საუბარია, მაგალითად, იმის შესახებ, რომ «III საუკუნეში იცვლება ქრისტიანულ თემებში სხვადასხვა სახელმწიფო პოსტების დაკავებისადმი დამოკიდებულება, რასაც I საუკუნის ქრისტიანები სრულიად დაუშვებლად მიიჩნევდნენ» (გვ. 134). ხოლო ხუსტო ლ. გონსალესის წიგნში «ქრისტიანობის ისტორია». ტომი I. ეკლესიის ჩამოყალიბებიდან რეფორმაციის ეპოქამდე (СПб.: «Библия для всех», 2001, გვ. 55) ადრეული ქრისტიანების შესახებ ნათქვამია, რომ «ამ რელიგიის მიმდევრები უარს ამბობდნენ საზოგადოებრივი წამოწყებების უმრავლესობაში მონაწილეობის მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათთვის ასეთი მონაწილეობა ცრუღმერთების თაყვანისცემას უდრიდა».
აი რას წერს ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიკოსი ვ.ვ. ბოლოტოვი თავის ნაშრომში «ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიის შესახებ» განყოფილებაში «ქრისტიანთა დევნის მიზეზები»: «მთელი მაშინდელი განათლებული სამყარო საკუთარი სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ჩათრეული, და შესაძლოა, მაშინდელი ინტელიგენტი ბერძენი ისე მძიმედ სხვას ვერაფერს გრძნობდა, როგორც იმას, რომ რომაელებმა, რომლებმაც ბერძნები დაამარცხეს და თვითმმართველობის დიდი უფლებები მისცეს მათ, მათ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, ასე რომ ბერძენს არ ჰქონდა ის სამშობლო, რომლის გამოც სიკვდილი ღირდა, რადგან მას წართმეული ჰქონდა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უფლება. ქრისტიანების საქმე ასე არ იყო. ქრისტიანები გულგრილნი იყვნენ პოლიტიკის მიმართ და ისე პრინციპულად არიდებდნენ მას თავს, რომ ტერტულიანეც კი ამბობდა, რომ ქრისტიანობა ისეთი მშვენიერია, რომ იმპერატორებიც კი გახდებოდნენ ქრისტიანები, ქვეყნიერებას რომ იმპერატორების გარეშე არსებობა შეეძლოს ან იპერატორებს შეეძლოთ ქრისტიანები იყვნენ. ამგვარად, ქრისტიანობა და სახელმწიფო, ქრისტიანების თვალში, შეუთავსებელი გაგებები იყო. წარმართებზე უცნაურ შთაბეჭდილებას ის ახდენდა, რომ ქრისტიანები თავს არიდებდნენ საზოგადოებრივი თანამდებობების დაკავებას. ამ საკითხში საზოგადოებრივი ინტერესებისადმი მათი სრული გულგრილობა გამოიხატებოდა. საზოგადოებრივი საქმიანობიდან თავის არიდებით ქრისტიანები genus tertium ჩანდნენ; «ეს რომელიღაც მესამე ჯიშია, განსაკუთრებული ჯიში»,— ამბობდნენ მათზე წარმართები. საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ასეთივე გულგრილობა ვლინდებოდა ქრისტიანების მხრიდან იმპერატორის არჩევისასაც. მათ ერჩივნათ, რომ არ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება იმპერატორის ტახტის ამა თუ იმ პრეტენდენტის სასარგებლოდ და არც თავის კანდიდატებს წარადგენდნენ».
მაშ ასე, როგორც ვ.ვ. ბოლოტოვი აღნიშნავს, «ქრისტიანობა და სახელმწიფო, ქრისტიანების თვალში, შეუთავსებელი გაგებები იყო». შეეძლოთ თუ არა ასეთ შემთხვევაში ქრისტიანებს, სამხედრო სამსახურში ყოფილიყვნენ და თან მათი უფლის მოწოდებას მიჰყოლოდნენ ყოფილიყვნენ “არა ამქვეყნისანი”?
კიდევ რამოდენიმე ციტატა.
«ისინი უარს ამბობდნენ საზოგადოებრივ მმართველობაში ან იმპერიის სამხედრო დაცვაში ქმედით მონაწილეობაზე … ქრისტიანს არ შეეძლო სამხედრო წოდების, თანამდებობის პირის წოდების ან მმართველის წოდების მიღება, საკუთარ გაცილებით წმინდა მოვალეობებზე უარის თქმის გარეშე»(ე. გიბბონი, რომის იმპერიის დაცემისა და დანგრევის ისტორია. – СПб., 1997. ნაწ.2, გვ.37).
«… თითოეული ჩვენგანი, რომლებიც სავსენი ვიყავით ომით, ურთიერთმკვლელობითა და ყოველგვარი უწმინდურებით, მთელი დედამიწის ზურგზე გამოვიცვალეთ საომარი იარაღი, – ჩვენი მახვილები სახნისებზე და შუბები კი ნამგლებზე – და ჩვენ ვთესავთ ღვთისმოსაობას, ერთგულებას, კაცთმოყვარეობას, რწმენას, იმედს, რომელიც თვით მამამ გვიბოძა ჯვარცმულის მეშვეობით…»(იუსტინე წამებული. დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. თავი 110 // წმ. იუსტინე, ფილოსოფოსი და წამებული. ნაწარმოებები. – М., 1995, გვ.308).
გარდა ყოველივე თქმულისა, კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინება საშუალებას მოგვცემს სწორ დასკვნამდე მივიდეთ სამხედრო სამსახურისა და ქრისტიანობის თავსებადობის საკითხში. საუბარია პავლეს მიერ ნათქვამ სიტყვებზე: «ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს» (ფილიპელები 3:20).
ამგვარად, ქრისტიანების ნამდვილი მოქალაქეობა არ არის დაკავშირებული ქვეყნიერებასთან, რომელიც ღვთის მოწინააღმდეგის ძალაუფლებაშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ვალდებულებების მოხდა, რომლებიც არანაირად არ ეთანხმება შემოქმედის მიზნებს.
დასკვნა რომელიც თავისთავად ითხოვს გახმოვანებას ასეთია: არა მხოლოდ სამხედრო საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული სხვების სიცოცხლის მოსპობა, არამედ ორგანიზებული «სამხედრო მანქანის», როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის ნებისმიერი ირიბი მხარდაჭერა, ქრისტიანობასთან შეუთავსებელია.
ზუსტად ამ მიზეზისა და ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამო არ არიან დაკავშირებულნი სამხედრო სამსახურთან არც პირდაპირ და არც ირიბად იეჰოვას მოწმეები. რამოდენიმე ფაქტი ამასთან დაკავშირებით.
გერმანელი პროტესტანტი მღვდლის მარტინ ნიმელერის წიგნში «ო ღმერთო, გადმოგვხედე ციდან – ექვსი ქადაგება», რომელიც 1946 წელს გამოქვეყნდა, ნათქვამია: «ვისაც ღმერთის დადანაშაულება უნდა იმაში, ომები რომ ხდება, მან არ იცის, ან არ უნდა რომ იცოდეს, ღვთის სიტყვა. რა თქმა უნდა, მიგვიძღვის თუ არა დიდი ბრალი, როგორც ქრისტიანებს, დაუსრულებელ ომებში – ეს უკვე სხვა შეკითხვაა. და ჩვენ ასე უბრალოდ ვერ მოვახერხებთ პასუხისაგან თავის არიდებას... დაზუსტებით ცნობილია, რომ ქრისტიანული ეკლესიები ყოველთვის თანხმდებოდნენ ომების, ჯარებისა და იარაღის კურთხევას, და სრულიად არაქრისტიანული სახით ლოცულობდნენ საკუთარი მტრების განადგურებაზე. ეს ყველაფერი – ჩვენი და ჩვენი წინაპრების ბრალია, და არავითარ შემთხვევაში ღმერთის. და ჩვენ, დღევანდელი ქრისტიანები, შერცხვენილები ვდგევართ ეგრეთ წოდებული სერიოზული ბიბლიის მკვლევარების [იეჰოვას მოწმეების] სექტის წინაშე, რომლებიც ასობით და ათასობით მიდიოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში და სიკვდილზეც კი, იმიტომ რომ უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე და ადამიანების დახოცვაზე».
ხოლო მკვლევარმა ბ. დანმა წიგნში «ეკლესიები არიან პასუხისმგებელნი ჰოლოკოსტზე» დაწერა: «იეჰოვას მოწმეები შეუთავსებლები იყვნენ ნაციზმთან. ნაცისტებს ყველაზე მეტად მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ აწყობდათ. ეს ნიშნავდა, რომ არცერთი მორწმუნე არ აიღებდა ხელში იარაღს, არ დაიკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას, მონაწილეობას არ მიიღებდა სახელმწიფო დღესასწაულებში და საერთოდ არანაირად არ გამოხატავდა რეჟიმის მხარდაჭერას».
-----------------------------------------------------
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment